ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რატომ ქვეითდება მეხუთეკლასელთა აკადემიური მოსწრება

ვფიქრობ, არავისთვისაა უცხო ის ფაქტი, რომ სასკოლო ცხოვრების ყოველ ეტაპზე ვაწყდებით სირთულეებს, რომლებიც კონკრეტული პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და რომელთა გადალახვის გარეშე შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. სირთულეების თვალსაზრისით ერთ-ერთ გამორჩეულ პერიოდად ითვლება მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლის პერიოდი. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სასკოლო ცხოვრების ამ მონაკვეთს პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციის პერიოდს ადარებენ. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა სექტემბერში მეხუთე კლასებში შესული პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და საყვედურებით ავსებენ ამ კლასებში მომუშავე დაწყებითი კლასების მასწავლებლებს იმის გამო, რომ მათი „ნაქები“ და „საამაყო“ მოსწავლეები კონკრეტული ეტაპისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს ვერ ამჟღავნებენ. ხშირად მშობლებიც ვერ მალავენ უკმაყოფილებას და უკვირთ, რატომ აღმოჩნდა ასე მოულოდნელად მათი „მოწინავე“ შვილი „ჩამორჩენილ“ მოსწავლეთა რიგებში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრი მშობლისა და პედაგოგისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რა ხდება სასკოლო ცხოვრების ამ ეტაპზე ისეთი, რაც ბავშვებში სერიოზულ ცვლილებებს განაპირობებს.

მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლა სრულიად ახალი საფეხურია ბავშვის ცხოვრებაში. მისთვის ადვილი არ არის ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებთან შეგუება:

  • იმ მასწავლებლების ნაცვლად, რომლებთანაც ბავშვს ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, რომლებსაც ასე თუ ისე შეეგუა, რომელთა მოთხოვნებიც შეისწავლა და რომლებიც მისთვის ახლობელი ადამიანები გახდნენ, კლასში სრულიად უცხო პედაგოგები შემოდიან. თითოეული მათგანი საკუთარ წესებს აწესებს, საკუთარ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, თავისებურად ხსნის გაკვეთილს. ამასთან ერთად, თუ დაწყებით კლასებში მასწავლებელმა უკვე კარგად იცოდა თავისი აღსაზრდელების შესაძლებლობები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და სასწავლო პროცესშიც ითვალისწინებდა ყოველივე ამას, მეხუთე კლასში ახლად შესულ პედაგოგს გარკვეული დრო სჭირდება თითოეული ბავშვის შესასწავლად და საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. თავად მოზარდს კი ამ პერიოდში შესაძლოა ერიდებოდეს საგაკვეთილი პროცესში უცხო მასწავლებლისთვის კითხვების დასმა და მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტება იმის შიშით, რომ თანაკლასელთა შორის სულელად არ გამოჩნდეს.
  • მეხუთე კლასიდან მოყოლებული, ახალი ცოდნის მიღება და პედაგოგისგან ქების დამსახურება ბავშვისთვის ისეთი დიდი ღირებულების მატარებელი უკვე აღარ არის, როგორიც დაწყებით კლასებში იყო. თანდათან სუსტდება უფროსების – მშობლებისა და მასწავლებლების გავლენა. სამაგიეროდ ძლიერდება თანატოლთა გავლენა. ბავშვი ხედავს, რომ თანაკლასელთა შორის სასურველი ადგილის დამკვიდრებაში კარგად სწავლა და უფროსებისგან ქების დამსახურება უკვე დიდად ვეღარ ეხმარება. ჯგუფში ხშირად ისეთი მოსწავლეები ხდებიან ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ, უფრო მეტის უფლება მისცენ საკუთარ თავს, ვიდრე სხვა ბავშვებმა – შეეპასუხონ მასწავლებელს, პროტესტი გამოხატონ მისი გადაწყვეტილების მიმართ, „დაიცვან“ თანაკლასელი, რომელსაც მასწავლებელი მუდმივად საყვედურობს და, მისი აზრით, უსამართლოდ ეპყრობა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თანატოლებთან ურთიერთობა და მათ შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება ბავშვისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე კარგად სწავლა. როგორც მეხუთეკლასელმა ნიკამ ერთხელ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სწავლა კი არ არის მათთვის მთავარი, არამედ ურთიერთობა, განსაკუთრებით – თანატოლებთან ურთიერთობა. „თუ ჩემი თანაკლასელები პატივს არ მცემენ, ჩემს აზრს არაფრად ჩააგდებენ, ჩემთან მეგობრობის სურვილი არ ექნებათ და ჯგუფიდან გამრიყავენ, სწავლაზე ვეღარ ვიფიქრებ“, – გამოგვიცხადა უფროსების შენიშვნებით და საყვედურებით შეწუხებულმა ბიჭუნამ.
  • არცთუ იშვიათად მეხუთეკლასელის სასწავლო საქმიანობასა და აკადემიურ მოსწრებაზე სოციალურ ფაქტორებთან ერთად გავლენას ახდენს ინტელექტუალური ფუნქციების არასათანადო განვითარება. აზროვნების ის ფორმები, ხერხები და საშუალებები, რომლებიც დაწყებით კლასებში წარმატების საშუალებას აძლევდა ბავშვს, მეხუთე კლასში უკვე აღარ არის საკმარისი. იზრდება შესასწავლი საგნების რაოდენობა და, აქედან გამომდინარე, იმ ინფორმაციის მოცულობაც, რომელიც ბავშვმა მეხსიერებაში უნდა შემოინახოს. თუ დამახსოვრების უნარმა თვისებრივი ცვლილება არ განიცადა, მოსწავლეს გაზრდილი დატვირთვისთვის თავის გართმევა გაუჭირდება. ასეთ დროს ზოგი ზუთხვას იწყებს, ზოგი კი თავს ანებებს სწავლას, რადგანაც ყველაფრის დამახსოვრებას ვერ ახერხებს. თუმცა შესაძლებელია, თვისებრივად გავზარდოთ დამახსოვრების ეფექტურობა, თუ მეხსიერება ფუნქციონირებისას მჭიდროდ დაუკავშირდება აზროვნებას. ამ შემთხვევაში დამახსოვრებას წინ უსწრებს ანალიზი, რომლის პროცესშიც ხდება მიღებული ინფორმაციის სტრუქტურირება, სქემებით გამოხატვა, შედეგად კი მეხსიერების დატვირთვა მკვეთრად მცირდება. ამის წყალობით ბავშვს უწევს არა დიდი მოცულობის ტექსტების, არამედ გეგმის რამდენიმე პუნქტის ან ლოგიკური სქემის დამახსოვრება. გააზრებული, სტრუქტურირებული ინფორმაცია არ იკარგება, კარგად ინახება მეხსიერებაში და საჭიროების შემთხვევაში ადვილია მისი გახსენება და გამოყენება. თუ დაწყებით კლასებში ბავშვი მიწოდებული ინფორმაციის მხოლოდ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული, რადგან მისთვის ეს სავსებით საკმარისია სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად, მეხუთე კლასიდან ის შესაძლოა სერიოზულ პრობლემებს შეეჯახოს.

რეკომენდაციები მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლისას მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად:

  • კარგი იქნება, თუ მეხუთეკლასელებთან შეხვედრისთვის მომზადებას ადრევე დავიწყებთ. ჯერ კიდევ მეოთხე კლასში სწავლის პერიოდში, სასწავლო წლის ბოლოს, ბავშვები უნდა გაეცნონ მომავალ კლასის ხელმძღვანელს. ეს მათ საგრძნობლად გაუადვილებს საადაპტაციო პერიოდს.
  • სირთულეების თავიდან აცილების ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვის უპირობო მიღება, მიუხედავად იმ მარცხისა, რომელსაც უკვე შეეჯახა ან შეიძლება მომავალში შეხვდეს.
  • მოვერიდოთ ბავშვის კრიტიკას, საყვედურებს, განსაკუთრებით – სხვების, მეტადრე – თანაკლასელების, მეგობრების თანდასწრებით.
  • გავითვალისწინოთ ბავშვის ტემპერამენტის და ხასიათის ტიპი სასკოლო ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებთან შეგუების პროცესში. ნელი და ნაკლებად კომუნიკაბელური ბავშვები რთულად ეგუებიან შეცვლილ გარემოს და სწრაფად კარგავენ ინტერესს მის მიმართ, როცა გრძნობენ, რომ უფროსებსა და თანატოლებს მათი არ ესმით.
  • ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან ვიზრუნოთ ბავშვისთვის მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე. თუ ამ პერიოდში მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციის უბრალო დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არ ცდილობს მოვლენებისა და ფაქტების გაანალიზებას, თუნდაც ასაკისთვის შესაფერის დონეზე, მეხუთე კლასიდან ის აუცილებლად შეეჯახება სირთულეებს სასწავლო პროცესში.
  • მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, ყოველ ნაბიჯს ნუ გავუკონტროლებთ.
  • ხელი შევუწყოთ ბავშვისთვის დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარებას. მაშინაც კი, როცა ყველა ინტელექტუალური ოპერაცია ჩამოყალიბებულია, ბავშვის აზროვნება შეიძლება არასრულფასოვანი დარჩეს, თუ მას არ შეუძლია ამ ოპერაციებით სარგებლობა, რადგან მზამზარეული ინსტრუქციებით მოქმედებს და დამოუკიდებლად აზროვნების საჭიროებას არ განიცდის.

დაბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ პრობლემების თავიდან აცილება გაცილებით იოლია, ვიდრე გამოსწორება. მით უმეტეს, რომ კორექციული მუშაობა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი