ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კრიტიკული ინციდენტი

„სანამ ლომებს საკუთარი ისტორიკოსები არ ჰყავთ,

მონადირეობის შესახებ ზღაპრებში მუდამ მონადირე იქნება განდიდებული“.

აფრიკული ანდაზა

 

ტერმინი „კრიტიკული ინციდენტი“ ისეთ ურთიერთობას აღნიშნავს, რომელსაც მონაწილეები (ან ერთი მათგანი) პრობლემურად, დამაბნევლად, სახალისოდაც კი მიიჩნევენ. ეს ისეთი სიტუაციებია, რომელიც უნდა დავიხსომოთ და გავითვალისწინოთ. ჩვეულებრივ, კრიტიკული ინციდენტი კულტურათა ურთიერთქმედებას ასახავს – სიტუაციებს, რომელშიც მოულოდნელი ქცევა ჩნდება.

არ არის აუცილებელი, კრიტიკული ინციდენტი დრამატული მოვლენა იყოს: ჩვეულებრივ, ის კომუნიკაციაში მონაწილეთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოვლენაა, რომელმაც შეჩერება და დაფიქრება გვაიძულა, კითხვები გაგვიჩინა. შესაძლოა მან ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი შეხედულებები, ფასეულობები, დამოკიდებულებები ან ქცევა. მნიშვნელოვნად იმოქმედა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.

კრიტიკული ინციდენტის, როგორც სწავლების ინსტრუმენტის მიზანია განუვითაროს ადამიანს სხვა კულტურის პერსპექტივიდან კონკრეტული ურთიერთობის დანახვის უნარი  (Salo-Lee & Winter-Tarvainen 1995).

კრიტიკული სიტუაციის შესახებ ფიქრისა და ანალიზის შესაძლებლობა ხელს უწყობს კროსკულტურულ ცნობიერებას და სწავლება–სწავლას. ამ თვალსაზრისით კრიტიკული ინციდენტი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ კულტურით განპირობებულ განსხვავებათა და მოსალოდნელ გაუგებრობათა გამოსავლენად.

გარკვეულწილად, ნებისმიერი კომუნიკაცია ინტერკულტურულია, რადგან ყველას ჩვენ–ჩვენი ისტორია, ამბები „დაგვაქვს“, რომელიც ჩვენთან არის ნებისმიერი ურთიერთობისას. არასწორი ინტერპრეტაცია და გაუგებრობა არცთუ იშვიათია კულტურათშორისი კომუნიკაციისას (Salo-Lee & Winter-Tarvainen 1995).

ქვემოთ მოცემული ზოგიერთი ინციდენტი უფრო სპეციფიკურია კულტურის თვალსაზრისით, ზოგი – უფრო ზოგადი. ჩვენი მიზანია, ვისწავლოთ ამ ინციდენტების გაანალიზება და ფიქრი სხვადასხვა კულტურისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის პერსპექტივით. სიტუაციებზე მსჯელობისას ნებისმიერი მოსაზრება მისაღებია.

  1. სალომემ გრამატიკაში ტესტი დააწერინა მოსწავლეებს. ტესტირების დროს შენიშნა, რომ ერთ–ერთი მათგანი პასუხებს მეორისაგან იწერდა. მასწავლებელმა სთხოვა, დარჩენილი ნაწილი საკუთარი ძალებით დაესრულებინა. მოსწავლემ გადაწერა გააგრძელა. სალომემ ნამუშევარი აიღო და ყველას დასანახად ნაგვის ურნაში ჩააგდო. ამით სხვა მოსწავლეებს აჩვენა, რომ პასუხები არ ასახავდა რეალურ ცოდნას და აზრი არ ჰქონდა ტესტირების გაგრძელებას, თუკი მოსწავლე გადაწერას გააგრძელებდა. მოსწავლე ძალიან განაწყენდა და სასწავლო ნაწილთან გადაწყვიტა ჩივილი.
  2. ჩემს მეგობარს თავისი კლასი მოსწონს, მაგრამ თვლის, რომ მასწავლებელი ძალზე ცივია. მეუბნება, რომ გრამატიკას კარგად ასწავლის, მაგრამ არასოდეს ეკითხება მოსწავლეებს ოჯახის შესახებ და არც საკუთარ ოჯახზე საუბრობს.
  3. სოფო ხალისით ემსახურება საყვარელ პროფესიას ერთ-ერთ სკოლაში. ყოველ ახალ ჯგუფს ის უხსნის კლასში და სკოლაში ქცევის წესებს, რომელთა შორისაა დაგვიანების შესახებ წესი. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ერთ–ერთმა მოსწავლემ დაგვიანებით დაიწყო სკოლაში მისვლა. სოფოს მოვლენებისადმი მსუბუქი მიდგომა ახასიათებს და ერთ-ერთი დაგვიანებისას მოსწავლეს „საღამო მშვიდობისაო“ მიესალმა. ყველამ გაიცინა. ადრე ასე სხვა ჯგუფთანაც მოიქცა. მოსწავლემ ყურადღება არ მიაქცია და თავისი ადგილისაკენ გაემართა. გაწბილებულმა მასწავლებელმა დაგვიანების მიზეზი ჰკითხა. „ასე არ დამელაპარაკოთ“, დაუყვირა მოსწავლემ. სოფომ უთხრა, რომ დაგვიანებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა. მიუხედავად იმისა, რომ თვლიდა, მოსწავლეს პირველს უნდა მოეხადა ბოდიში, მოგვიანებით სოფომ თავად მოიხადა ბოდიში. მოსწავლემაც მოუბოდიშა, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ კლასში საერთოდ აღარ გამოჩენილა.
  4. ლევანი საღამოობით TOEFL–ს (ინგლისურის, როგორც უცხო ენის ტესტი) ასწავლის მოსწავლეებს. ერთ–ერთი შეხვედრისას ორ მოსწავლეს შორის უსიამოვნება მოხდა: ერთს მოსმენის სავარჯიშოების გაკეთება სურდა, მეორეს – გრამატიკის. მეორე დღეს ერთ–ერთი მათგანი ლევანთან მივიდა და უთხრა, რომ, მისი აზრით, გრამატიკული სავარჯიშოები საკმარისად გააკეთეს და ახლა კარგი იქნებოდა მოსმენაზე კონცენტრაცია. არწმუნებდა, რომ სრულიადაც არ უფიქრია მასწავლებლისთვის ჭკუის სწავლება. ერთი კვირის შემდეგ ამავე მოსწავლემ ლევანს სთხოვა, სახლში მესტუმრეთ, რაღაც მინდა გაჩვენოთო. ლევანი არ წავიდა. მოგვიანებით მოსწავლისაგან ელფოსტით წერილი მიიღო, მადლობას უხდიდა სწავლებისთვის და შეხედულებებისთვის. ლევანმა თავი ძალზე უხერხულად იგრძნო, მან გააზრებულად სცადა, თავიდან აეცილებინა კლასის გარეთ მოსწავლესთან ურთიერთობა.
  5. ჯეკი 10 წელია ასწავლის ინგლისურს ჩინეთსა და იაპონიაში. კანადაში დაბრუნებულს მულტიკულტურული ჯგუფი შეხვდა, რაც სასიამოვნო გამოწვევა იყო – მრავალფეროვანი მოსწავლეების სასწავლო საჭიროებები უნდა განესაზღვრა. ყველაზე მეტად ერთ–ერთ მოსწავლესთან გაუჭირდა საერთო ენის გამონახვა, რომელიც მუდამ მოღუშული და კრიტიკული იყო. 45 წლისას საკუთარ ქვეყანაში დოქტორის ხარისხი ჰქონდა მიღებული, არასოდეს იღიმოდა და თითქოს ყოველ ჯერზე სცდიდა ჯეკს გრამატიკისა და ლექსიკის სწავლებისას. ჯეკი ხვდებოდა, რომ მოსწავლე ხალისობდა საკუთარი საქციელით. ერთ დღეს ჯეკმა უთხრა მოსწავლეს, რომ თუკი უკმაყოფილო იყო, შეეძლო სხვა ჯგუფში გადასულიყო. მოსწავლე სხვა კლასში არ გადავიდა, თუმცა ამ ამბის შემდეგ უფრო კმაყოფილი ჩანდა.
  6. ერთი მოსწავლე მყავს, რომელიც მუდამ იგვიანებს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. როცა რამეს ვეკითხები, ის საუბარს იწყებს და ვეღარ ჩერდება, დანარჩენები მოთმინებით ელოდებიან. მინდა ვუთხრა ხოლმე, რომ კითხვის არსს დაუბრუნდეს. საბოლოოდ ვაწყვეტინებ, რადგან ის დროის შეგრძნებას კარგავს. ვუთხარი, რომ მზად ვარ შესვენებაზე მოვუსმინო მის მოსაზრებას. მას არ ესმის დროის კონცეფცია. ჩვენ მკაცრი გრაფიკი გვაქვს და ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს, ყველაფერს განსაზღვრული დრო სჭირდება.
  7. შესვენებისას დერეფანში ორი მოსწავლე საუბრობდა. როცა შესვენება დასრულდა, ჯენეტმა კლასში შესვლა სთხოვა. მოსწავლეებმა საუბარი გააგრძელეს. როცა ჯენეტმა ისევ სთხოვა კლასში შესულიყვნენ, ერთ–ერთმა მათგანმა ისე შეხედა თითქოს ეუბნებოდა, „რა უხეში ხართ! როგორ მთხოვთ კლასში შესვლას შუა საუბრისას“. ჯენეტმა თავი უხერხულად იგრძნო.
  8. ჯორჯი მაცოფებს: როგორც კი დავალების ჩაბარების დრო დგება, საცოდავ ტყუილებს იგონებს და ბოდიშობს. ვბრაზობ, რადგან ვგრძნობ, რომ არც საქმეს და არც ვადებს სერიოზულად არ უდგება. მორიგი დავალება ზედმიწევნით ავხსენი, ვადა დაფაზეც დავწერე და როცა ისევ თავის მოკატუნება დაიწყო, ლამის გავგიჟდი. უფრო იმიტომ, რომ მეორე მოსწავლესაც არ ჰქონდა დავალება შესრულებული. მან მომიბოდიშა და მითხრა, რომ იმავე დღეს მოგვიანებით გამომიგზავნიდა. იმავე დღეს კი არა, რამდენიმე დღეში გამომიგზავნა, მაგრამ რაკი მომიბოდიშა, დავალება მივიღე და არც გავბრაზებულვარ.
  9. ახალგაზრდა ქალი კანადაში ჩავიდა ახალი ცხოვრების დასაწყებად. იქ უფრო ციოდა, ვიდრე თავის ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი ჩაცმულობა მოსწონდა და არ უფიქრია შემოტმასნილი ქვედაბოლოსა და მოკლე ბლუზონის გამოცვლა. რამდენიმე დღეში გარშემომყოფთა დაჟინებული მზერა იგრძნო. იფიქრა, ხვდებიან, უცხოელი რომ ვარ და იმიტომ მიცქერენო. შემდეგ ვიღაცამ უთხრა, რომ ასე მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს აცვიათო. ქალმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გაბრაზდა.
  10. როცა სასაფლაოს ჩაუარა, კაცმა რაღაც უცნაური შენიშნა. იქნებ თვალები მატყუებსო და უფრო ახლოს მივიდა. საფლავის ქვაზე ორი ადამიანის სახელი შენიშნა. ერთზე ორივე თარიღი იყო აღნიშნული, ხოლო მეორეზე მხოლოდ დაბადების. ის თვალებს არ უჯერებდა.
  11. ორი საშუალო ასაკის ქალბატონი ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული მოსეირნობდა. უცებ მანქანამ ჩაუქროლა და თავგამოყოფილმა მგზავრმა მიაძახა „ლესბოსელებოო“. ქალბატონებს ძალიან ეწყინათ, ალბათ, ასე ფიქრობს ყველაო და ერთმანეთს ხელები გაუშვეს.
  12. დათომ განაცხადა, რომ ამდენი მარტოხელა ქალის არსებობას მათი სიზარმაცე განაპირობებს, რითაც ძალიან გააკვირვა და შეურაცხყოფილად აგრძნობინა თავი მაიას.
  13. ირენმა და მისმა ქმარმა საქართველოში ჩამოსული წყვილის დაპატიჟება გადაწყვიტეს. როცა წყვილი მოვიდა, ოთახში უკვე სამი სხვა წყვილი იყო სტუმრად. მამაკაცმა ყველა მამაკაცს ჩამოართვა ხელი, ქალები კი უყურადღებოდ დატოვა. ირენმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
  14. მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ექვსი წლის წინ ვიყავი აშშ-ში. ვცხოვრობდი ამერიკულ ოჯახში. ზოგადად, დღეში რამდენიმე საათს საკუთარ თავს ვუთმობ, შევდივარ ჩემს ოთახში, ვასრულებ საშინაო დავალებას ან ვწერ წერილს, ვისვენებ და ვუსმენ მუსიკას. ასე მოვიქეცი ამერიკაშიც. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ეს ჩვევა მასპინძელ ოჯახს სირთულეს შეუქმნიდა. ერთ დღეს ოჯახის დიასახლისი შემოვიდა ჩემთან და მკითხა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მათი აზრით, მე იმიტომ ვიქცეოდი ასე, რომ მოწყენილი ვიყავი ან სახლი მენატრებოდა. გავოცდი – სინამდვილეში, ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია.
  15. 19. ერთად ცხოვრების მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა ჩაიცვა ქურთუკი და წასასვლელად მოემზადა. მინდოდა გამეგო, სად მიდიოდა და ვკითხე კიდეც. მიპასუხა, რომ მეგობარ ბიჭთან ერთად აპირებდა კინოში წასვლას, რადგან დღეს მისი დაბადების დღე იყო. მინდოდა მისთვის დაბადების დღე მიმელოცა, ამიტომ მისკენ გავეშურე და როგორც ჩემს ქვეყანაში იციან, ლოყაზე კოცნა დავუპირე. ვფიქრობ, ძალიან შევაშინე ჩემი საქციელით. მან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და შეშინებული თვალებით შემომხედა. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ გავაკეთე. მეც უკან დავიხიე და კოცნის ნაცვლად ხელი ჩამოვართვი.
  16. 20. სამ მარტს სტუდენტი მეცადინეობაზე მოვიდა და მთხოვა ავადმყოფობის გამო გადამევადებინა მისთვის ესეს ჩაბარების თარიღი (სახეზე და ხმაზე ეტყობოდა, რომ მართლაც ავად იყო). შევთანხმდით, რომ ესეს მომდევნო ხუთშაბათს მოიტანდა. თუმცა, მან ვერ მოახერხა ლექციაზე მოსვლა და არც შემეხმიანა. როცა შევეკითხე, თუ რატომ არ მოიტანა ესე, მიპასუხა რომ აუცილებლად მოიტანდა მომავალ კვირას. თან დაამატა, რომ თავს ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა კარგად. გამიკვირდა, რომ სტუდენტმა, რომელიც სისტემატურად ესწრებოდა მეცადინეობებს, დროულად ვერ ჩააბარა ნამუშევარი და თან ასეთი ქცევის კონკრეტული მიზეზიც ვერ დაასახელა. მისი განმარტების პასუხად ავუხსენი, თუ რაოდენ გამაღიზიანებელი იყო სტუდენტის მსგავსი საქციელი პედაგოგისთვის. როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ უნივერსიტეტი ყოველ გაცდენილ დღეზე ესეში ნიშანს აკლებდა სტუდენტს. მას იმდენი დაგვიანება ჰქონდა, რომ ექიმის ცნობაც ვეღარ უშველიდა.
  17. 21. ერთ-ერთ პედაგოგთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ნიჭიერმა სტუდენტმა, სწავლას მოუკლო. ამის მიზეზი ზარმაც „ახალგაზრდებთან“ მისი მეგობრობა იყო. პედაგოგი ფიქრობდა, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თუ კათედრას არ აინტერესებდა ამ სტუდენტის ბედი, მაშინ მე უნდა დავინტერესებულიყავი. გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი, თან მისი პედაგოგიც ვიყავი, პრაქტიკულ კურსს ვასწავლიდი. არ ვიცოდი საუბარი როგორ დამეწყო, არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი.
  18. 22. სემინარს 16 სტუდენტი დაესწრო. ორ მათგანს მომზადებული ჰქონდა პრეზენტაცია. შევეცადე კითხვების დასმით მთელი ჯგუფი ჩამერთო დისკუსიაში. ჩემს პირველ შეკითხვას სტუდენტებმა სიჩუმით უპასუხეს. იგივე კითხვა ახლა სხვა სიტყვების გამოყენებით კვლავ დავსვი. მოკლე პასუხი მივიღე. ჯგუფის სხვა წევრების ჩაბმა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მეორე და მესამე კითხვებზე სტუდენტებმა სიჩუმით მიპასუხეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ოთხ სტუდენტს, მათ შორის პრეზენტატორებს, წაეკითხათ მასალა. სტუდენტებს შევახსენე სემინარის მიზანი და, აგრეთვე, მათი პასუხისმგებლობა. თან დავამატე, რომ აზრი არ ჰქონდა სესიის გაგრძელებას. ბოდიში მოვუხადე პრეზენტატორებს და მათ, ვინც მოამზადა წასაკითხი მასალა და კლასს ვთხოვე დაეტოვებინა აუდიტორია.

დაბოლოს, კრიტიკული ინციდენტის გამოყენებისას, სასარგებლოა ქვემოთ მოცემული ჩარჩო, რომელიც ინტერდისციპლინურ სწავლებას შეუწყობს ხელს.

1.      ინციდენტის მნიშვნელობა
  • რა მოხდა, სად, როდის? ვინ მონაწილეობდა?
  • რა როლს ასრულებდი ინციდენტში?
  • რა გარემოში მოხდა ინციდენტი?
  • იმ მომენტში რა გსურდა?
2.      პირველი რეაქცია ინციდენტის შესახებ  
  • როგორი იყო შენი გრძნობები და ფიქრები ინციდენტის მსვლელობისას?
  • როგორი პასუხები გასცეს ძირითად შეკითხვებზე? თუკი პასუხები არ მოგისმენიათ, თქვენი აზრით, როგორი პასუხები შეიძლებოდა ყოფილიყო?
3.      რა საკითხებს  და დილემას გაესვა ხაზი ამ ინციდენტით
  • მოინიშნე ნებისმიერი დილემა, რომელიც ამ კონკრეტულ ინციდენტს ეხება.
  • მოინიშნეთ ინციდენტში მოცემული ნებისმიერი ღირებულება და ეთიკური პრობლემა.
  • რამ გაგაკვირვათ ან რა მოხდა ისეთი, რასაც არ ელოდით?
4.      შედეგი
  • როგორი იყო ინციდენტის შედეგი თითოეული მონაწილისთვის?
  • გამოიწვია თუ არა (ან შეიძლება თუ არა გამოიწვიოს) ამინციდენტმა ცვლილებები?როგორგრძნობთ  ან იგრძნობთ თავს ამ ცვლილებების შემთხვევაში?
  • რას ფიქრობთ და გრძნობთ ამ ინციდენტის შესახებ?
5.      სწავლა
  • რა ისწავლე საკუთარი თავის შესახებ?
  • ამ ინციდენტის შედეგად რა დაისახე მიზნად მომავალში?
  • როგორ შეიძლება მიაღწიო მიზანს?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.jyu.fi/viesti/verkkotuotanto/kp/ci/ci_one.shtml

https://www.tolerance.org/magazine/number-48-fall-2014/feature/excerpt-case-studies-diversity-social-justice-education

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი