პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

განშორების შფოთვითი აშლილობა ბავშვებში

შფოთვა ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური რეაქციაა სტრესზე და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სასიკეთოც აღმოჩნდეს, რადგან მას დაცვითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, საფრთხის დროს გვეხმარება  მზადყოფნასა  და ყურადღების მოკრებაში. მაგრამ ზოგჯერ ის სცილდება ნორმის ფარგლებს და გადადის პათოლოგიაში, ხელს უშლის რა ადამიანს ყოველდღიური საქმიანობების შესრულებაში და გარემოსთან ადაპტაციაში. განშორებით გამოწვეული შფოთვის დროს ადამიანები განიცდიან მშობლიური სახლის ან მათთვის მჭიდრო ემოციური კავშირის მქონე ახლობლებთან განშორების შიშს ან შფოთვას. ეს ადრეული განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, დაახლოებით 7 თვის ასაკიდან იწყება და 2 წლისთვის მთავრდება, როცა ბავშვები ხვდებიან, რომ მშობლები ხანდახან მიდიან და ისევ ბრუნდებიან უკან. თუმცა, ხანდახან ყველაფერი აქ არ მთავრდება და განშორებით გამოწვეული შფოთვა იმდენად ძლიერად იჭრება  ადამიანის ცხოვრებაში, რომ მთლიანად მოიცავს მის სხეულს და გონებას და მასთან გასამკლავებლად სპეციალისტის ჩარევა ხდება საჭირო.

ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს DSM-5-ის მიხედვით, განშორების შფოთვითი აშლილობა გვხვდება 18 წლის ქვემოთ ახალგაზრდებსა (როცა გრძელდება სულ ცოტა 4 კვირის განმავლობაში) და მოზრდილებში (როცა გრძელდება 6 თვის ან მეტის განმავლობაში). იმისთვის, რომ დაისვას დიაგნოზი, საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 3 პირობის არსებობა:

  • სტრესის განცდა ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად, სახლთან ან მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორების გამო;
  • მყარი და ზრდადი ღელვა იმის გამო, რომ მიჯაჭვულობის ობიექტი შეიძლება შორს წავიდეს ან შეემთხვეს რამე უბედურება, მაგალითად ავადმყოფობა, ტრავმა, სიკვდილი;
  • მყარი და ზრდადი ღელვა განცდილი ან ჯერ არგანუცდელი მოვლენის გამო (დაკარგვა, ავადმყოფობა), რომელიც მას მიჯაჭვულობის ობიექტთან დააშორებს;
  • სახლიდან გასვლაზე და სკოლაში, სამსახურში ან სხვა ადგილას წასვლაზე უარის თქმა განშორების შიშის გამო;
  • შინ ან სხვა ადგილებში მარტო ან მიჯაჭვულობის ობიექტის გარეშე ყოფნის შიში;
  • უარის თქმა სახლს გარეთ ან მიჯაჭვულობის ობიექტის გარეშე ძილზე;
  • განმეორებადი კოშმარები განშორების თემაზე;
  • განშორების დროს გამოხატული ფიზიკური სიმპტომები (თავის, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევის შეგრძნება).

განშორებით გამოწვეულ შფოთვით აშლილობას ხშირად წინ უძღვის მატრავმირებელი მოვლენა ბავშვის ცხოვრებაში, მაგალითად, საავადმყოფოში წოლა; საყვარელი ადამიანის ან ცხოველის გარდაცვალება; საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლა; მშობლების განქორწინება. ბავშვები, რომელთა მშობლებიც ზემზრუნველნი არიან, მეტად არიან მიდრეკილნი განშორებით გამოწვეული შფოთვისკენ. გარდა ამისა, ხშირად ამ ბავშვების ოჯახის წევრებსაც აქვთ გარკვეული შფოთვები ან აშლილობები, რაც საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ის მემკვიდრეობითია. თუმცა, შეიძლება იყოს გარემოს გავლენა. მაგალითად, რიგ შემთხვევებში, მშობლები სხვადასხვა გზებით, ნებით თუ უნებლიეთ,  უწყობენ ხელს განშორების შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბებას:

  • განშორებისას შიშის გამოჩენა. ხშირად შვილებზე მეტად, მშობლებს სწყდებათ გული და ეშინიათ მათი სადმე დატოვების. მნიშვნელოვანია, რომ მათ გააკონტროლონ საკუთარი განცდები და ზედმეტად არ გამოხატონ შიში და შფოთვა, რადგან ბავშვები მათგან იღებენ მაგალითს და ემოციებსაც ირეკლავენ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე განშორებისას, რადგან თქვენ შვილისთვის როლური მოდელი ხართ და როცა ის ამას დაინახავს, დიდი ალბათობით, თვითონაც შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას.
  • ხანგრძლივი დამშვიდობება. ყველა ბავშვი განიცდის მშობლებთან პირველად განშორებას, მაგრამ ხშირად მათ ამ ღელვის გაკონტროლება შეუძლიათ. თუმცა, როცა მშობლები დამშვიდობებისას ბევრჯერ ეხუტებიან და კოცნიან მათ, ზრდიან ამ შფოთვას, რადგან ბავშვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისინი სამუდამოდ მიდიან.
  • განშორების შემდეგ ხანგრძლივი ემოციური მისალმება. დამშვიდობებასთან ერთად შესაძლოა სირთულეს მისალმებაც წარმოადგენდეს. დაბრუნებისას არ უნდა მოიქცეთ ისე, თითქოს თქვენი წასვლა საფრთხის შემცველი იყო. უბრალოდ მიესალმეთ და არა ისე, თითქოს  სახიფათო მოგზაურობიდან დაბრუნდით. ჩვეულებისამებრ ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, აკოცეთ, თითქოს ეს არ იყო დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. როცა გადაჭარბებული ემოციებით ესალმებით, ბავშვს გაზვიადებულად უხარია თქვენი დაბრუნება და აღარ სურს, რომ წახვიდეთ.

 

შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ თქვენი ბავშვისათვის სტაბილური და ხელისშემწყობი გარემოს შექმნაში:

  • მოიძიეთ ინფორმაცია განშორების შფოთვითი აშლილობის შესახებ. თუ გაიგებთ, როგორ განიცდის თქვენი შვილი ამ აშლილობას, უფრო გაგიადვილდებათ მისი გაგება და უკეთ დაგეგმავთ ამ სირთულესთან გამკლავების გზებს;
  • მოუსმინეთ და პატივი ეცით თქვენი შვილის გრძნობებს. ბავშვისათვის, ვინც აშლილობის გამო მარტოსულად გრძნობს თავს, განცდა იმისა, რომ უსმენენ, შესაძლოა მძლავრი განმკურნავი ეფექტის მქონე იყოს;
  • ისაუბრეთ პრობლემის შესახებ. ბავშებისთვის უფრო ჯანსაღია მათ გრძნობებზე საუბარი – ისინი ვერ იღებენ სარგებელს „ამაზე ნუ იფიქრებ“ დამოკიდებულებით. იყავით ემპათიურები და ფრთხილად შეახსენეთ ბავშვს, რომ მან შეძლო ბოლო განშორების გადატანა;
  • გაითვალისწინეთ განშორების სირთულეები. მზად იყავით იმ მომენტებისთვის, რომლებმაც შესაძლოა თქვენს ბავშვში ღელვა გამოიწვიოს, როგორიცაა, სკოლაში ან მეგობრებთან სათამაშოდ წასვლა.
  • უზრუნველყავით დღიური რუტინა. გაითვალისწინეთ, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც განშორების შფოთვითი აშლილობა აქვთ, სჭირდებათ წინასწარმეტყველებადი გარემო. თუკი თქვენი ოჯახის დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს, წინასწარ განიხილეთ ეს თქვენს შვილთან ერთად;
  • დააწესეთ საზღვრები. დაე, თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ მართალია, გესმით მისი გრძნობები, მაგრამ ოჯახში არსებობს წესები, რომელიც უნდა დაიცვას;
  • შესთავაზეთ არჩევანი. თუ თქვენს შვილს ეძლევა არჩევანი ან კონტროლის გარკვეული მექანიზმი უფროსებთან ურთიერთობისას, ის თავს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს;
  • მხარი დაუჭირეთ შვილის მონაწილეობას აქტივობებში. ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილს, მონაწილეობა მიიღოს ჯანსაღ სოციალურ და ფიზიკურ აქტივობებში;
  • დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც სკოლაში არ იმყოფებოდა, შეძლებისდაგვარად მალე დაუბრუნდეს სკოლას. დასაწყისისთვის საჭიროა უფრო მოკლე სასკოლო დღე, მაგრამ ბავშვის სიმპტომები უფრო მალე შემცირდება, თუკი აღმოაჩენენ, რომ შეუძლია განშორების გადატანა;
  • დააფასეთ თქვენი შვილის ძალისხმევა. გამოიყენეთ უმცირესი მიღწევები – დასაძინებლად აურზაურის გარეშე წასვლა, კარგი შეფასება სკოლიდან – როგორც მიზეზი ბავშვისთვის დადებითი განმტკიცების მიცემისა;
  • ებრძოლეთ განშორების შფოთვას საკუთარ სტრესთან გამკლავებით. ბავშვები, ვისი მშობლების შფოთავენ ან სტრესს განიცდიან, შესაძლოა უფრო მიდრეკილნი იყვნენ განშორების შფოთვისადმი. ამიტომ თქვენი ღელვის შესამცირებლად გამოიყენეთ სარელაქსაციო ტექნიკები: იოგა, ღრმა სუნთქვა ან მედიტაცია. ლაპარაკი საკუთარი შიშების და შფოთვების შესახებ, სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, საკმარისი ძილი, იუმორის გრძნობის შენარჩუნებაც დაგეხმარებათ უფრო ბედნიერად  და მშვიდად იგრძნოთ თავი.

განშორების შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის მქონე ბავშვები შეიძლება უარს ამბობდნენ სკოლაში წასვლაზე. უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ სკოლისათვის თავის არიდების მიზეზი, დაგეგმეთ დაბრუნების გეგმა, მაგალითად, თავიდან არასრული დღის განმავლობაში. სკოლაში სტრესის განცდისას მოკლე, ერთ-ორწუთიანმა სატელეფონო ზარმა შესაძლოა შეამციროს განშორების შფოთვა, ამიტომ ნება მიეცით ბავშვს, კონტაქტი იქონიოს სახლთან. შეგიძლიათ, გაუგზავნოთ მოკლე შეტყობინებები, სადილის ყუთში ან ჩანთაში ჩაუდოთ ბარათი წარწერით – „მე შენ მიყვარხარ! ამან შესაძლოა გაზარდოს თქვენი შვილის თავდაჯერებულობა. უფროსის მხარდაჭერა, იქნება ეს მასწავლებელი თუ მრჩეველი, შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც ბავშვისათვის, ასევე მისი თანატოლებისთვისაც. უზრუნველყავით ასეთი დამხმარე სკოლაში. როგორც სახლში, ასევე სასწავლო დაწესებულებაში, მისი ყოველი ძალისხმევა და სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯიც აღნიშნეთ და წაახალისეთ.

თუკი ხედავთ რომელიმეს ქვემოთ მოყვანილ „წითელ დროშათაგან“ და თქვენი დახმარება არ ჩანს საკმარისი, შესაძლოა საჭირო იყოს პროფესიონალის ჩარევა თქვენი შვილის დიაგნოსტირებისა და დახმარებისათვის:

  • ასაკისთვის შეუსაბამო მიჯაჭვულობა ან ტანტრუმი (სიბრაზის და იმედგაცრუების უკონტროლო გამოვლინება);
  • მეგობრებისაგან, მშობლებისაგან ან თანატოლებისაგან გაუცხოება;
  • შეწუხება, რომელსაც ახლავს ძლიერი შიშის ან დანაშაულის გრძნობა;
  • ფიზიკური ავადობის გამო მუდმივი ჩივილები;
  • სკოლაში წასვლაზე უარის თქმა კვირების განმავლობაში;
  • სახლის დატოვების გადაჭარბებული შიში.

სახლიდან, სკოლიდან და კლინიკიდან მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ბავშვთა ფსიქიატრი, ბავშვთა ფსიქოლოგი ან ნევროლოგი სვამს განშორების შფოთვითი აშლილობის დიაგნოზს და იწყებს მკურნალობას, რომელიც მოიცავს ოჯახურ თერაპიას, სკოლის მასწავლებლების კონსულტირებას, თამაშის თერაპიას, ბიჰევიორალურ თერაპიასა და ფარმაკოთერაპიას.

წყარო:

The Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, Fifth Edition (DSM-5). APA. 2013

The American Psychological Association

Separation Anxiety and Separation Anxiety Disorder

https://www.webmd.com/parenting/separation-anxiety#1

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი