პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საშიში საჩუქრები

როცა სკოლას ვამთავრებდი, ეგეთი წესი იყო – ბოლოკლასელები სკოლასთან გამომშვიდობების სიხარულის აღსანიშნავად სხდებოდნენ გაპრიალებულ მანქანებში, რომლებსაც ბაფთები და ყვავილები ჰქონდა მიმაგრებული და დიდი სიჩქარით, სიმღერით და პიპინით უმისამართოდ დაქროდნენ ქალაქის ქუჩებში.

ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, რომ “ბოლო ზარზე” ამ ქროლას ავცდით. ალბათ უფროსებმა არ დაგვრთეს ნება. იქნებ არც ჩვენ გვინდოდა დიდად, არც საკმარისი რაოდენობის და სათანადოდ პრეზენტაბელური მანქანა გვყავდა. მოკლედ, სკოლის დამთავრება რესტორანში აღვნიშნეთ, მშობლებისა და მასწავლებლების გარემოცვაში, ასაკისთვის შეუფერებელი და საგანგებოდ ამ დღისთვის შეძენილი პომპეზური ტანსაცმლით, ცუდი მუსიკით და შეგრძნებით, რომ რაღაც დიდისთვის უკვე მზად იქნები, როცა ეს ამბავიც დასრულდება, როცა აქედან გახვალ.

საზოგადოდ, მნიშვნელოვან დღეებში გაპრიალებული მანქანით დიდი სიჩქარით, სიმღერით და პიპინით ქროლა, ბოლო ზარი იქნება ეს, ქორწილი, არჩევნები თუ რომელიმე სპორტის ეროვნული ნაკრების გამარჯვება, ჩვენში “წმინდა ტრადიციად” ჩამოყალიბდა და თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე, რა საფრთხეს უქმნიან მანქანაში მსხდომები საკუთარ თავს და ფეხით მოსიარულეებს.

მე, ფეხით მოსიარულეს, დიდხანს მეგონა, არაფერი იყო ტროტუარზე გაჩერებულ დიდ მანქანებზე უარესი. რამდენიმე თვის წინ მივხვდი, რომ გაცილებით დიდი უბედურებაა ხილ-ბოსტნეულის ჯიხურთან გაჩერებული და მოძრაობის შემაფერხებელი მანქანა, რომლის მძღოლიც სურსათს მანქანიდან გადმოუსვლელად ყიდულობს.

არ ვიცი, როდის და როგორ ჩაისახა მანქანების კულტი საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ურბანულ სივრცეში მანქანებისთვის უფრო მეტი ადგილია, ვიდრე ადამიანებისთვის. მათია ტროტუარი, ქუჩა, ეზო, პარკი, ტყე, ჩვენი გულები და სიცოცხლე. რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, მშობლები სიხარულით ჩუქნიან ახალსკოლადამთავრებულ შვილებს მანქანებს, განურჩევლად იმისა, სჭირდებათ თუ არა მათ ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარი ავტომობილი. საჯარო სამსახურებს იმაზე გაცილებით მეტი მანქანა ემსახურება გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, ვიდრე ჩვენზე გაცილებით მეტად განვითარებულ ქვეყნებში. შეყვარებულებს მიაჩნიათ, რომ პრეზენტაბელური მანქანის ჩუქება საუკეთესო საშუალებაა გულის მოსაგებად და ასე, მანქანები, მანქანები, ყველგან მანქანები, საშიში საჩუქრები დიდებისა და პატარებისთვის.

ავტოკატასტროფების და მათი მსხვერპლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლებსაც 581 ადამიანის გარდაცვალება და 9 951-ის დაშავება მოჰყვა.

რაც შეეხება ქვეითებს, 2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა და 2159 დაშავდა. თბილისში გასულ წელს 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 კი დაშავდა. 2016 წელს თბილისში დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 4%-ით მაღალია, დაშავებულთა რაოდენობა კი 8%-ით. სტატისტიკაც არ გვინდა – ყველას გვყოლია თუნდაც ერთი ნაცნობი, რომელიც მანქანამ შეიწირა.

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევას, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვას ასახელებენ.

მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა არის სწორედ ის, რაც საშიში საჩუქრის ან კულტად ქცეული გადაადგილების საშუალების არასათანადო გამოყენებას მოჰყვება. რასაკვირველია, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელს მხოლოდ ბოლო ზარებისა და ქორწილების დროს მორთული მანქანებით უმისამართოდ მქროლავ ახალგაზრდებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ალბათ შესაძლებელია, მათ ბოლო ზარამდე და ქორწილამდე ავუხსნათ, რომ საზეიმო დღეების აღნიშვნის არაერთი ფორმა არსებობს, რომელთა უმეტესობა უფრო საინტერესო და მხიარულია, ვიდრე მანქანის სალონიდან ნახევრად გადმოკიდებული, შამპანურის ბოთლით ხელში, ქუჩებში ქროლა. დავიცვათ ისინი განსაკუთრებულ დღეებში ისე, როგორც მე და ჩემი კლასი დაგვიცვეს უფროსებმა წლების წინ.

რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ ბავშვებთან იმაზე ლაპარაკს, როგორ მეტყველებს ტროტუარზე გაჩერებული მანქანა მფლობელის ცუდ მანერებზე და საკუთარი თავისა თუ საზოგადოების წინაშე რამხელა უპასუხისმგებლობაა სიჩქარის გადაჭარბება ან საჭესთან ნასვამი ჯდომა, რა სიკეთეა გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაოდენ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა აიძულონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გადაადგილების მრავალფეროვანი და უსაფრთხო საშუალებებით მათი , უზრუნველყოფა – უფრო მით ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული მომავალი თაობები საშიშ საჩუქრებსა და დამღუპველ კულტებზე. მთავარია, ჩვენ, უფროსებმა დავინახოთ, რა არის საშიში და უარი ვთქვათ საკუთარ ვნებებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი