პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„იავნანამ რა ჰქმნა“, „ჯუნგლების წიგნი“ და ენის ათვისების თეორიები

იაკობ გოგებაშვილი პედაგოგიკის გარდა,  მრავალ სფეროში განსაკუთრებული  შესაძლებლობების, განათლებისა და უბადლო ინტუიციის მქონე ადამიანი იყო. პირველ ყოვლისა, ეს ლინგვისტიკას შეეხება. დედაენის მთავარი მარგალიტი „აი ია“, ფუნქციურობის გარდა, მნიშვნელოვან ლინგვისტურ თვისებას ატარებს. მასში წარმოდგენილია ქართული ენის ხმოვანთა სისტემის  ფონეტიკური შესაძლებლობების ერთგვარი ანი და ჰოე, ყველაზე ღია და დახურული ხმოვანი და ამასთანავე, სინტაქსური ფუნქციის მქონე ყველაზე ლაკონური ფრაზა – წინადადება.

იაკობ გოგებაშვილის ლინგვისტური ინტერესებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ყველა მხატვრული თუ სამეცნიერო ტექსტი, რომელშიც იგი პირდაპირ თუ ირიბად ეხება ენობრივ საკითხებს,  დიდ გამოცდილებას ეფუძნება და შემთხვევითი სულაც არ არის.

ერთ-ერთი ასეთი მოთხრობაა „იავნანამ რა ჰქმნა“. ყველასთვის საყვარელი მხატვრული ამბავი მშობლიურ გარემოსა და მის დაკარგვას, მეხსიერებასა და საკუთარ სივრცეში დაბრუნებას ეხება. ტექსტს ჩვენი სასწავლო პროგრამის ფარგლებში დიდი დრო ეთმობა და ვფიქრობ, საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვის საშუალებასაც იძლევა.

თუ სიუჟეტს გავცდებით, ნაწარმოებში მრავალი საინტერესო და აქტუალური პრობლემის გამოკვეთას შევძლებთ. მათ შორისაა, რამდენიმე ლინგვისტური საკითხიც, მსუბუქად, ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მიწოდებული ენობრივი პრობლემები მათ თვალსაწიერს გააფართოებს და ნებისმიერი ნაწარმოების განსხვავებული ასპექტით გააზრეების საშუალებას მისცემს.

 

  1. ენა, როგორც კომუნიკაციის საშუალება, ყოფიერების სახლი, გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ენის ათვისების თეორიები:

 

ამ გაკვეთილზე მეორე,  პარალელურ ტექსტად რადიარდ კიპლინგის შესანიშნავ „ჯუნგლების წიგნს“ ვიყენებ. მოკლედ ვყვები ენაზე, კომუნიკაციასა  და ენის ათვისებაზე, მეტყველების პროცესზე, მისი წესების დარღვევებსა და მიზეზებზე, უძველეს თუ უახლეს ექსპერიმენტებზე, მშობლიურ ენაზე და მის აუცილებლობაზე. რა ენაზე ისაუბრებდა მაუგლი? როგორ და ვისგან ვითვისებთ სიტყვებსა და ჟესტიკულაციას? როგორ თანხმდება ადამიანთა კოლექტივი ამა თუ იმ ჟესტის მნიშვნელობაზე? რას ნიშნავს ბავშვის ენა? როგორ იკვლევენ ბავშვის ენას? როგორი ტიპის მეტყველების დარღვევები არსებობს? რას ნიშნავს, აღიქვამდე სამყაროს ისე, როგორც ამას შენი ენა გკარახობს და ა.შ, და ა.შ.

  1. ბილინგვიზმი და მეორე ენის შესწავლა

მეორე ენის შესწავლისა და ათვისების პრობლემატიკას  მსოფლიო ენათმეცნიერებაში მრავალი საინტერესო კვლევა თუ თეორია ეძღვნება.

პირველი ენა არის ის, რომელსაც ბავშვობაში ვითვისებთ, თუმცა სინქრონიული მულტილინგვიზმის დროს შესაძლოა ერთდროულად ორ ან მეტ ენას ვითვისებდეთ; მეორე ენა არის ის, რომელსაც ვსწავლობთ მაშინ, როცა ერთის სტრუქტურა ათვისებული გვაქვს, შესაბამისად, ერთი ენის ცოდნა არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც სხვა ენებს ვსწავლობთ. კაცობრიობის ნახევარზე მეტი მულტილინგვია, ანუ ფლობს ერთ ენაზე მეტს, გლობალიზაციის პირობებში ასეთი ადამიანების რაოდენობა, რასაკვირველია, კიდევ უფრო იზრდება.

გაკვეთილზე საინტერესო დისკუსიისთვის შეგვიძლია დავსვათ კითხვები:

  1. რომელია ჩვენი მშობლიური ენა?
  2. როდის ვისწავლეთ?
  3. რომელია მეორე ენა?
  4. რა განსხვავებაა პირველსა და მეორე ენას შორის?
  5. როგორ გვიმარტივებს ერთი ენის ცოდნა მეორე ენის შესწავლის პროცესს?

და ..

რა განაპირობებს ენის შესწავლის პროცესს? მიზეზები მრავალგვარიაემიგრაცია, ინტერვენცია, ეკონომიკური განვითარება, პროფესია და .

იავნანამ რა ჰქმნასპერსონაჟის, ქეთოს შემთხვევაში მეორე ენაზე ამეტყველების მიზეზი ძალადობრივად, განსაკუთრებული ემოციური დატვირთვის ფონზე შეცვლილი გარემოა.  ყველაზე საინტერესო ამ მოთხრობაში ისაა, რომ მეორე ენა, თუმცა, დროებით, მაგრამ მთლიანად გადაფარავს მეხსიერებაში პირველი ენის კვალს. მეორე ენა ცვლის ქეთოს, როგორც ენობრივ არსებას და მთლიანად ავიწყებს წარსულს, რომელიც პირველ რიგში, პირველი ენის გარემოში ცხოვრებაა, ავიწყებს საყვარელ ადამიანებს და სახლს.

ის, რამაც ქეთო თავის მშობლებს დაუბრუნა ბავშვობის იავნანაც ენობრივი გარემოს შემადგენელი ნაწილია, ენობრივი ერთეულია, რომელიც ის ანკესი აღმოჩნდა, რომელმაც თან მთელი მეხსიერება წამოითრია:

იავნანას მაგდანი ჯერ დაბლა ხმით, ღიღინით ამბობდა, მერმე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად ამღერა, მაღლა ასწია. პატარა ხანს უკან ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსაკენ და გაოცდა: ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძა. გონების ძირიდან, რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვასა, მაგრამ ზევიდან კეცკეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინ აგვარი სიმღერითა და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავის ქეთოს სიპატარავის დღეებსა. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის ნაშთნი, საგონებელნი“.

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქეთოს „მკურნალი“ ისევ ენა აღმოჩნდა, ენა, რომელიც ამ მოთხრობაში ბედისწერასავითაა, რომელმაც ორჯერ შეცვალა მთავარი პერსონაჟის ცხოვრება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი