პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პატარა ბიჭი დიდ გზაზე – ჰერმან ჰესეს “დემიანი”

რომანის მთავარი გმირი ყმაწვილი დემიანია, ერთგვარი მისტიკური და სიმბოლური სახე, რომელიც თავისთავში თანაბრად მოიცავს ანგელოზურსაც და დემონურსაც. ის ემილ ზინკლერს ადრეულ ბავშვობაში შემთხვევით გადაეყრება, დაუმეგობრდება და დიდწილად განსაზღვრავს მის სულიერ ძიებებს. დემიანი, ამავე დროს, შეიძლება გავიაზროთ, ჩვენი სულის მეამბოხე ნაწილის ერთგვარ პერსონიფიცირებად, ბარათაშვილისეულ `ბოროტ სულად~, რომელიც აშფოთებს გონებას, კლავს ყმაწვილის `ბრმა სარწმუნოებას~ და ადამიანს ყოფის შემაძრწუნებელ უფსკრულებს აზიარებს.

ამ ნაწარმოებშიც ჰესე ჩვეული ოსტატობით ჰყვება ადამიანის სულის ჭიდილის შესახებ. 1922 წელს დაწერილ წერილში თვითონ ჰესე `დამიანს~ ასე განმარტავდა: `წიგნი აქცენტს აკეთებს ინდივიდუალიზაციაზე, პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომლის გარეშე უმაღლესი სულიერი ცხოვრება არ არსებობს. ამ პროცესში კი აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა, თვითდაჯერება. ამ დროს მხოლოდ ერთადერთი მტერი გებრძვით_ პირობითობა, ირიბობა, მეშჩანურობა. უკეთესია ებრძოლო ყოველგვარ ეშმაკს,  ვიდრე  აღიარო პირობითობის ყალბი ღმერთი~.

ნაწარმოები  მკითხველს გოეთეს `ახალგაზრდა ვერთერის ვნებანს~ მოაგონებს. მის ცენტრშიც ახალგაზრდა კაცია, ყმაწვილური ოცნებებითა და გასაჭირით. მკითხველის თვალწინ იზრდება ემილ ზინკლერი სულიერად, ეს ზრდა წინააღმდეგობებით აღსავსეა. მწერალი ჭარბად ჩართავს თხრობაში  იდუმალსა და უჩვეულოს და  ამით უფრო ძაბავს მკითხველის მოლოდინს.

საგულისხმოა ისიც, რომ ამბავი პირველ პირშია მოთხრობილი,რაც მეტ ინტიმსა და უშუალობას ანიჭებს მონათხრობს. მკითხველს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ  მთავარი გმირი სწორედ მას გამოარჩევს სხვათაგან და თავისი სულის საიდუმლოებების შესახებ უყვება. განდობის წადილი, მართლაც, ყველაზე მძაფრია ამ ნაწარმოებში.

მკითხველის თვალწინ იხატება მდიდარი და კეთილშობილი ოჯახი. ყმაწვილ ემილს, მშობელთა და დათა   მზრუნველობითა და ყურადღებით გარემოცულს, სიყვარული არ აკლია, მას უზრუნველად შეუძლია იცხოვროს, მაგრამ იგი მაძიებელი სულისაა,  გრძნობს, რომ მისი ოჯახის საზღვრებს მიღმა არსებობს სხვა სამყარო, გაადააბიჯებს თუ არა მშობლიური სახლის კარს, მოხვდება უცხო სამყაროში, რომელიც სავსეა ჭუჭყითა და სიძულვილით. მის  ნაცნობ მშობლიურ სიქათქათესა და უმწიკვლოებას უპირისპირდება ქუჩა, სიცივე, ძალადობა, გულგრილობა, უზნეობა. ბიჭი გრძნობს სტერილური  ცხოვრების უაზრობას და მიისწრაფვის გარეთ, რათა ეზიაროს იმ განსხვავებულს,  რომელსაც აქამდე მხოლოდ თავისი სახლის გაკრიალებული სარკმლიდან  უყურებდა. ზინკლერი პირისპირ ეჯახება ცხოვრებას, ეცემა, დგება და ამგვარად გამოიწრთობა, გონებისა და სულის თვალი ეხილება  და გულისყური უმახვილდება.

ჰესე ოსტატურად ახერხებს გვაგრძნობინოს,  როგორ შემოიჭრება ყმაწვილის სულში დემონური, რომელიც  თითქოს აუცილებელიც კია შემეცნების გზათა დასალაშქრავად.  ანგელოზური ცხოვრების რიტმი ხანდახან მინავლდება, მაგრამ ადამიანის სულს ხომ აქვს უნარი, ფენიქსივით  განახლებული აღდგეს საკუთარი ფერფლიდან და სწორედ ამგვარად შლის დაკეცილ ფრთებს ზინკლერიც. თავდაუზოგავია მისი სწრაფვა ცხოვრებისეულ პირობათა ნაჭუჭის დასამსხვრევად. ჰესეს პროზასა და ცხოვრებაში მუდმივად ჰქონდა გამორჩეულობისკენ სწრაფა, ის `კოლექტივიზმის ორგიას~ უწოდებდა ხალხის რაიმე იდეის გარშემო შემოკრებას, ამიტომაც არ მოსწონდა არც ფაშიზმი და არც კომუნიზმი.

ემილი ზინკლერიც ეძებს და ცდილობს ისწავლოს გარჩევა  ნამდვილი ჰუმანისტური იდეალებისა ფსევდოჰუმანისტურისაგან. ამ გზაზე ხშირად ეცემა, მაგრამ დაცემა აუცილებელია წამოსადგომად და გზის გასაგრძელებლად, დაცემის გარეშე ადგომასა და ამაღლებასაც დაეკარგებოდა ფასი. ერთი ასეთი წამოდგომისას ზინკლერმა მთელი არსებით შეიგრძნო მტანჯველი, იდუმალებით მოცული, მაგრამ მაინც სიცოცხლითა და მშვენიერებით აღსავსე მისტერია, გეთსემანიის ბაღსა და გოლგოთაზე აღსრულებული. ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუღვივა ბახის „ქრისტეს ვნებანის“ მოსმენამ, რამაც მთელი თავისი მისტიკური ძრწოლით შემოიტანა მის სულში ღვთაებრივი სამყაროს ტკივილები. მან გაიაზრა,  რომ სწორედ ამ ტრაგედიასა და მუსიკაში იყო პოეზიისა და ხელოვნების დედაარსი.

ცივილიზაციამ  და ტექნიკურმა პროგრესმა უფრო გაამძაფრა და გამოკვეთა ადამიანის ცხოვრებაში ორი რიტმის არსებობა: ერთია ხორციელი ცხოვრების რიტმი, რომელიც თავბრუდამხვევად არის აჩქარებული და მეორე, სულიერი ცხოვრება, რომელიც კვლავაც იმავე კანონზომიერებას მიჰყვება და ემორჩილება, რასაც ათასი თუ მეტი წლის წინ. სულის საკვები რწმენა და ხელოვნებაა, ეს საზრდო არ აპურებს ხორცს, პირიქით, ხანდახან ისე ივიწყებს ადამიანი სულიერ სამყაროს, რომ მის არსებობაშიც კი დაეჭვდება, არადა, ჩვენი სული ყველაზე ძვირფასია სამყაროში არსებულ რეალურ თუ მისტიკურ მოვლენათა შორის. სულიერი სიხარული და აღმაფრენა ბევრად აღემატება ხორციელს, მთავარია, რომ ადამიანმა არ დაკარგოს სულიერების სიტკბოს გემოსა და სურნელის შეგრძნება. ჰერმან ჰესე რომანში სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს, როგორ გაიცნობიერებს ყმაწვილი საკუთარი, ინდივიდუალური, ყველასაგან გამორჩეული სულიერი სამყაროს არსებობას და როგორ ცდილობს მის შემეცნებას.

`მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა, ისე მეცხოვრა, როგორც ამას ჩემი მე ითხოვდა, რატომ იყო ეს ასე ძნელი?~_ ეს სიტყვები ეპიგრაფად უძღვის რომანს და კარგად წარმოჩნდება ნაწარმოების მთავარი სათქმელი. მწერალს სწორედ იმ ტანჯვის მხატვრულად ხორცშესხმა და გამოსახვა სურდა, რომელსაც იწვევს მეს შემეცნება, ადამიანის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, რომელიც  დაკარგული სამოთხის ძიებას ედარება.

`სიყმაწვილის  ისტორია, ემილი ზინკლერის მიერ დაწერილი~_ამგვარი სახელწოდებით 1919 წელს გამოვიდა ჰერმან ჰესეს წიგნი `დემიანი~. ყდასა და  სატიტულო ფურცელზე სხვა არაფერი ეწერა. ასე რომ, მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა  `დემიანის~ ავტორად სწორედ ეს ზინკლერი მიიჩნია. ჰესე გაოცებული იყო და გული სწყდებოდა, რომ იმ დროის ცნობილმა მწერლებმა, მათ შორის, თომას მანმა, ფსევდონიმს მიღმა ნამდვილი ავტორი ვერ იცნეს.  სამაგიეროდ აღტაცებას ვერ მალავდა,    უბრალო,   გულისხმიერმა მკითხველებმა პირველივე გვერდების წაკითხვისთანავე მთხრობელთან გამაიგივესო.

წიგნს გამოსვლისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად. მწერლის ნაცნობებმა მასში ჭარბად შენიშნეს ავტობიოგრაფიული ეპიზოდები, თუმცა ეს არ იყო მთავარი. ავტობიოგრაფიული ფაქტების უხვად გამოყენება ნიშნეულია ჰესეს პროზისთვის. `დემიანში~ ხომ ასლივით იყო გადაღებული ჰესეს მშობლიური ქალაქი,  ოჯახური გარემო, უთანხმოება მამასთან და უსიამოვნებანი სასწავლებელში, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობის მცდელობა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა.

ცნობილია, თოთხმეტიოდე წლის ჰესემ მამას წერილი მისწერა და Lსახარების ლუკასეულ ავტორობაში ეჭვი გამოთქვა, სხვა წერილში კი აღუწერა თანატოლთა ჰიპნოზის სეანსების შესახებ. მამამ ჩვეული სულგრძელობით შეახსენა, ჩვენი სხეული სულიწმინდის ჭურჭელია და ბნელ საგნებზე ფიქრს თავი დაანებეო. ჰესე კი ამ თემას ჩაუღრმავდა  და  ამგვარი, ერთი შეხედვით, `მკრეხელური~ აზრი მრავლად გამოათქმევინა თავის ალტერ-ეგოს, ემილი ზინკლერს. მაგალითად, იგი აიტაცებს თავისი მეგობარი ბიჭის, დემიანის თვალსაზრისს, რომ  ბიბლიური კაენი გამორჩეულობის დაღით არის აღბეჭდილი და სწორედ ამ რჩეულობამ მოაკვლევინა ძმა: `დიახ, მე თავად ვარ კაენის მსგავსი. მის ნიშანს ვატარებ და ეს არაა სირცხვილი, ეს გამორჩეულობაა. მე ჩემი მზაკვრობითა და უბედურებით მამაზე მაღლა ვდგავარ, ვიდრე ის თავისი კეთილშობილებითა და ღვთისმოსაობით~.

ჰესეს ავტობიოგრაფიის კარგად მცოდნე მოთხრობაში სხვა დეტალებსაც ამოიცნობს, თუნდაც, მწერლის გატაცებას აკვარელით, ფსიქოანალიტიკოსთან სიარულს,  და სხვა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ავტორი, ყოველგვარ მასალას,  ცხოვრებისეულსაც და გამოგონილსაც შესანიშნავად იყენებს ადამიანის სულის ღრმა, ბნელი და ნათელი  ხვეულების წარმოსაჩენად. ამ მოთხრობაშიც, ისევე როგორც ჰესეს შემდეგდროინდელ საყოველთაოდ აღიარებულ ნაწარმოებებში (`ტრამალის მგელი~, `თამაში ყალბი მარგალიტებით~, `მოხილვა დილის ქვეყნისა~, `ზიდჰარტა~…) მწერალი ხატავს ადამიანის თვითშემეცნების მტკივნეულ პროცესს, რომელიც ლაბირინთში ხეტიალს ემსგავსება. ეს იყო მისი ყველაზე მთავარი საფიქრალი. საკუთარი თავისკენ გზა ნაწარმოებში სიმბოლურად წარმოჩენილია როგორც ჩიტის დაბადება კვერცხიდან. ჩიტი ან გატეხს ნაჭუჭს და გათავისუფლებული ცაში აიჭრება გასანავარდებლად, ან  სამუდამოდ ნაჭუჭის ტყვე დარჩება.

ჰესე მსოფლიოში აღიარებული, ნობელიანტი მწერალია და მისი მხატვრული შემოქმედების ყოველი ახალი ნიმუშის თარგმნა შენაძენია ქართული ლიტერატურისთვის. მაია მირიანაშვილმა ამჯერადაც ჩვეული გულმოდგინებით თარგმნა ჰესეს ეს შესანიშნავი ნაწარმოები და ქართველ მკითხველს შესაძლებლობა მისცა მშობლიურ ენაზე წაკითხვისა, გონების გასავარჯიშებლად და სულის დასაპურებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი