ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაუვიწყარი ღამის  პოეტური ანაბეჭდი – გიორგი ლეონიძის “ნინოწმინდის ღამის” სწავლებისთვის

როგორ შეიძლება დაუდგრომელ დროს გამოსტაცო დაუვიწყარი შთაბეჭდილებები? როგორ შეიძლება წარმავალი აქციო მარადიულად? პოეზიას აქვს ამ რთულ კითხვაზე მარტივი პასუხი: სიტყვებად უნდა აქციო შეგრძნებები, მიენდო გულის კანონებს და პოეზიის განზომილებაში მიანიჭო ახალი სიცოცხლე. ამისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ შთაბეჭდილება არ კმარა, არამედ მისი მხატვრულ სახეებად გარდასახვის ნიჭი, ხელოვნება და შთაგონებაა საჭირო. ეს ყოველივე კი გიორგი ლეონიძეს უხვად აქვს. ამის დასტური  „ნინოწმინდის ღამეცაა“, რომელიც  მეგობრობისა და სიყვარულის ქებათაქებაა. ეს ორი გრძნობა თითქოს ერთმანეთს განმსჭვალავს და აპირობებს.

ლექსს ეპიგრაფი ქმნის ჰარმონიისა და მშვენიერების განწყობას, რომელიც სტრიქონთა კითხვისას მძაფრდება. 1926 წლის 26 მარტს ნინოწმინდის გალავანში შეიკრიბნენ პოეტები: სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე. ლექსში პოეტურად არის აღბეჭდილი ამ შეხვედრის დაუვიწყარი წუთები. პოეზიამ გადაარჩინა ეს დღე და ლექსის გზით მარადიულობას აზიარა. ამ დღეს პოეტი ასე იგონებს შემდეგ: “1926 წლის მარტში მე დავპატიჟე პაოლო, ტიციანი, სანდრო შანშიაშვილი და სხვა ამხანაგები ჩემს დედულეთში, ნინოწმინდაში. V საუკუნის ტაძრის ეზოში გაიმართა დიდი ღრეობა სიმღერით, ცეკვა-თამაშით. შუა ნადიმის დროს პაოლო ავარდა თორმეტი საჟენის სიმაღლის სამრეკლოზე და იქიდან დაიწყო ლექსის კითხვა. შემდეგ მე და ტიციანი გამოგვიწვია გუმბათიდან და ჩვენც იქიდან ვკითხულობდით ლექსებს. ეს იყო პაოლოს საოცარი რეჟისურა, განუმეორებელი სურათი. ეს დაუვიწყარი საღამო, დაუვიწყებელ მეგობრებთან გატარებული, აღბეჭდილი მაქვს ჩემს ლექსში “ნინოწმინდის ღამე”.

ლექსის განწყობილება იბადება ღამის ფონზე გამოკვეთილი ნინოწმინდის გალავნით. პოეტის მეხსიერებაში შემოჭრას ლამობს წარსული, მაგრამ მხოლოდ მინიშნებაა მასზე. ამჯერად მისი ყურადღება მთლიანად აწმყოზეა მიჯაჭვული. მეფეთა პალატები (სასახლეები) გაიელვებს წარმოსახვაში და გაქრება. რჩება ფიალა _ აქაფებული ღვინით სავსე. პოეტები ქეიფობენ, ტკბებიან სიცოცხლის სიხარულით და გიორგი ლეონიძესაც სწორედ ამ წუთების მოხელთება სურს. მას უნდა, რომ გამოსტაცოს წარმავლობას ეს მშვენიერი ღამე და მკითხველს მიუძღვნას ძვირფასი საჩუქარივით. სიცოცხლის ზეიმი ამ ლექსშიც ისეთივე გადამდები და ყოვლისმომცველია, როგორიც ლეონიძის სხვა ლექსებში.

ლექსის წარმოსახულ სივრცეში ცოცხლდება ღამე, როდესაც პოეტები თვრებიან ღვინით, პოეზიითა და ერთმანეთის სიყვარულით. მაგრამ ეს არის თრობა, უპირველეს ყოვლისა, შთაგონებით, პოეზიით, რათა დაუსხლტნენ დროის ულმობელ მსვლელობას და პოეტურ სტრიქონებში აღბეჭდონ წამები. მათ შეუძლიათ თქვან: “მშვენიერი ხარ, წამო, შეჩერდი” (გოეთე). ლექსი ეხმიანება გიორგი ლეონიძის საყვარელი ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის მინიატურას “თრობა”, რომელშიც ვკითხულობთ “თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები  _ სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, _ მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით _ წადილისამებრ”. სწორედ ეს სტრიქონები გახდა შთამაგონებელი გალაკტიონ ტაბიძის შედევრისა „რომელი საათია?“, რომელშიც ვკითხულობთ:

„იყო შარლ ბოდლერი: „მწარე და ძვირფასი,

ღვინის საათია, თრობის საათია“.

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?“

„ნინოწმინდის ღამის“ პოეტურ განზომილებაში კი უცებ ელვასავით შემოიჭრება სტრიქონები:

“შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ, ვეფხი დაქალებული”.

თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმ მშვენიერი ღამისთვის თრობა ღვინით, მეგობრობითა და პოეზიით, მაგრამ სიყვარულის გარეშე დაეკარგებოდა ფერი და ბრწყინვალება. ამიტომაც არის, რომ პოეტის შთაგონებულ მზერაში შემოიჭრება სახე, “ხატი” საყვარელი ქალისა, “დაქალებული ვეფხისა”. პოეტში იღვიძებს ტრფიალების განცდა. მისთვის ღვინო, პოეზია და მეგობრობა იყო ის ნოყიერი ნიადაგი, სადაც სიყვარული იოლად ხარობდა, ფესვებს იდგამდა და ნაყოფმრავლობდა.

დაქალებული ვეფხვი, უპირველესად, აცოცხლებს ნესტან-დარეჯანის სახეს. იგი პოეტისთვის ქალურობის, სიყვარულის მარადიულობის სიმბოლოა. მისთვის ის შორეული, სალოცავი ხატიც არის და ხელშესახები სათაყვანებელიც.

“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული,

არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემეს ხებული” (“ვეფხისტყაოსანი”).

ამ მშვენიერ ღამეს ნინოწმინდაში შეკრებილი პოეტები “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონებს ამბობენ, ალბათ. რადგან, სადაც სიყვარულზე ითქმის რამე, იქ თავისთავად რუსთაველივ ჩნდება, ამიტომაც არის, რომ გიორგი ლეონიძის პოეზიაში ხშირად გაიელლვებს ხოლმე ამ “ჟრჟოლის მომგვრელი” წიგნის სახება.

მუსიკა ყველაზე ძლიერი ფონია გიორგი ლეონიძის ლექსებში. ხან, მართლაც, ნამდვილად უკრავენ, როგორც ამ შემთხვევაში: “საზანდარმა ღამე ააცახცახა”. საზანდარი მესტვირეა და საქართველოში ოდითგანვე ძალიან უყვარდათ ეს საკრავი _ სტვირი. ამ მეტაფორაში კარგად ჩანს რა გავლენას ახდენს მუსიკა გარემოზე, როგორ იმსჭვალება მისით მთელი სამყარო. ხან თვითონ საგნები გამოსცემენ იდუმალ ხმებს. პოეტი შეიგრძნობს სამყაროს მირიადხმიან მელოდიას და სტრიქონებში ამხელს, რათა მკითხველსაც შეაგრძნობინოს ამ ჯადოსნური, მაგიური, ენერგიული მუსიკის ხმები.

“ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა”, _ წერს პოეტი. აქ “ვეფხისტყაოსნის” გმირის ხსენება ბუნებრივად შემოიჭრება ლექსის სამყაროში. მეგობრობისთვის თავგანწირული ავთანდილი მარტო მიეხეტებოდა ტყე-ღრეებში, მერე დაღლილ-დაქანცული სადმე ჩამოჯდებოდა, შეისვენებდა, ნანადირევს შეწვავდა და სატრფოს მოგონებით დაზაფრული ცხელ ცრემლებს წყაროსავით დააფრქვევდა.

აქაც, 1926 წ. 26 მარტს, ამ ღამეში, ავთანდილის, და საერთოდ, “ვეფხისტყაოსნის” გმირთა სული იგრძნობა. მათშიც რუსთველისა თუ მის მიერ შექმნილ გმირთა სისხლი ჩქეფს, უწმინდესი მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობითა აქვთ სავსე გულები.

პოეტი ხატავს ცის უმშვენიერეს სურათს. ცას თითქოს ატმები მოუსხამს, ისე ახლოა და სურნელოვანი მისი ხავერდოვანი სივრცე. ეს მეტაფორა არაჩვეულებრივად შეაგრძნობინებს მკითხველს, როგორ დუღს მთელ სამყაროში სიხარულით აღსავსე სიცოცხლე. ყველაფერი ღამეული სინათლით ჩახჩახებს და ბრდღვიალებს, თითქოს თავს ასწევ და რომელიმე ვარსკვლავს მიეხლები. მზერაც უამრავი ვარსკვლავის ციმციმით არის გადანათებული. მიწა და ცა ერთმანეთს უახლოვდება, მათი შესაყარი გულებშია ამ პოეტთა, რომლებიც ფეხებით მიწას ებჯინებიან, ხოლო ხელებით კი ზეცას სწვდებიან და ვარსკვლავთა სურნელს მწიფე ატმებივით ყნოსავენ. სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობამ ისე განწმინდა და გააკეთილშობილა პოეტთა გულები, იმგვარად აამაღლა, რომ მიუწვდომელთან მიახლოების შესაძლებლობა მისცა, ცის წალკოტში შეახედა.

ამ ლექსის მიხედვით, სამყარო გარშემო ისეთი ხალასია და უმანკო, ისეთი პირველქმნილი, თითქოს მკითხველის თვალწინ ახლა იბადებოდეს, თითქოს ახლა ძერწავდეს ღმერთი თავისი ყოვლისშემძლე ხელებით, როგორც ფსალმუნშია: „ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ (8,4).  თითქოს ახლა “გამოთქვამდეს” უფალი თავისი ღვთაებრივი სიტყვით: “პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი” (იოანე, 1,1). ამიტომაც ასდის გაზაფხულს რძის სუნი, რომელიც სამყაროს სინორჩეს წარმოაჩენს. გარემოს ამგვარი აღქმა კი ადამიანს ბუნებასთან განუყოფლობას, მასთან ერთობას შეაგრძნობინებს.

ლექსის მიხედვით, პოეტები “თავს დაესხნენ” ნინოწმინდას ხაზარებივით. გიორგი ლიონიძეს მოსწონდა სიტყვა “ხაზარი”, რომელიც მასში ხანძრის ასოციაციას იწვევდა. ამ სიტყვაში თითქოს ჩანდა აგიზგიზების, აბრიალების სიხარული. ხაზარი მომთაბარე ტომი იყო კავკასიაში, ცნობილი ვაჟკაცობითა და თავგანწირულობით. საქართველოს ამ ტომებთან ხან მტრობა და ხან მეგობრობა აკავშირებდა. ამ, შემთხვევაში, ხაზარი არ არის დაკავშირებული თავის რეალურ შინაარსთან, არამედ მხოლოდ მუსიკალური განცდის აღმძვრელია, მან უნდა დაბადოს მკითხველში ცეცხლოვან ვაჟკაცთა სახეები და ასეც ხდება. ნინოწმინდის გალავანში შეკრებილ პოეტებსაც ეკიდათ გულში მეგობრობისა და სიყვარულის დიდი ცეცხლი. “საქართველოს ლექსის მეხანძარენი” ბრიალებდნენ მეგობრობის, ძმობის კეთიშობილური გრძნობებით და სიხარული ცრემლებად ეღვრებოდათ თვალთაგან.

პოეტი ხატავს, როგორ “შეეჯახება” მის გულს ტამერლანის, იგივე თემურ-ლენგის, ხმალივით სიყვარული: ეს შედარება და მეტაფორა: “როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა

სიყვარული ისე დამჯახებია” _ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს, როგორ დაიპყრო პოეტის არსება სიყვარულმა. საზოგადოდ, გიორგი ლეონიძის პოეზიაში სიყვარული ხშირად სწორედ ასე იბადება, მოულოდნელად, ძლიერად, თითქოს ნგრევით, ზათქით, ზრიალით, ლეწვით, ხანძრით… პოეტი წერს “ტამერ ლანს” (და არა თემურ-ლენგს), როგორც ევროპაში უწოდებდნენ ამ თავდაუზოგავ და შეუდარებელ მხედართმთავარს, რადგან სიტყვა “ტამერ” უფრო მაგარია და მჟღერი, მასში მოზღვავებული ენერგია იგრძნობა, ერთგვარი ზვავი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. ლენგი შეიცვალა ლანგად_ ხმოვანების გასაძლიერებლად. სიტყვის ორი ა (ტამერლანი) ტკბილხმოვანებას იწვევს. სიტყვა “თემურლენგის” სირბილე თითქოს გამოუსადეგარი იყო “დაჯახებისთვის”. ტამერლანის ყოვლის მმუსრავი, სასტიკი ხმალივით უცებ, მოულოდნელად, გამეტებით დაეჯახა მის გულს სიყვარული და გაუღვიძა შორეული წარსული, მეხსიერების კუნჭულებში გადანახულ-გადამალული: შეიძლება რეალური, შეიძლება მოგონილი.

წარმოსახვაში ჩნდება სატრფოს, ათაბაგის ქალის უმშვენიერესი სურათი. აქ ისე გამოკვეთილად იხატება ქალის ყოველი ნაკვთი, თითქოს ანტიკური ხელოვანის სრულყოფილად გამოკვეთილ შიშველ ქანდაკებას ვუმზერდეთ. იმავდროულად, ეს ქანდაკება კი არა, ხორციელი ქალია, მის მკერდში სისხლი ჩუხჩუხებს, მისი თავთუხისფერი წამწამები ირხევიან, მისი სხეული აყვავებული ვაზის სურნელს აფრქვევს, “ზამბახებიანი ღამე” კი ამ წარმოსახვას იდუმალების ბურუსში ახვევს. მკითხველიც ხედავს ქალს, თითქოს გასაფრენად გამზადებულ დურუჯს. დურუჯიც “ვეფხისტყაოსნის” ალუზიაა _ ცნობილ ეპიზოდს წამოატივტივებს მკითხველის მეხსიერებაში. როდესაც ნადირობიდან დაბრუნებული ფარსადანი და ტარიელი ნესტანთან წავიდნენ, ასმათმა ფარდაგი აწია, რომ ტარიელისთვის ნანადირევი _ დურაჯები გამოერთმია, სწორედ ამ დროს დაინახა ტარიელმა ნესტან-დარეჯანი და გული წაუვიდა.

“წინანდალის ვაზი აყვავებული” კი გვახსენებს ნინო ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, პოეტთა მუზას. გიორგი ლიონიძეს არაერთ ლექსში აქვს მისი მშვენება აღწერილი, მათ შორის, გამორჩეულია ლექსი “ნინა ჭავჭავაძეს”, რომელშიც ვკითხულობთ:

“ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,

ათას წელს გასძლებს შენი შვენება;

შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,

შენგან არასდროს მომესვენება”.

ამგვარი ალუზიები თითქოს აფართოებენ ლექსის პირობით ჩარჩოებს და უსაზღვრო სივრცეს მოიცავენ, რომელიც სუნთქავს და ცოცხლობს სიყვარულით. პოეზიის მადლით შეკავშირებული ადამიანები სამყაროს შეერწყმიან თავიანთი ლექსებით. პოეტს სწორედ ეს სურს, მკითხველმა შეიგრძნოს ის დიდი ძალა, რომელიც სიყვარულის, მეგობრობისა და პოეზიის უწმინდესი კავშირისას წარმოიქმნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი