პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პედაგოგის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და მისი შენარჩუნების გზები

ნებისმიერი პროფესიის ადამიანის საქმიანობის ეფექტიანობა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია მის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს, როცა საქმე პედაგოგის პროფესიას ეხება. პედაგოგის  ჯანმრთელობა თანამედროვე სკოლის ეფექტიანად მუშაობის საფუძველი  და ამასთან, მისი სტრატეგიული პრობლემაცაა. ბევრი სხვა პროფესიის ადამიანისაგან განსხვავებით, პედაგოგები გამოირჩევიან უკიდურესად დაბალი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლებით. ვფიქრობ, ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან, პედაგოგის ემოციური დაძაბულობის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე მენეჯერების და ბანკირების, გენერალური დირექტორების და ასოციაციების პრეზიდენტების, ანუ იმ ადამიანების, რომლებსაც, პედაგოგის მსგავსად, უშუალოდ ადამიანებთან უწევთ მუშაობა. ამასთან, პედაგოგის პროფესიისთვის დამახასიათებელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნევროზების მიმართ მიდრეკილება და რაც ყველაზე სახიფათო და საგანგაშოა, პედაგოგი სერიოზულად დგას პროფესიული გადაწვის, გამოფიტვის  სერიოზული საფრთხის წინაშე. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პედაგოგი, როგორი განათლებული და როგორი მაღალი კატეგორიის მატარებელიც არ უნდა იყოს ის და რამდენი ტრენინგიც არ უნდა ჰქონდეს გავლილი, საეჭვოა, რომ ეფექტიანად და ხარისხიანად  ახერხებდეს თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და მაღალი შედეგების მიღწევას სასწავლო პროცესში. ამდენად, პედაგოგის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნება, უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პედაგოგის პროფესიული საქმიანობის მართვა და კონტროლი ევალება.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ პრობლემის დაძლევის, საუკეთესო შემთხვევაში კი – თავიდან აცილების უმოკლეს გზას მისი გამომწვევი მიზეზების პოვნა და გამოვლენა წარმოადგენს. ამდენად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმ ფაქტორებზე საუბარი, რომელიც საფრთხეს უქმნის პედაგოგის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, ემოციური გამოფიტვის და პროფესიული გადაწვის საფრთხის წინაშე აყენებს მას:

  • პედაგოგის საქმიანობა დაკავშირებულია მთელ რიგ დაძაბულ სიტუაციებთან. კონტაქტების დიდი რაოდენობა სამუშაო დღის განმავლობაში მას სტრესულ სიტუაციებში ხშირად მოხვედრის სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სწავლების პროცესში ბავშვები არცთუ იშვიათად არღვევენ დისციპლინას, ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს, როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან, რაზეც პასუხისმგებლობა, როგორც წესი, პედაგოგს ეკისრება. პროფესიული ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ასევე ხშირად არის დაკავშირებული კონფლიქტებთან, რომლებიც სხვადასხვა დავალებებით დატვირთვისა და უზომო კონტროლის გამო ჩნდება. ყოველთვის ვერ ხერხდება საერთო ენის გამონახვა მშობლებთან ბავშვის სწავლისა და ქცევის საკითხებთან დაკავშირებით. ბევრი პედაგოგი ასეთ სიტუაციებში მოხვედრისას, მუდმივად განიცდის ძლიერ სტრესს, რომელიც დაკავშირებულია საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრასთან. კარგად არის ცნობილი, თუ რა გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე ხანგრძლივი სტრესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ემოციების გამოხატვისგან მუდმივად თავის შეკავება უწევს. ასეთ დროს იზრდება შინაგანი ემოციური დაძაბულობა, რაც გამანადგურებლად მოქმედებს პედაგოგის, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ყოველივე ეს კი მისი პროფესიული გადაწვის და ემოციური გამოფიტვის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ჰიპერტონია, ასთმა, კუჭის წყლული, ნევროზი დღეს პედაგოგთა პროფესიული დაავადებების რიგში მოიაზრება;
  • პედაგოგისთვის, პროფესიული საქმიანობის პროცესში, ფიზიკური და ემოციური გადაღლის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე მხედველობითი, სმენითი და სამეტყველო აპარატის დიდი დატვირთვა, მუდმივად „ფორმაში“ ყოფნის აუცილებლობა, მოსწავლეების და კლასების შერჩევის შეუძლებლობა, ემოციური განმუხტვის პირობების არარსებობა; მუდმივად გარეგანი და შინაგანი კონტროლის რეჟიმში მუშაობა;
  • დღევანდელ პირობებში, პედაგოგის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის, სერიოზული საფრთხის მატარებელია მისი ყოველდღიური საგაკვეთილო დატვირთვა. სისტემატიურად 5-6, ხანდახან კი 7 გაკვეთილის ჩატარება დიდი ფიზიკური და ფსიქიკური რესურსების დახარჯვას მოითხოვს. ამას ემატება დამატებითი შემოსავლის მისაღებად და საარსებო მინიმუმით უზრუნველსაყოფად, სამსახურის შემდეგ დამატებითი, კერძო გაკვეთილების ჩატარება, მეორე დღისთვის მომზადება და კრედიტქულების მისაღებად საჭირო ღონისძიებების  დაგეგმვაზე ზრუნვა და ფიქრი. ყოველივე ამის შემდეგ, ვფიქრობ ადვილი არ იქნება დახარჯული ენერგიის აღდგენა მომდევნო დღისთვის, რის გამოც პედაგოგში მატულობს შფოთვის, გაღიზიანების, დაძაბულობის დონე, ის ხდება დეპრესიული, აპათიური. ყოველივე ეს კი ემოციური გამოფიტვისა და პროფესიული გადაწვის წინაპირობაა. ქვეითდება შრომის ნაყოფიერება, თავს იჩენს პროფესიული საქმიანობით დაუკმაყოფილებლობა, სამუშაოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება, ახალი პედაგოგიკის მიუღებლობა, კონსერვატიზმი;
  • პედაგოგის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანია მუდმივად ცვალებად გარემოში არსებობა და საქმიანობა, დაუცველობის განცდა, მომავლის შიში; მოულოდნელი, ფსიქოლოგიურად მიუღებელი ბრძანებები, განკარგულებები, დავალებების სიჭარბე და ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო დროის არარსებობა, დაბალი ხელფასი და სამსახურის დაკარგვის მუდმივი შიში; იმედგაცრუება, რომელიც გამოიწვიეს ადამიანებმა, საქმემ, მიდგომებმა და განწყობებმა, ყველაფერმა, რისიც ადრე სჯეროდა; პედაგოგის პროფესიის დაბალი სოციალურ-ფსიქოლოგიური სტატუსი, საკუთარი თავით და არჩეული პროფესიით იმედგაცრუება, თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის პირობების არარსებობა.

რეკომენდაციები პედაგოგის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:

  • ვინაიდან ყველა იმ საქმის გაკეთება, რაც ჩვენ გვსურს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ხშირად შეუძლებელი ხდება, გამოვკვეთოთ პრიორიტეტები და შევეცადოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრას;
  • გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან პროფესიული საქმიანობა და პირადი ცხოვრება, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ სამუშაო შევასრულოთ  სამსახურში და არა სახლში;
  • გავითვალისწინოთ, რომ საქმიანობების ცვლილება და ერთფეროვნებისთვის თავის დაღწევა ემოციური დაძაბულობის მოხსნის კარგ საშუალებას წარმოადგენს;
  • შევეცადოთ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოში ვიპოვოთ მეტი დადებითი და სიამოვნება მივიღოთ მისგან;
  • გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ძილი ჩვენი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. უძილობამ შეიძლება ნერვულ აფეთქებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ, შეძლებისდაგვარად დავიცვათ ძილის რეჟიმი;
  • მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას, ის აუცილებლად გვიკარნახებს, რა ღონისძიებაში არ ღირს მონაწილეობის მიღება და რა საქმეზე ვთქვათ უარი სტრესის თავიდან ასაცილებლად;
  • ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, პრინციპით „აქ და ახლა“, ნუ დავიწყებთ მოთქმას წარსულზე და წუხილს იმაზე, თუ რა იქნება ხვალ;
  • მეტი ვიფიქროთ ცხოვრების ნათელ, მხიარულ და არა სევდიან მხარეზე, ვინაიდან ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიცაა ჩვენი აზრები მის შესახებ;
  • ვისწავლოთ მოდუნება და ზედმეტი დაძაბვისაგან განთავისუფლება. გვახსოვდეს, რომ ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა გადაღლის მთავარი მიზეზია. დავისვენოთ მანამდე, სანამ დაღლილობის გრძნობა დაგვეუფლება;
  • მივუდგეთ საკუთარ თავს და სიტუაციას იუმორით. იუმორი სტრესისაგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ის გვეხმარება, რომ მოვლენა, რომელიც გვაღელვებს და გვანერვიულებს, აღვიქვათ როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომელიც არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას და მით უმეტეს ნერვიულობას;
  • გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობა თვითმიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ პირობაა ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად ოჯახსა და სამსახურში.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ პედაგოგის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ბევრად განსაზღვრავს აღსაზრდელთა ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს. ამიტომ, შევეცადოთ შევინარჩუნოთ ემოციური მდგრადობა და სიმშვიდე დაძაბულ პროფესიულ სიტუაციებში. ეს, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს. გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელს უწყობს პიროვნული რესურსების აქტუალიზებას, საკუთარი საქმით სიხარულის განცდას და, რაც მთავარია, ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებას და მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი