ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლეთა საკლასო შეფასება

მოსწავლეთა საკლასო შეფასება, როგორც პროცესი, პირობითად ოთხ ეტაპად შეიძლება დაიყოს:

  1. შესამოწმებელი კომპეტენციების შერჩევა და შეფასების მიზნის განსაზღვრა -რას და რისთვის ვაფასებთ;
  2. შერჩეულ კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება და მტკიცებულებების შეგროვება;
  3. შემოწმების შედეგების ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება;
  4. უკუკავშირის მიწოდება, მოსწრების აღრიცხვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის (მოსწავლე, მშობელი, კოლეგა-მასწავლებელი, დირექტორი).

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეტაპი.

  1. შესამოწმებელი კომპეტენციების შერჩევა და შეფასების მიზნის განსაზღვრა – რას და რისთვის ვაფასებთ.

საწყის ეტაპზე ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის საბოლოო ან საშუალედო შედეგების შერჩევა, რომლებზეც მიმდინარეობდა მუშაობა მოსწავლეებთან, და რომელთან მიმართებითაც ვაპირებთ მოსწავლეთა დახელოვნების დონის განსაზღვრას.

თუ ეს შემოწმება მიზნად ისახავს წინასწარ ხარვეზების ან ძლიერი მხარეების მოძიებას, ანუ დიაგნოსტიკას, მაშინ იგი საორიენტაციო დანიშნულებისაა (როგორი მზაობის, სასწავლო პროფილისა თუ ინტერესების მოსწავლეები სხედან კლასში? საით უნდა ავიღოთ გეზი – წინარე ცოდნის განმტკიცებისკენ, თუ ეს უკვე აღარაა საჭირო?).

თუ შემოწმება მიზნად ისახავს მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგს (განმავითარებელი შეფასება – შესაბამისი ტემპით და ხარისხით ითვისებენ თუ არა მოსწავლეები სასწავლო მასალას), მაშინ იგი მარეგულირებელი დანიშნულებისაა (უნდა შევიტანოთ კორექტივები სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში, თუ ეს არაა საჭირო? მაინც, როგორი კორექტივები უნდა შევიტანოთ?).

თუ შემოწმება მიზნად ისახავს იმის გარკვევას, რამდენად მიუახლოვდა სასწავლო პროცესის ბოლოს მოსწავლეთა ოსტატობა დაგეგმილ მოლოდინებს (განმსაზღვრელი შეფასება – აკმაყოფილებენ თუ არა მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებს და რა ოსტატობით?), მაშინ იგი სასერთიფიკაციო დანიშნულებისაა (მოსწავლეებს ციფრულ-სიმბოლური, ვერბალურ-გრაფიკული ან წერილობითი ცნობის სახით ვუდასტურებთ მიღწევებს).

აქვე განისაზღვრება და დაკონკრეტდება სასწავლო ობიექტები (მაგალითად, ფაქტები, ცნებები, პროცედურები, შესრულების ხერხები) და მათზე მიმართული მოქმედებები (ესგ შედეგებში და ინდიკატორებში შესაბამისი ზმნებით გამოხატული), რომელთა ფლობაც უნდა შემოწმდეს შეფასების პროცესში.

დაბოლოს, აქვე ხდება შერჩეულ ობიექტებზე მოქმედებების შესრულების იდეალისა თუ მიუღებელი ნიმუშის გააზრება და მოსწავლეთა ტიპური/მოსალოდნელი შეცდომების ჩამონათვალის შედგენა. მისაღები თუ მიუღებელი ნიმუშები მასწავლებელმა შეიძლება მოიძიოს წინა თაობის მოსწავლეთა ნამუშევრებს შორის ან თვითონ შეადგინოს. მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება-შეფასების დაწყებამდე მას მზად უნდა ჰქონდეს ტიპურ შეცდომათა ჩამონათვალი და ამ შეცდომებზე სკაფოლდინგით რეაგირების სტრატეგიები. იგი პერიოდულად კოლეგებთან უნდა შეავსოს, გადაამოწმოს და გადასინჯოს.

 

  1. შერჩეულ კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება და მტკიცებულებების შეგროვება.

მოცემულ ეტაპზე განისაზღვრება შეფასების მეთოდი (მაგალითად, წერითი თუ ზეპირი გამოკითხვა, პროექტის პრეზენტაცია თუ შესაფასებელი მოქმედების შესრულებაზე დაკვირვება), აგრეთვე გამოკითხვის, პრეზენტაციებისა თუ დაკვირვების ორგანიზების ხერხები, ვადები, განრიგი და შემოწმების ადმინისტრირების სხვა საკითხები თუ წესები.

გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა მოამზადოს გამოკითხვისთვის საჭირო საშუალებები (ტესტი, კითხვარი, პროექტების თემატიკა, პრეზენტაციების სტრუქტურა, გასაზომი ობიექტები და საზომი ხელსაწყოები, კომპლექსური დავალების ტექსტი და სხვა) და შეფასების ინსტრუმენტები (აღრიცხვის ცხრილები, შეფასების კრიტერიუმები და მათი წონები, რუბრიკები დახელოვნების დონეების მითითებით, შეფასების სქემები, ათბალიან სისტემაში ქულების  კონვერტაციის ცხრილები ან ფორმულები და სხვა).

ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მოსწავლეებთან შეთანხმებულ ვადებსა და პირობებში, შეფასების კრიტერიუმების წინასწარ წარდგენის შემდეგ, უნდა მოხდეს კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება:

  • თუ შემოწმება მოიცავს მოქმედების შესრულებაზე დაკვირვებას, მაშინ მასწავლებელმა იქვე უნდა დააფიქსიროს გაწაფულობისა თუ სიზუსტის მაჩვენებლები;
  • თუ მასწავლებელმა მოსწავლეების კომპეტენციებზე უნდა იმსჯელოს მოსწავლეთა მომზადებული პროდუქტების მიხედვით, მაშინ მას დასჭირდება მოსწავლეთა მიერ შექმნილ ნამუშევრებში ოსტატობის დონის მაჩვენებლების ამოცნობა და დაფიქსირება. ანგარიშგასაწევ მტკიცებულებებს შორის უნდა იყოს ხარვეზები, და კიდევ უფრო მეტად – მიღწევები. მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როგორ მწვანე (მიღწევების მოსანიშნად), ასევე წითელი ფერის კალამი (ხარვეზების მოსანიშნად). მიზანშეწონილია იქვე გაკეთდეს კომენტარები და განმარტებები მოკლე უკუკავშირის სახით, ოღონდ არა წითელი ფერის კალმით, რათა არ გაძლიერდეს მოსწავლის შფოთვა და მან უკუკავშირი სამუშაო, საქმიან რეჟიმში გაიაზროს, საგანგებო მდგომარეობის განცდისა და განგაშის გარეშე.

 

  1. შემოწმების შედეგების ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება.

ამ ეტაპზე ხდება შეგროვილი მტკიცებულებების დახარისხება, მათი შედარება დახელოვნების დადგენილი დონეების შესაბამის მაჩვენებლებთან, ოსტატობის იდეალთან შეპირისპირება, თითოეული მოსწავლის მიერ მიღწეული ოსტატობის დონის გარკვევა ანდა ქულის მინიჭება, ინდივიდუალური და ერთიანი საკლასო პროგრესის/რეგრესის დაფიქსირება.

ეს ყველაფერი ემსახურება მოცემული ეტაპის საბოლოო აქტს –  ერთი მხრივ, დასკვნების გამოტანას სასწავლო პროცესის წარმართვისა და კორექციის მიმართულებების, შინაარსისა თუ ხერხების შესახებ (მასწავლებლის დაგეგმილი და განხორციელებული სტრატეგიებიდან და მეთოდებიდან რამ გაამართლა და რამ – არა? რა უნდა შეიცვალოს და როგორ?) და, მეორე მხრივ, რეკომენდაციების შემუშავებას მოსწავლის სასწავლო ტრაექტორიის მომდევნო მონაკვეთის შესახებ (რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა მიზანშეწონილი მოსწავლისთვის მისი საჭიროებებისა და მიღწევების შესაბამისად სწავლის გასაგრძელებლად?).

 

  1. უკუკავშირის მიწოდება, მოსწრების აღრიცხვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის.

შეფასების ბოლო ეტაპზე მასწავლებელი შეარჩევს უკუკავშირის ფორმას (ვერბალური, სიმბოლური, გრაფიკული), ჩამოაყალიბებს მას და მიაწვდის მოსწავლეებს. გარდა ამისა, მან აუცილებლად უნდა დაწეროს ანგარიში შეფასების ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ და წარადგინოს კათედრაზე, შეინახოს პორტფოლიოში.

დაინტერესებული მხარეებისთვის (მოსწავლეები, მშობლები, კოლეგები, დირექცია) განკუთვნილი ინფორმაცია-ანგარიში უნდა მოიცავდეს შემოწმების ამსახველ დოკუმენტაციას, შედეგების სტატისტიკურ ნაწილს ცხრილური თუ დიაგრამული სახით; აგრეთვე, ვერბალური ფორმით გაკეთებული დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილს.

მრავალჯერადი საკლასო  შემოწმება-შეფასების მონაცემების შეჯამება უნდა მოხდეს შესაფერისი სტატისტიკური მახასიათებლების (მაგალითად, მონაცემთა საშუალო, მოდა, მედიანა, დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა) გამოყენებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ტენდენციები და კორელაცია შედეგებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორებთან.

მიზანშეწონილია სასკოლო შეფასების მონაცემთა მომზადებული ანალიზის შედარება გარე შეფასების ანალიზსა და შედეგებთან, რომელიც მოწვეულმა დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა შეასრულეს; ან სახელმწიფო თუ საერთაშორისო შეფასების შედეგებთან, რათა გაირკვეს სკოლის მოსწავლეთა მიღწევების ადგილი სახელმწიფო თუ საერთაშორისო სკალაზე.

შეფასების ამგვარი პროცედურების დამკვიდრება გამორიცხავს მასწავლებელთა უხეშ შეცდომებს შეფასებისას, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციასა და სასწავლო პროცესის ნაყოფიერებაზე. მაგალითად, როდესაც:

  • მასწავლებლები ერთმანეთს ადარებენ მოსწავლეების პასუხებს, ნამუშევრებსა და მოქმედებებს ან სულაც თვით მოსწავლეთა პიროვნულ მახასიათებლებს და არა მათ მიმართებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტებსა და ნორმებთან;
  • მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების კრიტერიუმებსა თუ რუბრიკებს – ისინი, უბრალოდ, ითვლიან მოსწავლეთა შეცდომებს;
  • მასწავლებლები ასაშუალებენ ქულებსა და ნიშნებს ყოველგვარი საფუძვლისა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი დასაბუთება-განმარტების გარეშე;
  • მასწავლებლები წინასწარ, შემოწმება-შეფასებამდე, არ წარუდგენენ მოსწავლეებს კრიტერიუმებსა თუ რუბრიკებს;
  • მასწავლებლები შემოწმებისას ორიენტირებული არიან სასწავლო საკითხების დაფარვაზე და არა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე;
  • მასწავლებლები არასაკმარისად ფლობენ შემაჯამებელი თუ მიმდინარე ან სადიაგნოსტიკო დავალებებისა და ტესტების შედგენის ხელოვნებას და ბრმად ენდობიან სახელმძღვანელოებში მოცემულ მწირ, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შეუსაბამო „საკონტროლო წერის“ ნიმუშებს.

სწორად წარმართული შეფასება ზედმიწევნით შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციებს:

  • გააძლიეროს სასწავლო მიზნების მიღწევის მისწრაფება;
  • იტვირთოს კონსტრუქციული გზამკვლევის მისია;
  • მოიცვას მოსწავლეთა მიღწევების სრული სპექტრი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი