პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მეჩამა ხე

დედაჩემისგან ვიცი: მას და მის ძმას ერთი თამაში ჰყვარებიათ ბავშვობაში. ჭადრაკში იყო, შაშში თუ ნარდში – თავიდანვე ისე აიკრიფებოდნენ, რომ ერთი მეორის (მოწინააღმდეგის) სასარგებლოდ აკეთებდა სვლებს და ფიგურებსაც დაუნანებლად სწირავდა. თითქოს თავიდანვე გამოერიცხათ მეტოქეობის ცნება და დაუფიქრებლად ხარჯავდნენ, რაც მოსაფრთხილებელი იყო. თამაშის ამ წესს „მეჩამა ხეს“ ეძახდნენ, რაც სიტყვასიტყვით „მიცემის/გაცემის ხელს“ ნიშნავს, რაღაც გულუბრყვილო ქველმოქმედების მაგვარს.

ბავშვები, უფროსებისგან განსხვავებით, ხშირად დგებიან სიკეთის კეთების ხასიათზე და ამისთვის ასეთ უცნაურ თამაშებსაც კი იგონებენ, მაგრამ ამ თამაშმა მე სხვა რამეზეც ჩამაფიქრა.

ადამიანი ხომ ხასიათია და ხალხი – მით უფრო. საუკუნეების განმავლობაში ძერწავს, აწრთობს და იფერებს რეალური თუ ლეგენდარული პერსონაჟების ჩვეულებრივ თუ არაორდინარულ ქცევებს, სხვადასხვა დროს გამოვლენილი ხასიათების თავისებურებებს და ასე ყალიბდება. მერე, კრიტიკულ და საბედისწერო მომენტებში ხან ამირანს გამოემგვანება, ხანაც ნაცარქექიას, ხან ავთანდილობას ჩემობს, ხანაც თათქარიძეობა გადასძალავს თავისკენ. ამასობაში ისეთ რაღაცებს მოიხვეჭს და შეელევა…

ოპააა, შეელევა. ეგ სიტყვაა, რაც მაგ თამაშს აკვდება ზუსტად. მეჩამა ხე. იოლად რომ გასცემ, თავიდანვე გაცემისთვის გაქვს გადადებული, უანგარიშო გაცემისთვის. ჰოდა, შენც ელევი, ხელიც და გულიც მიშვებული გაქვს და ხასიათიც გაუცხოვებული იმისათვის, რომ რამის შენარჩუნებაზე იფიქრო. თამაშობ – შენი აზრით, წაგებაზე თამაშობ, რომ გაუთავებელი ბრძოლის ერთფეროვნებით მოწყენილი გუნება გაიხალისო და ნელ-ნელა ვეღარც ატყობ, რომ ეს თამაში სინამდვილედ იქცევა. როგორც ჩვენ გვექცა ყველა თამაში (თამაშის ასპარეზი) მარცხად (მარცხის არენად).

„გაცემის ხელს“ „გაყიდული ხელი“ მოჰყვება. შეჩვევა სცოდნია ამ შელევისა და გასხვისების პერმანენტულ აქტებს, მერე და მერე ჩვეულებრივ ამბად რომ ინათლება და ქველმოქმედებასთან (თუნდაც გულუბრყვილო ქველმოქმედებასთან) საერთო არაფერი აქვს. რასაც ერთნი (ბავშვები) თამაშითა და სიხარულით სჩადიან, მეორენი (სოლიდური, მრავლისმნახველი ბიძები) პირადი სურვილების დაკმაყოფილებისა და კეთილდღეობისთვის აკეთებენ. ასე გაიცა, გაიყიდა – მეჩამა ხეს პერიოდულ რიტუალებს დაექვემდებარა – ის ყველაფერი, რაც ჩვენი არამატერიალური ძეგლის სტატუსმინიჭებულ სუფრაზე მრავალშრიან სადღეგრძელოებად ითქმოდა და ითქმის დღესაც, ოღონდ უკვე ნოსტალგიურ ნოტზე.

მაინც რას გულისხმობ და რა ზოგადი მოიარებით ლაპარაკი აიტეხეო, – ახი კი იქნება, შემომძახოს ვიღაცამ, – გაჭრილად თქვი, რასაც აუმღვრევიხარო.

ამასწინებზე, წელიწადზე მეტი იქნება, ზედ ჩვენს მიწაზე ახალგაზრდა კაცი  რომ დააკლეს და ამაზე პასუხი არავინ არავის მოსთხოვა, მგონია, რომ მანდ შეველიეთ ყველაზე მთავარ რამეს – ღირსებას. იქ გავიყიდეთ მთავრობაც, მხედრობაც, ხალხიც და სამღვდელოებაც. ამ ამბავმა, – როგორც 90-იანებში თქვა ერთმა ენამოსწრებულმა კაცმა, – „პრაიავიტელი“ გადმოგვასხა ყველას. და აგერ, ჩემო ბატონო, ვდგავართ გამჟღავნებულები, ჩვენ-ჩვენი სათუთი სილაჩრითა და პირში გაჩრილი უმწეობით, და ხვალ-ზეგ თუ ჩვენც დაგვაკლავენ საზღვართან თუ ეგრეთ წოდებულ საზღვართან, ის ნაცადი და ორატორების ყბაში გამოჯეკილი პატრიოტიზმიც არ დაგვრჩება ბოლო თავშესაფრად: ეგ პატრიოტიზმიც ხომ იმ დღეს დამთავრდა, როცა უსამართლოდ მოკლული ბიჭის ტრაგედია საინფორმაციო გამოშვებების რიგით ნიუსად გარდაქმნეს პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა. და ჩვენც, რა თქმა უნდა, ხელი არ დაგვიკლია.

მერე, როგორც ყველა გაცემული და გაყიდული პარტიის შემდეგ ხდება, ფარსი და აბსურდი მოდის, რომელიც კარგახანს გვეყოფა საკვებად. ჯერ მსხვერპლი, მერე – საკვები. გათიშე და იბატონე კი არა, – ეგ იმპერიების საქმიანი დევიზია. გაწირე და გადარჩები! – ეგაა ჩვენი. გაეცი, უშურველად გაეცი. შენია და გაეცი. ადამიანიც, სინდისიც, მიწაც და ამ მიწაზე გაშენებული საფლავებიც, რომელიც სიკვდილმა და კაცის ხელმა გამოკვეთა და, ტექნიკური პროგრესის სახელით, ახლა მაგ კაცის ხელმავე უნდა შეუყენოს წყალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი