ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბავშვთა შრომის წინააღმდეგ

რვა წლის გოგონას დედა რკინიგზის სადგურთან მოწყალებას ითხოვს, გოგონა  კი მიწის ქვეშ მეტროს ვაგონიდან ვაგონში მოხერხებულად გადაადგილდება და ხურდა ფულს აგროვებს. გოგონას  მშობლები თბილისში იმერეთიდან ჩამოვიდნენ და ერთ-ერთ გარეუბანში ქირით დასახლდნენ. გოგონამ წერა-კითხვა არ იცის. მხოლოდ რამდენიმე ასოს ცნობს. დედა ჰპირდება, რომ მალე სკოლაში წაიყვანს. ბავშვის თქმით, მეტრო რომ არა, „ვინ რას მოუტანდა“.

ჩვენი დიალოგი ვერ ეწყობა. ბავშვი ეჭვით მიყურებს, თან ბაქანზე ჩამომწკრივებულ მგზავრებს დაჟინებით ათვალიერებს. თუ დილის ათი საათიდან სამამდე ხუთ ლარზე მეტი შეაგროვა, დედა შეაქებს. თუ არადა, სამუშაო დღე საღამომდე გაიწელება და სახლში დაბრუნებული ეზოს ბავშვებთან ერთად თამაშსაც ვერ მოასწრებს. ნატალია ფულს მეც მთხოვს. რომ არ ვაძლევ, ენას მიყოფს და ისე სწრაფად უჩინარდება ვაგონში, თითქოს ფანტომი იყოს.

ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვთა 4.2%-ია ჩართული. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით კი, ბავშვთა შრომა გაცილებით მასშტაბური ხასიათისაა – მისი არამიზნობრივად გამოყენება ქვეყანაში 20 პროცენტს აღემატება.

ეროვნული კვლევა არ ასახავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობას და სტატისტიკას. არადა, სწორედ ამ ბავშვთა ჯგუფია ყველაზე ღია შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი.

მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ბავშვთა შრომა აზიანებს ბავშვს, საფრთხეს უქმნის მის კეთილდღეობას, განვითარებას, მომავალს.

საქართველოში კი ხშირია ბავშვთა შრომის გამოყენების ფაქტები როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, რის გამოც ბავშვებს სკოლის გაცდენა, ჩამორჩენა, სწავლისთვის თავის დანებება უწევთ. სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ 2016 წელს სკოლა, შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო, არც მეტმა და არც ნაკლებმა, 1165-მა ბავშვმა მიატოვა.

ბავშვთა შრომის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვთა 10,56 % ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოს ასრულებს. 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 7,2% კვირაში 14-დან 43 საათამდე მუშაობს, 0,5% კი – კვირაში 43 საათზე მეტს! რაც უფრო ბევრ საათს მუშაობენ ბავშვები, მით უფრო ნაკლებად ესწრებიან გაკვეთილებს.

ბავშვთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს ბავშვების დაცვას შრომის სახიფათო ფორმებისა და ექსპლუატაციისგან. საქართველოში მცხოვრები ბავშვი დაუცველია არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საფრთხეებისგანაც. 2016 წლის ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა გვამცნობს, რომ ბავშვებისთვის დამაზიანებელ შრომით საქმიანობაში საქართველოში 24 ათასი ბავშვია ჩართული, 64% სახიფათო შრომით საქმიანობას ასრულებს.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ბავშვებისა და ახალგაზრდობის კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამოვიკითხეთ: „საგანგაშო ვითარებაა გურიისა და აჭარაში.  არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში 2015 წელს თურქეთში უკანონო მიგრაციის თემაზე გამოიკითხა 17-დან 22-წლამდე 223 მოზარდი. მათი 99% არასრულწლოვანების პერიოდში ჩაბმული იყო უკანონო შრომით მიგრაციაში.

ჩაის და ციტრუსის პლანტაციებში სამუშაოდ საზღვრის გადაკვეთას ბავშვები ძირითადად  15-17 წლის ასაკიდან იწყებენ, თუმცა მცირე პროცენტი ამ საქმიანობაში 12 წლის ასაკიდანაც ჩართულია. მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მშობლის თანხმობა ან საზღვარზე მშობლის თანხლების გარეშე გადადის. მუშაობის პერიოდში მათგან მხოლოდ ორს გაუფორმეს ხელშეკრულება. ხუთმა მოზარდმა აღიარა, რომ შრომითი მიგრაციის დროს მათ მიმართ განხორციელდა სქესობრივი ძალადობა“.

საქართველოს ბავშვებისა და ახალგაზრდობის კოალიციამ მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბავშვთა შრომის გამო გაეძლიერებინა განათლების მიტოვების პრევენცია და აღრიცხვიანობა. ასევე, მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სხვა პასუხისმგებელ ორგანოს, რეაგირება მოეხდინა შრომითი ექსპლოატაციის შემთხვევებზე, გაამკაცრებინა უკანონო შრომითი მიგრაციისა და ბავშვთა ტრეფიკინგის აღმოფხვრის ღონისძიებები. ხაზი გაესვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას – უზრუნველყოს ბავშვთა დაცვა შრომის უკიდურესი და საფრთხის შემცველი ფორმებისაგან, განახორციელოს ბავშვთა შრომის მონიტორინგი და ძალადობისგან დაცვა.

კოალიციის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა და ადვოკატირების სტრატეგიებიც განსაზღვრა. წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები შეთანხმებულად იმუშავებენ ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის რეფორმის მიღმა დარჩენილ ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვებზე, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების დღის ცენტრების განვითარებაზე, სოციალური სამსახურის რეფორმის მხარდაჭერაზე, ბავშვთა ექსპლუატაციის საკითხებზე  ქუჩაში და სხვ.

ანდრო დადიანი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ თავმჯდომარე და  საქართველოს ბავშვებისა და ახალგაზრდობის კოალიციის საბჭოს წევრი დარწმუნებულია,  რომ უახლოეს მომავალში აუცილებელია, პარლამენტმა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ბავშვთა შრომის მიმართულებით გაერო-ის ბავშვთა უფლებებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების შესაბამისად.

ბატონო ანდრო, ბავშვთა შრომაში უმეტესად ერთვებიან ეკონომიკურად მოწყვლადი ოჯახები და მათი შვილები. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით?

– ბავშვთა კეთილდღეობისათვის მომსახურებების უზრუნველყოფის ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მან უნდა გახადოს სოციალური სისტემა უფრო მოქნილი და მგრძნობიარე. არ უნდა ხდებოდეს ბავშვის განათლების სისტემიდან მოწყვეტა, მით უფრო, რომ შრომა აზარალებს ბავშვის კონსტიტუციურ უფლებას – მიიღოს განათლება.

როდესაც ამ კვლევის შედეგები გაცხადდა, მთავრობასთან კომუნიკაციაც გვქონდა. გვინდოდა, დაგვეფიქრებინა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ მიგვიღია.

სამწუხაროდ, სისტემა, რომელიც ბავშვს შრომითი ექსპლუატაციისგან და ტრეფიკინგისგან უნდა იცავდეს, ხშირად ხელს უწყობს ამაში. მაგალითად, მასწავლებელი, რომელმაც იცის, რომ ბავშვი თხილის და ჩაის საკრეფად გაყვანილია უცხოეთში, ამის გამო „არებს“ არ წერს.  მალავს ფაქტს. არადა, მასწავლებლის პირდაპირი ვალდებულებაა ასეთი შემთხვევები გაახმოვანოს სოციალურ სამსახურთან. მასწავლებელი მშობლების გამართლებას ცდილობენ და მათ „მდგომარეობაში შედიან“. ესეც გასაგებია, მაგრამ ზრდასრული ადამიანი გაჭირვებას ბავშვის განვითარების ხარჯზე არ უნდა უმკლავდებოდეს.

ჩვენი კანონმდებლობით კონკრეტულად არ განიმარტება ბავშვთა სახიფათო სამუშაოს სახეები. გამოდის, რომ ბავშვს შეიძლება, ვაიძულოთ მუშაობა შეურაცხყოფის, ძალადობის ქვეშ ან სხვა საფრთხეების პირობებში, ოჯახშიც, ქუჩაშიც.   

– საქართველოში ბავშვთა შრომად არ განიხილება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიერ მოწყალების თხოვნა ან შემოსავლის მისაღებად ვაჭრობა. ჩვენ არც ის ვიცით, სტატისტიკურად რამდენი შშმ ბავშვია ჩართული იმ შრომით საქმიანობაში, რომელიც მათი განათლების უფლებას ლახავს.

 

მნიშვნელოვანია, შრომის თავისუფლების მუხლში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის უფლება, დაცული იყოს შრომის, შრომითი და ეკონომიკური ექსპლუატაციისგან.

 

ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობაა აჭარასა და გურიაში. თურქეთში პლანტაციებში მომუშავე ბავშვთა მრავლესობა დღეში 9 და უფრო მეტ საათს მუშაობს.

– უცხოეთში ბავშვების შრომის პრაქტიკა რეალურია, მაგრამ სახელმწიფო ამას სისტემურად უგულებელყოფს. აჭარის სასაზღვრო რაიონებიდან ბევრი ოჯახი გადის სარჩოს საშოვნელად. ეს ყველაფერი კანონს მიღმა ხდება. ბავშვებს სამუშაოდ იმიტომ ქირაობენ, რომ მათი შრომის პროდუქტიულობა უფროსების იდენტურია, შრომის თვითღირებულება კი – უფრო დაბალი. ეს შრომა არალეგალურია. ასეთი შრომა ბავშვს ართმევს ბავშვობას, აზიანებს მის პოტენციალს, ღირსებას.

ბავშვს, განათლების სისტემაში ჩართულობით, მისივე მშობლებისგან განსხვავებით, შანსი აქვს, განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდეს. თუმცა ჩვენ თვითონვე ვართმევთ ამის შესაძლებლობას.

რაც შეეხება ქუჩაში მომუშავე ბავშვებს, უფრო სოციალური გაჭირვების პრობლემას კი არ ვხედავ, არამედ იმას, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. თუ მშობელი ბავშვს  ყურადღებას არ აქცევს, ეს უკვე ძალადობაა. მშობელს შეიძლება უჭირდეს, მაგრამ ბავშვს ფულის საშოვნელად გარეთ არ უშვებდეს. ამაზე პოლიციაც არ რეაგირებს, არ იღებს შესაბამის ზომებს. პოლიცია უნდა ერეოდეს ასეთ საქმეში, ურეკავდეს სოციალურ სამსახურს, რის შემდეგაც სოციალურმა მუშაკმა უნდა გაიცნოს ბავშვი, მშობელი, გახსნას საქმე, დაიწყო შესწავლა, თუ რატომ მათხოვრობენ ბავშვი და დედა, რატომ არ დადის ბავშვი სკოლაში და სხვ. სოციალურმა მუშაკმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ბავშვი არ მათხოვრობდეს. ამისათვის უნდა არსებობდეს დღის ცენტრები, კვების ვაუჩერები, დახმარების სხვადასხვა მექანიზმი.

თუ მშობელი მიზანმიმართულად ამათხოვრებს ბავშვს, მაშინ რა ხდება?

– მაშინ სხვა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სხვანაირად ერევა სახელმწიფო და იღებს ვალდებულებას დაიცვას ბავშვი ძალადობისგან – პოულობს მისთვის სხვა ოჯახს, რომელიც ბავშვზე იზრუნებს, მიაღებინებს განათლებას. ჩვენი სისტემა კი ამას დაგვიანებულად აკეთებს. ხშირად ბავშვთა დღის ცენტრები, თავშესაფრები შეზღუდულია, შესაბამისი პროცედურები კი – დროში გაწელილი.

მნიშვნელოვანია ქუჩის ბავშვების დაცვის შესახებ პატრულის ცნობიერების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს კოორდინაციას სამართალდამცავ ორგანოებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ადეკვატური და დროული რეაგირებისთვის.

 

***

სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების კონვენციის განხორციელების შესახებ მეოთხე პერიოდული ანგარიშში (2017 წელი) აღნიშნულია: „ხალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ კვლევის მიხედვით, არასრულწლოვნები ზაფხულში საქართველოდან მიდიან თურქეთში სეზონური სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ყოველი მომდევნო ვიზიტის დროს, შრომითი მიგრაცია სულ უფრო ხშირად სკოლის გაცდენის ხარჯზე ხდება.

არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაცია თურქეთში 15-17 წლის ასაკში ხდება. პირველი ვიზიტის დროს, როგორც წესი, არასრულწლოვნები საზღვარს მშობელთან ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ.

თურქეთის სანაპირო ქალაქები – ორდუ და რიზე მეტ-ნაკლებად ახლოს მდებარეობს საქართველოსთან. არასრულწლოვნები, როგორც წესი, ამ ქალაქებში მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. უფრო ხშირად, არასრულწლოვნები იქ 3-4 კვირის განმავლობაში მუშაობენ. არასრულწლოვანთა 35% მიღებულ გასამრჯელოს საკუთარი თავისთვის იყენებს, 42%ოჯახისთვის, ხოლო 22%როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ოჯახისთვის“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი