პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

არატრადიციული ნეკროლოგი . ღია წერილი მეცხრეკლასელებისათვის

 

ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ ქრესტომათიულ ტექსტად აქცია სკოლაში სწავლებამ.  ბავშვები ამ ტექსტით ეცნობიან თეთრ ლექსს, უღრმავდებიან ტროპს, ამოხსნიან ალუზიებს, მიეახლებიან ეგზისტენციურ საკითხებს, ეთიკურ პრობლემატიკას… აქვე ვუთითებ ორიოდ ბმულს, სადაც მკითხველს შეუძლია გაეცნოს ზოგიერთ ინტერპრეტაციას: 1. https://mastsavlebeli.ge/?p=9192 2. https://www.youtube.com/watch?v=PHpCTNFplng  რამდენიმე მასწავლებელს გამოქვეყნებული აქვს გეგმა, როგორ შეიძლება წარიმართოს გაკვეთილი „ადამიანი გაზეთის სვეტში“-ს შესახებ.

მგონია, რომ ოთარ ჭილაძის ამ ნაწარმოებს აქვს კიდევ ერთი, აქამდე ჩრდილში მოქცეული განზომილება, რომელიც იმსახურებს განმარტებასა და წარმოჩენას. განმარტება კი უნდა  დავიწყოთ სულ თავიდან – ანუ სათაურიდან.

რას ნიშნავს ადამიანი გაზეთის სვეტში? როდის ხვდება ადამიანი გაზეთის სვეტში, უკეთ, როდის ხვდებოდა იმ დროს, როცა ოთარ ჭილაძე ამ ლექსს წერდა? თან ადამიანი, რომელიც ეპიგრაფის თანახმად, უკვე მკვდარია? ამ შემთხვევაში გაზეთის სვეტი – ნეკროლოგია, ადამიანი გაზეთის სვეტში – სიტყვების კუბოში ჩასვენებული ცხედარია. ოთარ ჭილაძის ლექსს მეცხრე კლასში სწავლობენ და ამ 14-15 წლის ბავშვებს, რასაკვირველია, წარმოდგენა არ აქვთ, რა იყო ნეკროლოგი და მით უმეტეს, საბჭოთა დროის ნეკროლოგი. საბჭოთა ნეკროლოგი თავს უყრიდა მკვდარ, გაშეშებებულ, კლიშედქცეულ სიტყვებს და ფასობდა უფრო იმით, თუ ვინ აწერდა ხელს გაზეთში გამოქვეყნებულ ტექსტს – ამხანაგების ჯგუფი, თუ პატივცემული ან დიდად პატივცემული კონკრეტული ამხანაგები; ამასთან ნეკროლოგი, პატარა სურათით, ცოტა ვრცელი ტექსტით, სადაც გარდაცვლილის ბიოგრაფია და მიღწევები მოკლედ, მშრალად იყო გადმოცემული, ყველას არ ერგებოდა. მინიმუმ, უნდა ყოფილიყავი სკკპ წევრი – ადრეული  წლებიდან. ჰო, სკკპ ნიშნავს საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას.

მაგრამ კრუს ხიმენესი, „ადამიანი გაზეთის სვეტში“-ს ლირიკული გმირი, განგმირული ჯარისკაცი, ზღვრულ სიტუაციაში, სიკვდილისწინა ვრცელი მედიტაციის „ავტორი“ – პანამელია, საბჭოთა კავშირთან იმას ხელი არ აქვს. ოთარ ჭილაძეს ტექსტის დასაწყისში, ხაზგასმით მოჰყავს „ამბავი“ „გაზეთებიდან“, რომლის მიხედვით, ხიმენესი, ამერიკელი სამხედრო, ამერიკელებმავე მოკლეს, რადგან „მან არ ინდომა მონაწილეობა მიეღო პანამელი პატრიოტების დასჯაში“. ასეთ ჯარისკაცს სამშობლოში ნეკროლოგი არ ერგება. ქართველი პოეტი, რასაც ჰქვია, საკუთარ თავზე იღებს კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის ამ მორიგი მსხვერპლის „უკვდავყოფას“ ლექსში – არატრადიციულ ნეკროლოგში, ის განავრცობს ნეკროლოგის ველს, ნეკროლოგის გმირი გასწევს საგაზეთო სვეტის ჩარჩოებს და თავის სიკვდილ-სიცოცხლეზე ამბობს გაცილებით მეტს, ვიდრე ერთად აღებულ მის ყველა ამხანაგს შეიძლებოდა ეთქვა.

ლექსის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ მიმოხილვისას ახსენებენ ხოლმე ამერიკის შეერთებული შტატების შეჭრას პანამაში 1989 წლის 20 დეკემბერს – თითქოს ეს მოვლენა ქმნიდეს კონტექსტს ლექსის ეპიგრაფში გადმოცემული ამბისთვის. აქ არ მოვყვებით პანამაში ამერიკელთა შეჭრის მიზეზებსა და შედეგებს. სჯობს, უბრალოდ, ვთქვათ, რომ ოთარ ჭილაძემ „ადამიანი გაზეთის სვეტში“ დაწერა 1963 წელს. არავითარი კონფლიქტი იმხანად აშშ-სა და პანამას შორის არ ყოფილა. არც მანამდე. კრუს ხიმენესი, პანამელი პატრიოტები, თანამებრძოლის მკვლელი ამერიკელები, გაზეთები და სისხლისმღვრელი შეტაკებები  პანამის არხის ზონაში – მისტიფიკაციაა, პოეტური ტყუილია. მაგრამ რისთვის?

ალბათ, იმისთვის, რისი პირდაპირ თქმაც მაშინ შეუძლებელი იყო; იმისთვის, ვისაც ნეკროლოგი არ ღირსებია და ეკუთვნოდა კი; იმისთვის, რომ ძვალი – ანუ ეპიგრაფი – გადაუგდო საბჭოთა ცენზურის ქოფაკებს და დააჩუმო ისინი; იმისთვის, რათა შეახსენო მკითხველსა და საზოგადოებას, რომ მსხვერპლი უკვდავია თავისი მნიშვნელობით.

„ადამიანი გაზეთის სვეტში“, ჩემი აზრით, არის 1956 წლის მარტის ტრაგედიის ექო. და რადგან მეცხრეკლასელებს ველაპარაკებით, ვუთხრათ, რომ 1956 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა ხრუშჩოვმა კომპარტიის მეოცე ყრილობას წარუდგინა „საიდუმლო მოხსენება“ სტალინის „პიროვნების კულტის შესახებ“. სტალინი იმ დროს სამი წლის მკვდარი იყო. მის სახელს ჯერაც ადგა უდიდესი და უცდომელი პოლიტიკური ლიდერის შარავანდედი. და აი, კომუნისტების არც ისე ფართო წრე ისმენს მოხსენებას, რომელსაც კიდევ სამ ათეულ წელს არ გაასაჯაროებენ და რომელიც სტალინს ლამის ხალხის მტრად აცხადებს. საიდუმლოების მიუხედავად, მოხსენების შინაარსი სწრაფად ხდება ცნობილი მთელი ქვეყნისთვის.

საქართველოში სტალინის მხილებამ პოლიტიკური ვნებებიც გაამძაფრა და ეროვნული გრძნობებიც. მოქალაქეთა პირველი შეკრება 4 მარტს გაიმართა სტალინის მონუმენტთან – დღევანდელ დედაენის ბაღში. მეორე დღეს (5 მარტი სტალინის სიკვდილის დღეა) ქალაქში დაიწყო სამგლოვიარო მსვლელობები. 6 და 7 მარტს დაძაბულობამ იმატა. 7 მარტს რუსთაველზე მსვლელობისას მონაწილეები ჩერდებოდნენ მთავრობის სახლთან (პარლამენტის ყოფილი შენობა) და ყვიროდნენ „დიდება დიდ სტალინს!“ ქალაქის საბჭოსთან (დღეს თბილისის საკრებულო თავისუფლების – მაშინ ლენინის – მოედანზე) გუნდი მღეროდა სიმღერებს სტალინის სადიდებლად, ხოლო რამდენიმე ადამიანმა წაიკითხა სტალინისთვის მიძღვნილი ლექსები. დღის ბოლოს მანიფესტანტების რიცხვმა 70 ათასს მიაღწია. 8 მარტს სცემეს პოლიციელებს, ინციდენტები ხდებოდა წინა დღეებშიც. ვრცელდებოდა ჭორები – სტალინის გვამი განზრახ დააბალზამეს ისე, რომ მალე გაშავებულიყოო. თითქოსდა მაო ძედუნს, ჩინეთის კომუნისტ ლიდერს, მოეთხოვოს სტალინის ნეშტის გადაცემა, რათა ის ჩინელ სპეციალისტებს „გამოეცოცხლებინათ“. მანიფესტანტები საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს ანუ რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელს – ვასილ მჟავანაძეს, რომელსაც საიმდროოდ მოსკოვისთვის უკვე ეთხოვა ტანკები გამოვიყენოთო, მიმართავდნენ, 9 მარტი გამოეცხადებინა  გლოვის უქმე დღედ, ყველა ადგილობრვ გაზეთს დაებეჭდა სტატიები, რომლებიც სტალინის ცხოვრებასა და საქმიანობას მიეძღვნებოდა, კინოთეატრებში ეჩვენებინათ „ბერლინის დაცემა“ და  „დაუვიწყარი 1919 წელი“, შესრულებულიყო საბჭოთა საქართველოს ჰიმნი სრულად.

…იმ ამბების აღწერა უფრო დაწვრილებით და თანმიმდევრულად შეიძლება, მაგრამ ჩვენ ოთარ ჭილაძის ლექსის გამო ვლაპარაკობთ. ამიტომ ბევრ მოვლენას გამოვტოვებთ და ვიტყვით, რომ 9 მარტს, საღამოს, თბილისი მთლიანად უკონტროლო მასის ხელში იყო. რუსთაველის გამზირზე ტროლეიბუსებისა და ავტობუსებისგან ორი ბარიკადი გააკეთეს: სასტუმრო „თბილისთან“ (დღეს „თბილისი მარიოტი“) და ე.წ. დომ სვიაზისთან (ბევრი ახლაც ასე უწოდებს). პროტესტი გასცდა თბილისს: მისწვდა ბათუმს, სოხუმს, გორს. თბილისში მიტინგი თითქმის განუწყვეტლად ეწყობოდა სტალინის ძეგლთან და პირველი იერიში ტანკებმა სწორედ იქ მიიტანეს: ჯერ შეკრებილთა შევიწროებას ეცადნენ,  რასაც უიარაღო ადამიანები არ შეეპუენ და ტანკებს დროშები და პორტრეტები დაუშინეს. რუსეთის სახელმწიფო არქივში დაცული მასალების მიხედვით, ამ დროს ისმოდა შეძახილები: „რისთვის მოხვედით აქ?“ „აქ ჯარი არავის ჭირდება!“ „რუსებო, გაეთრიეთ ქალაქიდან!“ „დახოცეთ რუსები!“ ტანკებმა ცეცხლი გახსნეს…  შუაღამის შემდეგ ქალაქში ასევე ტანკებით შემოვიდა მერვე პოლკი და პირდაპირ, გაუფრთხილებლად დაუწყო სროლა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტალინის მონუმენტთან და კავშირგაბმულობის სახლთან  მოკლეს 15 ადამიანი (აქედან ორი ქალი) და დაჭრეს 54 (აქედან შვიდი მოგვიანებით გარდაიცვალა). ამასთან, სახალხო მღელვარების იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსულმა მასამ სცემა 146 მილიციელს. 10 და 11 მარტის ღამეს დააპატიმრეს დაახლოებით 300 ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, მოსწავლები და სტუდენტები. 10 მარტის დილიდან თბილისის ძირითად ქუჩებზე, გზაჯვარედინებზე, ხიდებზე, მაგისტრალურ შემოსასვლელებთან განლაგდა სამხედრო პიკეტები ტყვიამფრქვევებით…

…ოთარ ჭილაძის ლექსში ვერ ვიპოვით  სოლიდარობას „პანამელი პატრიოტების“ მიმართ. თუ პანამელი პატრიოტების მიღმა სტალინის სახელის დასაცავად გამოსულ ქართველებს ვიგულვებთ, ოთარ ჭილაძე, ფხიზელი და ზუსტი პოეტი, შეუძლებელია არათუ გამსჭვალულიყო პროსტალინური სულისკვეთებით, არამედ ოდნავ მაინც თანაეგრძნო ამ შემართებისა და მოძრაობისათვის. სოლიდარობის არქონა არ გამორიცხავს სიბრალულს,   „ადამიანი გაზეთის სვეტში“ შეგვიძლია წავიკითხოთ იმ ადამიანის მონოლოგად, რომელმაც არც ერთ მხარეს დგომა არ ისურვა და ერთ მხარეს, მისი პოზიციის ძირეული მცდარობის გარდა, დაინახა, როგორ გამოკრთა ათლწეულების მანძილზე დახშული თავისუფლება.  თავისუფლების – პიროვნულის და ეროვნულის – ამ ნატვრას,  გაელვებას მოიხელთებს პოეტი  სიტყვებში:

მე ჯერ მინდოდა, რომ მესარგებლა ღამის წყვდიადით, დემონსტრანტებს შევერთებოდი და ჩემი სისხლი მიმეცა მათთვის, როგორც ნიშანი პატიოსნების და ერთგულების. პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს; ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს, აღარ დაადგას ქედზე უღელი, არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი: თავისუფლება.

ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი: თავისუფლების და სიყვარულის.

1963 წელს ამ ლექსის დაწერით ოთარ ჭილაძე, ვფიქრობ,  უწინარესად  მაინც  იმ დუმილს გაბზარავს, რომელსაც ქართული  ლიტერატურა აგებებდა 1956 წლის ტრაგედიას.  პუბლიცისტიკაზე, საერთოდ,  მაშინდელ „ჟურნალ-გაზეთებზე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია – საბჭოთა არალიტერატურული გამოცემები  თან  მკვდარი და თან  პათეტიკური სიტყვის სავანე იყო.  იმ დროის ქართველთა დღიურები, ჩანაწერები ძალიან ცოტას, თითქმის არაფერს გვეუბნება რა მოხდა 56 წლის გაზაფხულზე   სინამდვილეში. მას ტაბუ ადევს, წყვდიადი აფარია.  ღამეს,  დუმილს ჭილაძის ტექსტში ხშირად წააწყდებით, იმდენად ხშირად, რომ ხვდებით – მისი თანამედროვე სხვა ქართველი პოეტისა არ იყოს – დუმილი რეკავს:

ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი. მე ასე მჯერა და ჩემი სული ნათდება, როგორც მინდვრის ნაწილი მაშხალის შუქზე, მაგრამ მთავარი წყვდიადში რჩება, რადგან იმ მინდორს არც საწყისი აქვს, არც დასასრული. ამიტომ ვკვდები, ვკვდები და ჩუმად საკუთარ სისხლის გუბეში ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს.

პოეტის ამ განწყობას გაიგებ, როცა ლექსის დაწერის თარიღს  გაიხსენებ: 1963 წელს ძნელია დაინახო პერსპექტივა არათუ თავისუფლების – გადარჩენისაც  კი;  თავისუფლების წყურვილი  და სინდისი  ითხოვენ,  ითქვას სიტყვა ადამიანებზე, რომლებიც ემსხვერპლენ  შეჯახებას  ძლიერ და მოძალადე ხელისუფლებასთან, მაგრამ, ასე თუ ისე,  არ შეუშინდნენ მას, მიახალეს, რასაც ფიქრობდნენ. გვიან, მაგრამ მაინც, საჭიროა ამ ადამიანების გახსენება, მათთვის, მათი ამბის შემსწრეთათვის ხმის მიწვდენა, რომ გვახსოვს ისინი და ვიცით მათი  მნიშვნელობა:

„…ხოლო საბრალო დემონსტრანტებში ჯერ არ ჩამქრალა ეჭვი და შიში. არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები. არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი, მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი. მე კი ჩუმად ვარ, როგორც მარცვალი ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის, რა მელოდება: ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, ეკალბარდები თუ თბილი ხნული.

ეს პატარა წერილიც, ჩემი ჭკუით, იმისთვის დავწერე, რომ მეთქვა: მარცვალი თბილ ხნულში მოხვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი