სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

პოეზიის აფთიაქი: „ახლა კი ვიცი, სადაც ხარ….“

სამად გაშლილა ის ერთი:

ვარსკვლავად, ბულბულვარდადო,

თქვენ ერთმანეთი რადგანაც

ამქვეყნად შეგიყვარდათო”.

აკაკი

 

„პოეზიის აფთიაქის“ აბებს ასეც ვამოწმებ ხოლმე: რომელიმე ლექსის სტროფიდან კითხვას დავსვამ და პასუხებიდან ვხვდები, როგორ მოქმედებს მკითხველზე ესა თუ ის ფრაზა ან ლექსი. ბუნებრივია, ამ დროს მეც განსაკუთრებულად ვფიქრობ იმ შეკითხვაზე, რომელიც დავსვი და საკუთარ თავთან ერთად სხვების ინტერპრეტაციებსაც სიამოვნებით ვეცნობი.

ეს ლექსი კი, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, ალბათ ყველამ იცით ან სიმღერად მაინც მოგისმენიათ. ეს გახლავთ აკაკი წერეთლის „სულიკო“, რომელიც 1895 წელს დაიბეჭდა  და თავად ავტორს უთხოვია ვარინკა წერეთლისთვის, სასიმღერო ჰანგი შეერჩია მისთვის; ამბობენ, სულიკო თავად ვარინკააო (ბავშვობაში მას სულიკოს ეძახდნენ თურმე….), ერთია, ლექსის რეალური საფუძველი და მიძღვნა და სხვაა ის მეტაფორულ-სიმბოლური სახე, რომელიც „სულიკოში“ ჩაიტვირთა და საინტერესო გახადა ეს ტექსტი – „დაკარგული სატრფოს“ ძებნის იდეა.

თქვენც, მკითხველო, ალბათ გიფიქრიათ, მაინც ვინ არის ეს სულიკო? – სატრფოა, სამშობლოა, ქალია, კაცია, ცოცხალია თუ მკვდარი? და თუ მკვდარია, როგორც ეს ლექსიდანაც ირკვევა, მაშ, სადღა და რატომღა დაეძებს მას ავტორი?

სულიკო დაკარგულია….

ამ ლექსში სამშობლოს იდეისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სიყვარულის ყოვლისმომცველი ბუნება კი ნამდვილად გამოხატა და ახსნა პოეტმა მეტაფორული სახეებით. კითხვა კი, რომელიც ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე დავსვი, შემდეგში მდგომარეობდა:  „თქვენი აზრით, რას ნიშნავს „სულიკოს“ ფინალში პოეტის სიტყვები:

„ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,

სამგან გაქვს ბინა, სულიკო“.

აქვე უნდა გავიხსენო, რომ დიდი დავა იყო ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში აკაკის „სამების“ ქრისტიანულ სამებასთან კავშირის შესახებ. ზოგი თვლიდა, რომ ეს მკრეხელობა იყო პოეტის მხრიდან, ზოგი კი მაინც ადასტურებდა ქრისტიანულ სამებასთან კავშირს.

ერთი ცნობილი ლიტერატორი წერდა:  „სულიკოში“ არც სამშობლო, მით უმეტეს, არც ქრისტიანული სამება არ უნდა იგულისხმებოდეს. ვარდ-ბულბულ-ვარსკვლავად სამების წარმოსახვა ღვთის განდიდებისკენ კი არა, უფრო მკრეხელობისკენ იზრდება. ამგვარი სიმბოლო-ალეგორიები ბევრად გვიანდელი ხანის მოდაა, ურწმუნო საუკუნის ნაყოფია, მაშინდელ საქართველოში ყოვლად არააღქმადი და, ამდენად, ყოვლად გაუმართლებელი. საერთოდ არ ვიცი, ამგვარ ალეგორიებს ან დღეს რა მხატვრული მიზანი და გამართლება შეიძლება ჰქონდეს“.

ლიტერატურათმცოდნეები საუბრობდნენ აკაკის „სულიკოსა“ და ვაჟას ლექსის „სამეფო სიყვარულისა“ – ფარულ კავშირზეც. მაგალითად, ამ სტრიქონებზე:

„სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,

შემოვიარე მთელი ქვეყანა,

მე კი ვიძახდი: სატრფოვ, სადა ხარ?

რად არ მიჩვენებ შენსა სახესა?“

(ვაჟა, „სამეფო სიყვარულისა“)

ესეც აკაკი:

„საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…

გულამოსკვნილი ვჩიოდი:

“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ერთი იდეა შესაძლოა, ზოგჯერ ასე იდენტურადაც გამოიხატებოდეს – როგორც აკაკის და ვაჟას ამ ლექსების შემთხვევაში.

ჩვენ კი ისევ ჩვენს კითხვას დავუბრუნდეთ და ვუპასუხოთ ყოველგვარი დოგმების გათვალისწინების გარეშე, რადგან დოგმები ჩარჩოში სვამს პოეზიას, რომელიც თავისი არსით მხოლოდ საზღვრებიდან გასვლაა. ამიტომაც ვთვლი, რომ ლექსის ნებისმიერი ინტერპრეტაცია საინტერესოა და არავინ არ იცის, რას ფიქრობდა ავტორი და თუნდაც იცოდეს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ ცოდნას მაშინ, როდესაც თავად რჩები პირისპირ ტექსტთან.

ახლა უცვლელად გადმოვიტან ჩემს კითხვაზე ზოგიერთ პასუხს:

თამაზ გაბისონია: ოკამის სამართებლის პირის თანახმად, სამებაა, „სამად გაშლილა ის ერთი“… „თქვენ ერთმანეთი… რადგანაც შეგიყვარდათო“. პოეტი დაკარგულ ღმერთს ეძებს და სამების სამ ანგელოზში პოულობს, რომლებიც მშვენიერების, სიამოვნების და სიბრძნის სახეებით ვლინდება და პოეტიც მშვიდდება.

ირინა მაჭარაშვილი : ძიების თავისებურებებიდან გამომდინარე (ქვემოდან – ზემოთ, ზემოდან – ქვემოთ, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად), დაკარგული ღმერთის ძიებაა. თუ ფინალსაც გავითვალისწინებთ, „ისევ გამეხსნა სიცოცხლე“, – ხელმეორედ დაბადება. მოკლედ, ღმერთი ადამიანის გულშია, სულსა და გონებაში.

ლაშა მურუსიძე : მამული, ენა სარწმუნოება… მამული – ვარდი (სავარდო და სამაისო…)  ენა – ბულბული (ბულბულის გალობასავით ტკბილია ქართული ენაო…), სარწმუნოება – ვარსკვლავი (ზეციურია მაინც) J

მამა გიორგი ცქიტიშვილი: საფლავი სიმბოლოა არაფრისა. არაფრის, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს, სიცარიელე, რომელიც გვავსებს. არაფერი, რომელიც არსებობაზე მეტია.

ამ მეტაფიზიკური ყოვლის შემავსებელი არაფრის ძიებაა ეს ლექსი, რომელიც ქვეცნობიერშია დაფარული (ეკალში ვარდად), ქვეცნობიერის გამოვლინებაში დაფარულად ვლინდება (ფოთლებში მიმალულ ბულბულად) და ცნობიერში განმტკიცდება, გადამოწმდება და ვლინდება (როგორც ვარსკვლავი, რომელსაც ნათება აქვს, მაგრამ მისი არ არის;  ისევ არაფრიდან მოსული სინათლეა, რომელიც ჩემი ნათელი ხდება). ამ სამის ერთობით, როგორც გამუდმებული პროცესისა… გადმოდინებაა „საყვარლის საფლავი“ ჩემში, როგორც გამოვლენილში – ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდად.

სამადაშვილი ამ არაფრიდან ყოველივეს გადმოდინებაზე ასე წერს: „შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი“. ამ „საყდრის ჩიტს“ დასტირის, რომ ვერ უფრთხილდება და წუთისოფლის დინებას ატანს… (ნუ… ჩემი ამწამიერი ხედვით, რომელიც ცვალებადია უამრავი ფაქტორით დროში…)

„ახლა კი ვიცი, სადაც ხარ… სამგან გაქვს ბინა, სულიკო…“

ახლა კი კითხვა თქვენთვის: ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ აღმოაჩინეთ, სადა აქვს ბინა თქვენს სიყვარულს…?

ჩემს პასუხსაც დავწერ, რომ არ გეგონოთ, რომ თავს ვარიდებ:

ვფიქრობ, რომ აკაკი სიყვარულის მოუხელთებელ ბუნებას გადმოსცემს და მას ყველგან ხვდება, სადაც ეძებს… კიდევ ვფიქრობ, რომ საკრალური „სამი“, უბრალოდ, სიმბოლურია, ის შეიძლება ყოფილიყო შვიდიც და ცხრაც… უბრალოდ, სიმარტივისთვის, და კიდევ იმისთვის, რომ თითოეულ მეტაფორასთან ადამიანის განსხვავებული აღქმებია დაკავშირებული. მაგალითად, ბულბული – სმენას უკავშირდება, ვარდი – სურნელს და ვარსკვლავი – ხედვას… ანუ მეცნიერების ენაზე თუ ვიტყვით: აუდიალური, კინესთეტიკური და ვიზუალური არხები… სრულიად გაშლილი და გაფანტული სამყაროში და როდესაც ასე აღიქვამ სამყაროს, სატრფოს, მაშინ ენა უძლურია, ლინგვისტიკად, სიტყვებად აქციოს ეს ყველაფერი… სწორედ ამიტომ წერს პოეტი:
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,

ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,

და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,

ვერ გამომითქვამს ენითა!

 

ამის შემდეგ მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ: „გემრიელად მიირთვით“ ეს აბი… „წამლად გექცეთ“…

ქვემოთ კი „სულიკოს“ სრული ვერსიაა და ერთხელ კიდევ გადაიკითხეთ!

 

სულიკო

 

საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…

გულამოსკვნილი ვჩიოდი:

„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
ეკალში ვარდი შევნიშნე,

ობლად რომ ამოსულიყო;

გულის ფანცქალით ვკითხავდი:

„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ნიშნად თანხმობის კოკობი

შეირხა… თავი დახარა,

ცვარ-მარგალიტი ციური

დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული

ფოთლებში მიმალულიყო;

მივეხმატკბილე ჩიტუნას:

„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეიფრთქიალა მგოსანმა,

ყვავილს ნისკარტი შეახო,

ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,

თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,

სხივები გადმოსულიყო;

მას შევეკითხე შეფრქვევით:

„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
დასტური მომცა ციმციმით,

სხივები გადმომაყარა

და იმ დროს ყურში ჩურჩულით

ნიავმაც ასე მახარა:
„ეგ არის, რასაც ეძებდი,

მორჩი და მოისვენეო!

დღე დაიღამე აწ ტკბილად

და ღამე გაითენეო!
სამად გაშლილა ის ერთი:

ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,

თქვენ ერთმანეთი რადგანაც

ამქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებ

საყვარლის კუბო-სამარეს,

აღარც შევჩივი ქვეყანას,

აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,

ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,

და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,

ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,

დღემდი რომ მწარედ კრულიყო,

ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,

სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი