ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წიგნები, რომლებიც ფილმებად იქცნენ

წიგნი: კეტრინ სტოკეტიმოსამსახურე“ (2009)
ფილმის რეჟისორი ტეიტ ტეილორი (2011)

50 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი ოცნებობდა, რომ ერთ დღეს  მისი  შვილები იცხოვრებდნენ ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის,  არამედ  მათი ბუნების გამო განსჯიდნენ. ეს იყო ოცნება, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა.

ეიბილინი კი მის გაზრდილ ჩვიდმეტ თეთრკანიან ბავშვსა და რასიზმის გამო მოკლულ ერთადერთ შვილზე გვიყვება. ცდილობს გაგვაგებინოს, რას ნიშნავს, იყო ფერადკანიანი ქალი მისისიპიში, თანაც 60-იან წლებში. ამასობაში კიდევ ერთ ბავშვს ზრდის, მუდმივად უმეორებს იმას, რაც მისთვის არასდროს უთქვამთ – კეთილი ხარ, ჭკვიანი ხარ, მნიშვნელოვანი ხარ.

60-70-იანი წლები სისტემატური ზეწოლის პერიოდად ითვლება, როდესაც მოსახლეობა დაშინებული იყო მათი კანის ფერის გამო.  გაუპატიურება, ლინჩის წესი, სროლა, ცემა, დაწვა –  ეს ის მეთოდებია, რომლებსაც პოლიციაც კი იყენებდა ხალხის გასაკონტროლებლად.

„მოსამსახურის” სენტიმენტალურ ისტორიებს ხშირად  სამოქალაქო უფლებების ან ამერიკაში რასებს შორის ურთიერთობის სასწავლად იყენებენ,  როგორც ისტორიის ნაწყვეტს. ჯექსონის, ამერიკის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქის ცხოვრება, მთლიანად იპყრობს ადამიანების ყურადღებას. პერსონაჟებიც რეალური ადამიანებივით შემოდიან ჩვენს სივრცეში და თანდათან გასული საუკუნის 60-იანი წლების ატმოსფეროს ქმნიან.

ამასობაში 1965 წელს მარტინ ლუთერ კინგი საპროტესტო გამოსვლებს იწყებს. გზა სელმადან მონტგომერამდე სახიფათო, საშიში და დაბრკოლებებით სავსე იყო. არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვება ათასობით შავკანიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

კეთრის სტოკეტი თანასწორობისთვის ბრძოლაზე გვიყვება და გვაფრთხილებს, რომ თუ ვინმეს ეს ისტორიები ძარღვს არ შეუტოკებს, მინი ჯექსონის მიერ ჰილისთვის მირთმეული შოკოლადის ტორტი მისთვისაც დამსახურებული ყოფილა.

ერთ ოცნებას სამყაროს შეცვლა შეუძლია, ყოველი ჩვენგანი გაბმულია ერთ ბადეში და ყველაფერი, რაც ერთ ადამიანზე ახდენს გავლენას, სხვა ადამიანებსაც ეხებათ. არასდროს არის გვიან, დაიწყო ბრძოლა თანასწორობისთვის, რადგან ჭეშმარიტად ძლიერი მაშინ ხარ, როცა შეგიძლია გადადგა ნაბიჯი იმ დროსაც კი, როცა გზას ჯერ ვერ ხედავ.

განსხვავებები წიგნსა და მის ეკრანიზაციას შორის:

წიგნი: სკიტერი მის მირნას სვეტს წერს გაზეთისთვის. აგზავნის თავის მონაცემებს და მუშაობას მარტივად იწყებს.
ფილმი: ფილმში სკიტერი სამსახურს წინა უიღბლო მცდელობის მეშვეობით იწყებს. ის წარადგენს მისს სტეინის წერილს ნიუ-იორკიდან, სადაც წერია, რომ მას სამსახურის მისაღებად მეტი გამოცდილება სჭირდება.


წიგნი: სკიტერს რედაქტორი მას კვირაში 8 დოლარს სთავაზობს. სკიტერსს უფრო დიდ თანხაზე აქვს პრეტენზია. საბოლოოდ რედაქტორი მას კვირაში 10 დოლარზე დაითანხმებს.
ფილმი: ფილმში მას მხოლოდ 8 დოლარს სთავაზობენ კვირაში და დიდი სიამოვნებით თანხმდება.


წიგნი: სკიტერი დედას კონსტანტინის წასვლას გამო უპირისპირდება. ისინი ამის შესახებ საუბარს მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც მარტო რჩებიან.

ფილმი: ფილმში სკიტერი საოჯახო ვახშამზე ამის შესახებ იკითხავს და ყველა ეტყვის, რომ კონსტანტინმა ისინი მიატოვა.

 


წიგნი: ეიბილენი სკიტერსს უყვება, რომ მის შვილს უნდოდა მწერალი გამოსულიყო და დაეწერა წიგნი ფერადკანიან კაცზე, რომელიც თეთრკანიან კაცთან იწყებს მუშაობას. მის შვილს ინსპირაციად კი „უჩინარი კაცის” წაკითხვას ასახელებს.

ფილმი: სკიტერი თავად გადაწყვეტს დაწეროს წიგნი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს  ფერადკანიანი მოსამსახურეებისთვის თეთრკანიანების ოჯახებში მუშაობა.


წიგნი: სკიტერი მუდმივად ეკითხება ეიბილენს კონსტანტინის ამბავს. ეიბილენი კი უყვება, რომ საქმე კონსტანტინის ქალიშვილშია, რომლის მამაც თეთრკანიანია. სკიტერისთვის ეს შოკისმომგვრელი ინფორმაციაა, რადგან წიგნში მან საერთოდ არ იცის, ჰყავდა თუ არა შვილი კონსტანტინს.
ფილმი: კონსტანტინს ჰყავს ფერადკანიანი გოგონა სახელად რეიჩელი, რომელსაც სკიტერი და მისი ოჯახი კარგად იცნობდა და უყვარდა.

 

წიგნი: ეიბილენი სკიტერსს ურეკავს და ეუბნება, რომ მზადაა წიგნის დაწერაში დაეხმაროს, მიზეზად კი მის ჰილი მოჰყავს.
ფილმი: ეკლესიაში ქადაგების მოსმენის შემდეგ ეიბილინი სკიტერს წიგნის დაწერაში დახმარებას სთავაზობს. სკიტერი ეკითხება მას, რამ შეაცვლევინა აზრი, რაზეც ის პასუხობს: „ღმერთმა” პაუზის შემდეგ კი დაამატებს: „და მის ჰილიმ”.

 


წიგნი: სკიტერს ეიბილინისთვის წიგნები მოაქვს ბიბლიოთეკიდან.
ფილმი: ფილმში ეს ეპიზოდი ამოღებულია.


წიგნი: მინი 19 სამსახურიდან გამოუშვეს, იმიტომ რომ უხეში იყო.

ფილმი: ფილმში ის მხოლოდ ერთ სამსახურს კარგავს ჰილისთან.

წიგნი: შიშველი მამაკაცი სელიას სახლში შეღწევას ცდილობს. მინი კი მის შეშინებას ცოცხით ცდილობს. საბოლოოდ კაცი მინის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
ფილმი: ფილმში ძალადობის ეს სცენა ამოღებულია.

წიგნი: ჰილი სელიას წერილს უგზავნის, სადაც 200 დოლარს სთხოვს კაბისა და აფრიკაში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად. სელია ჰილის ეხმარება.

ფილმი: ფილმში წერილი საერთოდ არა არის ნახსენები. ჰილის სელიას ჩეკი მოსდის, რომელზეც შესაბამისი თანხაა დარიცხული.


წიგნი: სკიტერი კონსტანტინის შესახებ სიმართლეს ეიბილინისგან იგებს.

ფილმი: სკიტერს სიმართლეს დედა უყვება.


წიგნი: მის ფელანი კონსტანტინს დაბადების დღისთვის ჩიკაგოში ეპატიჟება. თუმცა ირკვევა, რომ ის გარდაცვლილია.

ფილმი: სკიტერის ძმა კონსტანტინის დასაბრუნებლად ჩიკაგოში ჩადის, თუმცა აღმოაჩენს, რომ კონსტანტინი მკვდარია.


წიგნი: როდესაც სელია ფოტე ლეფოლტის სახლში რეკავს, ეიბილინი მას მოახლედ მინის კანდიდატურას სთავაზობს.
ფილმი: ეიბილინი სელიას ეუბნება, რომ არცერთი მოსამსახურე თავისუფალი არ არის.


წიგნი: წიგნში ჰილი აღწერილია, როგორც მუქთმიანი, უბრალო შესახედაობის ქალი, რომელიც წონას ყოველწლიურად იმატებს. ეიბილინი მას აღწერს, როგორც საყვარელს, მომთმენსა და ყურადღებიან ქალს, რომელსაც უყვარს მისი ორი პატარა შვილი. მიუხედავად ბევრი უარყოფითი თვისებისა, ჰილი განსხვავდება ელიზაბეტისგან, რომელსაც შვილები საერთოდ არ ანაღვლებს.

ფილმი: ჰილი ფილმში სრულიად განსხვავებულია. არც მისი დამოკიდებულება ჩანს შვილებთან.

 

წიგნი: სკიტერი გადაწყვეტს, ეიბილინს დაეხმაროს მუშაობის დაწყებაში და რედაქტორს ეუბნება, რომ მის მირნას სვეტისთვის პასუხებს სწორედ ის უწერდა. რედაქტორი ეიბილინის სამსახურში აყვანას დათანხმდება, იმავე თანხაზე, რომელსაც ის სკიტერს უხდიდა.
ფილმი: ფილმში ეს ეპიზოდი ამოღებულია.


წიგნი: სკიტერი ეიბილინს და მინის ეუბნება, რომ გამომცემლობა წიგნის ახალ ტირაჟს გამოუშვებს და ისინი საკმაოდ დიდ თანხას მიიღებენ.
ფილმი: ფილმში ხაზგასმულია მხოლოდ ის, რომ წიგნს ბევრი მკითხველი ჰყავს.


წიგნი: მინი მეუღლის მხრიდან განხორციელებული მორიგი ძალადობის შემდეგ გადაწყვეტს, მეუღლე მიატოვოს. ამის შესახებ ეიბილინსაც უყვება, რომელიც არწმუნებს, რომ ის თანხა, რომელიც მათ წიგნის გაყიდვებიდან მიიღეს, საკმარისია დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, მითუმეტეს, რომ სელიას დახმარებით მას მუდმივი სამსახური აქვს გარანტირებული.

ფილმი: ქმრის მიერ ნაცემ მინის სელია დაარწმუნებს, რომ მოძალადე უნდა მაიტოვოს.

 

როგორც ხედავთ, წიგნის ადაპტირების დროს რეჟისორს და სცენარისტს ძირეული ცვლილებები არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, ფილმი რომანის თითქმის სრული ანალოგიაა. ერთადერთი ცვლილება პერსონაჟებს შეეხო, მათი ისტორიების დიდი ნაწილი ეკრანს მიღმა დარჩა, თუმცა ეს ფილმს არ აკნინებს. მეტიც ამერიკაში ეს წიგნი სკოლებში სამოქალაქო უფლებებისა და რასებს შორის ურთიერთობის სასწავლად გამოიყენება, რადგან კეტრინ სტოკეტის ხელწერა მისაღებია და ასევე, მასწავლებლისთვის იოლია უკვე ახლობელი, ოსკარის მფლობელი ფილმის წარდგენა მოსწავლეებისათვის.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი