ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ფანტაზიის სავარჯიშოები

“შემოქმედებითი უნარების განვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება გაუკეთოთ თქვენს შვილს”, – ამბობს ვენდი მასი, ფილოსოფიის დოქტორი და ავტორი წიგნისა „საბავშვო თამაშები“ (Toodler Play). ახალი კვლევების თანახმად, ბავშვის წარმოსახვითი უნარები შესაძლოა უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს აკადემიური განათლების მიღებაში, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტი (IQ).

“შემოქმედებითი აზროვნება ბავშვს ეხმარება პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაში. მან იცის, რომ ყველა სიტუაციიდან შეიძლება რამდენიმე გამოსავლის პოვნა და ეძებს საუკეთესოს”, – წერს ვენდი. ძნელია შეეკამათო. შემოქმედებითი აზროვნება მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამდე არარსებული გზის პოვნის უნარია. შემოქმედებითი აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად მიიჩნევა იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამებების პოვნა. კრეატიულობა შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა. მისთვის მიუღებელია ბანალური იდეები და მოვლენებზე არსებული საყოველთაოდ მიღებული შეხედულებები. სიტყვა “კრეატივს” უმეტესად ხელოვნებასთან აკავშირებენ, მაგრამ თანამედროვე სამყაროში შემოქმედებითობა მხოლოდ არტისტების ინსტრუმენტად აღარ მიიჩნევა და რაც მეტ სფეროში გამოიყენებს მას ადამიანი, მით უფრო საინტერესო გახდება გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.

შემოქმედებითი აზროვნება რამის ახლებურად დანახვის ან კეთების საშუალებას იძლევა. მისთვის დამახასიათებელია იდეების სიმრავლე, მრავალფეროვნება (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლე (ორიგინალურობა) და გარდაქმნის უნარი (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

შესაძლებელია შემოქმედებითი აზროვნების სწავლა? აღმოჩნდა, რომ კი. რასაკვირველია, ზოგ ადამიანს ბუნებრივად უფრო მეტად აქვს განვითარებული შემოქმედებითი აზროვნება, ზოგს კი ნაკლებად, მაგრამ ვარჯიში შედეგს ორივე შემთხვევაში გამოიღებს.

შემოქმედებითი აზროვნების სიკეთეებისა და მისი განვითარების მეთოდების შესახებ საკმაოდ ვრცელი მასალა არსებობს, რომელსაც დაინტერესებული პირი ადვილად იპოვის, მაგრამ ვინაიდან მე ყოველთვის პირადი გამოცდილება უფრო მეტად მაინტერესებს. გაგაცნობთ რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს, რომლებიც ჩემი შვილებისა და მათი მეგობრებისთვის მოვიგონე მათ ქცევაზე დაკვირვებით და რომელსაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები ხალისით ასრულებენ:

  1. მუსიკას, რომელსაც უსმენს ბავშვი, დაურთეთ მარტივი ამბავი, რომელსაც შემდგომ თვითონ განავითარებს.

სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ როცა ბავშვებს სიმღერის მოსმენისას ვუყვებით არა მისი შექმნის ისტორიას ან შემსრულებლის ბიოგრაფიას, არამედ მოკლე ამბავს, ბავშვებს ის უკეთ ამახსოვრდებათ და სტიმული ეძლევათ, განავითარონ ფაბულა.

მაგალითად: ეს არის სიმღერა პატარა გოგონაზე, რომელსაც ტყეში საყვარელი ძაღლი დაეკარგა, ან სიმღერა მეგობრებზე, რომლებიც ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს სანაპიროზე შეიკრიბნენ, მაგრამ უეცრად გაწვიმდა. ბავშვები იწყებენ იმაზე ფიქრს, წავიდოდა თუ არა პატარა გოგონა ძაღლის საძებნელად უსიერ ტყეში, შეეშინდებოდა თუ არა, როგორ იდარდებდა თავის ოთხფეხა მეგობარზე, ვინ შეხვდებოდა მისი ძებნისას, რამდენი ხანი დასჭირდებოდა საპოვნელად, ან როგორ მოიქცეოდნენ მეგობრები სანაპიროზე წვიმის დროს, იპოვიდნენ თავშესაფარს თუ გაწუწულები შინ დაბრუნდებოდნენ და ა.შ. ამბავი შეიძლება მოვარგოთ ბავშვის ასაკს, ინტერესებს, იმ თემებს, რომლებზეც გინდათ იფიქრონ პატარებმა. ეს ინტერპრეტაციის უსასრულო საშუალებას იძლევა. რამდენიმე თვეში აღმოაჩენთ, რომ ბავშვები მუსიკასაც უფრო ფაქიზად აღიქვამენ და ამბებსაც უკეთ ჰყვებიან. რაც მთავარია, გაქვთ ორიგინალური ისტორიები, რომლებიც მხოლოდ თქვენია.

  1. სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ სიმღერები სხვადასხვა შემთხვევისთვის. მაგალითად, ბაღიდან/სკოლიდან შინ დაბრუნებისთვის, უქმე დღეებისთვის, მეგობრების შეკრებისთვის, ტბაზე გასეირნებისთვის… გარდა იმისა, რომ ამით ხმას გაავარჯიშებენ, ტექსტის მოფიქრებისას თავიანთთვის მნიშვნელოვან ამბებსაც გაიხსენებენ, რაც უფროსებისთვის ბავშვებზე დაკვირვების კარგი საშუალებაა. ნაცვლად იმისა, რომ ვკითხოთ, რა აღელვებს, რა აწუხებს, რა ახარებს, რა მიაჩნია მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ და კითხვებით შევაწუხოთ, შეგვიძლია, უბრალოდ ვუსმინოთ მათ და ჩაკირკიტების გარეშე მივიღოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია.
  2. სთხოვეთ ბავშვებს ამ ისტორიებისთვის ილუსტრაციების შექმნა. საკუთარი ამბების ხატვა ბავშვებს განუმტკიცებს იმის შეგრძნებას, რომ ის, რაც მათ მოიფიქრეს, ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლიათ, ისეთივე ფორმა მიცენ, როგორიც აქვს, მაგალითად, მათთვის ცნობილ პოპულარულ ზღაპრებს თუ მოთხრობებს.
  3. სთხოვეთ პატარებს, მოიფიქრონ ცნობილი ამბების ათი ალტერნატიული გაგრძელება. არსებობს არაერთი საბავშვო ამბავი სევდიანი ან ისეთი დასასრულით, რომელმაც ბავშვებს შესაძლოა უსამართლობის, უკმაყოფილების შეგრძნება დაუტოვოს. რათა იცოდნენ, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ, მათ შორის – ამა თუ იმ შემთხვევის განვითარებაც, მასზეა დამოკიდებული, შეგვიძლია მივცეთ ბიძგი, შეცვალონ ცნობილი ისტორიების ფინალი, მოიფიქრონ ალტერნატიული ქმედებები საყვარელი პერსონაჟებისთვის.

განსაკუთრებით საინტერესო ამბები, სიმღერები და ნახატები შეგიძლიათ გადაიღოთ, ჩაიწეროთ, აკინძოთ წიგნებად და რამდენიმე ხნის შემდეგ აჩვენოთ პატარებს მათი შემოქმედება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და სავარჯიშოებიც იმდენადვე ეფექტური იქნება, რამდენადაც მის უნიკალურ ინტერესებსა და უნარებს მოერგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი