პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

განცხადება არ „გაკეთდა“! – რატომ არ უნდა ვიმეტყველოთ არასწორი ანალიზური ფორმებით?!

 

ბოლო დროს მასმედიაში, საქმიან, სამართლისა თუ სხვა ტიპის  ენაში  ხშირად ვაწყდებით ნორმების დარღვევის შემდეგგვარ შემთხვევებს: „ახალი ამბები კეთდება აქ“, „ამ თემაზე განცხადება გაკეთებულ იქნა“, „რამდენიმე გასროლა განახორციელეს“, „დღევანდელი სხდომით ვერდიქტი გამოტანილ იქნა, “დამტკიცებულ იქნა კანონპროექტი“,  „შენობა ერთ თვეზე აშენებულ იქნა“, „ცვლილება განახორციელა“ , გამოყენება აქვს“… დასახელებულ ფრაზათა უმრავლესაობაში ზმნები აღწერილობითი, ანუ პერიფრასტული ვნებითით არის გამოყენებული. არადა, სავსებით შესაძლებელია მათი, ჩვეულებრივ, მოქმედებითი ან ვნებითი გვარის ფორმებით წარმოება.

მახსოვს, პირველად, 13 წლისა, როგორ გამაღიმა მოსკოვიდან ჩამოსული ქართველი გოგონას მიერ ნათქვამმა ფრაზამ, გაკვეთილებს ვაკეთებო, მაშინვე მივხვდი, იგი რუსული делаю уроки-ს, ან ინგლისური  I do my lessons – ფრაზებით ანალოგიით რომ საუბრობდა, ტერმინი „კალკი“, მგონი, არც კი ვიცოდი, შეცდომაზე ისე მივუთითე და მოსკოვური ამბების მოსმენა ხალისით განვაგრძე. იმ ზაფხულს  მეგრელი მეზობლის ფრაზებიც მამხიარულებდა, თითქმის ყველა მიმღეობას „იქნებოდეს იქნებას“ (‘მოტანილი იქნებოდეს იქნება’, ‘შემწვარი იქნებოდეს იქნება‘…) რომ ამატებდა. მაგრამ დრო გავიდა და ტელეეკრანებიდან ცნობილი ადამინების პირითაც რომ მსგავსი თუ უფრო გამრავალფეროვნებული ანალიზური ფრაზები გაისმის, სულაც აღარაა სახალისო და სამხიარულო. ჩვენდა გასაკვირად, ამ ტიპის ანალიზური ფორმების გამოყენება ზოგიერთ აკადემიურ ვებგვერდზეც კი მიიჩნევა კანონზომიერად, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ქართულის ზმნათა უმრავლესობას ვნებითი გვარი ორგანულად ეწარმოება.

ერთგან კამათს იწვევს გვერდის აკადემიური ჯგუფის მიმართ გამოთქმული რამდენიმე მკითხველის შენიშვნა, რომ „განცხადება გაკეთდა“-ს ტიპის აღწერითი ფორმები ბუნებით არაქართული და ხელოვნურია. მათი საპირისპირო, ანალიზური წარმოების მხარდამჭერი პოზიცია კი შემდეგია: „განცხადება გაკეთდა“ ზმნის ვნებითი გვარის ფორმაა… ვნებით გვარს საზოგადოდ მაშინ იყენებენ, როდესაც მოქმედების რეალური შემსრულებელი… ან ცნობილი არ არის, ან რაიმე მოსაზრებიდან გამომდინარე, მისი დასახელება ან არ სურთ, ან საჭიროდ არ მიაჩნიათ….

(1)ამ თემაზე ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროში“. მთავარი აქ თავად განცხადება, მისი შინაარსი და საგარეო საქმეთა სამინისტროა“.

უნდა ითქვას, რომ „კეთება“ ზმნის გაჩენა ჯერ ქართულ მეტყველებასა და შემდეგ, ზოგადად, ენაში იმთავითვე ბილინგვიზმსა თუ პოლილინგვისზმს უკავშირდება. ბესარიონ ჯორბენაძე „ენა და კულტურაში“ (1997) წერს: „საქართველოს ისტორია ასე აეწყო, რომ ბილინგვიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენა. ქართულ-ირანული, ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-თურქული, ქართულ-რუსული… ამგვარმა ურთიერთობამ საბოლოოდ (ლექსიკურად)[1] უთუოდ გაამდიდრა ქართული ენა და იმავდროულად თვითშენარჩუნებისთვის საჭირო იმუნიტეტი გამოუმუშავა მას… თუმცა ბილინგვიზმს მარტოოდენ კეთილსმყოფელი შედეგები არ მოაქვს ენისათვის. ქართულმა ბევრი შემღვრევა განიცადა“. მისი აზრით,  ევროპული ენათა პერფექტის: I have written…  პრინციპით ნაწარმოები ფორმები ძველი ბერძნულის გზით შემოღწეულა ქართულშიც და გაჩენილა პერფექტის ანალოგიური წარმოება: დაწერილი მაქვს – დამიწერია გაგონილი მაქვს – გამიგონია ნანახი მაქვს – მინახავს [ჯორბენაძე 1997, 21-22].

ქართულ ენათმეცნიერებაში გავრცელებული აზრის თანახმად, აღწერილობითი (პერიფრასტული) ვნებითი მეტწილად გამოიყენება წაყვანა, გატანა, შეძენა ფორმებთან და ასე იწარმოება: საუღლებელი ზმნა მიმღეობის სახითაა წარმოდგენილი, მწკრივის წარმოება კი მეშველ ზმნას აქვს დაკისრებული. მეშველად გამოყენებულია იქნება, იქნა. თუმცა, როგორც ვხედავთ, თანამედროვე ქართულში აღწერილობითი ვნებითის გამოყენება ფართოვდება.

ლინგვისტურ ლიტერატურაში მიუთითებენ[2], რომ  ხშირად ერთი და იმავე ჯგუფის ენებში სხვადასხვა საფეხურია წარმოდგენილი ანალიზურ ფორმათა განვითარებისა. მაგალითად, სინთეზური ბუნების რუსულ ენაში დღევანდელი ნამყოს ფორმა (писал) წარმოშობით ანალიზური წარმოების პერფექტია – შედგენილი მიმღეობისა და მეშველი ზმნისაგან (писал есмь, еси, есть), რომელიც გაცვდა და ორგანული ფორმის სახე მიიღო, ამოსავალი მდგომარეობა კი დაცულია ბულგარულ ენაში[3]. ე.ი. ეკონომიური პრინციპით მოქმედი სინთეზური ბუნება ენებისა  თავისას არ იშლის და, დროის მიუხედავად, რამდენიმესიტყვიან ფრაზას ერთ სიტყვად გადააქცევს ხოლმე, მაგრამ ეს მანამ, ვიდრე იგი საკუთარ ნიადაგზე დგას და უცხოს, ბარბაროსს, გარეულს, შინაურის გაგდების უფლებას არ აძლევს.

ენათმეცნიერები ანალიზურობისთვის დამახასიათებელ რამდენიმე აუცილებელ კრიტერიუმს გამოყოფენ. ესენია: 1. ფორმობრივი განუყოფლობა და დაუშლელობა; 2. იდიომატურობა; 3. ზმნათა მთელი ლექსიკური სისტემის მოცვა; 4. ნებისმიერი ზმნის შესაბამისი ფორმების სისტემაში ჩართვა ერთიანი პარადიგმატული რიგის ელემენტების სახით[4]. გარდა ამისა, ანალიზური წარმოების შემდეგ ნიშნებს ასახელებენ[5]:

  • წევრებს შორის ან სხვა წევრებთან გამორიცხულია სინტაქსური კავშირი;
  • ნაკვთეულთა სტატუსი: გარდაუვალ ზმნათა მესამე ჯგუფში ეს ფორმები ერთადერთია;
  • სემანტიკური დაუშლელობა – ფორმა არ უდრის კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამს. ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელია პირველი კომპონენტი, ხოლო გრამატიკული ფუნქციების მატარებელია მეორე კომპონენტი (მეშვ. ზმნა). მისი ლექსიკური მნიშვნელობა უგულებელყოფილია.
  • ანალიზურ ფორმას პერფექტული დროების გამოხატვა ეკისრება.

წარმოდგენილი კრიტერიუმებისა თუ ნიშნების გათვალისწინებით, „განცხადება გაკეთდა“ ანალიზურობის ფორმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რადგან „გაკეთდა“ ზმნა თავისი ბუნებით ვერასოდეს ჩადგება დამხმარე ზმნათა რიგში. „სიკეთე“, „შრომა“, „შემოქმედება“, „ღვაწლი“ – „კეთება“ ზმნის სემანტიკური ფასეულობებია, ამასთანავე ადამიანური აზროვნების უზენაესი საზრისი, რაც მნიშვნელობადაკარგულად არ და ვერ უნდა იქცეს.

ამდენად, (1) მაგალითში უგულებელსაყოფია არა ვნებითი გვარი, როგორც ასეთი, არამედ – ქართულისთვის არაბუნებრივი ანალიზური (პლეონაზმი, კალკი) და, მასთან ერთად, ინგლისურისთვის ნიშანდობლივი ზმნიზედური წარმოებაც – ზმნიზდების ადგილი უცილობლად წინადადების ბოლოს!

ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ავგუსტ ვილჰელმ შლეგელმა, ტერმინები: „სინთეზური“ და „ანალიზური“ პირველად რომ გამოიყენა ენათა მიმართ, თან გვიანდერძა: დროთა ვითარებაში ენა შეიძლება გახდეს სინთეზური და პირუკუო. ენათა კვლევები ამ მხრივ მდიდარ მასალას  იძლევა. მაგალითად, „ქართულში მოიპოვება როგორც ისტორიულად ნაკვთეულებად ჩამოყალიბებული მეშველზნიანი წარმოებანი, ისე მეშველი ზმნით გართულებული ჩამოყალიბებული სინთეზური ფორმები. აგრეთვე პირველადი რთული ზმნები, რომლებიც ისტორიულად ორგანულ ფორმებს უთმობენ ადგილს“. ჩვენს ენაში აბსულუტური ზმნების დრო-კილოთა ΙΙΙ ჯგუფის უკვე სინთეზური ფორმები ანალიზური წარმოების საფუძველზეა ჩამოყალიბებული (ნამყო დროის საობიექტო მიმღეობა + მეშველი ზმნა: Ι თურმეობითში აწმყოს  – „არს“, ΙΙ თურმეობითში ნამყოს  –„იყო“, ΙΙΙ კავშირებითში ΙΙ კავშირებითის „იყოს“ ფორმით – დახატულ-ა(რს), დახატულ-იყო, დახატულ-იყოს). მაშასადამე, ქართულიც სინთეზურ ენად ანალიზური წარმოების გზით ქცეულა და რატომღა უნდა გვინდოდეს მისი კვლავ ანალიზურად ქცევა   ზედმეტი გართულებების ხარჯზე?!

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სადაო არ უნდა იყოს (1)  მაგალითის ასე შეთავაზება: ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემის შესახებ  სპეციალურად გამოაცხადეს. ეს ხომ ოფიციალური ენაა და არა წმინდად სამეცნიერო, რომლის წერის სტილი ვნებითი გვარის ფორმებს ანიჭებს უპირატესობას?! ხოლო თუ მაინცდამაინც ვნებითის ფორმით უნდა დავწეროთ, სჯობს, ასე იყოს: ამ თემას ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადება მიეძღვნა.

სამსჯელო ტექსტში სხვა არგუმენტად ის ფაქტი სახელდება, რომ ზოგან არ აღინიშნება, ვინ არის განცხადების ავტორი და რომ ამ ტიპის იმპერსონალურ წინადადებას მოქმედებით გვარში ვერაფრით გადავიყვანთ. „განსაკუთრებით ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოქმედებით გვარში გადმოიცეს აზრი ფრაზისა „[…] რამდენიმე საგულისხმო საკითხი გამოიკვეთა“-ო, – აცხადებს ავტორი. და მაგალითად მოჰყავს შემდეგი წინადადება:

(2) გასულ კვირას, ჩვენი თანამშრომლების გასვლით სამუშაო შეხვედრაზე წლიური ანგარიშის განხილვისას, რამდენიმე საგულისხმო საკითხი გამოიკვეთა და განცხადება გაკეთდა ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ“.

ჩვენი აზრით, ავტორი ამაოდ ითხოვს მსგავსი იმპერსონალური წინადადებების მოქმედებით გვარში გადაყვანის დაშვებას. ამ ტიპის ანალიზური წარმოება იმდენად არის მიუღებელი, რამდენადაც ქართულში თავად ზმნას შესწევს უნარი, აზრი აწარმოოს არა მოქმედებითი, არამედ – ვნებითივე გვარის ფორმებით, ოღონდაც არა აღწერილობითი ვნებითებით. მაგ., თუ მაინცდამაინც იმპერსონალობის მიზნით ავტორი მოქმედებითიანის ნაცვლად ვნებითიანი წინადადების  გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას, რატომ არ შეიძლება ე. წ. დონიანი ან ინიანი ფორმებით მათი ჩანაცვლება. მაგ.: განცხადება გაკეთდა  – გამოცხადდა, დამტკიცებულ იქნა – დამტკიცდა, აღნიშნულ იქნა – აღინიშნა მით უფრო, რომ ბოლო წინადადებაში თავადვე უშვებს ინიანი ვნებითის გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მიუღებელია მის მიერ გამოყენებული ორმაგი უარყოფის არაერთი შემთხვევა, რაც ასევე ჭარბსიტყვაობა და სტილისტური ხარვეზია.

მსგავსი ანალიზური წარმოების გასამართლებლად ვხვდებით შემდეგ არგუმენტსაც:

(3) ბიზნესმენმა მოულოდნელი, სენსაციური და სკანდალური განცხადება გააკეთა.

ეს წინადადება ვერ გარდაიქმნება იმგვარად, რომ „განცხადების გაკეთების“ ნაცვლად „განაცხადა“ ვთქვათ. თანაც „განაცხადა“ ყოველთვის მოითხოვს ობიექტს, დამატებას, ანუ იმის დაკონკრეტებას, თუ რა განაცხადა მავანმა, მაშინ როდესაც „განცხადება გააკეთა“ თვითკმარი, აზრობრივად დასრულებული ფრაზაა და რაიმე დამატებით ინფორმაციას არ საჭიროებსო.

საკვირველი ის არის, რომ ამ წინადადებაში თავად ავტორი იყენებს „კეთება“ ზმნის მოქმედებითი გვარის ფორმას, რომელსაც ანალიზური წარმოების საწინააღმდეგოდ, სინტაქსური ფუნქციაც გააჩნია და თან მას ფრაზაში: „სკანდალური განცხადება გააკეთა“ – აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამხსნელი წინადადება/წინადადებები, თუ რას შეეხებოდა ეს განცხადება. არადა, ობიექტად ერთი განუსაზღვრელი ნაცვალსახელის დამატება ამ სირთულეს თავიდან სრულიად აგვაცილებდა. რატომ არ შეიძლება ითქვას, რომ: ბიზნესმენმა მოულოდნელი, სენსაციური და სკანდალური რამ განაცხადა (გამოაცხადა ან გააჟღერა)?! ანაც: ბიზნესმენისგან მოულოდნელი, სენსაციური და სკანდალური განცხადება მოვისმინეთ?!

პატივცემული ოპონენტისთვის მისაღებია შემდეგი წინადადებაც:

(4) მინისტრმა თავისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი არაერთი რადიკალური ცვლილება განახორციელა.

უფრო მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ ამ წინადადების ცვლილება შეუძლებელია, თუკი  შემასმენელ „შეცვალა“-ს გამოვიყენებთ. მნიშვნელოვნად და აუცილებლად რადიკალურად შეცვალა ბევრი რამ“ კომიკურად ჟღერს (იმედია ამგვარი „ტრადიციული“ და „სტილისტურად უხარვეზო“ კონსტრუქციების აგებას არავინ ეცდება).  ზოგადად, ენებში  ანალიზური კონსტრუქციების გაჩენას სწორედ ამგვარი რთული აზრობრივი ნიუანსების გადმოცემის აუცილებლობა იწვევს, სხვათა შორისო“, დასძენს იგი. ვფიქრობთ, „განახორციელა“ სავსებით შესაძლებელია შეიცვალოს ზმნებით: „შემოიტანა“ ან „დანერგა“. ასევე შეიძლება წყობის შემდეგნაირად გამარტივება: მინისტრმა ქვეყნის სასიკეთოდ არაერთი მნიშვნელოვანი, აუცილებელი და რადიკალური ცვლილება დანერგა“.

ამ მაგალითებიდან კარგად ჩანს, რომ არა ანალიზური კონსტრუქციაა ქართულში  უფრო „ღია“ და მოქნილი, არამედ მისთვის ბუნებრივი, სინთეზური წარმოება, რომლებიც ისევე იძლევა აუცილებელი ატრიბუტების დამატების საშუალებას, როგორც სხვადასხვა ენაში ანალიზური ფორმები. დავას არც ის უნდა იწვევდეს, რომ ვნებითი გვარი ქართულ ენაში უხსოვარი დროიდან არსებობდა არც დღესდღეობით უნდა ითვლებოდეს მისი ხმარება სტილისტურ ხარვეზად, მით უფრო,  თუკი იგი ენას ხორცმეტად არ მოეკიდება და მის ხასიათს არ შებოჭავს, არ გააღარიბებს, მის შინაგან ბუნებას შნოსა და ლაზათს არ დაუკარგავს. რთული ანალიზური კონსტრუქციების (მაგ., „უკვე გაკეთებული მაქვს“, „ნამყოფი ვარ“, „უკვე დამთავრებული მქონდა“ ტიპისა) გამოყენება ენის ტვირთად გვესახება მაშინ, როდესაც მათი  სინთეზური შესატყვისები  დრო-კილოთა ასახვით ქართულის მწკრივთა ნაკვთეულებმა უკვე ჩამოაყალიბა და დიდი ხანია, ცოცხლობს ენაში. რატომ უნდა შევუნაცვლოთ „გაკეთებული მაქვს“ ფრაზა უფრო ეკონომიურ „გავაკეთე“-ს?! „ვყოფილვარ“ ზმნა რატომ ჩავანაცვლოთ „ნამყოფი ვარ“  ფრაზით?! ან „უკვე დამთავრებული მქონდა“ რითა სჯობს „უკვე დამემთავრებინას?!  არაფრით! რადგან აკადემიურ ენაში მათი სისტემატური გამოყენებით არათუ პატივს მივაგებთ, არამედ – აშკარად ვაკნინებთ  ქართულისათვის ორგანულ, ეკონომიურ ბუნებას, რომელსაც შესწევს უნარი, სინთეზურ ყალიბში განათავსოს ნებისმიერი ზმნური თუ სახელური ფორმა. სწორედ ამ უნარის წყალობით მიიჩნევა ქართული, თუნდაც ინგლისურთან შედარებით, 4-ჯერ უფრო ეკონომიურ ენად. ერთ-ერთი მიზეზით, სწორედ ამიტომაც გამხდარა ეს ენა უცხოელი ენათმეცნიერებისათვის ცალკე კვლევის ობიექტად[6]. ასე რომ, მივესალმებით მხოლოდ ქართულისთვის დასაშვებ, ბუნებრივ და ეკონომიურ წარმოებას და, მაშასადამე, მართებულ ფორმებს: გამოცხადდა, გაისროლეს, გამოიტანეს, დამტკიცდა, აშენდა, შეიცვალა, გამოიყენება, დაეხმარა, შეცდა, ზრუნავს, აღსრულდა, შესრულდა, მოაწესრიგა, აამოძრავა, შეაცდინა, ზრუნავს  ნაცვლად: „განცხადება გაკეთებულ იქნა“, „გასროლა განახორციელეს“, „გამოტანილ იქნა,დამტკიცებულ იქნა“,აშენებულ იქნა, „ცვლილება განახორციელა“ , გამოყენება აქვს“, დახმარება აღმოუჩინა“,  „სისრულეში მოიყვანა“, „წესრიგში მოიყვანა“, „მოძრაობაში მოიყვანა“, „შეცდომაში შეიყვანა“, „ზრუნვას იჩენს“ ფრაზებისა. „ახალი ამბების კეთება კი 80-იანი წლების ზემოთ მოყოლილ ამბავს მახსენებს და ტელეეკრანიდან მისი ყოველი გაგონებისას ბრაზის ნაცვლად 13 წლის გოგონასავით კვლავ მეღიმება. თუმცა საკითხის სერიოზულობა არა ემოციურ, არამედ სიღრმისეულ მიდგომას ითხოვს და ამდენი ალტერნატივის გვერდის ავლით არამც და არამც არ უნდა დავუშვათ, რომ არაბუნებრივი ფორმების დანერგვით „ენა –ფორმა“, „ენა –ნორმა“ და „ენა – უზუსი“ ერთნაირად დავაზარალოთ. სიღარიბისა თუ პლეონაზმისადმი ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება ისევე აუცილებელია, როგორც ბარბარიზმებისადმი, რადგან ეს არანაკლებ საფრთხედ გვესახება. სხვათა შორის, ეს საფრთხე რამდენადმე მახსენებს ბედს ქართული მუსიკალური ჰარმონიისა, რომელიც ევროპულ წრეში გამოვამწყვდიეთ, ვერაფრით განვავითარეთ და უკვე  „სამუზეუმო ექსპონატადაც“ კი გადავაქციეთ.

 

 

[1] ჩვენი ჩანართი.

[2] П. Я. Черних, Историческая грамматика русского языка, М., 1962.

[3] ავთ. არაბული, მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოებ და მნიშვნელობა ძველ ქართულში, თბ., 1984.

[4] М. М. Гухман, Глагольные аналитические конструкции как особый тип сочетании частичного и полного слова. – Вопросы грамматического строя, М., 1955.

[5] არაბული, იქვე, გვ. 102.

[6] იხ. ანტონი სტობარტი, არის თუ არა ქართული ენა უფრო ეკონომიური, ვიდრე ინგლისური?, ქართველოლოგი, Ν 13,

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი