ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოგზაურობა ჩემი თავის ქალის გარშემო

გერმანელი საბავშვო მწერალი კონსტანცე იონი მაისის ბოლოს, თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე გავიცანი. ივლისის დასაწყისში წერილი მივიღე – საქართველოში ვბრუნდები და ძალიან მინდა, შენი ბავშვობის ქალაქში, გორში ერთად გავემგზავროთ, რაღაც ნიშნით გამორჩეული ადგილები დავათვალიეროთო. სტალინის სახლ-მუზეუმის კიდევ ერთხელ ნახვის გარდაუვლობამ, ცოტა არ იყოს, დამზაფრა, მაგრამ მაინც მივწერე – დღე დავთქვათ, გორიც დავათვალიეროთ და შემოგარენიც-მეთქი.

გამიმართლა – სტალინის სახლ-მუზეუმი მაისში ენახა. უფლისციხეშიც ნამყოფი იყო. ქალაქის ჩვეულებრივი, ყოველდღიური სახის ნახვა უფრო უნდოდა – გორელების ფიქრების, იმედის, მოლოდინის შეტყობა. ომის კვალი აინტერესებდა. 90-იანების შემაძრწუნებელი წლების კვალი.

ვსეირნობდით.

ჩემს ბავშვობაში ამ მშვენიერ შენობაში უნივერმაღი იყო, ძვირფასო კონსტანცე. სამსართულიანი მაღაზია, სადაც რა აღარ იყიდებოდა, საკაბე ქსოვილებით დაწყებული და რაფაელა კარას ფირფიტებით დამთავრებული. ფერფლისფერთმიანი თოჯინები, იის შამპუნები, საქსოვი ძაფები, საახალწლო გირლანდები, წიგნებისა და რვეულების გადასაკრავები, ლიფები, ჭიქები და გრაფინები, ბადმინტონის ბურთები, ავეჯი და სამეურნეო იარაღები… პირველი ლიფი აქ ვიყიდე – იმ წელს, სკოლას რომ ვამთავრებდი. მანამდე მეტისმეტად გამხდარი, ბავშვის ტანისა ვიყავი. მართალია, უხეში ქსოვილისგან ცუდად შეკერილი, ძაფებგამოჩრილი და გახუნებული შავი იყო, მაგრამ თვითშეფასებას საგრძნობლად მიმაღლებდა, ფრანგულ ფილმებში ნანახ მსახიობებთან მაახლოებდა.

ეს სპორტსკოლაა. მპირდებოდნენ, ცურვასა და ტანვარჯიშზე გატარებთო, მაგრამ დაპირება არ აუსრულებიათ.

ეს მესამე სკოლაა. აქ ჩემი ძმისშვილები სწავლობდნენ და კიდევ, ჩემი ორი მეგობარი. გამორჩეული სკოლაა, სახელით, ტრადიციებით. თუმცა გორში რომ ვცხოვრობდე და შვილი მყავდეს, ალბათ სხვა სკოლაში ივლიდა – უბრალოსა და უსახელოს შევურჩევდი, თვითგანვითარებისთვის, წიგნების კითხვისა და ფილმების ნახვისთვის მეტი დრო რომ ჰქონოდა.

ეს გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრია – ჩემი აუხდენელი ოცნება, ოცნებების გვირგვინი – ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, თვალისმომჭრელად ელვარე. ერთხანს სიცოცხლე იმდენად ფასობდა ჩემს თვალში, რამდენადაც ამ თეატრის სცენაზე ფეხის დადგმის შესაძლებლობას მის ყველაზე ძვირფას საჩუქრად მივიჩნევდი. პიონერთა სასახლეში მხატვრული კითხვის წრეზე დავდიოდი და მწამდა, რომ ხანი გამოხდებოდა და მსახიობი გავხდებოდი – საღამოობით გორელებს სხვადასხვა სახით მოვევლინებოდი, რაღაცას ვაჩვენებდი, რაღაცაზე დავაფიქრებდი. ჩემს მშობლებს სხვა ჩანაფიქრი ჰქონდათ – უნდოდათ, ენები მესწავლა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დამემთავრებინა. არა, არ ვნანობ, რომ დავუჯერე.

თეატრთან ჩავლისას ყოველ ჯერზე გულისცემა კი მიჩქარდება, მაგრამ ეგ არაფერი…

ეს გორის ციხეა. იმდენი შემზარავი ამბავი მაქვს მოსმენილი, ისეთი ღრმა კვალი დატოვა თვითმხილველთა მონათხრობმა თუ განვითარებული წარმოსახვით გამორჩეული ახლობლების გაფრთხილებამ, რომ ერთხელაც არ ავსულვარ გორაზე, ციხის სანახავად. უცნაურად გეჩვენება, არა? გაუგებარ ახირებად. დიდი ხანია, სახიფათო აღარაფერია. წარსულში დარჩა ის წლები, როცა აქაურობა კუდიანთა თავშეყრის ადგილად ცხადდებოდა, სკოლიდან გამოპარულ მოსწავლეებს კი ან ცოფიანი ძაღლები კბენდნენ, ან ვიღაც კაცები გველებით სავსე ორმოში აგდებდნენ. ჩემი კლასელებისთვის რომ გეკითხა, უარესებიც ხდებოდა. დღეს, 2017 წლის რვა ივლისს, შენთან ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ძვირფასო კონსტანცე, უხსოვარი დროიდან ჩასახლებული შიშის დამარცხების, ჩემს თავში ჩამოწოლილი წყვდიადის გაფანტვის, ვერდავიწყებულ ამბებთან უმოწყალო ბრძოლის გზაზე გადადგმული ნაბიჯია.

მარჯვნივ ფრანგების ეკლესია ჩანს. კათოლიკებს ფრანგებს უძახდნენ ამ ქალაქში. ერთ დროს კათოლიკების იყო, ახლა მართლმადიდებლების საკუთრებაა. მე კი მაინც ის სახელი მადგება ენაზე, რომელიც ბავშვობიდან დამამახსოვრდა. ჩემთვის ფრანგების ეკლესიად დარჩება – სიცოცხლის ბოლო წუთებამდე, ქალაქის სურათის საბოლოო წაშლამდე.

იქით კომბინატის დასახლებაა. იყო დრო, მანდ ვცხოვრობდი, ცხრასართულიანი კორპუსის ყოველმხრივ მოუწყობელ ბინაში. მე და ჩემს ძმისშვილებს ძალიან გვიყვარდა ეგ ბინა – იმდენი რამე გვახსოვს, ჩრდილად ქცეული იმდენი დღე და ღამე. მოპირდაპირე კორპუსის ლამპიონის მოიისფრო შუქი. თოვლის მსხვილი ფანტელები.  სტუმრები. ნახევრად ჩაბნელებულ სამზარეულოში გაზზე შემოდგმული ჩაიდანი. ფანჯრის რაფაზე – ლექსების წიგნი…

კარგა ხანს ვისეირნეთ. ვიცოდი, რომ ჩემი თანამგზავრი საქართველოზე წიგნს წერდა და რაღაც სათავისოს ეძებდა თითოეულ ხედში, გამვლელების გამოხედვაში, ალბათ ჩემს მონათხრობშიც. მე კი ამ სეირნობისას უნგრელი მწერლის, ფრიძეშ კარინთის წიგნი მახსენდებოდა, უფრო სწორად, ამ წიგნის სათაური – „მოგზაურობა ჩემი თავის ქალის გარშემო“. დიდი ხნის წინ წაკითხული რომანიდან ორიოდე გმირის სახელიღა მახსოვდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა. მთავარი ეს სათაური იყო, მეტისმეტად ამაღელვებელ ჩემს უჩვეულო მოგზაურობასაც რომ ერგებოდა: თითქოს არც წავსულვარ ამ ქალაქიდან, თითქოს სულ გარშემო ვუვლიდი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი