პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მკათათვის საკითხავი

 

ციკლიდან „პირთა საძიებელი“

1.

იმედგაცრუებისა და გულგატეხილობის დროს მხოლოდ ჩემი შვილები მახსენდება. ძალიან სუსტია ხოლმე ადამიანი, მით უმეტეს, უზღვავი პრობლემის წინ რომ აღმოჩნდება. მაგრამ მაშინ, როცა ჩემს შვილებზე ვფიქრობ, გაუგონრად ვმაგრდები და ვძლიერდები. მათ ჩემში დიდი ხანია დაძლიეს მეოცნებე და გულჩათხრობილი ბიჭი, გულში წყენის ჩადება რომ უყვარდა და საკუთარი თავი ამ ჭრელი ბალაგანისთვის არ ემეტებოდა.

 

2.

პირველად დიდ სტადიონზე როდის ითამაშეო, – გამომცდელად მკითხა ერთმა ტიპმა. ის დრო იყო, ჩემზე უკეთესი მეკარე რომ გამოჩნდა გუნდში, სათადარიგო სკამზე დამსვეს და სალაპარაკოდ ბევრი დრო მქონდა. იმ ტიპსაც, სხვათა შორის. ჰოდა, პასუხიც არ დავუგვიანე:

– მეოთხე კლასში ვიქნებოდი, სოფლის სტადიონზე ზაფხულის სეზონი ცოლიანებისა და უცოლოების მატჩით გაიხსნა. ისე მოხდა, რომ ცოლიანების მეკარემ ოჯახური ვალდებულებებისგან თავი ვერ გაითავისუფლა და მის ნაცვლად კარში მე დამაყენეს. ასე შედგა ჩემი დებიუტი დიდ სტადიონზე.

 

3.

გენო კალანდია კარგი პოეტი ხომ იყო, მაგრამ იშვიათად მახსენდება მასზე უფრო ყურადღებიანი ადამიანი, ყველას ხელშემწყობი, გულშემატკივარი, ჭირსა და საქმეში სიტყვის შემაწევარი.

ის თავის მონატრებულ ძმასთან წავიდა, ჩვენ კი, ყველას, სიკეთისა და ადამიანური თანაგრძნობის წუთები და წამები დაგვიტოვა. სხვების არ ვიცი, მე კი სამუდამოდ ჩამრჩა მის მიერ თავისი 100 ლექსის წარდგენაზე უჩვეულო ემოციით წაკითხული „კომპოზიცია გვანჯი ჩიქოვანის პორტრეტისათვის (რობერ დესნოსის განწყობით)“:

„შაბათს ან კვირას, – ადრიან დილით, ფეხით

ან ცხენით, ან ფაეტონით ის აფხაზეთში მიიჩქაროდა.

 

ფეხით ან ცხენით ან ფაეტონით…

 

იქ, ზღვას მძინარეს, ვით მზეთუნახავს,

შორიდან ჭვრეტდა და უხაროდა,

მზე უხაროდა ამომავალი…

 

გავიდა ხანი, – დრო უნდობარი.

ის ერთ დღეს მშვიდად გარდაიცვალა.

 

ჩვენ  ლერწმებივით სუსტებს და მოკვდავთ,

განძივით გვერგო მოგონებები, –

წარსულის ხსოვნა და სიყვარული.

 

შაბათს, ან კვირას, – ადრიან დილით,

ფეხით, ან ცხენით ან ფაეტონით

მეც აფხაზეთში ჩავალ, ძვირფასო!“

 

4.

ეს ის შემთხვევაა, როცა არშემდგარი ფეხბურთელობა ხელს კი არ გიშლის, პირიქით – გაქეზებს: რაც (ფეხბურთისთვის) სტადიონზე ვერ გააკეთე, სხვა სივრცეში სცადო მაინც.

ფეხბურთი, ფეხბურთელები და მათ მიერ მოყოლილი ამბების კითხვა ალბათ ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ საქმედ, და ყოველ ჯერზე, როცა მორიგ გამოცემაზე მუშაობას დავიწყებ, ის დღე გამახსენდება (მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი), როცა ბიძაჩემმა პაატა პაჭკორიამ მეკარის შავ-წითელი, ულამაზესი მაისური და შორტები მაჩუქა.

გვიან საღამოს, ყველა რომ წავიდა, სკამზე კოხტად დაკეცილი ფორმა ავიღე, ჩავიცვი, სარკესთან დავდექი და მღელვარებისგან რომ ამ მეტირა, ალბათ ყველაზე ხმამაღლა ჩემს ცხოვრებაში, არაამქვეყნიური ხმით დავიყვირე.

 

5.

29 აპრილი, ჩემი შუათანა შვილის – დემეტრეს დაბადების დღე. გურამ პეტრიაშვილს ტაქსით გავუარე სახლში, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ რომ მივიყვანო, სადაც ბავშვებს თავისი ზღაპრები უნდა წაუკითხოს. გზაში ბევრ რამეზე ვსაუბრობთ და ბოლოს ისევ ზღაპარს და მეზღაპრეებს ვუბრუნდებით. ვთხოვ, მოკლედ შეაფასოს ამ ჟანრის ახლანდელი მდგომარეობა.

– ქართული ზღაპრების უმეტესობაში პედაგოგიური მოგეზულობა ჩანს, – ამბობს გურამ პეტრიაშვილი და სევდიანად გასცქერის უქმე დღისგან შეხალვათებულ ჭავჭავაძის გამზირს.

 

6.

ბავშვობიდან მახსოვს: ჩემს სოფელში ორი ძმა ცხოვრობდა – ჯგირი (კარგი) და უჯგუში (უკეთესი). თუ არ ვცდები, უჯგუში ახლაც ცოცხალია.

 

7.

შუკო ჯიქიამ მითხრა, – უცნაური განცდაა: ხანდახან ისევ ახალგაზრდა მგონია თავი და მოხუცს რომ ვნახავ, სკამიდან წამოდგომა მინდებაო.

 

8.

ტუსკია გეხსომებათ, ჩემი მეგობარი, ახლახან ვწერდი მაგაზე და ერთიც ახლა წამომაგონდა.

ამასწინებზე მიყვება, – ჩემს ნათლულს დავურეკე, მარტო ვიყავი, გაბრუებული და შრომისგან დაგლახავებული, გამოდი, ჩავუჯდეთ სადმე, ლუდი და ხინკალი შევუბეროთ-მეთქი. ჩემმა პირველმა ნათლულმა, რომელიც ღამენათევი და შუადღის ძილისგან დაბეგვილი იყო, მხარი ვერ აუბა ჩემს თხოვნას და სხვა დროს ვქნათო, თავაზიანად დამემშვიდობა.

არ უნდა მეწყინოს, მაგრამ გულში გამაცია მაინც. ვიცი, ხშირად არ გვახსენდება ერთმანეთი, მაგრამ როცა გვახსენდება, მაშინაც რომ ასეთ ალიყურს ვაჭმევთ ხოლმე, რაღა უნდა ქნა!

არაფერი, წამოვედი სახლისკენ. შინისკენო, შემისწორებს მცოდნე გრამატიკოსი. ჯერ ერთი – მაგ წესების შენზე ნაკლებად მცოდნის დედაც! მეორეც – ეს ქალაქი ჩემთვის შინ ვერასდროს გახდება, დამთავრებული ამბავია.

მივეცი ტაქსის ხუთი ლარი და მომიყვანა. გზაში ცოტა კი მაცინა, მაგრამ უარყოფილის ნაღველი გულიდან მაინც ვერ გადავიყარე.

არავის არაფერი არ უნდა თხოვო. წერტილი.

9.

ადამიანების პარტიების მიხედვით დაყოფა ცხოვრების წესად იქცა, ამიტომ შარშან ზაფხულს ზუგდიდში ჩასულს „პოლიტიკურ ნიადაგზე“ დაშორებული ბევრი მეგობარი დამხვდა. მათ ერთადერთ შემაკავშირებლად ჩემი იქ ერთთვიანი ყოფნა უკვე აღარ იყო საკმარისი. ისე გაეთიშა ისინი ერთმანეთისგან „პარტიულ კუთვნილებას“, რომ ძველი კარგი დროისგან არაფერი დაეტოვებინა.

 

10.

ისევ ტუსკია:

– ჩემნაირი ვინმე მე რომ მყავდეს: მეგობარი, შეყვარებული, კოლეგა, მტერი… იქნებ მყავს კიდეც და ერთმანეთი ვერ გვიპოვნია… თუმცა კი, როგორ არ მყავს, მაგრამ მას ვერ ვესაუბრები, მასთან საუბარს გადავეჩვიე – საოცარია, ამდენ წყენას იმახსოვრებ ადამიანი და ლოცვები გავიწყდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი