პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები, რომლებიც ფილმად იქცა (ნაწილი მეორე) 

წიგნი: იან მარტელი – პის ცხოვრება (2001)

ფილმის რეჟისორი – ენგ ლი (2012)

ხანგრძლივ მოგზაურობებში ადამიანებს ძირითადად წიგნები მიაქვთ. ზოგს არ უმართლებს და ხანდახან მოგზაურობაც დაუგეგმავი აქვს და მეგზურებიც უცნაური ჰყავს – ზებრა, ორანგუტანგი, აფთარი და უზარმაზარი ვეფხვი.
„ერთი ისტორია მაქვს შენთვის, ეს არის ამბავი, რომელიც ღმერთის რწმენით აგავსებს”, – უთხრეს იან მარტელს. ხანგრძლივი და მღელვარე თავგადასავალი რწმენის, მეცნიერული ცოდნის, იუმორისა და გაბედულების საინტერესო ნაზავი „პის ცხოვრებად” იქცა და ბესტსელერი გახდა. თამამი და გამორჩეული წიგნი თავგადასავლების მთელი ნაკრებია მაგიური რეალიზმის სამყაროში, რომელიც ინდოელი ბიჭის პი პატელის ირგვლივ ვითარდება. ოკეანეში გემის ჩაძირვას გადარჩენილი ბიჭი ბენგალიურ ვეფხვთან – რიჩარდ პარკერთან ერთად მაშველ ნავზე აღმოჩნდება, სადაც ორივე თვითგადარჩენისთვის იბრძვის.
წიგნის პერსონაჟებში მარტივია საკუთარ თავის ამოცნობა. ვეფხვი შეიძლება თქვენ იყოთ, ორენგუტანგი – რომელიც უნივერსალურ სიყვარულს წარმოადგენს – მფარველი დედის კლასიკური მაგალითია. აფთარი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ჩრდილშია და მზად არის პირველივე შეცდომის დროს კბილი გაგკრათ, ზებრა კი ახალგაზრდა, რომელიც პირველი უდანაშაულო მსხვერპლია. ყველა დაბრკოლება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავხდეთ ისინი, ვინც ვართ, ადამიანი უნდა გადარჩეს პრობლემებით სავსე უძირო ოკეანეში. წიგნი არის მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა ჰქონდეს საზღვარი თავისუფლებას და არის თუ არა აუცილებელი ამ ზღვრის გადალახვა.

 

იმისათვის რომ წიგნის სიბრძნე ბოლომდე გაიაზრო, უნდა გავიგოთ, რომ ამბავი არაა მხოლოდ ვეფხვთან ბრძოლაზე, ეს უბრალოდ მეტაფორაა. რიჩარდ პარკერი – უზარმაზარი  ვეფხვი – ჩვენი შიში, შფოთვა და სასოწარკვეთაა,  რომელიც გვაიძულებს გადავკვეთოთ ბოროტი და დაუსრულებელი ზღვა, სადაც არ უნდა დავკარგოთ საკუთარი თავის და უკეთესი სამყაროს რწმენა.

 

წიგნი გაშორებს ჩაკეტილ ურბანულ სივრცეებს და ველურ ბუნებაში გაჰყავხარ. „მარტოობა დაიწყო, მე შევბრუნდი ღმერთისკენ, მე გადავრჩი”. ავტორს სურს, რომ ამ გზავნილით პის მსგავსად ჩვენც ვიპოვოთ სიმშვიდე. ცდილობს დაგვაჯეროს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით რწმენის გარეშე, უაზრო ოცნებების ამარა. საბოლოოდ პი მხოლოდ მათემატიკური კონსტრუქტია, რომელსაც სრულად ვერ ამოიცნობ. „პის ცხოვრებაც” არსებითად ამოუცნობია, ისევე, როგორც რელიგიის, მეცნიერებისა და სულიერების ბრძოლა.

წიგნში ავტორი ნელ-ნელა და ეტაპობრივად ქმნის პის პერსონაჟს და გვიჩვენებს მის ჩამოყალიბებას მოგზაურობის დროს. მოთხრობილია, როგორ მიიღო პიმ ორმაგი ბაკალავრის დიპლომი რელიგიასა და ზოოლოგიაში ტორონტოში, ასევე დაკავებული იყო ხანგრძლივი მედიტაციებით და მშვიდი, ვეგეტარიანული ცხოვრებისთვის.
აღწერილია, როგორ ზრუნავენ მასზე მედდები და ექიმები. პის ენობრივი ბარიერის მიუხედავად, მკურნალობის პროცესიც საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი. ასევე ნაჩვენებია, როგორ სწავლობს პი ცურვას, მას მამაჯი ცურვას ნელ-ნელა ასწავლის.
ჯერ მიწაზე, შემდეგ მუხლებზე ადგილობრივ აუზში, სცენაში ჩანს პის მამაც.

მნიშვნელოვანი დეტალია პის საუბრებიც, სადაც ის გვიხსნის ზოოპარკის ეთიკას, უნდა იყვნენ თუ არა ცხოველები თავისუფალი. ასევე, საუბრობს იმ სიამოვნებაზე, რომელიც თან ახლავს ცხოველების გარემოცვაში გაზრდას. ზოოლოგიის მასწავლებელი პირველი ათეისტი ადამიანია, ვისაც პი ხვდება. მასთან ის საუბრობს რელიგიაზე და ანდობს თავის გადაწყვეტილებას – ისწავლოს ზოოლოგია. წიგნის მიხედვით მამას პი და მისი ძმა სამი დღის ნაშიმშილარი ბენგალიური ვეფხვის გალიასთან მიჰყავს, რათა ბიჭებს გაკვეთილი ასწავლოს. ის მათ თვალწინ აგდებს გალიაში ბატკანს, რომელსაც ვეფხვი გლეჯს. შემდეგ, მამა შვილებს ატარებს ზოოპარკში და უხსნის, როგორ შეიძლება ყველა ცხოველი გახდეს სახიფათო, თუ მათთან ფრთხილად არ იქნებიან.
ოჯახი მიემგზავრება სხვა ქალაქში, სადაც პი ეკლესიაში შედის და ჩაისა და ბისკვიტს მიირთმევს მამა მარტინთან ერთად, რომელიც მას საინტერესო ისტორიებს უყვება და პი ხვდება მცხობელს, რომელიც მუსლიმანია. ასევე იმამი, მღვდელი და პანდიტი (საპატიო ტიტული ინდოეთში) უმტკიცებენ პის, რომ ერთ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სამი რწმენა, პი კი ამბობს, რომ მას მხოლოდ ღმერთის სიყვარული სჭირდება.

იან მარტელის ნაწარმოებში პის მამას უნდა ინდოეთის დატოვება, რადგან იმდროინდელი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით ეშინია ბიზნესის გაგრძელების. ასევე ნაწარმოებში ვხვდებით ზრდასრული პის ცოლს, შვილებს და შინაურ ცხოველებს. რაც შეეხება ვეფხვს, სანამ ნავში ერთად არ აღმოჩნდებიან, პის მიერ რამდენჯერმე ნახსენები რიჩარდ პარკერი მკითხველს აფიქრებინებს, რომ საუბარია ადამიანზე. ნავზე კი პი ფიქრობს, ათასგვარ გზაზე, როგორ მოკლას პარკერი, თუმცა მალევე ვეფხვი თავის დიდ კატას აგონებს. გადაწყვეტს მის მოთვინიერებასა და გადარჩენას. თვითგადარჩენის მიზნით პი პატელი აკეთებს ანკესს, იჭერს კუებს და ზვიგენებს, ერთ-ერთ მომენტში ცდილობს რიჩარდ პარკერის განავლი ჭამოს.

 

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ზოოპარკის მოკლე მონაკვეთის შემდეგ, სადაც მთავარი გმირი გაიზარდა, პირდაპირ გადავდივართ კანადაში, უკვე ზრდასრულ პისთან. მისი სწავლის პროცესი კი ნაჩვენებია მხოლოდ იმ მონაკვეთში, სადაც ის ცდილობს თანაკლასელებმა არ დაუძახონ მისთვის არასასიამოვნო სახელი – pissing. ცურვის სწავლების ეპიზოდში, მამა არ ჩანს. პის კი მამაჯი გაუფრთხილებლად აგდებს აუზში. ფილმში საუბარი საერთოდ არ არის ზოოპარკის და ცხოველთა ქცევის ეთიკაზე. რელიგიებთან მისი პირველი შეხება კი სულ სხვა ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი – ძმა აქეზებს, წავიდეს და წყალი დალიოს ეკლესიიდან, რის შემდეგაც ის იქ ხშირად დადის, რადგან მამა მარიტნი მას კეთილად ესაუბრება. ცვლილება თავისთავად ცუდია, რადგან წიგნში პი ცნობისმოყვარე ჩანს, ფილმში კი ის პატარა თავხედ ბიჭად არის წარმოჩენილი. საერთოდ არ ჩანს, საიდან ეცნობა მუსლიმთა რელიგიას, უეცრად ჩნდება მლოცველის ხალიჩა.

რეჟისორისა და სცენარისტის გადაწყვეტილებით დამატებულია მოზარდი პის სასიყვარულო ისტორიაც, რომელიც საყვარელი გოგონას გამო ცეკვის კურსებზე დადის.

ზრდასრული პის ოჯახი კი მხოლოდ ფილმის ფინალში ჩნდება.

წიგნისგან განსხვავებით, ფილმში ნაჩვენებია, რომ პი წიგნ-სახელმძღვანელოში „როგორ გადავრჩეთ“ შეშინებული პოულობს ინსტრუქციას, როგორ მოათვინიეროს გარეული ცხოველი და ცდილობს ინსტრუქციას მიჰყვეს.

 

ცვლილებები, რომელიც რეჟისორმა შემოგვთავაზა წიგნის სიუჟეტს ცვლის, რადგან საბოლოო ჯამში მაყურებელს უჭირს, დაინახოს წიგნის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი – სად გადის თავისუფლების ზღვარი. წიგნიდან, რომელსაც მკითხველი ველურ ბუნებაში გაჰყავს და თვალსაწიერს უხსნის, ეკრანზე მხოლოდ ლამაზი სპეცეფექტები დარჩა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი