ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მხატვრული „ორეულები“ – ამირანი და პრომეთე

ეპოსი და ზოგადად, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები საინტერესო და ძვირფასი მასალაა საერთო ლიტერატურულ პროცესებზე დასაკვირვებლად, სხვადასხვა უნარის განსავითარებლად; მათ შორის – კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირების, მსგავსებებისა და განსხვავებების მიხედვით ტექსტების შედარებითი ანალიზის, წერილობითი და ზეპირი მეტყველების.

თქმულებები ამირანის შესახებ და მითი პრომეთეზე ამ ტიპის სამუშაოსთვის ზედგამოჭრილია. მოსწავლეებს აუცილებლად გაუჩნდებათ შეკითხვა – რომელია უფრო ადრინდელი? რით ჰგავს ამირანი პრომეთეს და პრომეთე – ამირანს? რა განსხვავებებია მათ შორის?

იმის ნაცვლად, რომ მზამზარეული პასუხები მივაწოდოთ მათ, შევეცადოთ ეს ინტერესი კვლევის მოტივაციად გამოვიყენოთ.

წერილში შემოგთავაზებთ ამ ტიპის გაკვეთილების დაგეგმვისთვის საინტერესო მეთოდურ მასალას.

პირველი ეტაპი

დასამუშავებელი ტექსტები:

  1. თქმულება ამირანის შესახებ – მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ამირანის შესახებ. შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული რესურსები. ამ მხრივ საუკეთესოა ქართული დიალექტური კორპუსი (ბმული: https://www.corpora.co ). მარტივ საძიებო სისტემაში სათანადო სიტყვის შეყვანის შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილ ლეგენდებს, თქმულებებს, ზღაპრებს ამირანის შესახებ. სასურველია, რამდენიმე წყაროს დამუშავების შემდეგ მათ თავად შექმნან „ამირანის პორტრეტი“. მოძიებული მასალის შეჯერება – ა. გელოვანი „მითოლოგიური ლექსიკონი“, 1983 წ. ნ. გაფრინდაშვილი„მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომც. „განათლება“, თბილისი, 1972.
  2. ესქილე „მიჯაჭვული პრომეთე“ – ტექსტის ელექტრონული ვერსია ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

ტექსტების გაცნობისა და დამუშავების შემდეგ

შედარებითი დახასიათება

ამ ტიპის კვლევის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ წერის ერთ-ერთი სტრატეგია, რომელსაც შედარებითი დახასიათება ეწოდება. შედარებითი დახასიათებისას ერთმანეთს ვადარებთ ისეთ პერსონაჟებს, რომლებიც ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მათი შედარების დროს მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება განსხვავებებზეც (განსხვავებით შეპირისპირებითი შედარებისგან, რომლის დროსაც შედარება, ძირითადად, განსხვავებების გამოვლენას ემსახურება).

თავდაპირველად მნიშვნელოვანია პერსონაჟთა მთავარი მახასიათებლების, დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა. ამ  ნაწილში მოსწავლემ, მითითებული ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, თავი უნდა მოუყაროს პერსონაჟების შესახებ შემდეგ ცნობებს:

  • ვინაობა, წარმომავლობა;
  • აღზრდა ( გარემო, რომელშიც იზრდებოდნენ; აღზრდის თავისებურებები…);
  • გარეგნობა;
  • თვისებები ( ფიზიკური, ხასიათის… მნიშვნელოვანია თავისებურებებზე ყურადღების გამახვილება);
  • ურთიერთობა სხვა პერსონაჟებთან;
  • გმირის თავგადასავლის მნიშვნელოვანი მომენტები;
  • გმირი მითის, თქმულების, ამბის, სიუჟეტის ფინალურ ეპიზოდებში;
  • გმირებისადმი დამოკიდებულება.

მეორე ეტაპი – ინფორმაციის მოწესრიგება

ამ სამუშაოს შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ჯერ მსგავსი, შემდეგ კი განმასხვავებელი თვისებების დაჯგუფება მათთვის მოსახერხებელი ფორმით: შესაძლებელია სქემების გამოყენება, ჩანაწერის გაკეთება, ფუნქციური წერის სტრატეგიის გამოყენება (სამნაწილიანი მსჯელობა).

დასკვნით მსჯელობაში მოსწავლემ უნდა ჩამოაყალიბოს:

  • მსგავსებები, რომლებშიც გამოკვეთილი იქნება ის საერთო, რაც აერთიანებს პერსონაჟებს;
  • განსხვავებები, რომლებიც გულისხმობს პერსონაჟთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

მესამე ეტაპი – დასკვნა

დასკვნის გასაკეთებლად მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას. ეს შეკითხვები საშუალებას გვაძლევს, პირდაპირ კი არ მივაწოდოთ მოსწავლეებს მზა პასუხი (ამირანი უფრო ადრინდელი უნდა იყოს, ვიდრე პრომეთე), არამედ ვაქციოთ ისინი კვლევის პროცესის თანამონაწილეებად.

საორიენტაციო შეკითხვები:

  • როგორ ფიქრობთ, რაზე დაკვირვებითაა შესაძლებელი კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ადამიანების ცნობიერების განვითარების კვლევა? (არქეოლოგიური მასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები და აუცილებლად – ეპოსი, ეპიკური ტექსტები…)
  • რა განმასხვავებელი თვისებებით არიან წარმოჩენილნი პრომეთე და ამირანი დამუშავებულ ტექსტებში? (პრომეთეს ადამიანების ბედი აინტერესებს, მათზე ზრუნავს, მათი ბედი აბარია, ამირანი – მეტად „ეგოცენტრულია“, მასზე უზენაესი ძალა ზრუნავს. ამირანის თქმულებაში საგმირო-რომანტიკული მოტივი მძლავრობს, ის მიჯნურს იტაცებს, პრომეთეს შესახებ ტექსტებში კი ძირითადი კვანძი ცეცხლის მოტაცებაა, რაც საკაცობრიო, ამაღლებულ მოტივს მატებს მითს. პრომეთეს ძალა, ღვთაებრივი უნარები თანდაყოლილი აქვს, ამირანის ძლიერების წყარო უზენაესი ძალებია. პრომეთეს „იარაღი“ არის გამჭრიახობა, ჭკუა, მოხერხებულობა, ამირანისა – ფიზიკური ძალა…).
  • როგორ ფიქრობთ, ამ ნიშან-თვისებებიდან რომელი უნდა იყოს დამახასიათებელი კაცობრიობის განვითარების უფრო ძველი საფეხურისთვის?

ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემისა და მსჯელობის შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან ზურაბ კიკნაძის ნაშრომს „ქართული ხალხური ეპოსი“ („ლოგოს პრესი”,თბილისი,2001 წ.), რომლის მეორე ნაწილშიც მკვლევარი სწორედ დასმულ საკითხებზე მსჯელობს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ მონაკვეთი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს შემაჯამებელი ესეს დაწერაც შეგვიძლია ვთხოვოთ: „პრომეთეს ძალის, ღვთაებრივი უნარების წყარო თავადვეა, ამირანის ძლიერების წყარო უფალია. პრომეთე და ამირანი კაცობრიობის განვითარების განსხვავებულ საფეხურებს ეკუთვნიან. პრომეთეს იარაღი არის ჭკუა, გამჭრიახობა, მოხერხება; ამირანი კი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ძალით, რაც მიგვანიშნებს, რომ იგი სხვა, უფრო ძველი ფორმაციის კაცობრიობას ეკუთვნის. პრომეთეს ფორმაცია მეორეულია, იგი ახალი კაცობრიობის წარმომადგენელია. პრომეთე ისევე უპირისპირდება ამირანს, როგორც მრავალნაცადი ოდისევსი ფეხმარდ აქილევსს ან ომში მყივარ მენელაოსს, რომელთა ეპითეტები ფიზიკურ ძალაზე მიუთითებს“.

ძველქართული ეპოსის ამ კონტექსტში დამუშავება ლიტერატურის გაკვეთილებზე საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ ეპიკური შემოქმედების საერთო პროცესს, კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარები. ლიტერატურა მათთვის იქნება არა მხოლოდ კონკრეტული შინაარსის მქონე ნარატიული ტექსტი, არამედ სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტი. ისინი გააცნობიერებენ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კულტურას, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედ პროცესს.

სარეკომენდაციო ლიტერატურა მასწავლებლებისთვის:

მიხეილ ჩიქოვანი – „მიჯაჭვული ამირანი“;

მიხეილ ჩიქოვანი – „ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები“;

აკაკი ურუშაძე – „ძველი კოლხეთი არგონავტების ლაშქრობაში“;

ზურაბ კიკნაძე – „ქართული ხალხური ეპოსი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი