ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დასჯილი ბავშვების მეხსიერება

არასასურველი ქცევის სამართავად ბავშვის დასჯა რომ გამოსავალი არ არის და მას კარგი ქცევის წახალისების სტრატეგია სჯობს, ამაზე სპეციალისტები უკვე კარგა ხანია საუბრობენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველდღიურად ვაწყდებით მოზარდებზე ძალადობისა თუ მათი დასჯის სცენებს როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ისე სასწავლო დაწესებულებებში (ბაღებში, სკოლებში და სხვ.). მკითხველისთვის ყოველთვის ემოციურია ეპიზოდები წიგნებიდან, რომელიც არასრულწლოვნების გაროზგვას, ხელებზე სახაზავის დარტყმასა თუ სხვა ტიპის დასჯას ასახავს. სამწუხაროდ, ეს ჩვეული პრაქტიკა იყო საუკუნეების განმავლობაში და მას ზოგან დღესაც მიმართავენ.

ქვემოთ მოყვანილი ფრაგმენტები ცნობილი მწერლების წიგნებიდან, ვფიქრობ, მშობლებს დააფიქრებს, მასწავლებლებს დაეხმარება ამ თემაზე დისკუსიის გამართვაში, მოსწავლეებს კი უბიძგებს, მეტი მასალა მოიძიონ მხატვრული ლიტერატურიდან თუ კინემატოგრაფიიდან, რაც ზუსტი ანარეკლია ხოლმე დროისაც და ნაწარმოებების შექმნის ადგილისაც.

ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელიც ფიზიკურ დასჯას უკავშირდება, ხშირ შემთხვევაში ღრმა კვალს ტოვებს მოზარდზე, გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე, მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება ადამიანს, აისახება ხასიათზე, განსაზღვრავს შეხედულებებს, ქმედებებს და სხვ. ამიტომ მასზე დაკვირვება, მსჯელობა სკოლაში და გამოსავლის პოვნა აუცილებელი მგონია. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, რა სახეცვლილება განიცადა ამ, დღეისთვის უკვე მიუღებელმა, ქმედებამ სხვადასხვა ეპოქაში და როგორ აისახა ის რამდენიმე ქვეყნის ლიტერატურაზე.

 

*

აკაკი წერეთლისჩემი თაგადასავალი“, 1894-1908 წწ.

„მახსოვს და არც დამავიწყდება ჩემს დღეში: ერთი რუსის ბავშვი იყო – კრიჟანოვსკი, ძლიერ მოუსვენარი რამ, მაგრამ სხვებრ კარგი იყო. ერთხელ ნახევარი საათით დააგვიანდა კლასში მოსვლა და დირექტორმა „გააროზგვინა“; იმ დღესვე გაკვეთილი არ იცოდა და მასწავლებელმა „გააროზგვინა“; სწავლა რომ გათავდა, ზედამხედველმა „გააროზგვინა“: სახლში გიცელქია და მეზობლის ბავშვისათვის ქვა გისროლია – გიჩივლესო! ამითაც ვეღარ გადარჩა. ყველამ ერთად დააბეზღეს ინსპექტორს და იმანაც მოუნდომა „გაროზგვა“. ეს ინსპექტორი შეუბრალებელი რამ იყო და მისი ისე ეშინოდათ, როგორც სულთამხუთავისა. კრიჟანოვსკიმ, ტანჯვა რომ ვეღარ აიტანა, იშვირა ხელი და ფეხი და გადავარდა რიონში. რომ შემთხვევით იქვე არ დასწრებოდა ერთი მეგრელი მოსწავლე, ძალიან კარგი მცურავი, დაიღუპებოდა. ისე ცემა-ტყეპას ხომ ანგარიში არ ჰქონდა. ვაი, მისი ბრალი, ვისაც კარგი ხუჭუჭი თმა ჰქონდა! ერთ ყმაწვილს, გვარად ჭაჭიაშვილს, დიდი ყურები ჰქონდა. დიდი და პატარა ყველა ყურებში ავლებდა ხელს. ერთხელ გამხეცებულმა ზედამხედველმა შუამდი აახლიჩა ყური; გაუსივდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ დაუწყო შეხორცება. მაგრამ ვინ აცალა შეხორცება! სტაცებდნენ ხელს და ხელახლა აგლეჯდნენ… ასე რომ გავიდა სასწავლებლიდან. ერთ მოსწავლეს – კლდიაშვილს – პირით დაჰკრა შუბლზე „ლინეიკა“ და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა. გულშემოყრილი ბავშვი შინ წაიღეს. ამ გარემოებისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. ამისთანები რამ უთვალავი იყო. ღვთის მადლით, მე ამცილდა ტანჯვა და ერთხელ მეტად არ გავლახულვარ, მაგრამ ეს ერთიც საკმაო იყო, მთელი ჩემი სიცოცხლე მოეტანჯა! დირექტორმა რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ჩემი მასწავლებელი სულ გულაღრენილი იყო ჩემზე და, თუკი შემთხვევა ექნებოდა, რასაკვირველია, არ დამზოგავდა. ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად, ყველამ მოაწერა ხელი. წამძლია სულმა და მეც მოვაწერე. შემოგვესწრო მასწავლებელი და იწყინა, როგორ გაგიბედიათ ხელის მოწერაო! აიღო დიდი, უშველებელი „ლინეიკა“ ხელში. თითო-თითოდ გაჰყავდა ხელის მომწერლები; ჰკითხავდა: რომელი ხელით მოაწერეო? და, პასუხს რომ მიიღებდა, დაჰკრავდა ხოლმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. „კიდევ მოაწერო?“ – ეკითხებოდა დაცინვით. მე ყველაზე ბოლოში ვეწერე, რადგანაც ჩემი გვარი წილზეა, და „ჟურნალში“ ანიდან იწყება გვარების წერა. იმ დროს საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა და მომაგონდა ოფოფის ხრიკი, თავის გადარჩენა რომ უნდოდა და მელა გააბრიყვა. იმ განყოფილებაში წერის გაკვეთილი იყო. მე ვიფიქრე, რომ, თუ მარჯვენა ხელი მეტკინა, წერა გამიფუჭდება და მოდი მარცხენას გავიმეტებ-მეთქი. მეც რასაკვირველია მითხრა: „აბა დამნაშავე ხელი გამოაშვირეო!“ მე მარცხენა გავუშვირე. ჯერ დამკრა და მერე ეჭვი შეიტანა, რასაკვირველია განგებ, მარცხენა ხელით როგორ მოაწერდიო? რომ გამოვუტყდი, მარჯვენა ხელზეც დამკრა და გამიშვა. ტკენა ხომ ტკენა იყო, მაგრამ მე ის უფრო მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა“ დამკრეს, მაშინ როცა სხვები კი თითოთი გადარჩენ! ვტიროდი, ხელი მიკანკალებდა და, რასაკვირველია, კარგად ვეღარ დავწერდი!.. ნაწერები რომ გაარჩია მასწავლებელმა, დამიწუნა და კიდევ დამკრა „ლინეიკა“: უკეთ დაწერეო! კლასის გათავებამდი ოთხჯერ კიდევ დამკრა!.. ის დღე იყო და მას აქეთ ვეღარ გამოვბრუნდი. არ იქნა ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა. წერაში ხელი გამიფუჭდა და დღესაც კიდევ გაურკვევლად ვწერ; ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი. ეს მაშინ მემართება, როცა ინსტიქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა. ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე…“

 

*

ფრანც კაფკასწერილი მამას“, 1919 . (გერმანულიდან თარგმნა დევი ბერძენიშვილმა)

„ბავშვობის მოგონებიდან უშუალოდ მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება. შეიძლება ის შენც გახსოვდეს. ერთ ღამეს წყალს განუწყვეტლივ და წუწუნით ვითხოვდი, ალბათ არა იმის გამო, რომ წყლის დალევა მინდოდა, არამედ, სავარაუდოდ, ნაწილობრივ თქვენს გასაბრაზებლად, ნაწილობრივ კი გასართობად. მას შემდეგ, როცა ძლიერმა მუქარებმა არ იმოქმედა, შენ საწოლიდან გამომიღე, აივანზე გამიტანე და ერთხანს იქ მარტო, ღამის პერანგის ამარა, დაკეტილ კარს მიღმა დამტოვე. იმის თქმა არ მინდა, რომ ეს არასწორი იყო, შესაძლებელია, სხვა გზით შუაღამისას მოსვენების მიღწევა შეუძლებელი იყო, ამით მხოლოდ შენი აღზრდის მეთოდების და ჩემზე  მათი ზემოქმედების დახასიათება მსურს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავმორჩილდი, მაგრამ შინაგანად მოვტყდი. ჩემი აზრთა წყობით ვერაფრით შევძელი, წყლის დალევის სრულიად გასაგები, თუნდაც უშედეგო თხოვნის და ოთახიდან ჩემი გამოძევებით გამოწვეული ენით აუწერელი საშინელების ერთმანეთთან დაკავშირება. წლების შემდეგ ისევ მტანჯავდა იმის წარმოდგენა, რომ უზარმაზარ კაცს, მამაჩემს, უმაღლეს ინსტანციას, თითქმის უმიზეზოდ, შუაღამეს შეუძლია მომიახლოვდეს, საწოლიდან გამომაძროს და აივანზე გამიტანოს. აი, თურმე მისთვის როგორი არარაობა ვყოფილვარ.

იმ დროს ეს მხოლოდ უმნიშვნელო დასაწყისი იყო, მაგრამ საკუთარი არარაობის ხშირი განცდა (განცდა, სხვა მხრივ, კეთილშობილი და ნაყოფიერი) დიდწილად შენი გავლენის შედეგია. მე მხოლოდ ცოტაოდენი წახალისება, ცოტა მეგობრობა, საკუთარი გზით სიარულის მცირე შესაძლებლობა მსურდა, შენ კი ეს დამიხშე, რა თქმა უნდა, ყველაზე კეთილი განზრახვით, რადგან ჩათვალე, რომ სხვა გზით უნდა წავსულიყავი. თუმცა საამისოდ არ ვვარგოდი“.

 

*

მაია ენჯელოუსვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი, 1969 . (ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა)

„თავიდან მეგონა, მეხუმრებოდა. უშნო ხუმრობა მეგონა, რომელსაც ასე დაამთავრებდა: „და მე რატომ არაფერი გამომიგზავნა?“ მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ოთახში ატმის ხისაგან გამოთლილი გრძელი, დრეკადი წკეპლით დაბრუნდა, რომელსაც ჯერაც ხილის თავბრუდამხვევი სუნი ასდიოდა. მან თქვა:

– დაიჩოქე! ბეილი უმცროსო, შენც აქ მოდი.

სამივე მუხლებზე დავეცით და მან დაიწყო:

– მამაო ჩვენო, შენ კარგად უწყი ყოველი გასაჭირი შენი მორჩილი მხევლისა. შენი შემწეობით ორი ვაჟკაცი აღვზარდე და ფეხზე დავაყენე. ბევრჯერ მგონებია, რომ ფარ­ხმალს დავყრიდი, მაგრამ ყოველთვის მაძლევდი ძალას, გზა გამეგრძელებინა. უფალო, ახლაც ჩაიხედე ჩემს დამძიმებულ გულში. ძალ­ღონეს არ ვიშურებ, ჩემი შვილიშვილები შენს კვალს შევუყენო, მაგრამ ეშმაკი ყოველ წამს ფეხს მიდებს. მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრება შენს სახელს ვადიდებდი, რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ჩემს ჭერქვეშ ღვთის გმობა გაისმებოდა, უფალო. და მას ყრმათა ბაგენი წარმოთქვამდნენ. მაგრამ შენ ბრძანე, რომ სამყაროს აღსასრულისას ძმა ძმის წინააღმდეგ აღსდგება, ხოლო შვილები მშობლებს აუმხედრდებიან. ბრძანე, იქნება კბილთა ღრჭენა და ხორცთა თელვა. მამაო, მუხლებზე ვხოხავ შენ წინაშე და გთხოვ, მიუტევე ამ ბალღს.

ახლა კი უკვე მთელი ხმით ვბღაოდი. დედუს ლოცვა კი ყვირილში გადაიზარდა და ხმა კუპრივით ჩაუსქელდა. მივხვდი, ჩემი დანაშაული უპატიებელი იყო და მძიმე სასჯელიც მომეზღვებოდა. მაღაზიაც კი უპატრონოდ მიაგდო, რომ ღვთის წინაშე ჩემთვის ნამუსი მოეწმინდა. როდესაც მორჩა, სამივე ვტიროდით. მან თავისკენ მიმიზიდა და ორიოდეჯერ გადამარტყა წკეპლა. ცოდვისგან მოგვრილმა გაოგნებამ და ლოცვით გამოწვეულმა კათარსისმა ქანცი გააცალა მას.

მაშინ დედუს არაფერი აუხსნია, მაგრამ მოგვიანებით, იმავე საღამოს, აღმოვაჩინე, რომ ჩემი გამათრახების მიზეზი იყო ფრაზა „სიმართლე გითხრა“. დედუმ აგვიხსნა, რომ „იესო იყო გზა ხსნისა, სინათლე და სიმართლე“, და ყველა, ვინც ამბობს „სიმართლე გითხრა“, გულისხმობს „იესოს შესახებ გესაუბრო“, ხოლო მის სახლში უფლის სახელის მოხსენიება ამაოსა ზედა აკრძალულია. როდესაც ბეილიმ ჩემს დასაცავად თქვა, თეთრკანიანები „სიმართლე გითხრას“ უბრალოდ საუბრის წამოსაწყებადაც ამბობენო, დედუმ გააწყვეტინა, რომ თეთრკანიანების ბაგეები ყველაზე მეტადაა შებილწული, ხოლო ყოველი სიტყვა, მათი პირიდან წარმოთქმული, უფალს განარისხებს“.

 

*

სვეტლანა ალექსიევიჩისცინკის ბიჭები“, 1989 . (რუსულიდან თარგმნა ზურაბ ქუთათელაძემ)

„რატომ მაიძულებთ წარსულის გახსენებას? ეს ყველაფერი ხომ ძალიან ინტიმურია: ჩემი პირველი მოკლულიც, ჩემი პირველი სისხლიც მსუბუქ ქვიშაზე და აქლემის თავის წოწოლა მილიც, რომელიც შეტორტმანდა ჩემს თავს ზემოთ, ვიდრე გონს დავკარგავდი. და ამავე დროს, სხვებივით, მე იქ ვიყავი. მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვთქვი უარი, ვყოფილიყავი ისეთი, როგორც სხვები… ერთხელ… საბავშვო ბაღში ჩვენ გვაიძულებდნენ, ხელები ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის და წყვილ­წყვილად გვევლო. მე კი მარტო სიარული მიყვარდა. ახალგაზრდა აღმზრდელები კარგა ხანს ითმენდნენ ჩემს ასეთ ქცევას, მაგრამ მალე ერთ-ერთი გათხოვდა და წავიდა ჩვენგან, ხოლო მის ნაცვლად მოგვიყვანეს დეიდა კლავა.

– ჩაჰკიდე ხელი სერიოჟას! – მომიყვანა ვიღაც ბიჭი დეიდა კლავამ.

– არ მინდა.

– რატომ არ გინდა?

– მარტო მიყვარს სიარული.

– გააკეთე ისე, როგორც აკეთებენ სხვები – დამჯერი ბიჭები და გოგონები.

– არ ვიზამ!

სეირნობის შემდეგ დეიდა კლავამ გამხადა – ტრუსები და მაისურიც კი, გვერდზე გამიყვანა და სამი საათით დამტოვა ცარიელ ბნელ ოთახში. ბავშვობაში კი მარტო დარჩენაზე საშინელი არაფერია… სიბნელეში… გეჩვენება, რომ ყველას დაავიწყდი. ვეღარასდროს გიპოვნიან. მეორე დღიდან მე დავიწყე სერიოჟასთან ერთად ხელიხელჩაკიდებულმა სიარული. და გავხდი ისეთივე, როგორებიც სხვები იყვნენ. სკოლაში წყვეტდა კლასი, ინსტიტუტში – კურსი, ქარხანაში – კოლექტივი. ყველგან ჩემ მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებას. მე შთამაგონებდნენ, რომ ცალკე არსებულ ერთ ადამიანს არაფერი შეუძლია. რომელიღაც წიგნში წავაწყდი ფრაზას: „სიმამაცის მკვლელობა“. როდესაც იქ მივდიოდი, აღარაფერი იყო ჩემში მოსაკლავი; „მოხალისენო, ორი ნაბიჯი წინ!“ ყველანი დგამდნენ ორ ნაბიჯს და მეც ორ ნაბიჯს ვდგამდი“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი