ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მუმინტროლი ბოლო ზარზე

ეს წერილი იმ მეთორმეტე კლასელებს მინდა მივუძღვნა, ბავშვობის დროინდელი საყვარელი წიგნის გმირები რომ დაახატეს თეთრ პერანგებს, მაისურებსა თუ წინსაფრებს და ისე წავიდნენ ბოლო ზარზე.

ამ წერილს ჩემს ქალიშვილსაც ვუძღვნი, იმიტომ რომ მის გამოსაშვებ თეთრ პერანგს მორცხვი, მუცელგამობზეკილი და კუდაპრეხილი მუმინტროლი ამშვენებდა. პირველად ჩანახატი რომ მაჩვენა, სიხარულისგან გავისუსე – შემეშინდა, ზედმეტი ემოციით საქმე არ გავაფუჭო, მუმინის დახატვა არ გადაიფიქროს-მეთქი.

გამახსენდა, ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, როგორ გაგვიხარდა ტუვე იანსონის გრაფიკული ილუსტრაციებით დამშვენებული წიგნები რომ ვიხილეთ წიგნის მაღაზიებში. რა სულმოუთქმელად ველოდით ყოველ მომდევნო ტომს და მასთან ერთად ავტორის გამოგონილ ახალ-ახალ გმირებს: სნიფებს, მუმრიკებს,  ჰემულებს, სნორკებს, ფილიფონკებს, ჰატიფნატებს, მორებს… ვიფსლასა და ტოფსლას გამოჩენა ხომ ნამდვილ დღესასწაულად გვექცა, მათი ენა უცებ ავითვისეთ: დილასლა მშვიდობისლა, მარისლა და ლუკასლა! – ვესალმებოდი დილაობით შვილებს, ისინიც მაშინვე ამყვებოდნენ, თუმცა მალე ენა ებმოდათ, ყოველ სიტყვაზე „სლას“ დამატება უჭირდათ და მათი აბდაუბდა საუბარიც არანაკლებ გვართობდა, გულიანად ვიცინოდით…

და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი კარგი მოგონება აკავშირებს ჩვენს და მუმინების  ოჯახებს…

გაუთოებული თეთრი პერანგიდან 87 წლის წინ, იანსონის ხელით მოხაზული მუმინტროლი სამი დღის განმავლობაში (სანამ ხელმოწერებით აჭრელდებოდა) გამომწვევად შემოგვცქეროდა. ცდუნებას ვეღარ გავუძელი, წიგნები გადმოვიღე და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მაჭკატებისა თუ ზღვის სურნელით გაჯერებულ, სადაფის ნიჟარების თუ კომეტისფრად აჭრელებულ ამბებს. ისევ ჩამეღიმა სნიფის დაუოკებელ სურვილზე ყველასთვის ეჯობნა, მუმინტროლისა და ფრეკენ სნორკის რომანტიკულ სცენებზე, მემუარებზე თავჩახრილ მამა მუმინსა და მუდამ ხელჩანთიან დედა მუმინზე. როგორ მომნატრებია მოგზაური, მარტოსული სნუსმუმრიკი და მოწუწუნე, კაბიანი ჰემულები, ონდატრასეული ფილოსოფია, ჯადოქრის ქუდის ოინები, ციცინათელების გირლიანდებით მორთული საცეკვაო მოედნები და ტუჩის გარმონის მელოდიაზე დამღერებული „ბაფთებით ირთავენ კუდს პატარა მხეცუნები“.

ბედნიერი ვიყავი, მუმინტროლი კვლავ რომ დასახლდა ჩვენს სახლსა და გულებში, სასიამოვნო მოგონებების ტალღაზე გადაგვრთო და ისევსლა აგვალაპარაკასლა ზღაპრულსლა ენაზესლა.

ტუვე იანსონი – ინტეგრალური ავტორი.

პირველი მუმინი 1930 წელს შეიქმნა, 1940 წელს კი ფინურ ჟურნალში Garm კარიკატურის სახით გამოქვეყნდა. 1945 წელს გამოვიდა ტუვე იანსონის პიველი წიგნი „პატარა ტროლები და დიდი წყალდიდობა”, თუმცა, მწერალს პოლულარობა 1946 წელს მუმინების შესახებ დაწერილმა მეორე ამბავმა („კომეტა მუმინების ხეობაში”) მოუტანა. წიგნში დეტალურად იყო აღწერილი ადგილი, სადაც მუმინების შესახებ მომავალი ამბები განვითარდა.

ტუვე იანსონმა მუმინებზე რვა წიგნი დაწერა: „კომეტა მუმინების ხეობაში”, „ჯადოქრის ქუდი”, „სახიფათო ზაფხული”, „მამა მუმინის მემუარები”, „ნოემბრის მიწურულს”, „ჯადოსნური ზამთარი”, „მამა და ზღვა,” „მუმინტროლი და დიდი წყალდიდობა”. გამოსცა ასევე მოთხრობების წიგნი „უჩინარი ბავშვი” და ოთხი ნახატებიანი ალბომი. იანსონი საკუთარი წიგნების მიხედვით თავად წერდა ადაპტირებულ ტექსტებს თეატრისთვის, „სახიფათო ზაფხული” კი თავიდან ბოლომდე პიესად გადააკეთა და „მუმინტროლი კულისებს მიღმა” დაარქვა. დაწერა ასევე ლიბრეტო მიუზიკლისთვის „მუმინ-ოპერა”.

ილუსტრაცია ზოგჯერ ლიტერატურული ტექსტის განუყოფელ ნაწილად იქცევა, ისე გავითავისებთ ამა თუ იმ გმირის სახეს, ვერც წარმოგვიდგენია, სხვაგვარი როგორ უნდა ყოფილიყო კონკრეტული პერსონაჟი, ვერ ვუშვებთ, რომ შეიძლება არსებობდნენ განსხვავებული მუმინები, ვინი ფუუჰი, ელისი, ჩეშირული კატა, კარლსონი, მერი პოპინსი, პეპი და ა.შ. საკუთარი წიგნის გმირებს თავად რომ ხატავენ, დღეს ინტეგრალური ავტორებს უწოდებენ. ცნობილი ფინელი ავტორი ტუვე იანსონიც (1914-2001 წწ) მათ შორისაა. ქალბატონი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მომხიბვლელი არსებები დახატა, იდილიურ გარემოში, „მუმინების ხეობაში“ დაასახლა, მათ შესახებ საოცარი ამბების მოყოლა დაიწყო და საქვეყნოდ ცნობილ საბავშვო ავტორადაც იქცა.

მუმინბუმი

1949 წელს გამოსულმა „ჯადოქრის ქუდმა” ბიძგი მისცა, ეგრეთ წოდებულ, „მუმინ-ბუმს“ მთელ მსოფლიოში. 1950-60-იან წლებში მუმინების შესახებ დაწერილმა წიგნებმა პოპულარობისა და გაყიდვების მანამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. ტუვე იანსონს პოპულარობა ახარებდა, თუმცა საკუთარი შემოქმედების უსაზღვრო კომერციალიზაცია, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა კიდეც. წიგნების გარდა, მას შემოსავალი მუმინ-თემათიკიდანაც  (მაისურები,  კეპები,  ცხვირსახოცები,  სამკერდე ნიშნები და სხვა) გაუჩნდა.

მალე მუმინები კომიქსების გმირებადაც იქცნენ – იანსონმა Associated Press-თან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოჰემურ სკანდინავიურ გარემოში საბავშვო კომიქსების ხატვა დამამცირებელ საქმიანობად მიაჩნდათ, ამიტომ მწერლის საქციელმა გარშემო მყოფთა უკმაყოფილება გამოიწვია, მეგობრებმა ჩათვალეს, რომ ტუვემ თავისი ნიჭი დასავლურ მასკულტურას მიჰყიდა. ის კი თვლიდა, რომ სიღარიბე უფრო დამამცირებელია, ვიდრე ნებისმიერი სამუშაო. კომიქსების ხატვა მისთვის სტაბილური შემოსავლის გარანტია იყო. საბოლოოდ კი ფინეთის ყურეში კუნძული შეისყიდა, მომაბეზრებელი თაყვანისმცემლებისგან და ჟურნალისტებისგან რომ შეეფარებინა თავი.

პირველი მუმინ-კომიქსი 1954 წლის 20 სექტემბერს ლონდონის გაზეთის The evening news გვერდებზე გამოჩნდა. მუმინ-თემატიკის პოპულარობის პიკზე იანსონის კომიქსები 17 ქვეყნის 58 გამოცემაში იბეჭდებოდა. თავიდან იანსონი თითოეულ კომიქსს თავად ხატავდა, მერე კი სამუშაო ძმას, ლარს იანსონს გადააბარა, რომელიც 20 წლის მანძილზე შეუჩერებლად იგონებდა მუმინკომიქსებს და ეს საქმე საკმაოდ სარფიან ბიზნესადაც აქცია.

ტუვე იანსონი საკუთარ ლიტერატურულ მოღვაწეობას სერიოზულად სულაც არ უდგებოდა და ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, მხატვარი ვარო. მიუხედავად ამისა, მისი ნახატები ზღაპრებთან შედარებით ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა. მუმინებზე შექმნილი წიგნების პოპულარობა წლების განმავლობაში იზრდებოდა არამხოლოდ ბავშვებში, მოზარდებში, უფროსებსა და მეცნიერებშიც კი (ამ საოცარ წიგნებზე არაერთი დისერტაცია დაიწერა)!

1994 წელს ფინეთში ტუვე იანსონის 80 წლისთვის აღნიშვნა უდიდეს სახელმწიფო ღონისძიებად იქცა. საყვარელი ავტორის დაბადების დღე ფოიერვერკებითა და საზეიმო სვლით აღნიშნეს. მწერალს ნაციონალური გმირის საკადრისი პატივი მიაგეს. მისი გარდაცვალების დღეს კი ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა, ქვეყნის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ტუვე იანსონის შემოქმედება „კალევალას” შემდეგ ფინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია ამ სოფლიო საგანძურშიო!

გაატარეთ ზაფხულის არდადეგები მუმინებთან ერთდ

პატარებს მთელი გულით გირჩევთ ზაფხულის არდადეგები მუმინებთან ერთდ გაატაროთ – იცით, რამდენ თამაშს გამოიგონებთ! ტუვე იანსონისეული არსებები ყოველ დილით ხომ იმისთვის იღვიძებენ, რომ დღე საინტერესო და მხიარულ თავგადასავალებში გაატარონ. თქვენ გარშემო ბუნებასაც სულ სხვა თვალით შეხედავთ – ბილიკებზე, ტყეში, ზღვის ტალღებში, გამოქვაბულებში თუ ქვიშის სანაპიროზე უსათუოდ გამოძებნით სნიფურ, მუმინურ, ჰემულურ თუ სნუსმუმრიკულ თავშესაქცევს. მთავარია, წაიკითხოთ, რომ მათსავით ფიქრი, სიყვარული და თანადგომა შეძლოთ.

იანსონის მხატვრული სამყაროს საფუძველი კი სახლია – სახლი, სადაც მუდამ თბილა, შუქი ანთია, ახლობლები გელიან, მზადაა გემრიელი კერძები და თბილი ლოგინია გაშლილი. ესაა „უსაფრთხოებისა და სიყვარულის ერთგვარი ციტადელი”, მის შესახებ უბრალოდ ფიქრი და ოცნებაც კი წიგნის გმირებს ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვაში ეხმარება. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ სახლში! საკუთარ ჭერქვეშ იმდენად ძლიერდებიან, სულაც არ ანაღვლებთ, რომ 8 აგვისტოს, საღამოს 8 საათსა და 42 წუთზე (შესაძლოა 4 წამით გვიან) კომეტა დედამიწას დაეჯახება.

ბოლო ზარი

არ ვიცი, როგორი დრო გაატარა მარიამის მუმინტროლმა სკოლაში, ბოლო ზარზე. ბავშვებში გართობა უფრო მოეწონა თუ ისევ ჯადოსნური ქუდიდან ამოფრენილ ღრუბლებს მისტიროდა, სხვა გოგონებისთვისაც მოუნდა თმაში ჩასაბნევი ვარდის ჩუქება თუ ფრეკენ სნორკისთვის მიცემული პირობის ერთგული დარჩა. ერთი ცხადი გახდა – დღის ბოლოს პერანგი სამახსოვრო წარწერებით რომ აჭრელდა, მუმინტროლი კვლავ თეთრი და ხელუხლებელი დარჩა, ისევე როგორც ბავშვობა და საყვარელი წიგნის გმირები.

მარიამსლას ბოლო ზარის პერანგი ლუკასლას პერანგთან ერთად შევინახეთ. ცოტა ხნით მივაძინეთ ზღაპრული გმირები და თავგადასავლები, დრომ საუკეთესო მოგონებებად რომ აქციოს. მერე თავად გადაწყვეტენ, მოვყვები ან თუ სნუსმუმრიკივით საკუთარ თავგადასავლებთან მარტო დარჩენას ამჯობინებენ. გახსოვთ, ხომ რას ამბობს „უჩინარ ბავშვში“ ეს საოცარი მოგზაური: „მოყოლით ყველაფერი უფასურდება. მერე დრო რომ გადის და გახსენებას ვცდილობ, ჩემი საკუთარი მონათხრობიღა მახსოვს, თვითონ თავგადასავალი კი გაუჩინარებულიაო“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი