შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 გაკვეთილი, როგორც სამუშაოები ველზე

(პერსონაჟი და ენა, ანკეტები და ინტერვიუ)

ნებისმიერი მწერალი და პერსონაჟი, უპირველეს ყოვლისა,  ენაა, სწორედ  მწერლის ენა, ტექსტის ენობრივი ქსოვილი განარჩევს სხვადასხვა ავტორებს თუ ჟანრებს, სწორედ ენა არის პერსონაჟის გაგებისა და გახსნის მთავარი იარაღი. ვფიქრობ, ლიტერატურის გაკვეთილზე, შესაძლოა კარგად გამოგვადგეს მეთოდი, რომელიც ენობრივი მონაცემების ჩაწერისა და დოკუმენტაციისას გამოიყენება –  წინასწარ მომზადებული ანკეტის საშუალებით მთქმელის, ენის მატარებლის ჩაწერა ძალიან ბევრ საინტერესო ლინგვისტურ თუ მეტალინგვისტურ ნიშანს წარმოაჩენს.  გაკვეთილზე კი ვცადოთ ნებისმიერი ნაწარმოების პერსონაჟების განხილვისას, დავინახოთ ისინი როგორც ენობრივი ინდივიდები, როგორც ენობრივი წყარო, ზეპირი მთქმელი, ინტერვიუერი. ამ გზით, შეიძლება უკეთ ვიმსჯელოთ ავტორზე, გავიაზროთ მისი ჩანაფიქრი, ლიტერატურული კონცეფცია, პერსონაჟი – როგორც ნაწარმოების ჩარხი, რომელიც აცოცხლებს ტექსტს.

“„— უი! უი! დახე იმას, იმ წყეულს! ამას იქით როგორღა ამბობს, რომ თავადის-შვილის ცოლი ვარო. წართმევა არაფერი, ეგ, რასაკვირველია, ქალბატონის ნებაა: გოგოც ჩემია და ჩითმერდინიც; მაგრამ გოგოს ჩითმერდინის თავზედ შემოკვრა კი სწორედ თავლაფის დასხმაა. კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო. აი, მეხი კი დაეცა. ისიც, ამას იქით, ჩვენში ერევა, თავადის-შვილის ცოლი ვარო! სხვა არა უთქვამს-რა გოგოსა? “

„– კაი, შენი ჭირიმე! შენ რაღა დაგიმალო, და კეთილშობილებას ვერავინ ამართმევსო, აგი ჩემი ვაჟიშვილი რომ იძახის, აბა რაღაა, კაცი რომ მეტობას დაგიწყებს და ისეთნაირად მოგექცევა, ვითომდა არ გკადრულობდეს, – ღირსების ახდა არ არის, აბა რაღა იქნება?! ასე გიქნა, შვილო, იმ კაცმა… ქალიშვილი ვთხოვეთ და უარი მოგვახსენა, თითქოს ვინმე ისეთი ყოფილიყო, რომ ღირსი არ იყვე მისი სიძეობის! ღირსების დამცირებაა, აბა სხვა რაღაა?! ნეტავი მართლა რითიმე წინ იყვეს: ან სწავლით, ან გვარით და ან ქონებით!.. შენისთანა კაცთან ენასაც ვერ გაარყევს… ჩვენთან აი ისე მედიდურობს, თითქოს თავადი იყვეს ჩვენ შორის!.. თვალი მაგას დოუდგა, რომ ვერ ისარგებლა შემთხვევით, თვარა მოხარულიცა ვარ, ასე რომ მოხდა საქმე და მისმა ნაშიერმა ჩემს ოჯახში ფეხი არ შემოადგა…”

„ – რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო. „რას უცდი, ჭაბუკო?“ – შესძახა ჩოლოყაშვილმა.„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“. გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.”

მე  სამი სხვადასხვა დიალექტის წარმომადგენელი მწერლის სამი სხვადასხვა დიალექტური კუთვნილების მატარებელი პერსონაჟის მეტყველება წარმოგიდგინეთ.  როგორ ფიქრობთ, არის ერთგვარი მხატვრული ხერხი, სათქმელის დაკონკრეტების თუ პერსონაჟის უკეთ დახასიათების საშუალება დიალექტი? რასაკვირველია, არის. როდესაც ქართულ ლიტერატურას გადავხედავთ, ილია ჭავჭავაძის ლელთ ღუნია, ალექსანდრე ყაზბეგის პერსონაჟები, დავით კლდიაშვილისა თუ ეგნატე ნინოშვილის, ნოდარ დუმბაძის, ნუგზარ შატაიძის ან კოტე ჯანდიერის პერსონაჟთა მეტყველება იმ უნიკალურ ენობრივ თუ სოციალურ გარემოს გვაგრძნობინებს, სადაც მოქმედება ხდება, იმ კუთხის მაცხოვრებელთა ხასიათის შტრიხები თუ ტემპერამენტი ზოგჯერ დამატებითი გასაღებია მწერლის ქვეტექსტების ამოსაცნობად.

მაშ, ასე, მოვამზადოთ სწორედ ისეთი კითხვარი თუ ანკეტა, როგორსაც ენათმეცნიერები იყენებენ ხოლმე ველზე სამუშაოების დროს, უშუალოდ ენობრივი მონაცემების ჩაწერისა და აღნუსხვისას. ამისათვის, ან ორ ნაწილად გავყოთ კლასი, ან ჯგუფებად და წინასწარ დავამუშავებინოთ ტექსტის ის ნაწილი, რომელიც ჩვენი ველზე სამუშაოს ანუ ექსპერიმენტის მასალა იქნება. მოვამზადოთ რამდენიმე ანკეტა ლექსიკაზე, ეთნოგრაფიულ მასალებზე, საოჯახო ნივთებზე, საკვებზე და სხვა.  მეორე ჯგუფმა აირჩიოს მოსწავლე, რომელიც ჩვენს პერსონაჟს წარმოადგენს და მასთან ერთად გაითამაშოს ტექსტის ჩაწერის სიმულაცია.  შეგიძლიათ ჩაწერისას მობილური ტელეფონი ან დიქტოფონი გამოიყენოთ.  როდესაც მოსწავლე თავის თავზე მოირგებს პერსონაჟს, მისი ენობრივი სამყაროდან დაიწყებს კითხვებზე პასუხის გაცემას, უკეთ გაიგებს მას, ტექსტსაც უკეთ წაიკითხავს და მნიშვნელოვან დეტალებს დაიმახსოვრებს.

გარდა კონკრეტული ენობრივი მონაცემებისა,  შეგვიძლია უფრო ზოგადი კითხვები ჩავწეროთ და ვიმსჯელოთ, ამა თუ იმ საკითხზე რა მოსაზრება ექნებოდა ჩვენს პერსონაჟს. მაგალითად, რას იფიქრებდა ვიზალიბერალიზაციის თემაზე ლუარსაბ თათქარიძე ან როგორ უყურებს ადრეული ქორწინებების თემას ბაში-აჩუკი. ( გაკვეთილის ეს ნაწილი დიდ მხიარულებას გამოიწვევს, გამოცდილია.)

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი