პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფიქრები ქართულ საბავშვო ლექსზე – წერილი მეორე

როგორც წინა წერილში აღვნიშნე, ჩემი მიზანმიმართულებაა, ჟურნალ მასწავლებელში შეიქმნას სივრცე საბავშვო ლიტერატურაზე სასაუბროდ, განსასჯელად, თუ საჭიროა, საკრიტიკოდაც, რადგან სხვაგან ძალზე იშვიათად წერენ ამ თემაზე.

საბავშვო ლექსი საკმაოდ რთული დასაწერია, რისი ცოდნა არ გჭირდება მის შესაქმნელად – ბავშვის ასაკობრივი თავისებურების, ძირითადი ეპოქალური ნიშნების, ენობრივი მახასიათებლების – სისადავის, სიმარტივის, მისთვის მისაღებ-გასაგები მხატვრული სახეების, თაობის ინტერესების და ვინ მოთვლის კიდევ, მრავალი სხვა რამის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სწორედ საბავშვო ლექსია ყველაზე მეტად მრავალმხრივ დასახვეწი და მხოლოდ ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ შესათავაზებელი პატარების აუდიტორიისათვის. ცხადია, კარგი ლექსის დაწერას მხოლოდ ცოდნა ვერ შველის, ეს გაცილებით უფრო მაღალი შეგრძნებების სფეროა. ამიტომაა, რომ ბავშვებზე დაწერილი ლექსები ან ბავშვების ლირიკულ გმირებად გამოყვანა ვერ იძლევა საჭირო ნაყოფს. მიუხედავად ავტორთა მცდელობისა, მიზანმიმართულება იკარგება – ბავშვებზე არ გულისხმობს ბავშვებისათვის, ეს კი თავისთავად პოეტური ქმნილების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.  ამავე კონტექსტისაა საბავშვო ლექსის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად გაჟღერებული თეზა – საბავშვო ნაწარმოები უნდა იყოს მარტივად გასაგები. აქაც სხვა ფიქრი მაწუხებს – სიმარტივეში საბავშვოობის ძიება არალოგიკური მგონია, ჩემთვის ძალიან მარტივად გასაგები იყო დეკამერონი, თუმცა მისი საბავშვო ტექსტად დასახვის მართებულობა, ცხადია, კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საბავშვო ნაწარმოების კვალიფიკაცია არა სიმარტივით უნდა განისაზღვროს, არამედ ბავშვების ინტერესებს მორგებულობით. სწორი, ადეკვატური თემატიკის მარტივად, თამაშით მიწოდება კი სხვა რიგის საკითხია. კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც სკოლამდელი(3-6) და უმცროსი სასკოლო ასაკის (7-9) საბავშვო ლექსების ინტერნეტსივრცეში გადათვალიერებისას იკვეთება, არის „მჩატედ“, რაღაცნაირი ენის ჩლექით შექმნილი ლიტერატურული ნიმუშები, რომლებშიც, ვითომ სიტყვათქმნადობის მოტივით, ვხვდებით „ელიკუნა“, „ჟირაფუნას“ ტიპის სარითმო ერთეულებს. საბავშვო ლექსი, პირველ რიგში, სწორედ მაღალმახტვრული, მაღალიდეობრივი უნდა იყოს, სხვაგვარი – ლექსიკურად ღარიბი, იდეობრივი საფარველის გარეშე მიწოდებული – სულ მცირე, ჩვენივე პატარების ლიტერატურულ გემოვნებას უქმნის საფრთხეს.

მკითხველი იფიქრებს, რომ სათქმელი გადამეტებული დიდაქტიკური მოტივითაა გაჯერებული, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საბავშვო ლექსების ის ნიმუშები, რომლებიც ამას მალაპარაკებს, არც თქვენ დაგტოვებდათ გულგრილს.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც თავისი დროსი გამორჩეული საბავშვო პოეტი და მწერალი კორნეი ჩუკოვსკი აწვდის ორიგინალურ ნაშრომში „ორიდან ხუთამდე“ საბავშვო პოეტებს. ეს მცნებები, მართალია, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა, თუმცა, დღესაც არ კარგავს აქტუალობასა და მნიშვნელობას:

თითოეული სტროფი უნდა წარმოადგენდეს დასრულებულ კომპოზიციას, სხვაგვარად პატარა მკითხველს გაუჭირდება სიუჟეტური ხაზის აღქმა;

საბავშვო ლექსის თითოეული სტროფი უნდა იძლეოდეს დასურათების საშუალებას – აღწერილი ამბები დასრულებულ მხატვრულ სურათს უნდა წარმოადგენდეს;

უმთავრესია გავითვალისწინოთ, რომ საბავშვო ლექსში, მით უფრო, მცირე ასაკზე გათვლილ ლექსებში, აუცილებლად აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული ზმნაზე, მოქმედებაზე. აღწერითი, ზედსართავებით მდიდარ პოეტურ ხატებს ვერ აღიქვამენ პატარები;

კანონთა კანონი – ლექსი უნდა იყოს მელოდიკური და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იმღერებოდეს, თითოეული სტრიქონი უნდა იყოს მუსიკალური;

სასურველია მცირე ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ ლექსებში გამოყენებული იყოს სიტყვათა თამაში, მსუბუქი ალიტერაცია-ასონანსიები;

ჩუკოვსკის აზრით, ძალიან ფრთხილად და მხოლოდ „ნიჭიერად“ თუ დაიშვება საბავშვო ლექსში ანჟაბემანი, რადგან, პატარა მკითხველის შემთხვევაში, იგი ხელს უშლის შინაარსის აღმქას;

სარითმო ერთეულებად სასურველია გამოვიყენოთ ქალური და ვაჟური რითმები, ეს უიოლებს პატარებს როგორც მათს დამახსოვრებას, ისე ზეპირად დასწავლას.

და მაინც, ზემოაღნიშნული ქრესტომათიული ცნებების გაგება, გააზრება, გათვალისწინება და შედეგად საბავშვო ლექსის შექმნა, იმ ადამიანების ხვედრია, რომლებიც ხედავენ, როგორც პოეტმა თქვა, „ სიზმრებს არაჩვენებურს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი