პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როლური თამაშიდან თოჯინების თეატრამდე

როგორ დაიწყო

ქართულის გაკვეთილი ჰქონდათ მეხუთეკლასელებს. ოთარ ჭილაძის  ლექსი ისწავლეს:

მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი

და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.

დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში

და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.

დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,

რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც.

არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,

არ დაივიწყო არც ერთი წუთით.

ვიფიქრეთ –  თითოეული ჩვენგანის მოვალეობებზე,  ვისაუბრეთ – რა  შეიძლებოდა ,,შემთხვეოდა” ადამიანებისგან ქალაქს ,,კარგი ან ცუდი”.  ბავშვები მსჯელობდნენ ბავშვურად, ჭკვიანურად. როგორც ხშირად  ხდება ხოლმე, ისე საინტერესო შეხედულებებს გამოთქვამდნენ, გული სიხარულისგან მეკუმშებოდა. იმ პერიოდში ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემით გაშუქდა მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა პრობლემები. ეს თემაც ახსენეს. მერე გარემოს დაბინძურებაზე ილაპარაკეს, ისიც თქვეს, როგორ არ მოსწონთ, გამვლელი სიგარეტის ნამწვს ან შოკოლადის შესაფუთ ქაღალდს რომ მოისვრის ქუჩაში. ბოლოს ვთხოვე, შეეფასებინათ მძღოლის ქცევა, რომელიც ფეხით მოსიარულეს ზებრა გადასასვლელზე გზას არ უთმობდა, ან კიდევ მანქანას არასწორად აჩერებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ ადგილას. ბევრი არ უფიქრიათ, მაშინვე მიუღებლად მიიჩნიეს ეს ქმედება. იმ დღეს გადავწყვიტე, ლიტერატურული ნაწარმოებების და აქტუალური თემების გასააზრებლად როლური თამაში დამეგეგმა, ერთ-ერთი მიზანი ცხადი იყო – მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

ბავშვებს უყვართ როლური თამაში. მეც მომწონს, რადგან  გარდა იმისა რომ მათი მოტივაცია მაღლდება, ისინი დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან  სამზადისში…  ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალიზაციასა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

 

სამზადისი

ორი გაკვეთილი მოვანდომეთ გეგმებისა და იდეების ჩამოწერასა და სცენარზე ფიქრს. გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით შეგვექმნა თოჯინების თეატრი. ყველაფერი გავთვალეთ – რა მასალა დაგვჭირდებოდა, როდის ჩავატარებდით სპექტაკლს, ვის მოვიწვევდით.  უნდა შევთანხმებულიყავით, სად გათამაშდებოდა სიუჟეტი. ბავშვებმა მოქმედების ადგილად მიუსაფარ ბავშვთა სახლი და სკოლა მოისურვეს. არ შევწინააღმდეგებივარ, ესეც საჭირო იყო ისევ და ისევ მათი ემპათიის გამოსაწვევად.

სცენარის მოფიქრების პროცესი აღმოჩნდა უაღრესად სასიამოვნო. ვისხედით წრეზე, თითოეული ბავშვი ამბობდა თავის იდეას  და მე ვინიშნავდი. საოცარი არსებები არიან ეს პატარა ადამიანები! რომ იცოდეთ, როგორ უკავშირებდნენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს!

კაციც ადამიანია და ქალიც…

განსაკუთრებულად დამამახსოვრდა 10 წლის ლევანის სურვილი. მერე რომ გავაცნობიერე, რა შედეგი მოჰყვა ერთ გაკვეთილს, უზომოდ გავიხარე.

ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ბიჭს ქართულის გაკვეთილზე ცრემლებით აევსო თვალები. გაოცდნენ კლასელებიც, არ ელოდნენ. ბავშვებს ვუთხარი, რომ გასაოცარი არაფერი მომხდარა, ტირილის უფლება აქვს როგორც გოგოს, ისე ბიჭს. თუ ადამიანს ეტირება, თავისუფლად შეუძლია, ასე გამოხატოს ემოცია.

…და ლევანმა ეს მთხოვა – სცენარში რომელიმე პერსონაჟს ეთქვა ბიჭისთვის, რომ ტირილი სირცხვილი არ არის. რა თქმა უნდა, ჩავიწერე მისი სურვილი. გულში ვზეიმობდი, ჩვენ იმ გაკვეთილზე დავამარცხეთ სტერეოტიპული შეხედულება – ,,ნუ ტირი, კაცი არა ხარ?”

 

როლების გადანაწილება და რესურსების შექმნა

როლებს ვიდრე გადავანაწილებდით, მოსწავლეებს გავახსენე თეატრის სტრუქტურა. შემდეგ ვთხოვე, თითოეულს ფურცელზე დაეწერა, რისი კეთება სურდა. ალბათ, განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი იმით, რომ მოსწავლეთათვის თავისუფალი არჩევანის უფლების მინიჭებას უდიდესი ძალა აქვს. ერთი, რომ მოტივაციას ამაღლებს, მეორე – პასუხისმგებლობის გრძნობას აძლიერებს და მთავარი – ამით მათ უვითარდებათ გადაწყვეტილების მიღების უნარი. ბავშვებმა გაიხარეს – გააკეთებდნენ იმას, რაც მათთვის სასიამოვნო იყო, ამიტომაც ყველა სიხარულით ჩაერთო პროცესში.

ორმა რეჟისორობა მოინდომა. ნება ჩვენს ხელში იყო, რადგანაც ასე ძალიან უნდოდათ, დავუნიშნეთ თეატრს ორი რეჟისორი. ერთი მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა, სამი – კოსტიუმების მხატვარი, თერთმეტმა მსახიობობა მოისურვა. მე სცენარისტის ფუნქცია დამაკისრეს. გადავინაწილეთ საქმე. ერთ ღამეში სცენარი მზად იყო. მართალია, ტექსტი ბავშვების შეხედულებებისა და სურვილების გათვალისწინებით დავწერე, მაგრამ ვიდრე გავაცნობდი მათ, ძალიან ვღელავდი. ისე მისმენდნენ, ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა არჩევანის სისწორეში. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხაროდათ, როდესაც მათი აზრები პერსონაჟების მეტყველებაში გამოჩნდა. საინტერესო სცენარი გამოვიდა. ჩვენი თეატრის მსახიობები 10-11 წლის ადამიანების ენით საუბრობდნენ იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი თანატოლებთან ერთად უნდა სწავლობდეს, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვა სასიხარულო და საჭიროა, მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია გულწრფელობა და სამართლიანობა და სხვა. მინდოდა მათი დაფიქრება  და ეს გამოვიდა.

სცენარის გაცნობის შემდეგ ვთხოვე, სახელები მოეფიქრებინათ თავიანთი პერსონაჟებისთვის. ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო – ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ვენდობით. თვალები აუციმციმდათ. მერე ახსნეს, რა ნიშნით შეარჩიეს ესა თუ ის სახელი.

მომდევნო დღიდან დავიწყეთ გმირების კოსტიუმებისა და რესურსების შექმნა. წიგნების ერთ-ერთ ფესტივალზე ნანახი მქონდა, როგორ ამზადებდნენ ბავშვები თოჯინების თეატრს. ამის შესახებ ერთი საინტერესო ბლოგიდან ვიცოდი. (https://ganatlebageo.wordpress.com/2014/02/03/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9D/).  ეს გამოცდილება მოსწავლეებს გავუზიარე, თეატრის ფარდის ფერი თავად შეარჩიეს – მწვანე. ქსოვილიც შევიძინეთ და შეუდგნენ დამზადებას.

 

უაღრესად საინტერესო იყო კოსტიუმების შექმნა. მსახიობობის მსურველ ბავშვებს შევთავაზე, მოეფიქრებინათ თავიანთი პერსონაჟების ხასიათი. თითოეული მხატვრებს ხვდებოდა და უხსნიდა, როგორი ტიპაჟი უნდა ყოფილიყო მისი გმირი, რა ფერისა და სტილის ტანისამოსი უნდა სცმოდა და როგორი ვარცხნილობა ჰქონოდა.

ამან კიდევ უფრო საინტერესო გახადა საქმისადმი მოსწავლეების დამოკიდებულება, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ უმნიშვნელო დეტალებსაც კი და უკეთ გაითავისეს როლები. მხატვრები შეუდგნენ ხატვას, მარტივი მასალა შევარჩიეთ – მუყაოს ქაღალდი და ფერადი ფანქრები. 2 დღეში გმირები მზად იყვნენ.

 

დავიწყეთ რეპეტიციები… ვერ ვიტყვი, რომ მარტივი აღმოჩნდა. მეხუთეკლასელი გოგო-ბიჭები ერთი ფარდის მიღმა შეიყუჟებოდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ტექსტს ამუშავებდნენ, რეჟისორებს სცენარი მოემარჯვებინათ და ყურადღებით აკვირდებოდნენ მსახიობებს, რჩევებსაც აძლევდნენ, მუსიკალური ხელმძღვანელი შერჩეულ სიმღერებს რთავდა, ისე ოსტატურად იყენებდა კომპიუტერს და ხმის დამარეგულირებელს, მეც კი სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი.

დადგა სპექტაკლის დღე. ემოციებს ვეღარ ვმალავდით. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. რაც მთავარია – ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობდნენ, მე კიდევ სიხარულის ცრემლებს ჩუმ-ჩუმად ვიწმენდდი.

ყველაფრის მომზადებას 2 კვირა დასჭირდა. დღემდე სიამოვნებით იხსენებენ ამ პერიოდს. მე, როგორც მასწავლებელმა, დასახულ მიზანს მივაღწიე – ამ მეთოდმა ხელი შეუწყო ბავშვების შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ყველაზე მნიშვნელოვანი – თითოეულმა მათგანმა იგრძნო, რომ მათ არჩევანს პატივს სცემენ და ითვალისწინებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი