ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

   ახალი ტერმინის  სწავლის  სტრატეგიები

თანამედროვე სასწავლო პროცესი მასწავლებლებს გაკვეთილზე ისეთი გარემოს შექმნასა და ისეთი სავარჯიშოების გამოყენებას სთავაზობს, რომელიც ხელს შეუწყობს  მოსწავლეს დამოუკიდებლად ჩაწვდეს შესასწავლი საკითხის არსს.  ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის ხარისხს და ამაღლებს სწავლის შედეგს. ამგვარი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია ტერმინის, ანუ იმ სიტყვის ახსნისა და სწავლების დროს, რომელიც აღნიშნავს საგანს ან შეუძლია აღნიშნოს საგანი. ჯერ კიდევ არისტოტელესთან განიხილებოდა ტერმინი როგორც მსჯელობისა და დასკვნის  შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანთა თვისებას ან კლასს. მით უფრო მნიშვნელოვანია ტერმინის შესწავლა ისტორიის სწავლებისას, რადგან საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტერმინებს ვერ განვიხილავთ როგორც დეტალს.  მათი მნიშვნელობა გაცილებით დიდია, მათ გარეშე შეუძლებელია ვიმსჯელოთ და გამოვიტანოთ დასკვნები, ვისაუბროთ აღწერილ ამბებზე, განვიხილოთ პერსონალიები, გამოვიყენოთ შედარება, ანალოგიები და სხვა ლოგიკური ოპერაციები, ამიტომ ისტორიის გაკვეთილებზე ტერმინების შესწავლის მეთოდები და მიდგომები ყოველთვის აქტუალურია.

მასწავლებლებს შეგვიძლია სწავლებაში სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიის გამოყენება, რომ მოსწავლეს ახალი ტერმინები ავათვისებინოთ. აღიარებული წესის თანახმად, ახალი ტერმინის შესწავლისას ტერმინს ჯერ ვწერთ დაფაზე, ან მოსწავლეს ვაძლევთ ფურცელს ტერმინის განმარტებით და ვთხოვთ, ისწავლოს ის1. ცხადია, ერთი გაკვეთილი არ არის საკმარისი, რომ მოსწავლემ ტერმინის მნიშვნელობა სიღრმისეულად გაიაზროს და დაისწავლოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასეთი სწავლის შემდეგ  მოსწავლე ახერხებს კონტექსტში ტერმინის ამოცნობას.  გაცილებით ეფექტური იქნება შედეგი, თუ სწავლებაში თანამედროვე ინტერაქტიურ მიდგომებს გამოვიყენებთ, მაგალითად, ტერმინების შესწავლისთვის და დამახსოვრებისათვის: 

  • შევარჩევთ ისეთ დავალებებსა და სავარჯიშოებს, სადაც მოსწავლეს კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა სხვადასხვა კონტექსტში რამდენჯერმე შეხვდება;
  • დავავალებთ კლასგარეშე საკითხავი მასალიდან ისეთი ნაწარმოებების წაკითხვას, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთვის საინტერესო ტერმინს წააწყდება თანაც სხვა კონტექსტში და ამიტომ მის დამახსოვრებასა და გააზრებას უკეთესად შეძლებს;
  • ახალი ტერმინის დამახსოვრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ტერმინის გარკვეულ სახესთან ასოცირება;
  • ტერმინების სწავლება ახალი მასალის ათვისების წინ, როგორც გაგების მოტივაციის საშუალება;
  • გადამწყვეტი მნიშვნელობის  სიტყვებსა  და ფრაზებზე მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაცია;
  • ახალი ტერმინების არაერთხელ გამოყენება სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სხვადასხვა კონტექსტში;
  • ახალი ტერმინის სწავლა მოკლე აღწერით;
  • ტერმინის წარმოდგენა არალინგვისტური გამოსახვის მეთოდით როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის მიერ;
  • მოსწავლის მიერ ტერმინის საკუთარი ახსნა ან აღწერა;
  • შემოწმება/გადამოწმება – რამდენად ზუსტად დაამახსოვრდა მოსწავლეს კონკრეტული ტერმინი.

წარმატების მიღწევისთვის შესაძლებელია მოცემული მიდგომების  საფეხურების მიხედვით დაყოფაც, ანუ ტერმინის შესწავლისთვის აუცილებელი სამუშაოს დაგეგმვა. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი ისტორიის სწავლებიდან (საბაზო საფეხური), სადაც ახალი ტერმინის შესწავლისთვის გაცილებით ეფექტურია    ტერმინის  შესწავლა  მოკლე ახსნით  ან აღწერით. ამისათვის ვგეგმავთ რამდენიმე ეტაპს:

I ეტაპი რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს – ა) კონკრეტული თემის გაცნობას მოსწავლეები იწყებენ  ინფორმაციის   წაკითხვით; ბ)  მასწავლებლები   იმისათვის, რომ მოსწავლე დავაფიქროთ ტერმინის არსზე, მივდივართ ერთ-ერთ მოსწავლესთან, რომელსაც, ჩვენი აზრით, ისტორიული ხასიათის მხატვრული ლიტერატურა უყვარს და  ვეუბნებით, რომ მან მხოლოდ ის წიგნები უნდა წაიკითხოს სახლში, რომელსაც ჩვენთან შეათანხმებს; გ) შემდეგ მივდივათ მეორე მოსწავლესთან და ვეუბნებით, რომ ვიცით მისი პირადი დღიურების შესახებ და ეს დღიურები აუცილებლად უნდა წარმოგვიდგინოს, რომ შიგ რაიმე დანაშაულებრივი არ ეწეროს; დ) მოვითხოვთ მოსწავლეებისგან, არცერთი წიგნი არ იყიდონ  და არ წაიკითხონ ჩვენ გარეშე;

II  ეტაპზე ვეკითხებით მოსწავლეებს, რა აზრის არიან ჩვენს დავალებაზე. ცხადია, მოსწავლეები გაკვირვებული დარჩებიან, რატომ მოვიქეცით ასე და ვერ ახერხებენ პასუხის გაცემას;

III ეტაპზე  ვთხოვთ მოსწავლეებს, შეაფასონ ჩვენი სიტყვები. მოსწავლეთა ნაწილი ჩვენს საქციელს აფასებს როგორც მცდელობას, გავაკონტროლოთ მათი აზროვნება, ზოგის აზრით, ჩვენ, უბრალოდ, უსამართლოდ ვიქცევით და არ არის მართალი ჩვენი  მოთხოვნები, რომ მათ აქვთ უფლება, რაც უნდათ ის წაიკითხონ და ა.შ2;

IV  ეტაპზე ვუხსნით მათ, რომ სინამდვილეში კლასში ეს ყველაფერი გათამაშდა და განვუმარტავთ ტერმინის მნიშვნელობას – „ცენზურა ესაა გართობისა და პუბლიკაციების სახელმწიფო კონტროლი, რომელიც პირველად ძველ რომში შემოიღეს და დღესაც გამოიყენება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემაში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების ან რელიგიური დაწესებულებების მიერ;  ან კონტროლის ობიექტისთვის წარდგენა მის გამოქვეყნებამდე;
ან როგორც დისციპლინარული სასჯელი იმ პირის მიმართ, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი ამა თუ იმ ფორმით ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გაუთვალისწინებლად; ან აზრის გამოხატვის თავისუფლებისდემონსტრაციების თავისუფლებისპრესის თავისუფლებისთავისუფალი პრესის უფლების და ა.შ. აკრძალვა);

V  ეტაპზე   ახალი  ტერმინს  მოსწავლეებს არალინგვისტური გამოსახვის მეთოდის გამოყენებით წარვუდგენთ, ანუ ნახატების გზით დავანახებთ ტერმინის რეალურ მნიშვნელობას  (სურ.1.1.);

 

 

სურ.1.

VI  ეტაპზე  მოსწავლე  ტერმინის საკუთარ ახსნას  ან აღწერას წარმოადგენს:  ისინი წყვილებში  მუშაობენ ტერმინის ახსნაზე და აყალიბებენ საკუთარ პოზიციას. აღნიშნავენ, რომ „ცენზურა ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტალურ  უფლებას –  აზრის გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების და ა.შ.  და არ უნდა არსებობდეს“   და სხვ (სურ.1.2);

VII  ეტაპზე   მოსწავლე  ახალ  ტერმინს არალინგვისტური გამოსახვის მეთოდით  წარმოგვიდგენს: ზოგი ქსელური ჩანაწერის სახით, ზოგიც დახატავს ადამიანს, რომელსაც პირი აქვს აკრული და ა.შ., რითაც ხაზს  გაუსვამს ცენზურის მნიშვნელობას, როგორც ყველაფრის ამკრძალავ მექანიზმს, რომელიც მის სურვილს ეწინააღმდეგება (სურ.1.3);

VIII  საფეხურზე ვთხოვთ მოსწავლეებს, პერიოდულად შეამოწმონ საკუთარი მხსიება, რამდენად  ზუსტად ახსოვთ ახალი  ტერმინის მნიშვნელობა ყველა ზემოთჩამოთვლილი ხერხების  გამოყენებით. მოსწავლეების მიერ დავალების შესრულება, ანუ შედეგები  მომდევნო გაკვეთილებზე3 გამოჩნდება.

მასწავლებლებს შეგვიძლია თითოეულ საფეხურს სხვადასხვა სტრატეგია შევუსაბამოთ  და  ასე  გავიდეთ  ეფექტურ  შედეგებზე.  მაგალითად,  ცნობილია,  რომ ახალი ტერმინების კონკრეტულ სახეებთან ასოცირების მეთოდით  დამახსოვრებისას მოსწავლეები გაცილებით მაღალ შედეგებზე გადიან, ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც ახალ ტერმინებს მხოლოდ რამდენჯერმე გამეორების გზით სწავლობენ ან ქმნიან წინადადებებს4. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ  ტერმინისაგან სახე-სიმბოლოს შექმნა, საჭიროა ტერმინის გამეორება და მისი  გამოყენებით წინადადებების შექმნაში ვარჯიში. ამით მოსწავლეთა შემეცნებითი პროცესი და სიმბოლური აზროვნება გააქტიურებულია და მიღწეული შედეგიც  გაცილებით მაღალია.

ტერმინების  დამახსოვრებისთვის  გაკვეთილზე სასურველია დიდაქტიკური თამაშის ელემენტების გამოყენებაც, რომლებიც სწავლების აქტიურ მეთოდებს მიეკუთვნება. მართალია, თამაშს ძირითადად ვიყენებთ შესწავლილი მასალის გამეორებისთვის, განზოგადებისა და დიდი მოცულობის სამუშაოს შეფასებისთვის, მაგრამ დიდაქტიკური  თამაშების  გამოყენებით  მოსწავლე ბუნებრივად, სტრესის გარეშე ეუფლება ცოდნას, ახალი ტერმინების შესწავლა კი სწორედ ის მომენტია, რომლის დროსაც მოსწავლე განსაკუთრებით დაძაბულია5.

მაგალითად, თამაში იპოვე შეცდომა ისეა აგებული, რომ სახალისოა მოსწავლეებისათვის. სავარაუდო შედეგი კი თითქმის გარანტირებულია. თამაშის წესების მიხედვით, მოსწავლეები რამდენიმე ხნის განმავლობაში „ნამდვილ“, „სწორ“ ტექსტთან მუშაობენ (დროის ხანგრძლივობა ტექსტის მოცულობასა და გაკვეთილის დროზეა დამოკიდებული), შემდეგ კი მივაწვდით მათ  მსგავს ტექსტს, რომელშიც   შეცდომები უნდა იპოვონ6. როგორც წესი, მოსწავლეები ამას ყოველთვის ადვილად ახერხებენ,  თანაც  დაძაბულობისა და დატვირთვის გარეშე.

ახალი ტერმინების სწავლებისას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ამრავალფეროვნებს სწავლებას და აუმჯობესებს მოსწავლის აკადემიურ შედეგებს.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 1. ეფექტურისწავლება სკოლაში, ავტორი: რობერტ მარზანოდებრა ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი, -„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“., თბ., 2009., გვ.150-157;
  2. 2. იქვე, გვ. 154;
  3. 3. იქვე;
  4. 4. იქვე, გვ. გვ.153;
  5. 5. М. Буторина, Е. Хилтунен “Монтессори – материал“, М. Монтессори, МОНТЕССОРИ-МАТЕРИАЛ, частъ I, https://www.kraskizhizni.com/edu/develop/293-montessori-knigi-video
6. თამაშის გამოყენება ახალი მასალის ახსნის გაკვეთილზე, მ. ფირჩხაძე, Mastsavlebeli.Ge – ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“,  28 აპრილი,  2016., https://mastsavlebeli.ge/?p=10034

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი