შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აგვისტოს გამოცდილება

ჩემს თაობას არ განუცდია ერმიტაჟის სიდიადე და სრულყოფილება, არც კრემლის სანახებში, საქორწილო მოგზაურობის ამსახველი ფოტოს გადასაღებად შეყოვნებულა, მით უფრო, ბაიკალის ტბის ულამაზესი ხედებისთვის შორეულ ციმბირში წასასვლელადაც არ გამოუდია თავი – სამაგიეროდ, ჩემს თაობას რუსული წარმოების ტანკები და ბომბდამშენები ახსოვს.

მარტივი კონტრასტია? იქნებ გამოუცდელი, საქმეში ჩაუხედავი ბიჭის გულმოსულ ლაპარაკს უფრო ჰგავს? არადა, ჩვენ რომ სწორედ ეს გამოცდილება გვალაპარაკებს? გამოცდილება და არაფერი გამოცდილების გარდა. სიძულვილი ჩვენ არ გამოგვდის, ორსაუკუნოვან ტრაგიკულ მეხსიერებაში ქექვით თავს არ ვიწუხებთ და ახლა ბოლო ათ ან ოც წელზე მაინც არ მოვიოხოთ გული?

მოიოხე და იყავი. იყვირე და ილაპარაკე. საზღვრები გადმოიწევა. მსხვერპლი გაიზრდება – საჩვენებლად ჩვენს ერთი-ორ ბიჭსაც დააკლავენ საზღვარზე. სასულიერო პირების უმრავლესობა ტრადიციულად პირში წყალს ჩაიგუბებს და დუმის ერთი-ორ დეპუტატსაც შინაურულად დაუხვდება. ჩვენ ისევ ვერაფერს შევცვლით – ჩვენს გონებაში, დამოკიდებულებაში დამპყრობლის მიმართ, თორემ გარეთ რომ დიდი ხანია ვერაფერს ვცვლით, ეგ ძალიან კარგად მოგვეხსენება.

განა ვინმეს ჯიბრში ვუდგავართ? არაა ეგ ჯიბრში დგომა და უსიყვარულობა ჩვენი საქმე, სიბრაზე დიდხანს არ მიგვყვება. მშვიდობა გვირჩევნია და ყველამ კარგად იცის, რომ ამისთვის თვითლიკვიდაციაზეც შეგვიძლია წასვლა. ჯანდაბას ჩვენი თავი!

ზუგდიდში რომ ტანკები შემოვიდნენ ცხრა წლის წინ, აგვისტოში, და თითქმის დაცლილი ქალაქის მარკეტში 5 ლარიანი ბარათი რომ 8 ლარად მომყიდა ერთმა ქალმა, აი, ეგ ქალი მესიზმრება ჟამიდან ჟამზე. უკვე იმდენჯერ, რომ მიჭირს გარკვევა, ნამდვილად მოხდა  თუ  უბრალოდ, თვითგვემისთვის გამოვიგონე. ის ჩვეულებრივი მაქციაა და შეუძლია ჩემი შეძრწუნებისგან, შიშისგან და უიმედო მოლოდინისგან სათავისო გროშები გამოადნოს. გადატვირთული ხაზები და უპასუხო ზარები – რეზერვისტად გაწვეულ ჩემს ძმასთან მოხვედრის უშედეგო მცდელობა – იმ დღეების სამუდამო ნევროზად ჩამელექა და რუსეთის გახსენებაზე უმალ ეს ამბავი გამოტყვრება საიდანღაც, ვიდრე დოსტოევსკისა და ვინც გინდა რუსი კლასიკოსის შთაგონებული სახე.

ჰოდა, ის დღეებია, ხან მეგობრებთან ვარ, ხანაც მარტო დავხეტიალობ ქალაქში. უცებ ზურაბ ცხონდია მახსენდება და მასთან გავრბივარ.

– არა, შვილო, სად უნდა წავსულიყავი? – კართან მხვდება ბატონი ზურაბი, ხელით მანიშნებს, ცხელა და აივანზე გავიდეთო, – ეს რა ქნეს, ბიჭო? – დიდხანს მიყურებს, განცვიფრებულიცაა, აღშფოთებულიც, გულნატკენიც და იმედგაცრუებულიც. მერე ერთბაშად აფეთქდება:

– კრავაპიცი! ეს რა ქნეს, ბიჭო?! არადა ღამეები მაქვს დათენებული რუს ფილოსოფოსებზე, – ხელს მაღლა შემართავს, – ბერდიაევ, შესტოვ, სალავიოვ, როზანოვ, ტრუბეცკოი! წყალში ჩამიყარეს ყველაფერი!

ქალაქი, რომელსაც უმოკლეს დროში საკუთარ სხეულზე გამოეცადა ყველა უბედურება – სახელმწიფო გადატრიალება, ომი აფხაზეთში, მხედრიონი, დაუნდობელი ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლებისთვის და უკიდურესი გაჭირვება – აგვისტოს იმ დღეებში დაბნეული და წელში გაწყვეტილი იყო.

და ჩვენ ყველაზე უკეთ ალბათ მაშინ მივხვდით, რომ რუსეთის ერთმორწმუნეობაზე, ცივილიზებულობასა და მშვიდობისმყოფელობაზე ენის მოჩლექით ლაპარაკი სირცხვილია, როცა ის ერთი, ერთსახიანი რუსეთის იმპერია ციდან ბომბებს გვიშენს და ქალაქებში ტანკები შემოჰყავს, და დღემდე მხოლოდ ის უნდა, პირველ ჯერზევე, მატლივით გაგვსრისოს და მთელ მსოფლიოს დაანახოს ჩვენი გასაცოდავებულ სახე.

ჯერჯერობით ასეა და მგონი დიდად არც არაფერი შეცვლილა მას შემდეგ. ერთი კია: ორი რუსეთის მითი ნელ-ნელა წარსულში რჩება – ზოგჯერ კი გაიფაფხურებენ მაჯლაჯუნები, პოლიტიკურ თამაშებს და კრემლის მუსიკოსებს ჩამოატარებენ, მაგრამ მთავარი კოზირი მაინც არის ამ ამბავში საჩვენოდ:

გამოცდილება – ჩემს და მით უმეტეს, ჩემს შემდგომს თაობას არ განუცდია ერმიტაჟის სიდიადე და სრულყოფილება, არც კრასნაია პლოშადზე, საქორწილო მოგზაურობის ამსახველი ფოტოს გადასაღებად შეყოვნებულა, მით უფრო, ბაიკალის ტბის ულამაზესი ხედებისთვის შორეულ ციმბირში წასასვლელადაც არ გამოუდია თავი – სამაგიეროდ, რუსული წარმოების ტანკები და ბომბდამშენები კარგად ახსოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი