პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ძველი პრესის ნათელი

სამი ათას წელზე მეტი

გვიცხოვრია, როგორც ერსა.

ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ,

მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.

გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ

ჩვენ ტკბილ მრავალჟამიერსა…

                                      ა. შანიძე

 

ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს

 

 

ერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობისას, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ძველი პრესის გადათვალიერება მომიწია. თავიდან სწორედ ასე ვაპირებდი – გადათვალიერებას, იღბლისა და მახვილი თვალის წყალობით ჩქარ-ჩქარა ჩაფურცლულ ამბებში შენთვის საინტერესოს და საჭიროს რომ წააწყდები ხოლმე უცებ – ამ იღბლიანი შემთხვევის იმედით.

ზუსტად ერთი საუკუნის წინანდელი პრესა გადმოვიღე, დავაკონკრეტებ, გაზეთი  „საქართველო“,  და შევუდექი ფურცვლას…

ჩვენს ისტერიკულად ასწრაფებულ დროში, სადაც ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ლამის კენჭებიდანაც კი ჟონავს, წინა საუკუნის პრესა, მოგეხსენებათ, რა დიდი ანაქრონიზმი, საექსპონატო ამბავი უნდა ყოფილიყო, ან რით უნდა გაოცდე დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინფორმაციული ბუმის ეპოქაში. მაგრამ ეს ამაყი თავდაჯერება აუცილებლად გვერდზე დაგრჩებათ, თუკი გადაწყვეტთ და თქვენს ძვირფას დროს, რამდენიმე საათით მართლა დაუთმობთ ძველი პრესის გაცნობას.

1917-18-19-20 და -21 წლების გაზეთები – დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიკა, ყველაზე ცოცხალი, მძლავრად მფეთქავი ძარღვი სახელმწიფოს ცხოვრების რიტმში – ყველა ფურცლიდან თითქოს ახალი სიო უბერავს, ახალი ენერგია იგრძნობა, რაღაცნაირი, ღონიერი რწმენა საკუთარი თავისა, საქციელისა. ეს ხომ ბუნებრივიცაა – საქმე პირველი რესპუბლიკის პერიოდთან გვაქვს, სამწლიან ისტორიასთან, რომელმაც ჩვენი ეროვნული თავისუფლების ზღაპარი სინამდვილედ გვიქცია, გლობალურ მსოფლიო ამბებში დამოუკიდებელ სუბიექტად ჩაგვრთო და ცოტა ხნით წარმოგვადგენინა, როგორი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი თავისუფლება…

 

გაზეთი „საქართველო“ ეროვნულ-დემოკრატების პლატფორმა გახლდათ და ცხადია, რომ ეროვნული პათოსით სავსე, სოციალ-დემოკრატიული და მენშევიკურ-ბოლშევიკური ახირებებისგან დიდწილად თავისუფალი პერიოდიკა იყო. როგორც ჩანს, გაზეთს ჯანსაღი ხალხი ქმნიდა – არა მოპოვებული გამარჯვებით დაბრმავებული და ილუზიებს გამოკიდებული, არამედ, სრულიად რეალისტურად მოფიქრალ-მოაზროვნე ჟურნალისტები, რომლებსაც, ამ დაუფლებული დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარ გზად ქვეყნის ეკონომიკური ძლიერება – ეკონომიკური დამოუკიდებლობაც ესახებოდათ.

ჭიათურის შავი ქვის მადანი და აფხაზეთის თამბაქოს მრეწველობა – ეს ის კორპორაციებია, რაზეც გაზეთის სოციალური ბლოკის ავტორები დიდ იმედებს ამყარებენ, ვრცელ სტატიებს უძღვნიან, ამხნევებენ ეროვნულ წარმოებას.

იხსნება ახალი ბანკი – ცენტრობანკი; გაზეთის რამდენიმე ნომერი პირველ გვერდს მის რეკლამას უთმობს. იხსნება რესტორნები, სასადილოები, ზოგი სტანდარტული, ზოგიც უცნაური და სასაცილო სახელით; იხსნება სხვადასხვა ტიპის მაღაზიები – ტრიკოტაჟის, ტექსტილის. გაზეთი მათ რეკლამას ისევ პირველ გვერდებზე ათავსებს.

 

„ქეთო და კოტეში“ ქაბატო რომ ქეთოს მზითევს რეპის რეჩიტატივით კითხულობს, დაახლოებით ეგეთ რიტმულ პოეზიასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი მათგანის სარეკლამო ტექსტში.

აბა, უსმინეთ:

„გვაქვს გასაყიდად: ტრიკო ფრანგ.კოსტუმებისთვის. შევიოტი, ხაბარდინი, კოვერკოტი, დრაფი რუხი, მაუდი მოწაფეთათვის, ტრიკო ვაჟთათვის, ტაფტა, რატინი, შიფონკა, მადაპალომო, გრიზბონი, შერტინგი, ბატისტი, რაგოჟა თეთრი…“ და ა.შ.

რა მრავალფეროვანი არჩევანია! ახლა მათგან შეკერილი კოსტუმები წარმოიდგინეთ – რომელი ფეშენ-ვიკი და მოდის კუტურიე აუვა ამ თავბრუდამხვევ პალიტრას, რომლითაც დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ თავისუფალ არსებობას მოსავდნენ?

იმდროინდელ თბილისზეც მკაფიო და ფერადოვანი წარმოდგენა გექმნებათ, როცა, მაგალითად, ასეთ რეკლამასაც გადააწყდებით:

 

ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ ქუჩას ნიშნავდა მაშინდელი „თეატრალური ქუჩაბანდი“, სადაც ეს მაგიური ხირომანტ-ასტროლოგი კლიენტებს ეპატიჟებოდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, მას მაშინაც ბევრი ვიზიტორი ეყოლებოდა, რადგან ადამიანებს ხომ ყოველთვის, ყველა ეპოქაში აინტერესებთ გნებავთ საკუთრი და გნებავთ სხვისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც…

ახლა მომდევნო გვერდები გადავფურცლოთ და სიღრმეში წავიდეთ – გაზეთის და აზრის სიღრმეში ერთდროულად, იმიტომ, რომ აქ მართლაც ღრმა და ანალიტიკურ სტატიებს შეხვდებით – ავტორები ქვეყნის ბედს იკვლევენ, მკითხველს მსოფლიოს ახალ ამბებს აცნობენ, ეროვნულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ. არც კრიტიკას ერიდებიან – მენშევიკური მთავრობა უკვე ბევრ შეცდომას უშვებს, ეს ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღებიდან რამდენიმე თვეში უკვე დაეტყო. გაზეთები აფრთხილებენ მათაც და მოსახლეობასაც, ხან მწარედ, ხან იუმორით, ხან მწარე იუმორით. „ვინმე მესტვირე“ ჰყავთ – მელექსე, (ხანდახან „ისკანდერ მუნჯის“ ფსევდონიმსაც იშველიებს), ყოველ თვე ახალ-ახალ შაირებს აცხობს. მაგალითად, 1920 წლის დადგომას ასე ულოცავს სრულიად საქართველოს:

„შაირ-ლექსით მომილოცავს

მკითხველო, ახალი წელი,

იმ ოხერმა ძელმა წელმა

შიმშილით მომწყვიტა წელი.

 

…საქართველოს ემუქრება

დენიკინი მორიელი,

დენიკინს თვალი დაუდგა

დაგვესია უცხოელი… „

და ა.შ.

სავარაუდოდ, მისი ლექსები პოპულარულია, ხალხში ზეპირსიტყვიერადაც ვრცელდება, რადგან არ არსებობს თემა, „მესტვირე“ რომ არ გამოეხმაუროს და გაზეთიც დიდი სიამოვნებით ბეჭდავს მის შაირებს…

ეს კი ხელს არ უშლის მკითხველს, ამავე გაზეთებში ისეთი ავტორები იკითხოს, როგორებიცაა – გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი; თითქმის ყველა „ცისფერყანწელი“. მათი ლექსები, მოთხრობები, ესეები ყველა ნომერშია, ეს კი ნიშნავს, რომ გაზეთი მაღალკულტურულია, სანდოა და ჯანსაღი – აქ ქვეყნის გული მთლიანად ფეთქავს!

რამდენი რამ მოხდა იმ სამ წელიწადში – მარტყოფის მონასტრის კელიაში საეჭვო გარემოში (თვითმკვლელობას აბრალებდნენ რეჟიმის მიერ მოკლულს) გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე; გორში მოხდა დიდი მიწისძვრა და ზარალიც იყო აურაცხელი და ფატალური; დავკარგეთ და ისევ დავიბრუნეთ ბათუმი; ანტანტამ აღიარა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა…

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდებოდა, ბოლშევიკები უფრო და უფრო იკრებდნენ ძალას, საქართველოს მოსახლეობა, მთავრობასთან ერთად, მაინც ჯიუტად დარაჯობდა მოპოვებული თავისუფლების იდეასა და სინამდვილეს!

1920 წელს, ერთ მშვენიერ დღეს, დიდუბის პანთეონში, კათალიკოსმა ლეონიდემ პანაშვიდი გადაუხადა საქართველოს თავისუფლებას „მონატურ“ მწერლებს – ი.გოგებაშვილს, ნ.ბარათაშვილს, გ.წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, არჩილ ჯორჯაძეს… თითქოს გასაკვირიც რაა ამაში, მაგრამ ხომ წარმოიდგენ იმ დიდ-განცდებიან ქართველებს, თავისი ქვეყნის თავისუფლება ერთნაირად რომ ახარეს ცოცხალსაც და გარდაცვლილსაც!.. იმ წინაპრებს რომ „აბარებენ ანგარიშს“, ვინც მთელი ცხოვრება ამ თავისუფლების „მონატური“ იყო და ეს ოცნება საფლავში წაიღო!.. შესაშური კავშირია დროსთან, იმიერ და ამიერ სამყაროსთან, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების იდეასთან!..

ეს ყველაფერი გაზეთებიდან იკითხება, იქაა ეს ამბები – ხან მშრალად, ხან კი გემრიელად, ავტორის პირადი ემოციით და შთაბეჭდილებით მოყოლილი. თანამედროვე ჟურნალისტიკა სხვა სიმაღლეებიდან უყურებს მოვლენებს, მათ შორის წარსულსაც და ყველაფერს, რაც ამ წარსულში იყო, თუმცა, ვფიქრობ, ამ გაზეთების შემთხვევაში მხოლოდ ბიბლიოგრაფიულ სიძველეებთან არა გვაქვს საქმე. ეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პერიოდიკაა – პრესა, საიდანაც ყველაზე ცხადად და მრავალფეროვნად ვკითხულობთ ჩვენი ქვეყნის საუკუნის წინანდელ ისტორიას. საიდანაც ვკითხულობთ, რომ, რომ არა ბედის უკუღმართობა და რუსული იმპერიალიზმის ბოროტება, ჩვენ ერთი საუკუნის წინ უკვე გვქონდა ყველა მყარი სახელმწიფოებრივი მონაცემი, ვფიქრობდით მასშტაბურად და ანალიტიკურად და ვიკრებდით ძალას, რომ ეს ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავს ღირსეულად დაუფლებოდა!..  ეს ჩვენი ქვეყნის არც ისე შორი წარსულია, ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენს თანამედროვეობას.

თუმცა, პარალელები ისტორიკოსების და ანალიტიკოსების საკვლევი საქმეა. ჩვენ ახლა მხოლოდ ძველი გაზეთების მოკრძალებულ ხიბლზე და სინათლეზე ვწერთ…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი