პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ინკლუზიის ინსტრუმენტები – მულტიმოდალური სწავლება

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვერც კი ვაანალიზებთ, რომ ერთი უბრალო მიზნის მისაღწევად რამდენიმე მოქმედების შესრულება გვიწევს. მაგალითად, საუზმობისთვის უნდა ავიღოთ ჩაიდანი, ავადუღოთ წყალი, გამოვაღოთ კარადა, მოვამზადოთ ყავა ან ჩაი, გავხუხოთ პური, გადავუსვათ კარაქი ან დავადოთ ყველი, რომელიც უნდა მოვჭრათ… ამ ყველაფრისთვის ვიყენებთ თვალებს, კანს და ხელებს, კუნთებს, ტვინს, ყურებს და მათ პარკუჭებსა და არხებში მდებარე უხილავ რეცეპტორებისაც კი. მოკლედ, იმდენ მოქმედებას და ორგანოს ვააქტიურებთ, რომ გააზრებამ შეიძლება ნოყიერად საუზმობაც კი გადაგვაფიქრებინოს და ხელში მხოლოდ ერთი ჭიქა წვენი ან თუნდაც წყალი აგვაღებინოს, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში გავექცევით მრავალგვარ ქმედებას და მულტისენსორულ აქტივობას.

ფსიქოთერაპევტები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ადამიანები ფიქრს, გრძნობას, მოქმედებას, შეგრძნებას, სმენას, წარმოსახვას, ურთიერთობას  სხვადასხვა სენსორული არხის დახმარებით ახერხებენ. სწორედ ამ მიზეზით თითოეული ეს მოდალობა უნდა ჩართულიყო ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში, რამდენადაც მულტიმოდალური შეფასება და თერაპია ეფუძნება ქცევის, აფექტის, შეგრძნების, წარმოსახვის, კოგნიციის, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და ნივთიერებების (ბიოლოგიურ) ფაქტორებს.

სწორედ ამ პოსტულატებზე დაყრდნობით მულტიმოდალური მიდგომა მოგვიანებით განათლების სფეროში აღმოცენდა იმ შეხედულებებისგან, რომ სწავლის პროცესი ჩვენი სხვადასხვა შეგრძნების – განსაკუთრებით კი მხედველობის, სმენის, ტაქტილური აღქმის ერთობლიობაა. ამდენად მივიღეთ თანამედროვე განსაზღვრება, რომ მულტიმოდალური სწავლება  – ეს არის სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი სტრატეგიის/მასალის გამოყენებას და  მოიცავს მგრძნობელობის ყველა არხს, რომლებიც ადამიანის რვავე შეგრძნების გააქტიურებას უწყობს ხელს.

ჩვენთვის, ადამიანებისთვის, გარემოდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების უპირატესი გზა არაერთგვაროვანია. ზოგი უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს მოსმენილ ინფორმაციას, ზოგიც კიდევ უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს დანახულ ინფორმაციას და ა.შ. ზოგი მოსწავლე უკეთ გაიგებს მოთხრობას, თუ დაუხატავენ ან ფოტოებს უჩვენებენ; ზოგიერთი ამ მოთხრობის მოსმენას ამჯობინებს, დარჩენილ ნაწილს კი ურჩევნია ფიზიკურადაც ჩაერთოს პროცესში: გაითამაშოს სცენები, დადგას სპექტაკლი, შექმნას კომიქსი და ამ სახით გაიგოს შინაარსი.

 

დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვების შემთხვევაში მულტიმოდალური მიდგომა გამოიყენება, როდესაც ერთი რომელიმე სენსორული მოდალობა უფრო სუსტად არის განვითარებული, ვიდრე დანარჩენი. შესაბამისად, შედარებით უფრო სუსტი მოდალობების საკომპენსაციოდ ხდება უფრო ძლიერი მოდალობების გამოყენება. ნეიროფსიქოლოგების თქმით, კითხვის პროცესი შეიძლება განხორციელდეს ოთხი ძირითადი შეგრძნების ჩართვით, ესენია: ვიზუალური (კითხვა), ტაქტილური (ბრაილის შრიფტი), აუდიო (დისკებზე ჩაწერილი წიგნები) და მულტისენსორული (ყველა შეგრძნების გაერთიანებით). მულტიმოდალურ ინტერაქციაში ჩართულია მხედველობის, სმენისა და დაბეჭდილი სიტყვების ტაქტილურად აღქმის აქტივობები. ამ დროს წიგნის მხედველობით წაკითხვას შეიძლება თან ახლდეს იმავდროულად დისკზე ჩაწერილი ტექსტის მოსმენა, სიტყვების ჰაერში დაწერა, პლასტელინით ასოების დაფაზე გამოძერწვა.  ასევე საწერად იყენებენ ქაფს, ქვიშას, ბრინჯს და. ა. შ.

როდესაც კლასში ბევრი მოსწავლეა, მასწავლებელი ინფორმაციის მიწოდებისთვის იყენებს ეკლექტურ მიდგომა, რაც ერთდროულად მრავალ მეთოდს  აერთიანებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ კომბინირებას მოიაზრებს. მაგალითად, ახალი მასალის ახსნისას შეიძლება გავაგოროთ კამათელი და ჰორიზონტალურად დავარდნილ ქვებზე დატანილი რიცხობრივი მოცემულობით შევადგინოთ რამდენიმე მაგალითი, განტოლება ან ამოცანა. ამგვარ შემთხვევაში ბავშვები

  • აღმოაჩენენ,
  • უცქერენ,
  • აკვირდებიან,
  • იმახსოვრებენ მასწავლებლის ქცევას.

შემდეგ თავად იმავეს აკეთებენ, ანუ:

  • ეხებიან,
  • უცქერენ,
  • აგორებენ – მოძრაობენ,
  • უსმენენ კამათლის ხმას,
  • ამოიცნობენ მათზე დატანილი წერტილების რაოდენობას,
  • იწერენ ციფრებით,
  • ადგენენ მოქმედებას – პროდუქტიულად აზროვნებენ.

 

ამავე მიზნით მასწავლებელს კლასში  შემოაქვს დომინო, რომელიც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მულტისენსორული ინტერაქციისთვის. ამ დროს სასწავლო-შემოქმედებით პროცესში ჩართულია მხედველობის (უცქერს ქვებს, რომელთა ოპოზიციური შეფერილობა ყურადღების კონცენტრირებას ახდენს), სმენის (უსმენს ქვებს), ტაქტილური (ეხება ქვებს), ვესტიბულარული (ზოგი ცალ ფეხზე დგას), პროპრიოცეპტული  (ზოგი მოხრილია და მაგიდას ეყრდნობა, ზოგი ცალ ფეხზე დგას), ინტეროცეპტული (მოსწავლე მფლობელია) შეგრძნებები. ამიტომ მოსწავლე კმაყოფილი, ბედნიერი და მოტივირებულია.

 

მასწავლებელი იყენებს ახსნის ყველა შესაძლო გზას და  მოიცავს მხედველობის, სმენისა და კანის, ვესტიბულარული… შეგრძნებების სისტემებს. მაგალითად, მასწავლებელი

  • ჰყვება ტექსტს. მოსწავლეები უსმენენ.
  • აჩვენებს სურათებს, ხატავს კომიქსებს. მოსწავლეები ათვალიერებენ, კითხულობენ.
  • დგამენ მინისპექტაკლებს, როლურ თამაშებს; ძერწავენ პერსონაჟებს – მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ფიზიკური მოძრაობებით, ინფორმაციას იღებენ შეხებით.

 

მულტიმოდალური სწავლების შესახებ ერთ-ერთ მეთოდურ წერილში ვკითხულობთ: „კლასში ზოგ ბავშვს უყვარს ბანანი, ზოგიერთს შოკოლადი, დანარჩენს კიწვენი. მასწავლებელმა იმის ნაცვლად რომ გაერკვია, ვის უყვარს ბანანი, ვისშოკოლადი და ვისწვენი,  კლასში სამივე ერთად შეიტანა. შედეგად, დრო მოიგო და თითოეული ბავშვის სურვილიც დააკმაყოფილა[1]. მისასალმებელია, როცა პედაგოგი აღსაზრდელებზე ასე ზრუნავს, მაგრამ ამავდროულად უმნიშვნელოვანესია, იცოდეს, რომელია ინფორმაციის გადამუშავების უპირატესი გზა კონკრეტული ბავშვისთვის. ეს ცოდნა გამოგვადგება მოსწავლესთან პირადი კომუნიკაციის დროს ან მოსწავლის მშობლისთვის რეკომენდაციების მიცემისას. მაშინ, როდესაც ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით სუსტი მხარეების განვითარებაზე ვაძლევთ რჩევებს მშობელს.

 

სპეციალისტები გვირჩევენ, სმენის დაქვეითების მქონე მოსწავლეების სწავლებისას გამოვიყენოთ:

  • სიტყვების გრაფიკული გამოსახულება ( დაწერილი სიტყვებივაშლიდა ..);
  • სიტყვების აღმნიშვნელი საგნები;
  • რეალური საგნები (ხილი), რომელთა შეჭმაც შეიძლება;
  • სიტყვების სმენითი ხატი(სავარაუდოდ, პედაგოგი ასახელებს კიდეც /ახმოვანებს თითოეულ საგანს);

აღნიშნული აქტივობის ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა იყოს სიტყვა-ცნებების ათვისება. როგორც ვიცით, სმენადაქვეითებული ბავშვისთვის საკმაოდ რთულია სიტყვის სმენითი ხატის დაკავშირება სიტყვის მნიშვნელობასთან (უჭირთ გაგონილი სიტყვის მნიშვნელობი სგაგება) სიტყვების გრაფიკული გამოსახულების საგნებზე დაწებების მიზანი კი შესაძლოა იყოს სწრაფი კითხვის ჩვევის გამომუშავება (სიტყვის მხედველობით ხატის ცნობა/დამახსოვრება).

 წაკითხული ტექსტიდან შინაარსის გამოტანის გაუმჯობესება (სიტყვის მხედველობითი ხატისა და შესაბამისი  საგნის სწრაფად დაკავშირების ხარჯზე)

ამ აქტივობის დახმარებით მასწავლებელი:

  • თანუსახლებს ბავშვს კონკრეტულ საგანს (სმენითი არხი);
  • თანუჩვენებს (მხედველობითი არხი);
  • თან ეხება (ტაქტილური არხი);
  • თან აძლევს დაგემოვნების საშუალებას, (.. ორალური არხი ინტეროცეპტული შეგრძნებები)

ასევე იყენებს თითოეულ საგანს ფუნქციურად და ამ სახით უზრუნველყოფს ახალი ინფორმაციის ძველ გამოცდილებასთან დაკავშირებას, ინფორმაციის უფრო მაღალ დონეზე გადამუშავებას.

 

მულტიმოდალურ-ეკლექტური სწავლების კლასიკური შემთხვევაა ენ სალივანის მიდგომა პატარა ჰელენ კელერთან. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას არც სმენა გააჩნდა და არც მხედველობა, მასწავლებელმა მოახერხა შეხებისა და პროპრიოცეპტული, ვესტიბულარული და ინტეროცეპტული შეგრძნებებიდან მიღებული ინფორმაციით მოწაფეში მხედველობის და სმენის ილუზიით მირაჟული აზროვნება შეექმნა და იგი თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურამდეც კი აეყვანა.

 

ხოლო რაც შეეხება ზემოთ მოყვანიმაგალითებსა და მულტიმოდალურ აქტივობებს, ისინი პრაქტიკულად ყველა თემატიკასა და მიზანს შეიძლება მოვარგოთ. კვლევებით დასტურდება, რომ ამ გზით ახსნილ ახალ მასალას მოსწავლე უკეთ გე და იმახსოვრებს. შედეგად უმჯობესდება მისი აკადემიური მოსწრება. რადგან ყოველი ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილის წინ მაღლდება განწყობა, რაც ერთი-ორად ზრდის მოსწავლეთა მიღწევებს, მათი ზრდის პარალელურად კი იზრდება მასწავლებლის თვითკომპეტენტურობა და სწავლების მოტივაციაც.

ლიტერატურა:

 

https://mshoblebistvis.ge/?page_id=86

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი