შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

შავ-თეთრიდან ნათელი ფერებისკენ       

ყველაფერი ცუდი რომ დასრულდა, თოთხმეტი წლის იყო. ხატვა ამის მერე დაიწყო. ჯერ ფურცლები და ფანქრები მოითხოვა, მერე – საღებავები, ფუნჯები, ტილოები. მოლბერტი დედას მეგობარმა აჩუქა. ხატავდა თითქმის ყოველდღე და იმას, რასაც ხელი „თავისით დახატავდა“. ხატვის ტექნიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, ზეთის საღებავის გახსნა ზეთში რომ შეიძლებოდა…

მანამდე ფუნჯი არასოდეს მოესვა, ფერები არასოდეს გაეზავებინა. ყოფილა ისეც, რომ არც ფურცელი ჰქონია და არც ტილო და საღებავები. ასეთ დროს კედლებზე ხატავდა, ნაქირავები ბინის გაურემონტებელ, ღია ცისფერ კედლებზე. ხატავდა ფანქრებით, ფუნჯებით, თითებით, საღებავში ჩაწობილი თმის ბოლოებით. ხატავდა იმას, რაც გამოვიდოდა. ღამეებს ათევდა. არ ადარდებდა, შეუქებდნენ თუ დაუწუნებდნენ ნახატს. მთავარი იყო, რომ თავს კარგად გრძნობდა, უსიამოვნო მოგონებები გარეთ გამოჰქონდა, თავისუფლდებოდა. გამთენიისას იძინებდა, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. ოჯახის წევრებს კი მოლბერტზე ახალ-ახალი ნახატები ხვდებოდათ.

სულ პირველად პორტრეტი დახატა – „ღამისთვალება“ გოგო სისხლის ცრემლებით (ოღონდ არ ვიცი, ეს მე ვარ თუ არაო, ამბობს). მეორეც შავ-თეთრ ფერებში შესრულებული პორტრეტი იყო, რომელზეც უკვე გახელილი, მაგრამ ნაღვლიანი და შეშინებული თვალებით მოცქირალი გოგონა ფანჯრის რაფას ათივე თითით ჩაბღაუჭებია (წერილის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ თითები ამ ნახატის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია). ამას, მართალია, უსახო, მაგრამ წითელკაბიანი დედის პორტრეტი მოჰყვა – სასთუმალთან „ღამისმთეველი დედის“ პორტრეტი. მერე ისევ „შიში“ და „შავი კლანჭები“ შემოეჭდო ქალის (თუ გოგოს) შიშველ სხეულზე, რასაც მოგვიანებით კვლავ „ნათელი“ შიშველი სხეულების სერია მოჰყვა – თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგოს „კვლავდაბრუნება“ ადამიანებთან.

მინდა, რაც შეიძლება მეტმა თანატოლმა გაიცნოს ის – ყოჩაღი, ლამაზი, მიზანდასახული მეთერთმეტეკლასელი მარიამ პატაშური. სიფრიფანა გოგო, რომელმაც დაამარცხა უმძიმესი დაავადება, დაძლია ბევრი კომპლექსი, თითქმის სრულიად მარტომ მოახერხა ბულინგისგან თავის დაღწევა, დღეს კი მზად არის, თავისი გულახდილი ნაამბობით (და არა მხოლოდ ნაამბობით) სხვებსაც (ალბათ უფროსებსაც) დაეხმაროს.

 

ტრავმა

ხუთი წლის ვიყავი, ველოსიპედის ბორბალში რომ ჩამიყვა თითი. მარცხენა ხელის არათითი (ხელს მაღლა სწევს და მიჩვენებს). უმძიმესი ტრავმა მივიღე. თითის დაკარგვა გარდაუვალი იყო. ცოტა ხანში კი ისე გამირთულდა ეს მოტეხილობა, ჭრილობა თუ დაჟეჟილობა, – მოკლედ, ყველაფერი ერთად, – თითს ვინღა ჩიოდა, კინაღამ მთელი ხელი დავკარგე. არ ვიცი, ვეღარც ვითვლი, იმდენი ოპერაცია გავიკეთე. ზაფხული იყო მაშინაც, ივლისის დასაწყისი, ეს ამბავი რომ დამემართა და ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღე დავყავდი ჩემს მშობლებს საავადმყოფოში თითის დასამუშავებლად. ბევრჯერ ანესთეზიის გარეშეც მიფხეკდნენ ძვალს, მაგრამ არასოდეს მიტირია. თან მე თვითონაც ვუყურებდი ოპერაციებს, ვითხოვდი, შემახედეთ-მეთქი. ასე უფრო ადვილი იყო ტკივილის მოთმენა. ჩემი მშობლები თავს არ ზოგავდნენ ჩემს გადასარჩენად და მეც მინდოდა, რამით დავხმარებოდი. სხვა რა შემეძლო 5 წლის ბავშვს? – მხოლოდ მოთმინება. და ვითმენდი კიდეც. შეიძლება არც დაიჯეროთ, რომ ასეთი პატარა გოგო იმ დროს ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ მართლა ასე იყო (ამას რომ ამბობდა, ღაწვებზე სიწითლე აჰყვა).

მერე, როგორც იქნა, თითმა მორჩენა დაიწყო. უმეტესად უკვე სახლში ვიმუშავებდი და ვიხვევდი ჭრილობას. ექიმმაც დაგვრთო ნება და თან აღარც ფულის გადახდის საშუალება გვქონდა. დედა თავიდან მარტოს არ მანდობდა ხელს შესახვევად, მაგრამ როცა დარწმუნდა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, ის ექთნად იქცა, მე კი ექიმად – „ძირითად სამუშაოს“ მე ვასრულებდი (იცინის). როგორც თავიდანვე ივარაუდეს ექიმებმა, ზუსტად ისე მოხდა: თითის მთლიანად შენარჩუნება ვერ მოხერხდა, ორი ფალანგი დავკარგე. უფრო სწორად, ფალანგნახევარი (თითი აღარ უჩვენებია. თუმცა თვალსაჩინოდ ედო მუხლზე).

 

მარტოობა და ბულინგი

როდესაც ჩემი მშობლებისთვის, ანუ უფროსებისთვის, ყველაფერი ასე თუ ისე მშვიდობიანად „დასრულდა“, არანაკლებ რთული ახალი ცხოვრება მაშინ დაიწყო ჩემთვის. მეზობლის ბავშვები აღარ მეთამაშებოდნენ, თავს მარიდებდნენ. ხან კითხვებს მისვამდნენ თითის შესახებ, ხან დამცინოდნენ, ხან კი მეუბნებოდნენ, თითი არ გაქვს და როგორ უნდა ითამაშოო. ვიდექი და მხოლოდ მათ ვუყურებდი, ან ჩემთვის მარტო ვთამაშობდი. რამდენჯერმე თითიც ვიტკინე თამაშის დროს, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ღობესთან თუ კართან ატუზული სხვა ბავშვების ასეთი დამოკიდებულების გამო განვიცდიდი. მარტო ვიყავი. უმეგობროდ. შინ ამაზე არ ვლაპარაკობდი. ახლაც მგონია, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა შენ თვითონ უნდა მოაგვარო, უფროსები არ უნდა ჩარიო, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.

 

სკოლა, ცხრა თითი და კვლავ ბულინგი

სკოლაში რომ მივედი, სამი თვე ხელი ისევ შეხვეული მქონდა. კლასელები მეზობლის ბავშვებზე სასტიკები აღმოჩნდნენ. არავინ მეგობრობდა ჩემთან. „ცხრათითას“ მეძახდნენ. ერთმა კლასელმა ჩემი მარცხენა ხელი დახატა დაფაზე ოთხი თითით და მთელი კლასი ამაზე იცინოდა. იმიტომაცაა, პირველი კლასის ბოლოს გადაღებულ სურათში ყველა ბავშვს ბედნიერი სახე რომ აქვს, მე კი ნატანჯი გამომეტყველებით ვდგავარ…

მიჭირდა, მაგრამ ვიბრძოდი, როგორც შემეძლო. რვა წლის ვიყავი, „როლიკებზე“ დადგომა რომ გავბედე. ჩვენი დიასახლისის შვილი მასწავლიდა. ერთხელაც დავეცი და თითი დავარტყი (ჯერ კიდევ მტკიოდა). გავმწარდი. ჩემი თანატოლი ბიჭები იდგნენ იქ და დამცინეს. ძალიან შემრცხვა. მაშინვე სახლში წავედი. დედა წამოწოლილი დამხვდა. არაფერი მითქვამს. ჩახუტება მინდოდა და ესევე, ტანსაცმლიანად, მეც გვერდით მივუწექი. პირველი შეტევა იმ ღამით დამემართა. უცნაური რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. დედა სასოწარკვეთილი დამძახოდა: „მარიამ, მარიამ, გაიღვიძე, რა გემართება, გამოფხიზლდი, გთხოვ!“ მე მესმოდა დედას ხმა, მინდოდა მეთქვა, მღვიძავს, დედა, მესმის შენი ხმა–მეთქი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ყველაფერი შავ-თეთრი იყო… (ველოდი,აი, ახლა ჩამოუგორდება ცრემლი, აი, ახლა-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ხმა აუკანკალდა ოდნავ, სულ ოდნავ).

 

ეპილეფსია

ამ კრუნჩხვით ჩემთვის ახალი ჯოჯოხეთი დაიწყო. რვა წელი ვებრძოლეთ ეპილეფსიას მე და ჩემმა მშობლები. ყოველთვის ძილში მემართებოდა – ძილის პარციალური ეპილეფსია იყო. წუთი, წუთნახევარ გრძელდებოდა და მერე კარგად ვხდებოდი. პირველ ხანებში დედა თავზე მადგა და ჩემს სახელს იმეორებდა, ნერვიულობდა. მერე და მერე დამშვიდდა, ცუდად როცა ვხდებოდი, თავთან მეჯდა და „მამაო ჩვენოს“ კითხულობდა, თან მეფერებოდა. დედას არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ კარგად გავხდებოდი და მეც გადმომედო ეს განწყობა. იმედი გადამდებია, მით უმეტეს – დედის (ამაყად მოიღერა მაღალი ყელი). ისე, საშინელი დაავადებაა, ყოველდღე წამალს სვამ და მერე სულ გეძინება. თავს ვაიძულებდი, რომ გაკვეთილებზე არ ჩამძინებოდა. ჯერ თითის გამო როგორ დამცინოდნენ ბავშვები და ახლა ამას ეპილეფსიაც რომ დამატებოდა, ძალიან გამიჭირდებოდა მათი მოგერიება. თან რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მწვავდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ცუდად ვგრძნობდი თავს. ამხელა სკოლაში ერთი ბავშვიც არ აღმოჩნდა, ვისაც ჩემთან მეგობრობა მოუნდებოდა, ვინც გამომესარჩლებოდა. მასწავლებლებს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მერე დედა მოვიდა და მშვიდად ელაპარაკა დირექტორს და ჩემს მასწავლებლებს – დედა ფსიქოლოგია და ასეთი ლაპარაკი იცის, არასოდეს ჩხუბობს, მაგრამ ადამიანებს თამამად ეუბნება სიმართლეს – და მეორე დღეს სხვა სკოლაში გადამიყვანა. კარგად მახსოვს, სკოლიდან რომ გამოვდიოდით, მითხრა, ჩვენ ჯერჯერობით მოთმინება და სიყვარული გვჭირდება და არა ბრძოლაო. დედა სხვადასხვა ფორმით ცდილობდა ჩემს დახმარებას. ერთხელ წამიყვანა და ისეთი ადამიანები გამაცნო, რომლებსაც სხვისი დახმარება სჭირდებოდათ – შშმ პირები, მარტოხელა დედები, მოხუცები… ამით მაჩვენა, რომ ზოგს ჩემზე მეტად უჭირს. მე დღესაც ვმეგობრობ ზოგიერთ მათგანთან და ვეხმარები, როგორც შემიძლია.

 

გამარჯვება და ლამაზი მეგობარი

რა თქმა უნდა, ღმერთს რომ არ ნდომებოდა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ – მე, დედამ, მამამ და ჩემმა ძმამ – ბევრი ვიბრძოლეთ და დიდმა ძალისხმევამ, მოთმინებამ, წლობით ნათევმა ღამეებმა შედეგი გამოიღო. უკვე ორი წელი გავიდა, რაც საბოლოოდ დავამარცხე ეპილეფსია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სავსებით ჯანმრთელი ვარ. ყველაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში უკან დარჩა. ახლა მეგობარიც მყავს. არა, შეყვარებული არ გეგონოს (ისევ იცინის), დაქალია. ულამაზესი ლანა. ყველაზე ნიჭიერი და კეთილი გოგო. აღარც სხვა ბავშვები მერიდებიან და მეც უფრო თამამად ვურთიერთობ მათთან.

წლების მატებასთან ერთად აგრესიის მოგერიებაც ვისწავლე. ახლა უკვე აღარავის გავაბედვინებ, ცუდად მომექცეს. ის კი არა, როცა ვინმე დაუცველია ჩემ გვერდით, ვფიქრობ, რომ მის მაგივრადაც უნდა ვიყო ძლიერი და სამართლიანი (აქ მუშტს კრავს). აღარც თითის გამო ვნერვიულობ. ადრე სულ ვმალავდი, სათითეს ვატარებდი, ახლა აღარ. საბოლოოდ გადავლახე „ცხრათითას“ კომპლექსი.

ზოგი რამ ალბათ ჩემი ბრალიც იყო. როცა იცი, რომ ნაკლი გაქვს, საკუთარ თავში იკეტები, გარეთ გასვლა არ გინდა, გგონია, ყველა შენ გაკვირდება. ვცდილობდი, მეპოვა ჩემს თავში ძალა, დედაც მეხმარებოდა, მაგრამ ავადმყოფობა ხელს მიშლიდა. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, საგანგებოდ არასოდეს დავმდგარვარ სარკის წინ და არ მითქვამს ჩემი თავისთვის: „აბა მარი, შენ იცი, არავის დაეჩაგვრინო–მეთქი“. უფრო თავისით მოხდა გარდატეხა. ალბათ, გავიზარდე და ამის ბრალიცაა.

 

რეცეპტი

ბულინგისთვის თავის დასაღწევი, კომპლექსების გადასალახავი ჩემეული რეცეპტი ისაა, რომ აგრესიით ვერაფერს გახდები. შეიძლება, რაიმე თანდაყოლილი ან შეძენილი გარეგნული ნაკლი გქონდეს, მაგრამ ასჯერ მეტი ღირსება და სიკეთე იმალებოდეს შენს შიგნით. ამის მოძებნა და პოვნაა აუცილებელი. ბევრი რამის წამალი, ჩემი აზრით, კარგი მეგობრები და ურთიერთობებებიცაა, და კიდევ – საყვარელი საქმე ან ჰობი. ჩემი ჰობი ჯერჯერობით ხატვაა. პროფესია კი… უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ექიმი გამოვიდე. ექთნის როლს ათი წლიდან ვირგებ – დიდი ხანია ვიცი წნევის გაზომვა, ნემსის გაკეთება, ჭრილობების დამუშავება და კიდევ ბევრი რამ; საჭმელების გამომგონებელიც ვარ – რაც უნდა უცნაური ინგრედიენტები ავურიო ერთმანეთში, მაინც გემრიელი კერძი გამომდის. ახლახან კერვაც ვისწავლე და ძალიან მომწონს ჩემი შეკერილი ტანსაცმლით სიარული. მოდელობაც ვცადე, მაგრამ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვარ უკვე. არც მინდა არაჩვეულებრიობა. უბრალოდ, ჯანმრთელი და ბედნიერი მინდა ვიყო და იმავეს ვუსურვებ ყველას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი