პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

              მკითხველი – კიდევ ერთი ამბავი „ვეფხისტყაოსანზე“

   გზები, რომელთაც მხოლოდ ჩვენ გავივლით, მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა წიგნთან, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება, მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილებები, საიდუმლო ფანჯარა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ შევაღებთ, რაფაზე ავბობღდებით, ფანჯრის ჩარჩოს ფრთხილად ამოვეფარებით და მერე ძალიან ფრთხილად, ისე გადავხტებით წიგნის შუაგულში, როგორც კატებმა იციან ხოლმე, ბრჭყალებზე რომ დგებიან და უჩუმრად, უჩუმრად გავხდებით წიგნის ბინადარნი, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

ასეა ხოლმე? თუ პირიქით, საქვეყნოდ ავაფრიალებთ, რომ რაღაც წავიკითხეთ, ძალიან მოგვეწონა ან არ მოგვეწონა, თან კი, თან არა, ციტატებსაც დავიზეპირებთ და მერე ქუჩებსა და მოედნებზე ავაფრიალებთ.  იქნებ არასაჩვენო დეტალებსაც ვპოულობთ, არასახელწიფოებრივ, არარელიგიურ, შეუფერებელ, საშიშ, მოკლედ, ათას რამეს, რაც არ მოგვწონს და შემდეგ დიდ ცეცხლს ვაჩაღებთ და ამ ჩვენი დაწუნებული წიგნების კვამლი ცაში ქათქათა ღრუბლებს შერუჯავს.

რამდენნაირი ადამიანიაც არსებობს, ზუსტად იმდენნაირი შარია ამ ქვეყანაზე, წიგნს, ნახატს, სიმღერას ათასგვარი შარი შეიძლება მოსდო, რას არ იტყვი, რას არ დააბრალებ.

შეიძლება ასეც თქვა, ტიმოთე გაბაშვილივით: „«ესე რუსთაველი იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმაც ასწავა ბოროტი ბილწიერება და გარყვნა ქრისტიანობა, ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა სამღვთოთ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი“.  „«სპარსთნაჭორი“ ამბების თხზვა დააბრალო ან სულაც ასეთი განაჩენი გამოუტანო:

„პირველ თავი დასაწყისი ნათქვამია იგ სპარსულად,

უხმობთ ვეფხისტყაოსნობით, არსსა შეიქმს ხორცს არ სულად,

საეროა, არ ახსენებს სამებასა ერთ-არსულად,

თუ უყურა მონაზონმან, შეიქმნების გაპარსულად“.

შეიძლება ისეთმა დიდმა ავტორიტეტმაც არ გიშველოს, როგორიც ვახტანგ მეექვსეა, რომელიც  დანანებით იტყვის, არასწორად გაიგეს და სამეძაოდ თარგმნეს დიდი რიტორისა და ბრძენი მეცნიერის „კეთილად  ნამუშაკევიო“, და, სულო ცოდვილო, იქნებ მტკვარშიც აღმოჩნდეს  შენი წიგნები, როგორც პლატონ იოსელიანი წერს- „დღესა ერთსა 80 დაბეჭდილი წიგნი ვახტანგ მეფისავე შთააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის და მომწამვლელი ქრისტიანთა გონებისა და გრძნობისა,“ ნაწილი კი დააწვევინა სიონის გალავანში.  და ვინ გააკეთა ეს? განათლებულმა, ჭკვიანმა და განსაკუთრებულკამ კაცმა – ანტონ კათალიკოსმა, უცნაურია არა? მეცნიერები ამბობენ, არ უქნია, უგონებენო, მაგრამ ახლა, ამ გადმოსახედიდან, რას გაიგებ? თუმცა, ერთი კი ცხადია, ანტონ კათალიკოსი თან აღიარებს შოთას დიდებულებას, თან აკრიტიკებს მას:“შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის მოყვარე ფრიად, ფილოსოფოსი, მეტყუელი სპარსთა ენის, თუ სამ ჰსწადოდა, ღუთის-მეტყუელიცა მაღალ, უცხო საკჳრუჱლ, პიიტიკოსი მესტიხე, მაგრა ამაოდ დაჰშურა, საწუხ არს ესე.“

მოკლედ, რანაირი მკითხველი აღარ არსებობს, ვიღაც ერთს დაინახავს შენს წიგნში, სხვა მეორეს, სპარსულ ამბებს თუ საქართველოს ისტორიის დეტალებს, ქრისტიანობას თუ სუფიზმს, ფილოსოფიას თუ ჩვეულებრივ, სამიჯნურო ამბებს. კიდევ კარგი, წიგნის ზღურბლთან შენ არ დგახარ, ავტორი, რომ გაგერჩია, ეს ადამიანი შემოვუშვა თუ არა? ეს კაცი გაიგებს თუ ფეხქვეშ გაიგებს იმას, რაც ამდენხანს წერე, იფიქრე, იდარდე, იცხოვრე, მოკვდი.

„ვეფხისტყაოსანს“ ბევრნაირი მკითხველი ჰყავდა, ისეთებიც, ზემოთ რომ მოგახსენეთ და სხვაგვარნიც,  განსაკუთრებულნი, ვისთვის პოემის ტექსტი დაკარგულ სამშობლოსთან ზიარების საშუალებაა, „აი, მეც ხო დაწერილი მაქ და აი, ხო გითხარ, რო პირველად რო დაიწყევით ამბანის ფიცრებით თლა და ემე, ბატონო ჰოსეინამაცა ხალიჩას რუქა რო: ვინ მოყუარესა, შოთა რუსთაველის ლექსი: ვინ მოყუარესა არ ეძეფს, იგი თავისა მტერია.“ – ეს მუხტარ დარჩიაშვილია, ფერეიდნის ლექსიკოგრაფი, ფერეიდნელი სულხან-საბა.

აგერ, გურული გლეხიც, ყველა მნიშვნელოვან მომენტში შოთას იმოწმებს: „შოთა რუსთაველმა თქუა, მაი თქვენ ჩემზე კარქა მოგეხსენება, უმე: იგი წავა და სხûაი მუაო.“

ისეთი მკითხველებიც იყვნენ, ვინც პოემის  ამბავს არ სჯერდებოდა და თავისასაც მრავლად ამატებდა. არცერთ ტექსტს იმდენი გაგრძელება, ინტერპრეტაცია, პერიფრაზი  თუ ჩამატებული სტროფი არ აქვს, რამდენიც „ვეფხისტყაოსანს“. მარტო ხალხური „ვეფხისტყაოსანი“ რაც ღირს, აი, ვთქვათ ეს, ქართლური ვარიანტი:

„ტარიელს მიუტანეს ამბავი, რო ვეფხვს დაუკვეხიაო, რო აბა, ის ტარიელიაო, რაღაცა ქებული, ერთი მე დამეჭიდოსო. გაიგო ტარიელმა და წავიდა საომრათა, მაგან მე უნდა შემარცხვინოსო. ტარიელი და ვეფხვი რო შევიდნენ დიდ ბრძოლაში, ვეფხვმა მიიყვანა იმ მდგომარეობაშია, რო ის იყო ტარიელი უნდა გადაეგდო კლდეზედა. რომელ დროსაც ტარიელს უჭირდა, სწორეთ იმ წუთებში მივიდა ავთანდილი ტარიელის დედის კარებზე. ტარიელის დედა შეშინდა და დაიწივლა, ავთანდილი რო დაინახა, იმიტო რო იმათ კარებზე ხალხი არ მიდიოდა. ტარიელის დედამ რო სახში დაიწივლა ავთანდილის დანახვაზედა, ტარიელმა გაიგონა. იმ დროს მააგონდა, რო ხანჯალი ეკრა. ტარიელსა ხმალი გაუტყდა ბრძოლის დროსა და ხანჯალი აღარ ახსოვდა. ამააძრო ხანჯალი და ქვეშიდან მიკუწ-მოკუწა ვეფხვი. ტყავი მხარზე გადიგდო და წავიდა თავის სახში.“/corpora.co/

გზები, რომელთაც მხოლოდ ჩვენ გავივლით, მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა წიგნთან, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება, მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილებები, საიდუმლო ფანჯარა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ შევაღებთ, რაფაზე ავბობღდებით, ფანჯრის ჩარჩოს ფრთხილად ამოვეფარებით და მერე ძალიან ფრთხილად, ისე გადავხტებით წიგნის შუაგულში, როგორც კატებმა იციან ხოლმე, ბრჭყალებზე რომ დგებიან და უჩუმრად, უჩუმრად გავხდებით წიგნის ბინადარნი, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

მთავარია, ერთხელ გაბედო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი