პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება და მისი გააზრება

გასულ ზაფხულს დიდ ბრიტანეთში გახლდით მივლინებით სკოლებს შორის მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად. ჩემი ვიზიტი ითვალისწინებდა სხვადასხვა სასწავლო აქტივობას და გაკვეთილებზე დასწრებას. ვთხოვე, ეჩვენებინათ ინგლისური ენის გაკვეთილი. ვინაიდან უკვე განსაზღვრულ პროგრამაში ეს საგანი არ შედიოდა, მითხრეს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გამონახავდნენ დროს ჩემი თხოვნის შესასრულებლად. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდი დანიშნულ დროს. წარმოვიდგინე, როგორ მოვხვდებოდი უფროსკლასელთა გაკვეთილზე, დავესწრებოდი შექსპირის პიესების, ბერნსის პოეზიის ან თანამედროვე ინგლისელი მწერლების შემოქმედების განხილვას, გავეცნობოდი კლასის მართვის ახალ სტრატეგიებს, სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

დადგა ნანატრი დღეც და წავედით მეზობლად მდებარე კერძო სკოლა „კროსფილდში” ინგლისური ენის გაკვეთილის სანახავად.

საკლასო ოთახი საინტერესოდ გამოიყურებოდა. კედლები სავსე იყო მოსწავლეთა ნამუშევრებით. ადგილი რომ აღარ დარჩენოდათ, ზოგი ჭერზე ჩამოეკიდათ. იატაკზე იდგა ფერადი ქაღალდებით სავსე ყუთი. ერთ კედელზე ეკიდა „გონიერი” დაფა, რომელზეც პროექტორი იყო მინათებული. საკლასო ოთახი გადიოდა დიდ დარბაზში, სადაც კომპიუტერები ეწყო და წიგნის კარადები იდგა. საკლასო ოთახშიც იდგა კარადები, მხატვრული ლიტერატურით სავსე.

უაღრესად სიმპათიურმა და სათნო მასწავლებელმა, ქალბატონმა სერენა უანსიმ, მითხრა, რომ ბავშვებს შეეძლოთ ამ კარადიდან წიგნების აღება და წაკითხვა, თან ამაყად მაჩვენა მათი ნამუშევრები.

მოსწავლეები საკლასო ოთახში ირეოდნენ, საქმიანობდნენ. საუბარზე შევატყვე, რომ ინგლისური ენა ყველა მათგანისთვის მშობლიური არ იყო. მიუხედავად ამისა, ისინი მხიარულად ფუსფუსებდნენ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და მთელი არსებით ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი. ბავშვების ერთი ჯგუფი მომიახლოვდა და თავისი გამოგონება მაჩვენა. ეს იყო პლასტმასის დიდი ყვავილი, რომლის ქვეშაც, თითქოს ღეროაო, სათამაშო წყლის თოფი იმალებოდა. ვინც ყვავილის სურნელით დატკბობას მოინდომებდა, წყალი შეესხმებოდა სახეზე.

დრო გამოზომილი მქონდა, ამიტომ თავაზიანად ვიკითხე, როდის დაიწყებდნენ გაკვეთილს. მასწავლებელმა ღიმილით მომიგო, რომ გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო და ბავშვები მუშაობდნენ პროექტზე, რომელსაც „ცირკი” ერქვა. თითოეულ ჯგუფს ევალებოდა ცირკისთვის შესაფერისი ამა თუ იმ გასართობი ნივთის შექმნა, მისი გაფორმება და შეფუთვა. შემდეგ თავიანთი სამუშაოს არსი წერილობით უნდა გადმოეცათ და წარმოედგინათ პაუერ პოინტში შესრულებული პრეზენტაციის სახით, ნამუშევრებს კი პორტფოლიოებში შეინახავდნენ. პრეზენტაციას დაესწრებოდნენ მშობლებიც.

ბავშვები მათვალიერებინებდნენ ნამუშევრებს და გატაცებით მიყვებოდნენ მათზე. ისინი დამოუკიდებლად მუშაობდნენ და პასუხისმგებლობები განაწილებული ჰქონდათ. საკუთარი გამოცდილებითაც სწავლობდნენ და ერთმანეთისგანაც.

ვეძებდი ინოვაციურ მეთოდებს და წავაწყდი კიდეც ერთ მათგანს, რომელსაც გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება ეწოდება. გამოცდილების შეძენას უნდა მოსდევდეს მისი გააზრება ანუ რეფლექსია. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რა გადახდა თავს, რა გააკეთა, რა საჭირო იყო ამის გაკეთება, რა სირთულეებს შეეჯახა, რას გააუმჯობესებდა.

გააზრებისთვის, როგორც ჩვენც ვიცით, კარგი იქნება, რომ მოსწავლეებმა:
·შექმნან პორტფოლიო;
·აწარმოონ დღიური;
·დაწერონ ესე საკუთარი გამოცდილების შესახებ და დასვან პრობლემური კითხვები;
·გამოიყენონ როლური თამაშები ან მოაწყონ პატარა ინსცენირება;
·მოახდინონ წაკითხულის ვიზუალიზაცია, ილუსტრირება;
·შექმნან მოდელები, ანალოგები და ჩამოაყალიბონ თეორია;
·განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებითაც გამოხატავენ ემპათიას;
·დაწერონ მოთხრობები და წაუკითხონ ერთმანეთს;

·იმსჯელონ სხვდასხვა საკითხზე და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე პროცესის აქტიური მონაწილეა და მთლიანადაა ჩართული მასში. გარედან კი არ აკვირდება მოვლენებს, არამედ უშუალო კავშირი აქვს შესასწავლ საკითხთან.

ვულფის (Woolfe, R. Experiential Learning in Workshops) თანახმად, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა ოთხი კომპონენტისგან შედგება:
1. მოსწავლემ იცის, რა ხდება და რა პროცესში მონაწილეობს, რაც შესაძლებელს ხდის დასწავლას.
2. მოსწავლე გაიაზრებს მიმდინარე პროცესის არსს, რისი წყალობითაც აკავშირებს აწმყოს წარსულსა და მომავალთან. ამ კავშირს ბავშვი დაფიქრების გარეშეც გრძნობს.
3. გარემოს, სადაც გამოცდილებას იძენს, ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: მნიშვნელოვანია ისიც, რას სწავლობს და ისიც, როგორ სწავლობს.

4. მოსწავლე მთლიანადაა ჩართული სასწავლო პროცესში: სხეულით, ფიქრებით, გრძნობებითა და მოქმედებით.

„კროსფილდში” ნანახ ამ გაკვეთილზე რომ ვყვები, მსმენელები მხრებს იჩეჩავენ და ეცინებათ. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ გაკვეთილის წამყვანი მასწავლებელი უნდა იყოს. მაშინაც კი, როცა ვიდეოკამერით ვიღებთ ჩვენს გაკვეთილებს, რათა მერე, როცა საჭირო გახდება, გავუგზავნოთ ჩანაწერი გაკვეთილების შეფასების კომისიას, კამერის წინ ვპოზიორობთ და მინი-ლექციას მაინც ვკითხულობთ თავის მოსაწონებლად. „კროსფილდის” ინგლისური ენის მასწავლებელი კი მშვიდად დადიოდა მოსწავლეებს შორის და ახლოდან აკვირდებოდა მათ მუშაობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი