ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ასეც ხდება

ამ სტატიის თემა ერთმა ჩემმა ძველმა აღსაზრდელმა მიკარნახა, უფრო სწორედ მისმა ცხოვრებამ, რომელიც მუდამ პრობლემებით არის სავსე და ის მას ისე წყვეტს, როგორ შეუძლია. იბრძვის და იბრძვის…

ის გოგონა – თეონა, „ადაპტაციის ცენტრში“ საპატრულო პოლიციამ მოიყვანა, (ცენტრში ბავშვები სხვადასხვა გზით ხვდებოდნენ. ზოგს საპატრულო პოლიცია პოულობდა ქუჩაში, განსაკუთრებით ღამის საათებში, მარტო მოხეტიალეებს; ზოგი თავად გვაკითხავდა სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენივე ბენეფიციარებს მოჰყავდათ საკუთარი მეგობრები. „ქეთი მას, ეს ქუჩაში ცხოვრობს და ღამეებს „პადიეზდებში“ ათევს, ხოდა ვიფიქრე დარჩეს-მეთქი აქ ჩვენთან“). სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ცენტრში მოხვედრილი არასრულწლოვანების უდიდეს უმრავლესობას ისეთი განსაცდელი ჰქონდა გადატანილი, რომ დიდი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა მსგავს სირთულეს.

 

ასეთ განსაცდელში მოყოლილი ბავშვები ასკვნიან, რომ იმისათვის, რომ ცოცხალი გადარჩე, უნდა ისწავლო ჩხუბი, მოტყუება, თავის შეცოდება, ქურდობა და, რაც მთავარია, არავის უნდა ენდო, განსაკუთრებით უფროსებს, რადგან ისინი სულ ცდილობენ მოგატყუონ და ის გაგაკეთებინონ, რაც თავად სურთ. მათ არ სჯეროდათ ადამიანური სიკეთის და სამყაროს გულმოწყალების.

 

სწორედ ამიტომ მათ ძალიან უჭირდათ დაეჯერებინათ, რომ ცენტრში მართლაც არ ეჩხუბებოდნენ უფროსები, ფულს არ გამოსძალავდნენ, უწმაწური სიტყვებით არ მიმართავდნენ, ყველა დანაშაულის გამო არ დასჯიდნენ, საჭმელს აჭმევდნენ, თანაც ბევრს და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდნენ. ეს ყველაფერი არ იყო გასაკვირი, რადგან ადამიანური ბუნების ერთ-ერთი თავისებურება ხომ გარემოში უპირველეს ყოვლისა ნაცნობი საგნების და მოვლენების შემჩნევაა. ანუ ნებისმიერი ჭეშმარიტად ახალი მოვლენა, შესაძლებელია დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი, როგორც უცხო, უჩვეულო და სრულიად განსხვავებული რამ.

 

როგორც უკვე გითხარით თავდაპირველად ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცენტრში საკუთრი სურვილით არ ხვდებოდნენ, ვერ ხვდებოდნენ იმ ძირეულ განსხვავებებს, რაც მათთვის ჩვეულ სამყაროსა და ჩვენთან ყოფნას შორის იყო. პირველი შთაბეჭდილება: „უფროსები შენზე არ ძალადობენ. შენი უსაფრთხოება დაცულია – ეს სრულიად საკმარისია. ახალი უნარ-ჩვევები და წესები სრულიადაც არ მჭირდება, აქ ხომ მაინც ცოტა ხნით დავრჩები, მერე მაინც მომიწევს სადმე წასვლა“.

 

ცენტრში მომუშავე პერსონალი, ხშირად დაფიქრებულა იმაზე, რომ ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბავშვებს თითქოს საერთოდ არა აინტერესებდათ სიახლეები, სწავლა, ახალი შესაძლებლობები. ასე განსაჯეთ, გაუმჯობესებული ყოფითი გარემოც კი მათზე ვერ ახდენდა დიდ შთაბეჭდილებას. ისინი, შეიძლება ითქვას, ერთგვარად უარს ამბობდნენ ახალი რეალობის მიღებაზე. კარგად რომ აგიხსნათ, მიუსაფარ, უგულვებელყოფილ, მტრულ, უბედურებით სავსე, მაგრამ ჩვეულ გარემოში ცხოვრების გახსენება უფრო მნიშვნელოვანი იყო მათთვის, გარკვეულწილად შვების მომტანი. ახალი გარემო კი, მუდმივ გამოცდას, დაკვირვებას, შეგუებას საჭიროებდა.

 

აქ უფროსები კეთილები არიან? აბა ახლა რომ გავიპარო და რამდენიმე ხნის შემდეგ წებონასუნთქი დავბრუნდე, მაინც მიმიღებენ უკან? სკოლაში, წასვლის ნაცვლად რომ სადმე ინტერნეტკაფეში დავრჩე, არ მეჩხუბებიან? პატარა ლუკას, რომ სათამაშო წავართვა და გავუფუჭო, ნეტავ რა მოხდება? სასადილოში რომ ვითომ შემთხვევით წვნიანი იატაკზე დავღვარო, არც მაშინ დამიყვირებს აღმზრდელი?…. ყოველი ახალი ბავშვი ცდილობდა საკუთრი ფანტაზიის, ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით შეერჩია უფროსებისათვის „საგამოცდო ტესტი“. ისე არ გამიგოთ, რომ გამოცდას მარტო უფროსები ვაბარებდით, რაღა თქმა უნდა, არა. „ძველები“ „ახლებს“ ცდიდნენ, უფროსები – უმცროსებს,  გოგონები – ბიჭებს და პირიქით.

 

გარკვეული დროის შემდეგ, დგებოდა მომენტი, როდესაც უკვე გაირკვეოდა მორიგი ახალი ბენეფიციარის საჭიროება, დადგინდებოდა მისი ნამდვილი ვინაობა (ეს საკითხი სხვა მრავალ უმძიმეს პრობლემასთან ერთად შესაძლებელია ყველაზე რთულიც კი იყო, რადგან ახლად შემოსული ბავშვები, როგორც წესი, საკუთარ გვარსა და სახელს გამოგონილი სახელით ცვლიდნენ და მხოლოდ ნდობის მოპოვების შემდეგ გვიმხელდნენ რეალურ ვინაობას). ასეთ ბავშვებს ძირითადად იმის შიში ჰქონდათ, რომ ჩვენ მათი მშობლების მოძებნას დავიწყებდით, ისინი კი მათ უკან გაურკვევლობაში დააბრუნებდნენ. ისევ სამათხოვროდ გაუშვებდნენ და ამ გზით ნაშოვნ ფულს კი, უმრავლეს შემთხვევაში, სასმელში დახარჯავდნენ. სამართლიანობა მითხოვს, გითხრათ, რომ ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც დედა ერთ შვილს იმიტომ ამათხოვრებდა, რომ მეორის ოპერაციისთვის შეეგროვებინა ფული.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვები უფროსებისაგან სწავლობენ. ისინი ყურადღებით აკვირდებიან დიდების ცხოვრების წესს. აუცილებელია, თავად უფროსებს სწამდეთ იმ ღირებულებების, რომლების დანერგვასაც პატარებში აპირებენ. მარტივად, რომ ვთქვა, უფროსი, რომელიც სიგარეტს ეწევა, ვერ დაარწმუნებს ბავშვს, რომ თამბაქო მავნებელია.  ეს იმასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ მახსოვს, ერთხელ პატარა რეზიკომ მითხრა: დედიკო მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ მაინც სულ მეჩხუბებოდა და მცემდა. ნეტავ რომ დაბრუნდება საქართველოში როგორ მომექცევა?

 

აი, გიორგის დაბადების მოწმობა არ ჰქონდა (იმ წლებში ცენტრში მოხვედრილი ბენეფიციარების უმრავლესობას დოკუმენტაცია მოუწესრიგებელი ჰქონდა). ეს იმას ნიშნავდა, რომ მას არათუ სკოლაში არ უვლია, არამედ სამედიცინო აღრიცხვაზეც არავის დაუყენებია, სავალდებულო ასაკობრივ აცრებსა და მსგავს სერვისებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. სალომეს, რამდენიმე ბავშვთა სახლი ჰქონდა მოვლილი, რადგან ბებია ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს, მევალეებს გაურბოდა. ბოლოს ქირის გადახდა ვერ შეძლო და ქუჩაში დარჩენილები ცენტრში მოიყვანეს გამგეობის თანამშრომლებმა. მაიკო ცენტრში ბავშვთა უფლებების დამცველებმა მოიყვანეს, მას დედა ცოცხალი ჰყავდა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების გამო ის ბავშვზე ვეღარ ზრუნავდა. ოჯახში როლები შეიცვალა და მაიკო უვლიდა დედას, როგორც შეეძლო. თამუნა თერთმეტი წლის იყო და უკვე ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. ის სახლიდან გამოიქცა, რადგან აღარ შეეძლო პატარების მოვლა, დედა ხომ დღე-დღეზე კიდევ ერთ შვილს ელოდებოდა.

 

ყველა ეს ბავშვი და კიდევ სხვა უამრავი, რომელიც სხვადასხვა დროს და განსხვავებული ვადით მოხვდა ცენტრში, ახლა უკვე ზრდასრული პიროვნება და, სავარაუდოდ, მშობელია. მშობელია ჩვენი მარიამიც, რომელმაც თავდაპირველად შვილები ჩვილ ბავშვთა სახლში მიიყვანა, რადგან ძალიან დაბნეული და სასოწარკვეთილი იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ პატარები მიმღებ ოჯახში მიიყვანეს და ახლა მათი დედიკო ძალიან ხშირად აკითხავს, საჩუქრებს ჩუქნის, სითბოსა და ყურადღებას არ აკლებს. ასეც ხდება.

 

მიშიკო, პრაქტიკულად ქუჩაში გაიზარდა. ყველა უბედურება გამოიარა, რაც მსგავსი ცხოვრების პირობებში შეიძლება ბავშვმა გამოიაროს. მას ახლა სამი შვილი ჰყავს და მუდმივად შრომობს. „ბავშებს არაფერს მოვაკლებ, საბავშვო ბაღშიც დადიან და სკოლაშიც მივიყვანე უფროსი. ისინი არასოდეს იმათხოვრებენ და ქუჩაში არ გავლენ საცხოვრებლად. ისიც მეყოფა, რაც მე გამოვიარე“. მითხრა მიშიკომ ამ ცოტა ხნის წინ და ეს ყველაფერი სიმართლეა. ასეც ხდება.

 

შემოდგომის ერთ წვიმიან საღამოს ცენტრში ნინო მოიყვანეს. ის უკვე 18 წლის იყო. ნინო დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაიბადა და ცამეტ წლამდე იქვე იზრდებოდა, სანამ დედა სახლიდან სხვა მამაკაცთან ერთად წავიდოდა და ნინო, თავის და-ძმასთან ერთად დედინაცვლის ხელში აღმოჩნდებოდა. ის კარგად სწავლობდა და თბილისში ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ნაქირავებში ცხოვრობდა და დიასახლისის შვილი შეუყვარდა. ცენტრში კი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო და ბიჭმა მასზე უარი თქვა. მამა და დედინაცვალი კი აღარ ელაპარაკებოდნენ. ნინოს ულამაზესი პატარა შეეძინა და მასთან ერთად დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. ძალიან, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ შვილს მაინც არ შეელია და თავად ზრდის. ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მისი გოგონა დედასთან გაიზარდოს. ასეც ხდება.

 

მინდა თეონას ისტორიას მივუბრუნდე. (სახელი, რა თქმა უნდა აქაც და სხვაგანაც შევცვალე). ის ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მშობლების ასევე, სოციუმის მხრიდან. სოფელმა მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჩადენილი დანაშაული არ აპატია და სახლ-კარი გადაუწვა. სხვადასხვა ასაკის ოთხი პატარა სრულიად მიუსაფარ მდგომარეობაში ბედის ანაბარა დარჩა. თეონა დედაქალაქში გამოიქცა. უფროსი ძმა ციხეში მოხვდა, დანარჩენების ბედი ჩემთვის უცნობია. შემდეგ იყო ხანგრძლივი ქუჩა-ქუჩა ხეტიალი, ბევრი კარგი და უფრო მეტი ცუდი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვანაირად ერეოდნენ ბავშვის ცხოვრებაში. გოგონა იზრდებოდა და სწავლობდა „ქუჩის აკადემიაში“.

სკოლაში სწავლის ძალიან მცირე პერიოდში მას ნასწავლი ჰქონდა წერა-კითხვა. (ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ ცენტრში მოხვედრილი ბავშვების უმეტესობამ ეს არ იცოდა). 15 წლის გოგონა თავშესაფარში ცხოვრების პირველ თვეებში საერთოდ არ ეკონტაქტებოდა უფროსებს და არც თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდა. გავიდა დრო და თეონა შეეჩვია გარემოს, უფროსებს, ბავშვებს. სკოლაში სიარული დაიწყო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ხანგრძლივი ჩამორჩენა ჰქონდა. დაწყებით კლასებში უნდა ევლო ასაკით მასზე პატარა ბავშვებთან, რის სურვილი აღარ გამოუხატავს, რადგან, ერთი მხრივ, მასწავლებლების არაკეთილგანწყობა და, მეორე მხრივ, ბავშვების მშობლების დაძაბული, უნდო მზერა მის ისედაც ტრავმირებულ ფსიქიკაზე უფრო ცუდად მოქმედებდა. თეონამ სცადა, ხელსაქმე ესწავლა. თექის მხატვრული დამუშავება შევთავაზეთ. თავიდან დიდი ენთუზიაზმით შეუდგა სწავლას, ენერგიულად ეხმარებოდა მასწავლებელს მატყლის მოთელვაში, მაგრამ შემდეგ სწავლას თავი დაანება. ამის მიზეზი, ისევე როგორც სხვა ბავშვებთან, სწავლის (ცოდნის შეძენის) უნარ-ჩვევის არქონა იყო, რომელიც, მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ვერაფრით ჩამოუყალიბდა ქუჩაში ხანგრძლივად ცხოვრების გამოცდილების მქონე სხვა ბავშვების მსგავსად.

თეონა გაიზარდა, გათხოვდა და ახლა პატარა, ლამაზი ბიჭი ჰყავს. მისი ცხოვრება მცირედით შეიცვალა, ის მუდმივად ზრუნავს საკუთარ შვილზე, ცდილობს მას თავისგან განსხვავებული ცხოვრება მოუწყოს. სკოლაში დაჰყავს აკურატულად ჩაცმულ-დახურული. ბაჩანა კი გაკვეთილების შემდეგ დედასთან ერთად მათხოვრობს. თავად დავინახე და ამიტომ ვერ უარყო თეონამ, რომელსაც რცხვენია ჩემთან ამისი აღიარება. მან იცის, რომ ეს ცუდი საქციელია. თეონა ცდილობს სამსახური იშოვოს. როგორც ჩვენი ბოლო შეხვედრისას მითხრა: „მიშოვეს სამსახური, ქეთი მას, მაგრამ კარგად ვერ ვალაგებდი, როგორც იმათ მოეწონებოდათ და ახლა ისევ უმუშევარი ვარ“.

ხოდა დადის თეონა, რომელიც ახლა უკვე მეორე შვილს ელოდება, ასე ნაცნობ-ახლობლებში, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჰყვება საკუთარი ცხოვრების ისტორიას (ზოგჯერ შელამაზებულს, ზოგჯერ გაზვიადებულს) და ისინიც ეხმარებიან რითაც შეუძლიათ. ახლა ის გახარებულია, შეჰპირდნენ, რომ სახლს მისცემენ, თუნდაც სადმე, სოფელში. ასეც ხდება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი