პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ილია ჭავჭავაძის პოემა-_„აჩრდილი“ -_სრულყოფილად

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, პირველ რიგში, ისევ კითხვით უნდა დავიწყოთ. რატომ აღარ ისწავლება  ილიას ეს ნაწარმოები სკოლაში? პასუხი ცალსახად მარტივია, იმიტომ, რომ რთულია. რთულია ასახსნელად, რთულია გასაგებად. (ყოველ შემთხვევაში, ასეთი აზრი არსებობდა იმ  საზოგადოებაში, რომლის კომპეტენციაშიც შედის ამგვარი  საკითხების გადაწყვეტა). ამ აზრს ნამდვილად ვეთანხმები-პოემა საკმაოდ მძიმე და დატვირთულია, როგორც აზრობრივი, ასევე იდეურ-თემატური თვალსაზრისით, მაგრამ ეს აზრი და თემატიკა იმდენად აუცილებელი და საჭიროა ახალგაზრდის მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. შევეცდები მოკლედ განვიხილო ნაწარმოები და შეძლებისდაგვარად  წარმოვაჩინო ის იდეა, რომლის გამოისობითაც ილიამ ეს დიდებული პოემა შექმნა.

ილიამ ნაწარმოებს ეპიგრაფად წარუმძღვარა რუსთველის სიტყვები:

     „რა ვარდმან მისი  ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა.“

ქალბატონი მაია ჯალიაშვილი თავის წერილში-„ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“  სწავლებისათვის“_ წერს: „ეპიგრაფში აისახა გამეორებისა და ცვლის ერთიანობა და აუცილებლობა“.  მისი   დედააზრი  პოემაში  განსხეულდა.

 

       „აღმობრწყინდა მზე დიდებულადა, და გაანათა ქვეყანა ბნელი,

        კავკასის მთების წვერთა მაღალთა  ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.“

ნაწარმოების დასაწყისშივე ილიამ ორი უკიდურესობა გამოკვეთა-ეს გახლავთ „ქვეყანა ბნელი“და  „ოქროს ნათელი“, რომელმაც ის გაანათა. პოეტის გულს ვერ ხიბლავს, მზერას ვერ ატყვევებს დილის სილამაზე, რადგან „ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია, მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს, მადლი ცისა არ მიჰკარებია.“

„მზით გაბრწყინებულ“ ქვეყანაში, ერთი შეხედვით,  „ძალუძს კაცსა ბედნიერება,“  მაგრამ ილიას ბედნიერად არ ეგულება თავისუფლებაწართმეული ერი.

პოეტს ფიქრთა მოზიარე და საქართველოს გულშემატკივარი მოხუცის აჩრდილი მოევლინება, რომელსაც „ცალის ხელითა ეჩრდილნა თვალნი“ და „შორს გაჰყურებდა“.

ილია თვალს გაადევნებს მოხუცის მზერას და არაგვის ხეობის ჭვრეტით ტკბება. არაგვი ხომ მომსწრეა საქართველოს უამრავი ჭირ-ვარამისა; მისი ხეობის ყოველი გოჯი მამა-პაპის სისხლითაა მორწყული, ძვლებითაა გაპოხიერებული: „შენს ზვირთებს შორის ჩემი ქვეყნისა, გრძელი მოთხრობა დამარხულია, და წმინდა სისხლი ქართველებისა შენს კიდეებზედ გადასხმულია“. მოხუცის მზერა ვერ დაატყვევა არაგვისა და თერგის თვალწარმტაცმა ხეობამ, იგი უფრო შორს, სივრცეში იმზირებოდა „სრულ საქართველო მოჩანდა შორსა“. გაკვირვებული პოეტი ეკითხება: „საიდამა ხარ ვინ მოგავლინა;“ პასუხად მოხუცი საქართველოს მიმართავს:

„მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა,

მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული,

შენ შვილთა სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს  შენი  აწმყო,შენი წარსული“.

მოხუცი შეძრულია საქართველოს მდგომარეობით.  ქართველთ დავიწყებიათ, „რომ ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული,“  „შური, ლალვა, და მტრობა“ ისეა ფეხმოკიდებული, რომ თავად მამულიშვილთაც აღარ სწამთ მამულის აღდგენის შესაძლებლობა  და  „დაუგდიათ იგი,  ვით  ტაძარი გაუქმებული.“  მოხუცის აზრით, გონიერების მოხმობაა საჭირო, თუ არ სურთ ქართველთ მარტოდენ ცრემლთა ღვრა, რომელიც მათ უძლურებას ღაღადებს. ეს საკითხები დღესაც ისევე, და უფრო მძაფრადაც, აქტუალურია, როგორც მაშინ, XIX საუკუნის საქართველოში იყო,  მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დღეს ცრემლს აღარ ვღვრით, იმდენად, რამდენადაც ცოტა თუ აცნობიერებს    დღევანდელ უსუსურ და უძლურ მდგომარეობას და ილიასაგან განსხვავევით  ნაკლებად გვტკივა მოყვასის ტკივილი. თავად მოყვასის ცნებაც კი გაუცხოვდა დღევანდელი საზოგადოებისათვის. მამულისა და სამშობლოს მხსნელი უკვდავების შარავანდედითაა მოსილი:

„წმიდაა იგი, ვისაც, ეღირსა მამულისათვის თავის დადება,

ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოკვდება!“

საქართველოს ადრეც ბევრჯერ განუცდია დაცემა, განადგურება,მაგრამ  ჭეშმარიტ გმირებს უხსნიათ იგი. აწმყოში კი  „გმირის დამბადი დიდი საგანი“   „სპობილა და წარწყმედილა.“ გაუნელდათ რა ქართველთ მამულის ტრფობა, მომძლავრდა ბოროტება. ქვეყანა იძულებული გახდა „უცხო კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულიყო“.  ამდენად, ის „დიდი საგანი“, თავისუფლება ერისა,რომელიც მომავალ მხსნელს აღზრდიდა,  ქვეყანაში აღარ არსებობს. „საქართველოს თანმდევი,  უკვდავი სული “ მძიმედ განიცდის ეროვნულ ტკივილებს; იგი  ხედავს, თავგზააბნეული ქართველები „ თვით ანგრევენ მას, რისი აღდგენაც სურთ, თვით შველიან მას, რასაც ებრძვიან.“ არც ეს პროცესია თანამედროვე საქართველოსათვის უცხო.

აკაკი ბაქრაძე ბრძანებდა -ილიამ საქართველის დაჭრილი, დასახიჩრებული სხეული ქირურგის მაგიდაზე დადო და ქირურგიული სიზუსტით შეუდგა მისი ჭრილობების დამუშავებას.  ამდენად, ილია  სოციალურ პრობლემებსაც ეხება_  მოხუცის  აზრით, „ქვაა ბატონის გული, მონისათვის ლამაზი ქალის ყოლაც კი საშინელებაა,  რადგან „გახდიან ყვავილს ფეხქვეშ სათრევლად.“

ამ პოემაში ილიამ ზუსტად განსაზღვრა XIX საუკუნის მისია: „შრომისა ახსნა ეგ არის ტვირთი, ძლევამოსილის ამ საუკუნის.“

ეროვნული მთლიანობა დარღვეულია, ზოგი ფუფუნებით ცხოვრობს  და გაჭირვებულ მოძმეს არ ეხმარება, ვაჭარი მხოლოდ მოტყუებაზეა გადასული, თბილისში თითქოს დუღს სიცოცხლე, მაგრამ ყველაფერი მოჩვენებითი და ამაოა, რადგან, „დაჟანგებულ ბორკილზედ“ ცვლიან თავისუფლებას. თვით მცხეთაც კი „სავანე გმირთა“, სამიკიტნო დაბად ქცეულა და „პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა.“

მოხუცი იხსენებს ალექსანდრე მაკედონელის შემოსევას და გარდასული მტრის დახასიათებაში თანამედროვე დამპყრობლის,  რუსეთის სახე ამოიცნობა:

      „თვით ერის ენას, მაგ ერის განძს იგი სდევნიდა,

სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება,

 რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი….

      რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი.“

როდესაც ხმალს „მამულის ტრფობამ“ მოჰკიდა  ხელი, მტერი განიდევნა საქართველოდან და ფარნავაზ მეფემ ქვეყანას „ვით მზე  მოჰფინა თავისუფლება“. სწორედ მამულისადმი ტრფობის ქადაგებაა მთელი პოემა. ამის გარეშე ილიას ვერ წარმოუდგენია ქვეყნის თავისუფლება. სამწუხაროდ, არც ეს პრობლემა გამქრალა XXI საუკუნის საქართველოში;  უბრალოდ „ფერი იცვალა“.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ბევრი ჭირი და ლხინი უნახავს, მისი ცხოვრების მდინარე ბევრჯერ დამშრალა და შევსებულა.  ბოლოს კი უცხო ძალას „შური მტრობა და ლალვა“ გაუღვივებია ქვეყანაში, რის შედეგადაც,  მდინარის ნაპირები მორღვეულა და ზვირთნი „სხვადასხვა  ტოტად გადაგდებულან“. მოხუცის ფიქრი მხოლოდ ერთს  დასტრიალებს, თუ  როდის შეიკვრებიან „ერთის ფიქრით, ერთის ოცნებით“,  „იგიტომნი ცად აწვდილი, მძლავრ კავკასისა.“  ნაწარმოების მთავარი აზრი და იდეა სწორედ ამ სიტყვებში დევს. საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის იყო ცენტრი კავკასიისა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვით კი ამ ცენტრმა რუსეთში გადაინაცვლა. ამ რეალობის წყალობით კი თუ საქართველო კავკასიის გამაერთიანებელი იყო, „ბარაქალა, ერთმორწმუნე  რუსეთი“ მის დამშლელ, და მეტიც, დამაპირისპირებელ ძალად მოევლინა კავკასიას. სამწუხაროდ, იმპერიული ზრახვები  „რუსეთუმე“  ქართველების განსაკუთრებული „ღვაწლის“  წყალობით  განხორციელდა კავკასიაში. ეს, შეიძლება ითქვას,  XIX საუკუნიდან მოყოლებული შეუქცევადი პროცესია, მიუხედავად საბჭოთა იმპერიის დაშლისა. საბჭოთა ბელადის, ლენინის სიტყვები გახლავთ: „მტერი დამარცხებულია და არა მკვდარი“. ჩვენ ან გამოგვრჩა მხედველობის არედან, ან თავს ვიტყუებთ, როცა გვგონია, რომ  საბჭოეთის დაშლით რუსეთი გარდაიცვალა და იდეოლოგია, რომელიც ამ ჩრდილოელი დათვის წინააღმდეგ იყო მიმართული დავიწყებას უნდა მიეცეს.

„საქართველოს თანმდევი, უკვდავი  სული“ შესთხოვს ღვთისმშობელს:

„დედავ ღვთისაო ეს ქვეყანა შენი ხვედრია,

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა…

 

ჰოი, სახიერო  ცისარტყელა განავლე ცასა,

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა.“

ღვთისმშობელმა შეისმინა მოხუცის ვედრება და  „მსწრაფ გადმოეშვა ცისა კიდესა შვიდფეროვანი სარტყელი ცისა!“  ეს სარტყელი, მაცხოვრის კვართი  და ყოვლადწმინდა ქალწული  არის გარანტი საქართველოს მთლიანობისა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

ილია ჭავჭავაძე_ქართული საყმაწვილო ლიტერატურის ბიბლიოთეკა,  ტომი-4

 

          აკაკი ბაქრაძე -„მწერლობის მოთვინიერება“

 

          მაია ჯალიაშვილი _„ილია ჭავჭაძის „აჩრდილის“ სწავლებისათვის“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი