ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლეთა შეგრძნებებზე ზემოქმედება ანუ, ცოცხალი რვაფეხა კლასში

ეს ჩემი კლასია. ბავშვების წინ ვდგავარ და პიჯაკში A4 ფორმატის ლამინირებულ ნახატს ვმალავ. ბავშვები ინტერესდებიან, თვალები უფართოვდებათ, ერთმანეთს გადახედ-გადმოხედავენ. გაისმის რამდენიმე ცნობისმოყვარე ხმაც: „– მას, რას მალავთ?“; „– გვაჩვენეთ, რა!“; „– ჩვენთვისაა?“ პიჯაკში საგულდაგულოდ შემალულ ფოტოს ნელ-ნელა გარეთ ვაცურებ, შემდეგ ამავე ზომის თავისუფალ ფურცელს ვაფარებ, ჯერ მხოლოდ ერთ კუთხეს ვაჩენ და ბავშვებს ვთხოვ, გამოიცნონ, რა ხატია მასზე. კუთხე ფერადია და ბავშვებს თანდათან ინტერესი იპყრობთ. ზოგი აბსტრაქტულ ტილოს ამოიცნობს, ზოგს შპალერის ნაწილი ჰგონია, ზოგს – ტყის ფოტო, ზოგი ფიქრობს, რომ ნამცხვარია, ზოგიც ასაბუთებს, რომ ხავსია. ერთი სიტყვით, კლასში ხალისიან ცნობისმოყვარეობასთან ერთად ხმაურიც იმატებს და ის დროა, ფურცლის ქვემოდან ფოტოს უფრო მოზრდილი ნაწილი გამოვაცოცო. „– ხომ ვამბობდი, რომ ხავსია!“ – სიხარულით და ამაყად აცხადებს გიგი და მასთან ერთად უკვე სხვებიც ხვდებიან, რომ საქმე ხავსსა და წყალს ეხება. ნახევარი ფოტოს დანახვაზე კი თითქმის უკვე მთელი კლასი ხვდება, რომ დღის „გმირი“ ოკეანის უცნაური ბინდარი – იისფერი ვარსკვლავთევზაა.

კლასი წყნარდება, ჩემი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, ამ აქტივობით ბავშვებში ცნობისმოყვარეობის აღძვრას ვახერხებ და შემეცნებით სურვილს – ინტერესს ვიწვევ, ხოლო რაკი ასეა, ვიცი, გაკვეთილზე შემდგომშიც ყველაფერი წყალივით წავა. ფაქტია, ახლა ბავშვები ჩემთან არიან და აინტერესებთ, რატომ შემოვიტანე ვარსკვლავთევზას მშვენიერი სურათი მათთან.

ამ ან სხვა არსების კლასის წინაშე წარდგენას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს: ქართულისა და უცხო ენის მასწავლებლები მოწაფეებს მათ შესახებ საინფორმაციო ტექსტებს მოვაძიებინებთ, ლექსიკურ მახასიათებლებს დავაჯგუფებინებთ, ცნების რუკას და მხატვრულ ტექსტებს შევადგენინებთ; მათემატიკის მასწავლებლებმა მოსწავლეებს შეიძლება ფოტოზე არსებული საგნების რიცხოვნობის დადგენა-დაანგარიშება, სხვადასხვა მოქმედების გამოყენებით მაგალითების, განტოლებების, ამოცანების შედგენა-ამოხსნა სთხოვონ. ხელოვნების მასწავლებელმა – ფერები, მუსიკისამ კი – მუსიკალური ბგერები შეაწყობინოს და შესაბამისი კომპოზიციებიც შეათხზვევინოს; ისტორიის მასწავლებელმა თითო ქიმზე თითო მნიშვნელოვანი მოვლენა მოაფიქრებინოს და მიაკვრევინოს ბავშვებს, ბიოლოგიის მასწავლებელმა კი შეგრძნებების რუკად გამოიყენოს. თუმცა ვინაიდან დღესდღეობით მეცნიერები არა ხუთ, არამედ რვა შეგრძნებას ასახელებენ, ეს მოდელი მხოლოდ შესადარებლად თუ გამოგვადგება. ამდენად, მხოლოდ ზღვის ვარსკვლავას ფოტოს რვაფეხას ფოტოს ჩვენებასაც ვამჯობინებ და ახლა სწორედ მის მომცრო ნაწილს ვაცურებ ოვალურად ამოჭრილი ფერადი ფურცლის ქვემოდან იმის გასარკვევად, რა ხატია სურათზე. ბავშვები კვლავ ახლოს მოდიან და სურათს კარგად აკვირდებიან.

 

ამჯერად ისინი სწრაფად გამოიცნობენ, რომ სურათზე რვაფეხას ხელებისა და მისაწოვრების ნაწილი ჩანს. ამრიგად, შედარების დროც დგება და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად წინასწარ მომზადებულ სლაიდს ვთავაზობ. თან ვარსკვლავთევზას თითოეულ ფეხზე მოთავსებული სურათის შესაბამისად სახელდებას ვთხოვ:

ეს სლაიდი მათთვის აღმოჩენაა, რადგან იციან, რომ ადამიანს მხოლოდ 5 შეგრძნების ორგანო აქვს.

მაშასადამე, ერთი მხრივ, გვაქვს ზღვის ვარსკვლავა – ხუთი, მეორე მხრივ კი – „რვაფეხა“ რვა ხელით და რვა შეგრძნებით. ბავშვები, რა თქმა უნდა, უკვე ხვდებიან, რომ რვაფეხა კლასში პირობითად, მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის შემოვიყვანეთ იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას უკლებლივ ყველა გრძნობა აბადია, მათ შორის 400 ჰერცი სიხშირის ბგერების აღქმაც შეუძლია. ზოგი კი ამაოდ მიიჩნევს, რომ ამ გასაოცარ ქმნილებას, სამი გულით და ერთი ადამიანის მეორისაგან გარჩევის უნარით, სმენა არ გააჩნია.

ახლა ჩემი როგორც მასწავლებლის მიზანი შეგრძნებათა რვაფეხას გაცოცხლება და მის მიერ თითოეული მოსწავლის გარემოცვა ან დაპყრობაა, რადგან მშვენივრად მოგვეხსენება, როგორ თანხმდებიან განათლების ფსიქოლოგიის თეორეტიკოსები, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის სრულფასოვანი ჩართულობის ანუ ინკლუზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი მხარე სწორედ მის შეგრძნებებზე ზემოქმედება და ემოციური მხარის სტიმულირებაა. შეგრძნებები კი სტატიკურთან ერთად კინესთეტიკურიც არსებობს და სასწავლო შედეგები მხოლოდ მაშინაა მაღალი, როცა მიდგომები მულტისენსორულია. ლორენ ლოვილიოს თანახმად, თუ ბავშვს შეუძლია მოძრაობების კონტროლი, ის მინიმალურ დახარჯავს ენერგიას ფიზიკური მანიპულაციების შესასრულებლად, ხოლო მაქსიმალურ შესაბამისი გონებრივი მანიპულაციისთვის.

მას შემდეგ, რაც რვა შეგრძნების გამოსახატავად რვაფეხას ხატი ამეკვიატა, უფრო ნათლად წარმოვიდგინე სტუდენტობისას ნასწავლი ჟან ჟაკ რუსოს აზრი, რომ ბავშვები ბუნებაში უნდა აღიზარდონ, ბუნების შესაბამისად და ბუნებრივ პირობებში, რადგან ბუნება განაპირობებს ადამიანის ნიჭის განვითარებას გრძნობათა ორგანოების მეშვეობით. აკი იან ამოს კომენსკიც აცხადებს, რომ შემეცნების დასაწყისი ყოველთვის შეგრძნებებიდან გამომდინარეობს. „გონებაში არაფერია ისეთი, რაც პირველად შეგრძნებებში არ ყოფილა; ცოდნის ჭეშმარიტება და სიზუსტე დამოკიდებულია იმაზე, ადასტურებს მას შეგრძნებები თუ არა“. მარია მონტესორიც აქვეა თავისი მოსაზრებით, რომ შეგრძნებათა ერთდროული აქტუალიზაცია წარმოშობს დასწავლის ნაყოფიერ პროცესს.

ამიტომაც არის, რომ დღესდღეობით სწორედ არასაკმარის მოძრაობებს, მოტორულ დაუკმაყოფილებლობას მიიჩნევენ სწავლის დისფუნქციის მიზეზად. მოტორიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასა თუ ნევროლოგიურ ჩამოყალიბებაში და რადგან „ჩვენი ქუჩები, პატარა ბინები და “ტელევიზორის ყუთი” არ აძლევს ჩვენს პატარებს საშუალებას, შეასრულონ მოძრაობათა მთელი ის გამა, რომელიც სჭირდებათ“, საგაკვეთილო პროცესებიც რვაფეხასავით მაქსიმალურად მოქნილი და აქტიური უნდა იყოს მათთვის, რვავე შეგრძნების მასტიმულირებელი და წამახალისებელი!

ე. ი. კლასში რვაფეხას მოშინაურებაც კი შესაძლებელია,

 

  • თუ მოსწავლეს თვალსაჩინოებით, ვიდეოფილმებით ვასწავლით და მის მხედველობას ვააქტიურებთ.

 

  • თუ მოსწავლეს ხმის ტემბრის მონაცვლეობით სასიამოვნოდ ვესაუბრებით ან ვიდეო- თუ აუდიომასალას ვასმენინებთ და ამით მის სმენას ვააქტიურებთ.

 

  • თუ მოსწავლეს ვთხოვთ, წარმოსახვით სცადოს ნანახის ან მოსმენილის გარკვეულ სუნთან დაკავშირება, ან სურნელებით, არომატებით (ყვავილები, ზღვის ნიჟარები, ხის ქერქი, ფორთოხალი, ვაშლი…) მის ყნოსვას ვააქტიურებთ.

 

 

  • თუ ვთხოვთ, გაიხსენონ და აღწერონ ესა თუ ის (პირობითად, ზღვის წყლის) გემო და აღწერონ და ამით მათ გემოვნებას ვააქტიურებთ.

 

  • თუ მათ საგაკვეთილო აქტივობისას ტაშის შემოკვრას ვთხოვთ, მხარზე ხელს ვადებთ ან ხელჩაკიდებული ერთი ადგილიდან მეორემდე მიგვყავს და ამით მათში შეხების შეგრძნებას ვააქტიურებთ.

 

  • რაც შეეხება ვესტიბულურ, ანუ წონასწორობის შეგრძნებას, ის სივრცეში ჩვენი სხეულის, განსაკუთრებით – თავის, ორიენტაციის, ასევე ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს შიგნითა ყურის სითხით სავსე პარკუჭებსა და არხებში მდებარე უხილავი რეცეპტორების, პატარა ბუსუსების წყალობით, რომლებსაც ვერ ვხედავთ. თუ კლასში გვყავს მოსწავლე, რომელსაც თანდაყოლილი ან შეძენილი ტრავმვის შედეგად არ აქვს წონასწორობის შეგრძნება და დეზოროენტირებულია, კლასში გადაადგილებისთვის ჩვენი ან ოკუპაციური თერაპევტის ფიზიკური დახმარება დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავბრუ ეხვევათ და ხშირად ეცემიან, უნდა გვახსოვდეს: ასეთი ადამიანების უმრავლესობა დროთა განმავლობაში ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით მაინც ახერხებს ნაკლის კომპენსირებას. თუ ვიზუალური სისტემიდან მომავალი სიგნალები კონფლიქტში არ შევა ვესტიბულური აპარატიდან წამოსულსიგნალებთან, გულისრევაც აღარ იქნება. ხოლო თუ კლასში ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვები არ გვყავს, ვესტიბულური შეგრძნებები შეიძლება გავააქტიუროთ სხვადასხვა „ენერჯაიზერის“ საშუალებით ან თითო-ორწუთიანი თამაშებით: „წერო“, „ხე“, „პეპელა“, „სალუტი მზეს“…

 

  • მიკუთვნებულობას, კოორდინაციას პროპრიოცეპტულ შეგრძნებებს უწოდებენ და მათი როლი გადამწყვეტია ნებისმიერი მოძრაობისა თუ წონასწორობის შენარჩუნებისას. ამდენად, ეს შეგრძნებები კინესთეტიკურ და სტატიკურ (სხეულის მდგომარეობის) შეგრძნებებად იყოფა და მათი რეცეპტორები კუნთებში, მყესებსა და ყურის ვესტიბულურ აპარატში მდებარეობს. პროპრიოცეპტული შეგრძნებების ინტეგრაცია ანიჭებს ბავშვს თვალის გუგების მოძრაობის კონტროლის, საგანზე მზერის დაფიქსირების, მოძრავი საგანისთვის მზერის გაყოლების უნარს, გავლენას ახდენს კუნთების დაძაბულობის მართებულ განაწილებაზე. სიტყვიერი კომუნიკაციის უნარისთვის საჭიროა სტიმული სამი: სენსორული, ვესტიბულარული და სმენითი, – სისტემიდან.

 

  • კლასში ინტეროცეპტული გრძნობების გააქტიურებაც კია შესაძლებელი, თუ მოსწავლეს, სეზონის შესაბამისად, სითბოს ან სიგრილეს დავახვედრებთ; თუ დავანახებთ, რომ გვიყვარს და მასზე მთელი გულით ვზრუნავთ; თუ მათ წყლის დალევის ან არაალერგიული, სურნელოვანი ნივთების დაყნოსვის საშუალებას ვაძლევთ. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ADHD სინდრომის შემთხვევას, როდესაც ჰიპერაქტიურობას, ყურადღების დეფიციტს და იმპულსურობას აქვს ადგილი. ამ უკანასკნელის შესამცირებლად ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვისთვის წყლის მიწოდების დროთა შორის მანძილი თანდათან გავზარდოთ, მაგრამ მივცეთ მოძრაობის საშუალება და ჩვენ მიერ მიწოდებული საგაკვეთილო ვიზუალური მასალით მოვახდინოთ მისი ყურადღების კონცენტრირება.

ასეც ვიქცევით.

ამასობაში კი რვაფეხამ, რომელიც უკვე მოვაშინაურეთ, საკლასო ოთახში ერთ-ერთ კედელზე დაიდო ბინა. ამიერიდან ყოველი გაკვეთილის დასასრულს ბავშვების მიერ მის ხელებზე მიკრული ფერადი სახელები მაჩვენებს, ვინ რა შეგრძნების გააქტიურებით შეიძინა დღეს ცოდნა.

მერე ჩვენს სტუმარს პირთან ტეტრაქორდებად დაყოფილი ოქტავაც მივახატეთ და რვიდან თითო ნოტი, თითო ფერით, თითო გრძნობას დავარქვით.

და შეგვიყვარდა ჩვენი მომღერალი ოქტოპუსი, ასეთი საინტერესო, ლაღი და კეთილი!

გამოყენებული რესურსები:

 

  1. Lorraine Loviglio, “Mathematics and The Brain: A Tale of Two Hemespheres,” The Masachusetts Teacher (January –February 1981) pp. 13–14.[1]
  2. https://www.growinghandsonkids.com/what-are-the-8-senses.html
  3. https://www.pinterest.com/pin/233272455678087388/
  4. https://en.wikipedia.org/wiki/Octopus

 

 

[1] Lorraine Loviglio, “Mathematics and The Brain: A Tale of Two Hemespheres,” The Masachusetts Teacher (January –February 1981) pp. 13–14.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი