პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მშვენიერების არსი ,,განდეგილში“

,,განდეგილის“ შესწავლას რომ ვიწყებთ, ყოველთვის ვეუბნები მოსწავლეებს, რომ საოცარი ბედის ნაწარმოებია: უღმერთობისა და ,,ღმერთის დაბრუნების“  ხანაშიც ერთნაირი წარმატებით ისწავლებოდა. ვისაც როგორ უნდოდა, ისე იგებდა და ისე აჯერებდა სხვასაც. დღემდე უამრავი წერილი დაწერილა და იწერება დღემდე.

მოსწავლეებს ადვილად უყვარდებათ „განდეგილი“  და ლიტერატორ – კრიტიკოსებივით ისინიც სხვადასხვა მხრიდან უტრიალებენ და საკამათო არ ელევათ.

ამ წერილში პოემასთან დაკავშირებულ მარადიულ კითხვას – რამ დაღუპა განდეგილი? – თავს ავარიდებ და უშუალოდ ვისაუბრებ მშვენიერების არსზე ამ ნაწარმოებში. ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ასპექტზე ყურადღება გავამახვილებინოთ მოსწავლეებსაც, რადგან მთელი პოემის განმავლობაში ეს ცნება დომინირებს.

შეგვიძლია ეს თემა სამ ძირითად ასპექტად დავყოთ ნაწარმოების მიხედვით:

  • მშვენიერება- წუთისოფლის ერთ-ერთი საცდური;
  • მშვენიერება – მზე;
  • მშვენიერება – ქალი;

როცა ილია განდეგილზე იწყებს საუბარს, უპირველესად გვიხსნის მიზეზებს, თუ რატომ აირჩია განდეგილობა. გვაცნობს თავად ბერის შეხედულებას წუთისოფელზე – მისთვის ეს ცხოვრება ცოდვის სადგური და ბოროტების სამეფოა, რომელშიც მუდამ განსაცდელი ელოდება ეშმაკისაგან თითოეულ ადამიანს. აქ სიმართლის გზით სიარული წარმოუდგენელია, აქ სიყვარულიც კი სიძულვილად იქცევა…

წუთისოფლის დახასიათება, რომელიც მართლა ძალიან მკაცრი, რადიკალური და ასკეტურია, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სიტყვებით სრულდება:

,,განშორებია ამ წუთისოფელს,

სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,

სად თვით სიტურფე და სათნოება

ეშმაკის მახე და ცდუნებაა.–  ანუ ნებისმიერი ნიჭი და მათ შორის მშვენიერებაც/სიტურფეც არის საცდური ადამიანისთვის. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ეს არა ილიას, არამედ განდეგილის შეხედულებაა.  ამ რადიკალურ დახასიათებაში, ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის, წუთისოფლის საოცარი შიში ირეკლება; შიში ყველაფერ იმისადმი,რაც სინამდვილეში ადამიანურ ყოფას ამართლებს და ალამაზებს.

მეორე ეპიზოდი, რომელიც მშვენიერებას უკავშირდება, არის ის მომენტი,როცა განდეგილი ტკბება მზის ჩასვლით. აქ ილია დაწვრილებით აღწერს მზის ჩასვლის სილამაზეს:

,, მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად

მთისა გადაღმა არ დასულიყო

და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,

ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.

ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,

წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა,

და განმსჭვალული მისით ღრუბელი

შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.

ამა უბიწო დიადის ხილვით

წარტყვევნილ იქმნა განცვიფრებული,

და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას

შესცქერდა მზესა განცვიფრებული “ – განდეგილი ტკბება იმით, რასაც უარყოფს და ასე ეშინია. ეს არის მშვენიერება, მზეში განსხეულებული და ეს მზე ღვთის დიდების ,, ცხოველი ხატია“.

მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს იმასაც, რაც მერე აღმოჩნდა: პარალელურად სულ სხვა ადგილიდან, მთის ძირიდან, ზუსტად ისე ტკბებოდა ახალგაზრდა მწყემსი ქალი მზის ჩასვლის ცქერით:

„ შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,

გავშტერდი ვეღარ მოვსხლიტე თვალი.

ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული

მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა

და საკვირველი ის სანახავი

თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა“.

არც ისაა შემთხვევითი, რომ მწყემსი ქალიც, როგორც ღვთის სახეს,ხატს, ისე აღიქვამს მზეს.  გამოდის, რომ  ამ დროს განდეგილისა და მწყემსი ქალის ( ამ ორი ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული მიკროსამყაროს) ხედვა სამყაროსადმი ზუსტად ემთხვევა, მშვენიერებამ გააერთიანა ისინი ისე, რომ არც იცოდნენ.

საინტერესო და ალბათ, საკამათოცაა მზის სიმბოლიკა. მკვლევარი მარიამ ნინიძე თავის ძალიან საინტერესო და ამომწურავ წერილში ,,დაცარიელებული ბეთლემი“(https://www.orthodoxy.ge/skhva/betlemi/betlemi_3.htm ) საგანგებოდ ჩერდება ამ საკითხზე და აღნიშნავს: ,, განდეგილის თვალი გაიტაცა ჩამავალი მზის ცქერამ. როგორც ჩანს, იგი იმით ცდუნდა, რომ, როგორც „ღვთის დიდების ხატს“, ისე უყურებდა ამ სურათს, მაგრამ განა ღვთის დიდების ჭვრეტა შეიძლება ხორციელი თვალით? მზე მარტოოდენ ქმნილებაა ღვთისა. მოვა დრო, როდესაც ისიც დაბნელდება და მთვარეც აღარ გამოსცემს ნათელს (მათე 24,29) მარადიული, დაუსრულებელი ნათელი მხოლოდ თვით ღმერთია […] ამდენად ბერი მაინც წარმავალის ცქერამ გაიტაცა და მარადიულზე ფიქრს მოსწყვიტა. ხორციელმა ხიბლმა სულიერად მოადუნა. განდეგილის თვალი გაიტაცა ჩამავალი მზის ცქერამ. როგორც ჩანს, იგი იმით ცდუნდა, რომ, როგორც „ღვთის დიდების ხატს“, ისე უყურებდა ამ სურათს, მაგრამ განა ღვთის დიდების ჭვრეტა შეიძლება ხორციელი თვალით? მზე მარტოოდენ ქმნილებაა ღვთისა. მოვა დრო, როდესაც ისიც დაბნელდება და მთვარეც აღარ გამოსცემს ნთელს (მათე 24,29) მარადიული, დაუსრულებელი ნათელი მხოლოდ თვით ღმერთია…“  – და არაერთ ციტატას იმოწმებს ბიბლიიდან და  წმინდა მამათა ნააზრევიდან იმის შესახებ,რა საშიშია მზის თაყვანება. თუმცა მზის სიმბოლიკას ძალიან ღრმა და შორს გადგმული ფესვები აქვს. სამყაროსავით ძველი და უნივერსალური სიმბოლოა და ბევრნაირად შეიძლება მისი გაგება. მათ შორის, მზე ძალიან ხშირად თვითონ უფლის სიმბოლოცაა.

,, ვეფხისტყაოსანშიც“ ასეა: „იტყვის: ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად”

და გურამიშვილის ,,დავითიანშიც“:

 ,, სახით სიტყვა შვენიერო, სხიო, მზეთამზის სახეო
ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო
გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო
ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო

ჩემთვის მზე, რომლის ცქერითაც განდეგილი ტკბება, ის მზეა, რომელიც  „სასწაულმოქმედია“, რომლის სხივებზე ლოცვანს აყრდნობს ის უფლის ნებით.

ეს წამიერი ტკბობა განდეგილისთვის არის განცდა იმისა, რომ ამ მშვენიერებაში ღვთის ხელი ურევია, მისი შექმნილია, მისი ნაწილი და ხატია. ამ განცდის გამოა, რომ საზარელ ჭექა-ქუხილში თითქოს სამყაროზე გულმობრუნებული გულმხურვალედ ლოცულობს: იხსნას ღმერთმა ქვეყანა დაღუპვისაგან.

და მესამე  და ყველაზე მნიშვნელოვანი მშვენიერება: მამის ერთა და მამის ურჩი მწყემსი ქალი.

ეს მშვენიერება უმეტესად მაცდუნებელ, ეშმაკეულ მშვენიერებად არის მიჩნეული.

ჩემი აზრით, ის ცხოვრებისეული, სამყაროს განუყოფელი და აუცილებელი ნაწილი, სიცოცხლისთვის აზრის მიმცემი მშვენიერებაა.

ბერის სენაკში შესულ ადამიანზე განდეგილი ასე ფიქრობს:

„რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა

და არ შერისხა იგი მოსული,

გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა

და არა მავნე, ბოროტი სული. – განდეგილი რწმუნდება, რომ ეს ეშმაკეული ძალა არ არის. მერე აღმოაჩენს, რომ ის თავად მშვენიერებაა. მშვენიერება, რომლისაც ასე ეშინოდა ამ წუთისოფელში.

„თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს

ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,

უკეთეს სახეს ვერ ინატრება

თავის სიცოცხლის გამომსახველად.

მაშინაც ვინ სთქვას, –ვინ ვის აშვენებს,

მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..

თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა

ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.“ – განდეგილი, რომელიც მშვენიერებასაც გამოექცა წუთისოფლიდან, მისი ტყვე ხდება უკვე მეორეჯერ. მაგრამ საინტერესოა, რომ მწერალი არ ადანაშაულებს მას ამაში, პირიქით, ცდილობს კიდეც, გაამართლოს:

 ,, ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს

ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..

თქმულამხეციც კი გააფთრებული

მის წინ დატკბება და დაწყნარდება“ – თუ მხეციც კი ემორჩილება მშვენიერების ძალას, მაშინ რატომ არ უნდა დაემორჩილოს განდეგილი?! მართალია, ბერია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანია. ასეც ხდება. ბერი მეორეჯერ ტყვევდება სილამაზით და ეს სილამაზეც ისეთივე სამყაროსეული და დიდებულია, როგორც მზის ჩასვლა.

საინტერესო პერსონაჟია თავად ქალი, ის სრულიად ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, თამამი, ლამის ბავშვურად გულღია  ქალია. არც სულელია, არც ენაჭარტალა და რაც მთავარია, არც გამომწვევი. მართლა ახალგაზრდულად თამამია, მის ქმედებაში არ იგრძნობა მოკრძალება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ბერის სენაკში თუ აღმოჩნდება. მაშინვე მივარდება ცეცხლს და შეშასაც მოურიდებლად სთხოვს განდეგილს. თან იმასაც ჰპირდება გულუბრყვილოდ:

„ ხვალ თუნდა მთელ ზურგს მე ამოგიტან,

ოღონდ დღეს გავთბე, შენ შენი ღმერთი¨.

განდეგილის შეკითხვის შემდეგ იწყებს თავისი თავგადასავლის მოყოლას. ამ თავგადასავალში არც თავმოწონება ჩანს, არც ბერი ცდუნების მცდელობა. პირიქით, ქალი, რომელიც მწყემსი აღმოჩნდება, ძალიან უბრალოდ, უშუალოდ, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე საუბრობს საკუთარ თავზე. თავდაპირველად ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ის მწყემსია და მწყემსობა ლიტერატურული და  რელიგიური ტრადიციით, ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმედ ითვლებოდა. „ მე ვარ მწყემსი კეთილი“ – ამბობს მაცხოვარი საკუთარ თავზე. ,,მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა“ – წერს სულხან – საბა თავის ,,სიბრძნე  სიცრუისაში“, დავით გურამიშვილი, როცა ყმაწვილებს  7 ძირითად ხელობას ჩამოუთვლის, სამს, განსაკუთრებულს, ცალკე ამატებს.ესენია: მიჯნურობა,მწყემსობა და მეფობა:

„ მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:

მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინელი თუ თბილია;

მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია”.

ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია!

მოკლედ, ის ფაქტი, რომ ეს სიყვარულივით ლამაზი ქალი მწყემსია, განსაკუთრებულ ხიბლს უნდა მატებდეს მას მკითხველის თვალში. ის თვითკრიტიკულიცაა -„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,/ მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..  საკუთარ თავს „მამის ურჩს“ უწოდებს და შეუძლებელია მკითხველს უძღები შვილის, იგივე ძე შეცდომილის,  მხატვრული სახე არ ამოუტივტივდეს გონებაში. ეს არის შვილი,რომელიც ნანობს, რომ მამის რჩევა გადაივიწყა და ზუსტად იცის, რომ პასუხიც უნდა აგოს ამისთვის. თუმცა მის საუბარში ძალიან კარგად ჩანს, რომ მამის ერთა და ნებიერაა, მამის ( მამა კი  იგივე ლიტერატურული და რელიგიური ტრადიციით მამა ღმერთის სიმბოლოა) სიყვარულით განებივრებულია. იცის, რომ მამა დაღუპულ ცხვარზე ( ანუ შვილის შეუსრულებელ მისიაზე) კი არ იდარდებს, არამედ თავად შვილზე:

„ცხვარი დავღუპე, – ეგ ერთადერთი

მამის სარჩო და საბადებელი,

მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,

ოღონდ ვენახე მე უვნებელი.

ქალს ისევ მამის ნათქვამის გახსენება იხსნის განსაცდელიდან: გაახსენდება, რომ მამა მოუყვა მყინვარის მონასტრის ბინადარ ბერზე.

ქალის თავგადასავლის მერე, საუბარი იმართება ბერსა და ახალგაზრდა ქალს შორის. ამ დიალოგშიც ქალი ძალიან უშუალოა, უსვამს იმ კითხვებს, რომლებიც თურმე დიდი ხანია აწუხებს. ახალგაზრდა ქალის არც ერთ კითხვაში არ იგრძნობა ჩასაფრება, ცდუნების მცდელობა. უბრალოდ, ის ბავშვივით ცნობისმოყვარეა და თავის კითხვებზე პასუხების მიღების შანსი მიეცა.

ის მშვენიერებაა, რომელიც ღვთის შექმნილი და ცხოვრების ნაწილია და თავისდაუნებურად პასუხს სთხოვს განდეგილს შეძულებისთვის. მის გულუბრყვილობას, ბავშვურ მიამიტობას ხაზს უსვამს ის უცნაური ფაქტი, რომ მაშინ, როცა დამღუპველი სიტყვით -„უბედურსაო“  სულ და გონებაფორიაქებული ბერი ადგილს ვერ პოულობს, აღმოჩნდება, რომ ქალს იქვე, კერასთან, ბავშვივით ჩასძინებია:

„ საოცარ იყო მიძინებული

იგი სიტურფე, იგი მშვენება!..

თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო

თვით სიყვარული და ნეტარება.

თითქო თვით მადლსა შვენებისასა

თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია

და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,

სული მის ღაწვზედ დაულევია. – ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ამ მშვენიერებას მაცდუნებლობა დააბრალო, ის, უბრალოდ,  სრულყოფილი და თავისთავადია. სხვა მხარეა, რამდენად ძლიერია მშვენიერების განცდა და რა ძნელია, ამ გრძნობას გაუმკლავდე.

ამიტომ მგონია, რომ ილიამ ამ ნაწარმოებით მხოლოდ იმაზე კი არ დაგვაფიქრა, რა ძნელია საკუთარ იდეალს უერთგული, იპოვო საკუთარი ადგილი, რა რთულია კონკრეტულად განდეგილის გზის არჩევა, რომ ყველას თავისი გზა და სიმართლე აქვს… არამედ ისიც გვაჩვენა, რამხელა ძალა აქვს მშვენიერების ცნებას, რომელსაც, მზის არ იყოს, უხსოვარი დროის ისტორია და მრავალგვარი გაგება აქვს.

და იმედს ვიტოვებ, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მკითხველს კითხვაზე  – რამ დაღუპა განდეგილი? – არ გაუჩნდება ღიმილის მომგვრელი პასუხი: იმან, რომ სულით ესთეტი იყო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი