პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლება და არა მხოლოდ,  დაგუგლვა

რაც არ უნდა ვიღონოთ, გუგლის აჩრდილს ვერსად გავექცევით, მით უფრო სკოლაში. ბევრ მასწავლებელს არ მოსწონს, რომ მოსწავლე გამუდმებით ატარებს ჯიბით ტელეფონს – ჯადოსნურ ჭკუის კოლოფს, რომელიც ნებისმიერ წუთში, ყოველგვარი გარჯის გარეშე, ნებისმიერ კითხვაზე იპოვის პასუხს. მაშ, რა საჭიროა გეოგრაფიაში ქალაქების დამახსოვრება? მათემატიკაში გამრავლების ტაბულის ცოდნა? ისტორიაში ბრძოლის თარიღების დაზეპირება?

საკმარისია, მოსწავლემ „ვიკიპედია“ გახსნას და ცალი თვალით ჩახედოს, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა. რა თქმა უნდა, თქვენ, მასწავლებელს, ეს არ მოგეწონებათ, რადგან მიგაჩნიათ, რომ ასეთი გზით მიღებული „ცოდნა“ სხვა რამეა და არა მოსწავლის ტვინში ჩაბეჭდილი  ცოდნა, რომელიც ყოველთვის შენთანაა და ადრე თუ გვიან გამოგადგება. ის არ არის დამოკიდებული ვაიფაის სიჩქარეზე, არც იმაზე, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ანდროიდი. თუმცა ასეთ მყარ არგუმენტებზეც კი, მოსწავლე თავის კონტრაარგუმენტს მოიყვანს: თუ ჯიბეში საკუთარი ტელეფონი არ გიდევს, მეგობრის პლანშეტით ისარგებლებ; ან თუ ვაიფაი არ გაქვს, მეზობლისგან დაგუგლავ. ინტერნეტი ხომ ყველგანაა.

აი, რას წერს ერთ-ერთი ცნობილი ფორუმის მომხმარებელი დაგუგლვაზე: „ჩემი უბნის ექიმი დღეს ვიკიპედიიდან მკურნალობდა. არ მორიდებია და ჩემი თანდასწრებით რამდენიმე პრეპარატის ანოტაცია დაგუგლა. ახლა აღარ ვიცი, ვენდო თუ არა მას: იმიტომ დაგუგლა, რომ თავისი ცოდნა გადაამოწმა, თუ იმიტომ, რომ ეს ცოდნა უბრალოდ არ ჰქონდა?“.

გუგლვა ცოდვა არ არის, მაგრამ მას ვერ გამოიყენებს კოსმოსური ხომალდის დამპროექტებელი ინჟინერი, ვერც ნეიროქირურგი, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტში სკალპელი უნდა გადადოს და არტერიის შესახებ გუგლში ინფორმაცია ამოიკითხოს.

მეორე მხრივ, განა რამდენ ფაილს იტევს ჩვენი მოქნილი ტვინი? მასაც ხომ აქვს ლიმიტი? აუცილებელია თუ არა გვახსოვდეს ყველაფერი, რაც ვისწავლეთ? ალბათ ყველაფრის ცოდნა საჭირო არ არის, არც აუცილებელი. იმისათვის, რომ ჩვენი გონება არ გადაიტვირთოს,  კაცობრიობამ ცნობარი და განმარტებითი ლექსიკონი მოიგონა.

ექიმისთვის/პაციენტისთვის არ უნდა იყოს ტრაგედია პროფესიული ლიტერატურის გაცნობა. არც ინჟინერს უნდა რცხვენოდეს მისთვის საჭირო კოეფიციენტების ცნობარში დაზუსტება.

მაშინ რატომ ვაზუთხვინებთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ასობით და ათასობით ფაქტს? ვიყოთ ადექვატურები, სკოლაში დაზეპირებული უამრავი რამ თვითონაც აღარ გვახსოვს. მეტიც, ამ ინფორმაციის გამოყენება ზრდასრულობაში არასოდეს დაგვჭირვებია.

რასაკვირველია, ადამიანს, რომელსაც ერთი და იგივე ჰგონია ავსტრია და ავსტრალია, სლოვაკეთი და სლოვენია, არ შეიძლება ვუწოდოთ განათლებული ადამიანი,  მაგრამ ხომ შიძლება ვერ გავარჩიოთ სინუსი კოსინუსისგან? ამის გამო, იმედია, გაუნათლებლობას არავინ დაგვწამებს.

დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განიტვირთოს სასკოლო პროგრამა ნაკლებად საჭირო ინფორმაციისგან, მსოფლიოში გამუდმებით მიმდინარეობს. განათლების სპეციალისტები ყოველწლიურად ცდილობენ დააზუსტონ, რას წარმოადგენს ფუნდამენტური ცოდნა, რა არის ის კულტურული მინიმუმი, რომელიც ადამიანმა დაგუგლვის გარეშე უნდა იცოდეს.

ეს ძალიან პრინციპული მომენტია. დიახ, სმარტფონებიდან ნებისმიერი რამ შეგვიძლია დავგუგლოთ, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ დავსვამთ კითხვას, რათა ჩვენთვის სასურველი და ს ა ჭ ი რ ო პასუხი მივიღოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კითხვის დასმა.

იქნებ ბაზისური განათლების მიღებაც  გუგლში სწორად დასმულ შეკითხვებს უკავშირდება? ზედაპირული განმარტებების და ფაქტების იქით, დაგუგლვით მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც საკითხს უფრო სიღრმისეულად შევისწავლით.  ამაში ყოვლისმცოდნე გუგლი ნამდვილად გამოგვადგება და მეგობრად მოგვევლინება.

ამდენად, თუკი მოსწავლე მასწავლებლის კითხვებზე დაგუგლვით ეძებს პასუხებს, ეს ცუდი არ არის, პირიქით.

და მაინც, რატომ აშინებს დაგუგლვა მასწავლებელს?

მასწავლებელს აშინებს მოსწავლის ილუზიური ცოდნა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ცოდნა ჯერ უნდა მივიღოთ, შემდეგ კი გავამყაროთ. იძლევა ამის შესაძლებლობას დაგუგლვა თუ ის მხოლოდ ზედაპირულ პასუხებს იძლევა?

სწავლა/სწავლება შემოქმედებითი პროცესია. შემოქმედებითი პროცესი კი უწყვეტია.  ჩვენ თავში გვიტრიალებს ათასობით ფაქტი, მონაცემი, ინფორმაცია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს თავებში საიდანღაც ხვდება. ამ ყველაფრის „ჩატვირთვაში“ ბავშვობასა და მოზარდობაში  სკოლაში მასწავლებელიც გვეხმარება. თუმცა „ჩატვირთული“ ცოდნა უძრავ ტვირთად დევს მანამდე, ვიდრე მას არ გამოვიყენებთ. მის გამოყენება-გადამუშავებას კი დაგუგლვა უფრო საინტერესოს გახდის! მასწავლებლის ამოცანაა სწავლების გამრავალფეროვნება, მოსწავლეების დაინტერესება და ჩართვა კვლევის, კითხვების დასმისა და პასუხების ძიების პროცესში.

მაგალითად, ნილოსი მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. მისი სიგრძე კაგერის სათავიდან 6853 კილომეტრია. თუმცა, ამ მონაცემის დაგუგლვით გადამოწმებისას, ვიპოვით უამრავ წყაროს, სადაც მდინარის სიგრძედ 6852 კილომეტრია მითითებული. საიდან გაჩნდა ერთკილომეტრიანი სხვაობა? რატომ? ნილოსი ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება, გადის უდაბნოს, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს. ერთკილომეტრიანი სხვაობის გამოძიებისას მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ერთმა უბრალო ცნობისმოყვარე  კითხვამ შესაძლოა უამრავი ახალი თემა გაშალოს და რუტინული სწავლების პროცესი კვლევის  შემოქმედებით კალაპოტში გადაიყვანოს. ამ გზით მიღებული ცოდნა გაცილებით მყარია, ვიდრე იმის დაზეპირება, რომ ნილოსი ამდენკილომეტრიანი მდინარეა.

მაშინ ისმის კითხვა: რა უნდა ვიცოდეთ ზეპირად, რომ სხვა დანარჩენი ინტერნეტით მოვიძიოთ?  სკოლის მიზანია  მოგვცეს საფუძვლიანი განათლება, აღზარდოს სრულფასოვანი მოქალაქე. ამიტომ საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რას ითხოვს სკოლისგან, სკოლამ კი – მასწავლებლისგან და მოსწავლისაგან. სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას არა მხოლოდ დაგუგლვა უნდა შეეძლოს, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოიყენება მომავალი განვითარებისთვის.

არცთუ დიდი ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში  მოსწავლეებისთვის გამოცდებზე ინტერნეტის მოხმარების უფლება მოითხოვეს. ამან გარკვეულ  წრეებში, მათ შორის ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლებში დისკუსია გამოიწვია.

აი, ერთ-ერთი სიმპტომატური რეპლიკა: „რა სახალისო ამბავი იქნებოდა, გუგლის ყველა ინფორმაცია ყალბი ცნობებით რომ შეგვეცვალა. ნეტავი, ვინმე თუ შეამჩნევდა?“

ყალბი მონაცემების მასობრივი მოხვედრა საძიებო სისტემაში, ცხადია, არარეალურია და ისედაც, ინტერნეტის მომხმარებელს, რომელიც ყოველდღიურად ციფრული მედიის ეპოქით სუნთქავს, მოეთხოვება კიდეც ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

ბრიტანელი მარკ დოური, საგამოცდო საბჭოს წარმომადგენელი, ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება არსებობს, კლასში ყველას შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით. თანამედროვე სამყაროში აღარავინ ითხოვს ყველანაირი ინფორმაციის საკუთარ თავში „ჩაბეჭდვას“, მეტი მოთხოვნა სწორად დასმულ კითხვებსა და მიღებული პასუხების გააზრებაზეა.

მაშასადამე, ნელ-ნელა უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს კითხვის დასმის ხელოვნება მექანიკურად დამახსოვრებულ პასუხებზე მნიშვნელოვანია. თუ ბავშვს აზრად კითხვის დასმა მოუვიდა, ე.ი. შანსია, მან ახალი ცოდნა და უნარები შეიძინოს.

ვიცით კი, როგორ უნდა ვიმუშაოთ ბავშვთა კითხვებთან? ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი სასწავლო პროცესში მოსწავლის სასარგებლოდ?

რვა ათეული წლის წინ საფრანგეთის სამხრეთით, ალპებში, ცხოვრობდა მასწავლებელი სელესტენ ფრენე. ერთხელ მის გაკვეთილზე მოსწავლემ სამასხარაოდ და გაკვეთილის ჩასაშლელად ჯიბიდან მკვდარი ცხოველის თავის ქალა ამოიღო და იატაკზე დააგდო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელი გაბრაზებულიყო, გაუხარდა და ცელქ ბიჭუნას თხოვა ყველა ბავშვისთვის ეჩვენებინა ის, რაც მოიტანა. მას შემდეგ, რაც ბავშვებმა მკვდარი მღრღნელი დაათვალიერეს, მასწავლებელმა დაგეგმილ გაკვეთილს მიმართულება შეუცვალა და მოუყვა მღრღნელებზე, როგორც სახეობაზე, იმაზე – რა პირობებში სახლობენ, რით იკვებებიან და ა.შ.

ერთი შეხედვით, ამ ისტორიას არაფერი აქვს საერთო გულგთან. მაგრამ, სინამდვილეში, გუგლი თანამედროვე მოსწავლისთვის მკვდარი მღრღნელის ქალაა – ასეთივე ეპატაჟური და ნაყოფიერი. „მკვდარი მღრღნელის ქალა“ თქვენი მოსწავლის ჩანთაში უკვე დევს და მასწავლებელზეა დამოკიდებული, რაში გამოიყენებს მას მოსწავლე – გოგოების დასაშინებლად სასკოლო შესვენებაზე თუ ერთგვარ თვალსაჩინოებად ბიოლოგიის გაკვეთილზე. „ქალაში“ სმარტფონი იგულისხმება, უფრო გლობალურად კი ინტერნეტი, რომლის სიყვარულით თავის დროზე ბავშვებმა და მოზარდებმა ეზოში თამაშიც კი დათმეს.

თუკი ბავშვი რამეს გკითხავთ, მასწავლებელი ხართ თუ მშობელი, ეცადეთ, უპასუხოთ და ინტერნეტში დასაგუგლად არ გადაამისამართოთ, მაგრამ თუ მის კითხვას ვერ პასუხობთ, ე რ თ ა დ დაგუგლეთ. ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ დაგუგლვა, არამედ მიღებული ინფორმაციის გამოყენება და კითხვების დასმის კულტურა, რადგან, სადაც კითხვაა, იქ პასუხიც აუცილებლად მოიძებნება.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი