ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სხვისი ღირებულებების ინსტა-პლანტაცია ჩვენში

თქვენ, ალბათ, გიყვართ ყავა _ მეც მიყვარს, უფრო სწორად, კი არ მიყვარს, ყოველდღე ვსვამ, ორჯერ. მახსოვს, როგორ დავიჯღანე, პირველად რომ გავსინჯე ეს მწკლარტე სითხე, ჭიქის შუამდეც ვერ ჩავედი, მერე კი ასე, ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა. დილით გაღვიძების, საყვარელი საქმის კეთების, მეგობრებთან ერთად სადმე მყუდრო ადგილას ჩამოჯდომის რიტუალებისა.

 

ზუსტად მახსოვს, რატომ დავიწყე ყავის სმა _ სკოლის მოსწავლეს საკუთარი თავი მომავალში ასე წარმომედგინა: წინ ბევრი გაშლილი ფურცელი მელაგა, რომლებიც საკუთარი ნაფიქრალით უნდა შემევსო, მე ვფიქრობდი, თმაგაწეწილი სიგარეტს ვეწეოდი, გვერდით კი ფინჯანი ყავა მედო. აბიტურიენტობისას გადავწყვიტე, რომ დრო იყო, ჩემს წარმოსახვაში არსებულ საკუთარ თავს დავახლოვებოდი, სიგარეტის მოწევა არ დამიწყია (ვერ გავბედე?), ფურცლები მოგვიანებით კომპიუტერის მონიტორმა შეცვალა, აბურდული თმა და ფინჯანი ყავა კი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

ნეტავ სად ვნახე შავ-თეთრი ფოტო თმაგაწეწილი ქალისა, რომელიც ფურცლებით მოფენილ მაგიდასთან ზის, სიგარეტს აბოლებს და გარინდებული ფიქრობს? არ მახსოვს. ღმერთმა იცის, როდის ჩამოკრავს წამი, როდესაც მოზარდი დაისახავს იმის ხატს, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში.

მხოლოდ ღმერთმა კი იცის, მაგრამ გზად ბევრი ჩასაფრებულიც ელოდება. ჩვენ ვხვდებით, თუ რამხელა წყალობაა, როდესაც ტელევიზორის ფართო ეკრანზე ფილმი წყდება და დიდი ასოებით ,,რეკლამა” ეწერება, ვინაიდან ამ შემთხვევაში წინასწარ მაინც გვაფრთხილებენ, რომ ჩამოყარეს ანკესები, რომლებზედაც მსუყე ნადავლის, ჩვენი ქვეცნობიერის, წამოგების იმედი აქვთ. მაგრამ ამქვეყნად ბევრი სხვა რეკლამაცაა, უფრო შეფარული და კიდევ უფრო იმპერატიული _ რეკლამა, რომელიც კი არ გთავაზობს კონკრეტულ პროდუქტს, არამედ გამცირებს, თუკი არ იყენებ მას. ამგვარი რეკლამა აგრესიულია და ჩვენი სისუსტის იმედი აქვს, განსაკუთრებით, თუკი ჯერაც მოზარდები ვართ.

არ ვიცი, კიდევ არის თუ არა აქტუალური და მოდური სლენგი ,,გოიმი”, თუ იმავე ცნებას ახლა უკვე სხვა, უფრო თანამედროვე ტერმინი აღნიშნავს, შეიძლება ,,გოიმი” უკვე ძალიან ,,გოიმურია”. ასეა თუ ისეა, ალბათ, ყველამ იცით, რომ ეს სიტყვა ებრაულად სხვა სარწმუნოების აღმსარებელს, არაებრაელს ნიშნავს, ანუ სხვებისაგან განსხვავებულს. თუ თქვენ მოზარდი ხართ და ახალ საზოგადოებაში მოგიწიათ ადაპტირების დაწყება, ესე იგი, ან ლიდერად წარმოაჩენთ თავს, ან გოიმად; თუ ამ საზოგადოებაში ერთი წლის შემდეგაც ,,უცხოდ” რჩებით, შეიძლება იფიქროთ, რომ სოციოპათი ხართ და მოიწყინოთ, არადა, ეგებ სწორედ ის ხართ, ვინც მუდამ საკუთარ თავად რჩება და მოსალოცად გაქვთ საქმე.

მახსოვს, 11 წლის ვიყავი, ახალ ბინაში რომ გადავედით, ერთი-ორი წელი ოჯახმა თავი ვერ მოაბა რემონტის გაკეთებას. კლასელები სახლში არ მომყავდა, ვიცოდი, ვერ გამიგებდნენ, მე კი უამისოდაც საკმაოდ განვსხვავდებოდი ყველასაგან. ერთხელ ბებო ავად გახდა და ექიმი მოვიდა ჩვენთან, სახელიც კი დღემდე მახსოვს, ქეთევან ანჯაფარიძე, არც კედლებისათვის შეუხედავს, არც _ ჭერისაკენ აღუპყრია მზერა, შემოვიდა და უცებ მივხვდით, რომ მის საზოგადოებაში ყველანი შესანიშნავად ვგრძნობდით თავს. წასვლისას დედამ თქვა: ,,როგორი ინტელიგენტი ქალი იყო”. იმ დღის შემდეგ სიტყვა ,,ინტელიგენტი” ჩემთვის ნიშნავს ადამიანს, რომლის გვერდითაც ლაღად სუნთქავ, რადგან გრძნობ, რომ არ განგსჯის.

ადამიანი-რეკლამებისათვის დამახასიათებელი თვისება სხვების განსჯა, მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, თქვენი მიყვანა აწრიალებამდე ,,ვაიმე, რა ვქნა?!” და ამ დროს გიპასუხებენ: ,,აი, როგორც მე.” მათ არ სჭირდებათ თქვენი მეგობრობა, მათ მიმდევრები სჭირდებათ.

ამ საკითხზე სტატიის დაწერა ესინა ო’ნილმა შთამაგონა, ავსტრალიელმა გოგონამ, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამზე” მილიონობით მიმდევარი ჰყავდა; გოგონას ქარიზმა სულ მალე გამოიყენეს სავაჭრო ბრენდებმა, მას ასობით დოლარს უხდიდნენ, რომ მათ კაბაში გამოწყობილს გადაეღო კაბა მზიან პლაჟზე ანდა კოქტეილით ხელში. თითქოს კაბას მზისგულის მოთენთილობა ანდა კოქტეილის თრობა მოჰყვებოდეს, თითქოს კაბას ბედნიერი ღიმილი მოჰყვებოდეს თან… გოგონამ (არ ვიცი, რატომ) საიდუმლო გაამჟღავნა, თქვა, რომ ეს მისი ნამდვილი ცხოვრება არაა, თქვა, რომ მარტოობისაგან იტანჯება.

ჩვენ უამრავ ძალისხმევას ვხარჯავთ, ჩვენ ვმდიდრდებით იმის გამო, რომ ჩვენზე უბედურ ადამიანებს ვგავდეთ.
ესინას სანდო გოგოდ ვერ ვხედავ, მაგრამ მის ნათქვამში ერთი რამ მაინც იყო საგულისხმო _ მან თქვა, რომ დაუკავშირდა თანამემამულე, ასევე შესანიშნავი გარეგნობის ბიჭი და უთხრა, რომ გამხდარიყვნენ ,,ინსტა-წყვილი”, რათა ყველასთვის ,,თვალი დაეყენებინათ”. ამის წაკითხვისას ჯერ ელდა მეცა, მერე კი მივხვდი, რომ ასეთ წყვილს ბევრსაც ვიცნობ და კიდევ უფრო მეტზე მსმენია. წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ,,უხდებიან”, რითი და, ოჯახიშვილობით, თანამდებობით, პერსპექტივით ანდა უბრალოდ, ,,მათი მწვანე თვალებით და ლამაზი ტუჩებით”.

რეკლამა ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს, მაგრამ სოციალური ქსელი მისთვის მაინც ისეთივე მისწრებაა, როგორც ტილისთვის _ ფეთხუმის თავი. საღამოს კაბებსა და შხაპის გელებზე ვიღა დარდობს, როდესაც სოციალური ქსელები ,,აზროვნების მოდასაც” კი ამკვიდრებენ, როდესაც რამე ახალი საჭირბოროტო თემა წამოიჭრება საზოგადოებაში, უკვე წინასწარ ვიცი, ვისი მხრიდან როგორი შეფასება მოჰყვება ამას, ვინ წამოიწყებს და ვინ აჰყვება, ვინ დაწვავს არც მწვადსა და არც _ შამფურს და ვინ გაანადგურებს დაუნდობელი სარკაზმით ანდა ,,ამოხეთქილი” ინტელექტუალური გინებით საწინააღმდეგო აზრის მქონეებს. ,,შეთქმულების თეორიების” რომ მჯეროდეს (მოდური გამოთქმაა ასეთი ,,შეთქმულების თეორიების არ მჯერა” და ეგ მიშლის ხელს), ვიფიქრებდი, რომ შეთანხმებული არიან. მათ ფეხისხმას აყოლილი ჭყინტიც ბევრი ვიცი…

მეჩვენება, თუმცა ალბათ, მხოლოდ მეჩვენება, რომ, როცა ყველაზე საშიში ადგილიდან, მასწავლებლის სკამიდან, ვუყურებ ჩემს წინ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას, უკვე ერთი შეხედვით ვიცი, ვისგან შეიძლება ველოდო საინტერესო, ორიგინალურ, განსხვავებულ, დახვეწილ მოსაზრებას და რაღაცნაირად ბოლომდე თვალს ვარიდებ ხოლმე, ტკბილ ლუკმად ვიტოვებ. ვერ ვიტყვი, რომ არსებობს ვინმე, ვინც სტერეოტიპების მსხვერპლი არ ხდება, უბრალოდ, ზოგი მეტად გავრცელებული სტერეოტიპის გავლენის ქვეშ ვართ, ზოგი კი _ ნაკლებად.

რამდენიმე სახის ყავა კი მართლაც შევიყვარე ამასობაში, ირლანდიური ვისკით, დარიჩინიანი კაპუჩინო, ბათუმური მოხარშული… ათასი კაცისგან გავიგონე, ყველაზე კარგი ყავა იმ კაფეს აქვს, ევროპასა და ამერიკაში რომ ძალიან ცნობილია და საქართველოში პრინციპულად არ ადგამს ფეხსო. რეკლამას ავყევი და ევროპის მიწას ვემთხვიე თუ არა, მაგ ყავასაც გავუსინჯე ჭაშნიკი. ,,დიდი ვერაფერი შვილია, დეიდა უკეთესს აკეთებს”, _ გავიფიქრე და უცებ გული ამიჩუყდა: ,,თბილისში რომ ჩავალ, იმ კვირაშივე დეიდა უნდა ვნახო”.
ხანდახან რეკლამა უძლურია ჭეშმარიტი გრძნობების წინაშე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი