გზები, რომელთაც ჩვენ ვირჩევთ

 

ბოლო წლებია, იმდენჯერ ვიყავი მანქანაზე ამხედრებული და თვითმფრინავის მუცელში გამოკეტილი, თავი უკვე ლაო-ძის წიგნის სათაური მგონია. ხან ისე ვიღლები, ძილში ვუხვევ ხოლმე, სიზმრებს ვჭყლეტ და რამე. ერთი, რაც ძალას მაძლევს, ის ამბებია, რაც ამ წასვლა-წამოსვლებს მოჰყვება. სიახლის გაცნობისა და უცხოს შეცნობის საქმე.

ადამიანი გზების არსებაა. ეს არის მისი ცხოვრების მთავარი არსი. ეგ არის, რომელ გზას ავირჩევთ, თორემ ყველაფერი სადღაც მიდის. ამადაც გამოვიტანე სიმბოლურ სათაურად ო’ჰენრის შესანიშნავი მოთხრობის დასახელება

მოვყვეთ წიგნებზე:

ჰომეროსის „ოდისეა“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნია მოგზაურობაზე – როგორც უკვე ვთქვი – ადამიანის უმთავრეს თვისებაზე და ეგებ მოვალეობაზეც კი წუთისოფელში. ოდისევსის მოდელი უნიკალურია – თუ მთავარ გმირს და მის თანმხლებებს ერთ სხეულად განვიხილავთ – ის ყველაფრის ფასად ბრუნდება უკან – სამშობლოში, ითაკაში. ოღონდ იქ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ან განწმენდილი უნდა მივიდეს. იგივე მოდელი მოჩანს ბიბლიაში – ადამი და ევა და მათი ყველა შთამომავალი ცდილობს დაბრუნდეს უკან. იქ, საიდანაც ოდესღაც ცოდვის გამო გამოაძევეს – ოღონდ დაბრუნდეს შეცვლილი, ცოდვას განშორებული. ცვლილება – აუცილებელი მოთხოვნაა. თვით მოთხოვნაც. აი, მაგალითად, ქართულ ხალხურ ზღაპრებში ხშირად ვხვდებით გზაგასაყარს. არის გზები, რომელთაც აწერიათ –  იოლი ან ოდნავ რთული არის გზა, რომელზეც მეზღაპრე გვაფრთხილებს : ,,იქ წასული ბევრი ენახათ, მაგრამ უკან დაბრუნებული – არავინ’’. და მთავარი გმირი მას ირჩევს და, ცხადია, გამარჯვებული დაბრუნდება უკან. აქ მთავარი ხიბლი სხვა რამ არის – ვიღაც და ალბათ არაერთიც ამ გზაზე დაიღუპებოდა, მაგრამ არ გვგონია, მხოლოდ ჩვენი გმირი გამომდგარიყო ერთადერთი დაბრუნებული. საქმე ის გახლავთ, რომ ის, ვინც უკან მოდიოდა, მოდიოდა უამრავ ჭირ- თუ გნებავთ, ლხინგადამხდარი, სიბრძნე და გამოცდილება შეძენილი და შესაბამისად, გამოცვლილი, გაზრდილი, უცხოშეცნობილი. მეტაფორული აზრით – დამხვდურები მას ვეღარ ცნობდნენ და აი, ამიტომაც არ ენახათ უკან დაბრუნებული არავინ.

წასვლის და დაბრუნების მოდელთან დაკავშირებით, ცხადია, გვახსენდება ამ სქემის უკიდურესი მანიფესტი, ქართული ზღაპარი – „მიწა თავისას მოითხოვს“ – სადაც გმირი უკვდავების მოსაპოვებლად გაემართება და მიაგნებს მას, ოღონდ მიღება ერთი პირობით შეუძლია – არასდროს დაბრუნდეს უკან. გავა ათასი წელი, უკვე არავინაა ცოცხალი და აღარაფერი მთელი, მაგრამ მოულოდნელად გმირი თმობს უკვდავებას და უკან ბრუნდება.  რა ეწევა უკან გმირს? იქ დაბრუნების სურვილი, სადაც საკუთარი თავი, როგორც ადამიანი პირველად გაიცნო? არავინ იცის. ერთი რამ ნათელია: უკვდავება მტანჯველია. მას სიკვდილი სჯობს. ეტყობა.

 

დონ კიხოტიც კი ამ იდეის ამბავია. არა თუ იდალგო, ულისეს (ჯოისი) და ულისე ბაღდადიდან (შმიტი) გმირებიც კი – მოდერნულ-პოსტმოდერნული სამყაროს შვილები. კი, ბატონო – კერუაკიც. გზა – როგორც წრე.
მაგრამ არის სხვა წიგნი, რომლის გმირსაც სამშობლო არ აქვს (აქ გვახსენდება ჰეილის კარგი მოთხრობა ,,უსამშობლო კაცი”). მარკ ტვენის ჰეკლბერი ფინი ახალი სახის ოდისევსია – გზა, რომელსაც ის ადგას (მდინარე, ტივი), იმავე სირთულეებს მოიცავს, რასაც მისი ანტიკური ,,მოსახელე” – ოღონდ ერთი სხვაობით – უკან დაბრუნებას არ გულისხმობს. თუ ჰეკლბერის და მის თანამგზავრებსაც ერთ სხეულად განვიხილავთ – ისიც უამრავი დანაკარგის ფასად მიიწევს წინ – ერთი მიზნით – შეისვენოს და ისევ წინ წავიდეს. ავტორი წარღვნის ალუზიას გვთავაზობს დასაწყისშივე – მამის კიდობანი ლპება. სახლს ფუძიდან მოწყვეტს მდინარე. მამა შიგვე დაიხრჩობა. ჰეკლბერი თავისუფალია წარსულისგან. ის კლავს წარსულს ყოველ წამს და ახალ მომავალს ბადებს.

არავინ იცის, რომელი სვლა უფრო ტრაგიკულია. მაგრამ წიგნი კი ყველა დიდი.

მნიშვნელოვანია კორტასარის სამხრეთის გზატკეცილი, როგორც შორეული გამოხმაურება ლაო ძის ფრაზისა, ოღონდ ამოყირავებული : ,,ვინცა დაიპყრნა ვნებები, იხილა დაო დაფარულისა. ვინცა დაიპყრა ვნებებმა, იხილა დაო ყოფიერისა. ერთია ორივეს დასაბამი, სახელებია სხვადასხვა’’.  თუ აქ დასაბამია იგივე, კორტასართან პროცესი იგივდება – ყველა გზა ერთნაირია, ანუ ამაო. ანუ საცობი. გზა როგორც სიმულაცია. გზა, რომელიც არსად მიდის. ის ,,დგას’’ პარიზთან ახლოს. ჩვენ ვხედავთ პარიზს, მაგრამ ვერასდროს მივდივართ მასთან. ამ საცობში მთელი ცხოვრება ვითარდება და იქვე მთავრდება. უპარიზოდ. უსამოთხოდ.

 

 

 

 

კომენტარები

comments