პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სამი წიგნი ზაფხულის თაროდან

თარო პირობითია, წარმოსახვითი. წიგნები პირდაპირ იატაკზე აწყვია, უფრო სწორად, განიერ ფიცარზე კედლის გასწვრივ. მოკლედ, იატაკი, ფიცარი და მერე წიგნებია. ესენი წაკითხული მაქვს, ზოგიერთი – არაერთხელ. წაუკითხავები დაბალი მაგიდის მარცხენა კუთხეში მაღალ კოშკად აღმართულა. მათთან ახლოს გავლა-გამოვლაც კი მიხარია – ზაფხულის ბოლომდე არაფერი მომაკლდება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები ალალბედზე გადავშალე და კარგა ხანს ფეხზე მდგარმა ვიკითხე, ზუსტად ამ დაბალ მაგიდასთან. ყველაფერი უნდა დავივიწყო, რაც აქამდე ვიცოდი და თავიდან უნდა შევიყვარო, მისი სახის თითოეული ნაკვთი კიდევ ერთხელ უნდა დავხატო წარმოსახვით. ხმის გაგონებაც უნდა ვცადო. „კიდეც ვტანცაობ“, – ვკითხულობ და ვხედავ. „ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისიც მეჯავრება. ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას… მახლას!“ – ვკითხულობ და მესმის.

ორასი წელი ხელის ერთი აქნევით ქრება. სკოლის წლებში შექმნილი წარმოდგენა ქვიშაზე ხმელი წკირით დახატული სურათივით იშლება – ქარს მიაქვს ფიქრთ გასართველად განმარტოებული, წარბშეკრული პოეტის ხატება. მის თვალს და ყურს არაფერი გამოეპარება, ქვეყნის ჭორები პირველმა უნდა გაიგოს, ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი შეარიგოს, ბიძამისს სიტყვა გადაუკრას ძველ გატაცებაზე („ბ[ეზა]კის ცოლი […] მუხრავანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხრავანში, იმის ოთახში შუაღამისას დაბადებულიყავ?“), იბუზღუნოს, ქალები ზონრებს რატომ არ მიქსოვენო („ახალ დანიშნულს თუ პატარძალს სოფიოს მოახსენე, თუ შეგხვდეს: ჩემი ზონარი რა უყო? ქმარი არას დაუშლის. მეორე სოფიოსაც უთხარ, ჩქარა გამიკეთოს. ვინც მე ზონარს მომიქსოვს, აეგრე ჩქარა გათხოვდება!“).

უნდა დავხურო და თავიდან დავიწყო. ესეც უნდა დავივიწყო, რაც ამწუთას წავიკითხე. კიდევ ერთხელ გავაცოცხლებ, მკლავს გამოვდებ, ყურს ტუჩებთან მივუტან.

მეორე წიგნი, რომელსაც თვალი დავადგი, ვ. გ. ზებალდის „ემიგრანტებია“. როცა ამ მწერლის კითხვას ვიწყებ, სამყაროში მყისვე ყველაფერი საკუთარ ადგილას აღმოჩნდება ხოლმე, წესრიგი ხილული და ხელშესახები ხდება. არ არსებობს ქაოსი, რომლისთვის ფორმის მიცემაც მწერალს არ შეეძლოს. მხიბლავს მისი მოზომილი სიჯიუტე – აუჩქარებლად მიუყვება არჩეულ გზას, გზისპირებზე ყველა მოძრაობას ამჩნევს, გაფაჩუნებას, უმნიშვნელო რხევას, პეპლის მოფარფატე ფრთებს. და ყოველი მისი დაკვირვება მეტისმეტად საგულისხმოა. თვალს და ხელს შუა იქსოვება ტექსტის ბადისებრი ქსოვილი – ძალდაუტანებლად, ოსტატის მოუღლელი, შრომას ნაჩვევი თითებით: „სახლი შოტლანდიური ნაძვებითა და ურთხმლებით გარშემორტყმული სასაფლაოს ახლოს, ერთ წყნარ ქუჩაზე იდგა. გარეშე თვალისგან მას კაცის სიმაღლე გალავანი და ერთმანეთში გადახლართული ღვიისა და ლუზიტანიური დაფნის ბუჩქები იცავდა. სახლისკენ მიმავალ ფართო ქუჩაზე დავეშვით და მოხრეშილი მოედანი გავიარეთ. ხელმარჯვნივ, საჯინიბოებისა და ფარდულების უკან, შემოდგომის უღრუბლო ცის ფონზე წიფლის ხეივანს დაინახავდით, სადაც ყვავები ბინადრობდნენ, მაგრამ ახლა, ამ ნაშუადღევს, იქაურობა მიეტოვებინათ და მათი ბუდეები, ფოთლებქვეშ, რომლებსაც დროდადრო სიო არხევდა, შავ წერტილებად მოჩანდა“.

ეს ზებალდია. ზელიტერატურა.

მესამე წიგნი კი ავგუსტ სტრინდბერგის რომანი და პიესებია – სხვა ეპოქის, სხვა სამყაროს ზმანებები და თავსატეხები. მიყვარს ის ქვეყანა, რომლის ამბავსაც მისი გმირები ხან ხმამაღლა, ხან კი მხოლოდ თვალებით ჰყვებიან – მენატრება, მოგონებებში სხვადასხვა სახით წარმომიდგება. შვედური ტოპონიმები, შვედური გვარ-სახელები, დამარილებული ქაშაყი და ახლად მოხარშული კარტოფილი, ყავის მძაფრი სუნი სამზარეულოში… მწერლის მხარდამხარ სიარული ზოგჯერ წყალსა და ზოგჯერ ხმელზე, გარინდება, მერე ისევ ნაბიჯის აჩქარება. „მომდევნო დილას ყველა ვედრო მწვანე საღებავით გადაღება და შავი კანტითა და თეთრი გულებით მოხატა“, – თვალში მოხვედრილი ფრაზა. არ ვიცი, ვინ გაისარჯა. ზუსტად ვიცი, სად შეიძლება ასეთი ნივთების პოვნა. რომანი „ჰემსელები“, პიესა „ფრეკენ ჟული“, რომელიც სამეფო უბნის თეატრმა დაუვიწყარ სანახაობად აქცია, „მასზე ძლიერი“, „ზმანება“. აქამდეც უნდა წამეკითხა, მაგრამ მწამს, რომ წიგნები ყველაზე სწორ დროს ჩნდებიან ჩვენს სასთუმალთან.

ასე იწყება ზაფხული – ერთი ისტორიიდან მეორეში გადასვლით, წერილებით, დრამატიზმით, საუკუნიდან საუკუნეში მოგზაურობით, გზისპირას შესვენებითა და ბალახის ღერზე აცოცებულ მწერზე დაკვირვებით, ფიორდებით, მორუხო ციდან წამოსული წვიმის წვეთებით, ცნობისმოყვარეობით, მოლოდინით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი