პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ერთი მოსწავლის წარმატება, იმედი და სურვილები

გიორგი ორკოდაშვილი თელავის № 1 საჯარო სკოლაში სწავლობს და გარდა სასკოლო ცხოვრებისა, სხვა აქტივობებითაც არის დატვირთული. ის სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტია, მხარს უჭერს ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკას და ხშირად არის ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

გიორგი ამბობს, რომ 10 წელია, რაც ამერიკაში სწავლაზე ოცნებობდა, წელს კი ეს ოცნება აუსრულდა,  Flex-ის პროგრამის ფინალისტი გახდა და ერთი წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლის.

– მოსწავლე, ბლოგერი, ეკოაქტივისტი, ტრენერი, მოგზაურობის მოყვარული, სხვადასხვა დისკუსიის მოდერატორი და ა.შ ასეთი მრავალფეროვანი აქტივობის პარალელურად, როგორია მოსწავლის ყოველდღიური ცხოვრება?

ჩემი, ამ შემთხვევაში როგორც მოსწავლის, ყოველდღიური ცხოვრება ალბათ ზუსტად ისეთივეა, როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა სხვა მოსწავლის.  ვიაზრებ იმას, რომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მოვალეობა სწავლაა და ეს მისია უნდა შევასრულო. შესაბამისად, ყოველდღიურად დავდივარ სკოლაში. არ მიყვარს  გაცდენა და დაგვიანება. თუ სერიოზული მიზეზი არ მაქვს, არ ვაცდენ სკოლას,  ვსწავლობ, ვისმენ გაკვეთილებს და ვწერ დავალებებს და ა.შ.  თუმცა ეს საქმიანობა ჩემთვის უკვე მოსაწყენ რუტინადაა ქცეული და იმ საგნების სწავლას, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ გამომადგება, მუღამს ვერ ვუჭერ, თუმცა მაინც ვსწავლობ.

 

 მოდი, სკოლაზე ვისაუბროთ. რა ხდება საინტერესო სკოლაში?

მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში ბევრი საინტერესო რამე ხდება – ყოველდღიური ინტერაქცია ადამიანებთან, ახალი ინფორმაციების მიღება და გარდა ამისა,  ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს სკოლებშია. ჩემთვის გარკვეულწილად გამოწვევაა, გავაუმჯობესო ეს მდგომარეობა და მოსწავლედ ყოფნა გავხადო უფრო საინტერესო. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია ჩემთვის – ახლა ჩემი სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტი ვარ და  გუნდთან ერთად  ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებს ფორმალური განათლების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც  მივაწოდოთ, ჩავატაროთ კონკურსები, გავაკეთოთ საზაფხულო ბანაკები და ა.შ.

 

 – ერთ წელიწადში სკოლას დაემშვიდობები. ამ  გადმოსახედიდან, როგორი წარმოგიდგენია კარგი სკოლა? თუ გაქვს ამ საკითხის მიმართ შენი მოსაზრებები? თუ არის რაიმე ისეთი, რის შეცვლასაც ისურვებდი  სკოლაში?

კი, ვფიქრობ, რომ დღევანდელ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი. და ზუსტად ვიცი, რომ მოსწავლეებზე უკეთ არავინ იცის სკოლის და განათლების სისტემის უარყოფითი მხარეები და ის, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა.  რასაც პირველ რიგში შევცვლიდი, მე რომ წარმოვადგენდე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ყოველთვიურ უკუკავშირს მივიღებდი მოსწავლეებისგან და გავიგებდი, როგორი სკოლა სურთ მათ.

 

მოსწავლის გადმოსახედიდან კი ვიტყვი, რომ სკოლაში ბევრი ისეთი რამ ისწავლება, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ თუ იმ სფეროს არ გაყევი, საერთოდ არ დაგჭირდება და ეს ინფორმაციაც აზროვნების განვითარებაში არ გეხმარება. და ამ დროს ყურადღების გარეშე რჩება ისეთი საგნები თუ საკითხები, რომლებიც ცხოვრებაში აუცილებელია. მაგალითად, სამოქალაქო განათლება, რომელიც დღემდე მეასეხარისხოვან საგნად ითვლება; ტოლერანტობა, რომელიც მჯერა, რომ ისწავლება; ასევე პირადი ჯანმრთელობა, ფულის მენეჯმენტი, კარიერის დაგეგმარება და პროფესიის სწორად შერჩევა, ადამიანის უფლებები. ასევე მიმაჩნია, რომ ლიტერატურასთან ერთად აუცილებლად უნდა ხდებოდეს კინემატოგრაფიის სასწავლო მასალად გამოყენება.

და კიდევ მთავარი, მიმაჩნია, რომ ლიტერატურის დაზუთხვა და ლექსების დაზეპირება კი არაა საჭირო, არამედ ეს ნაწარმოებები უნდა იყოს გამოყენებული აზროვნების, შეფასების, კრიტიკული და ანალიტიკური ჩვევების გამომუშავებისთვის. შესაბამისად, მოსწავლეებს კი არ უნდა გვავალებდნენ ლექსების დაზუთხვას, მოთხრობების მოყოლას და ა.შ., არამედ უნდა გვეხმარებოდნენ გაანალიზებაში, გააზრებაში და შემდეგ უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები და მსჯელობა პერსონაჟებზე,  ნაწარმოებში მომხდარი სიტუაციის ირგვლივ და ა.შ. რადგან გავა დრო და ის ლექსები თუ მოთხრობები აუცილებლად დაგვავიწყდება, მაგრამ აუცილებელია დაგვრჩეს და ვისწავლოთ ლოგიკური აზროვნება, რომელიც ცხოვრებაში აუცილებელია.

გარდა ამისა, მე მომხრე ვარ რომ ბოლო საფეხურის კლასებში მოსწავლეები თავად ვირჩევდეთ საგნებს, რა გვინდა ვისწავლოთ და რომელი სფერო წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესოს. ამით სკოლას უფრო სახალისოს, საინტერესოს და სასარგებლოს გავხდიდით. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ნებისმიერ საგანში საჭიროა მეტი პრაქტიკა და ნაკლები თეორია, განსაკუთრებით მაღალ კლასებში.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის მოსწავლის აზრი გათვალისწინებული, ეს ცვლილებები, რაც ახლა ჩამოვთვალე, ვერ განხორციელდება ერთი სკოლის დონეზე. ეს უნდა მოხდეს სისტემის დონეზე. შესაბამისად, ამ პროცესში პირველ რიგში მთავარ მოქმედ ობიექტად განათლების სამინისტროს ვხედავ და არა სკოლას, თუმცა, შემდეგ სკოლა რამდენად შეძლებს  სისტემის მორგებას, ეს, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორის და მასწავლებლების კომპეტენციაა.

 

–  აქტიურად მონაწილეობ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში. როგორ ფიქრობ, ეს სკოლის დამსახურებაა, თუ პრადად შენი და რამდენად ხელს უწყობს სკოლა მომავალი მოქალაქეების მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბებას?

ამ შემთხვევაში დიდი წვლილი ჩემს სკოლაში არსებულ ეკოკლუბს მიუძღვის, თუმცა ასეთი კლუბები ყველა სკოლაში არ არსებობს. შესაბამისად, ყველას თანაბარი შანსები არ ეძლევა წარმატებისა და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვისთვის.

 ერთ წელიწადში პროფესიული არჩევანის წინაშე აღმოჩნდები. რამდენად კარგად გაქვს გააზრებული სამომავლო არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

მიუხედავად იმისა, რომ 1 წელიწადში მიწევს პროფესიული არჩევანის გაკეთება, მაინც არ ვარ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რა მინდა, რადგან არ მაქვს ინფორმაცია ზუსტად სხვადასხვა პროფესიების შესახებ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღო, ერთწლიანი პაუზა და ამ დროში სხვადასხვა პროფესიების შეცნობა და საკუთარ თავში ჩამოყალიბება ვამჯობინო.

ახლა რაც მინდა, სოციალური მეცნიერებებია, და ალბათ ამ სფეროში მივიღებ ბაკალავრის განათლებას, შემდეგ კი დავფიქრდები და იმ დროისთვის ალბათ უკვე ზუსტად მეცოდინება, რა ვიწრო მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას.

 შენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მოგვიყევი. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი აქტივიზმი?

უკვე 6 წელია ჩემი სკოლის ეკოკლუბის წევრი ვარ. გარდა ამისა, თითქმის 1 წელია შევქმენი „ეკოაქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”,  ვაკეთებთ პროექტებს, კამპანიებს, აქციებს,  ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სკოლებთან და ასე ვცდილობთ, მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და ბევრი გავხდეთ.

პირველ რიგში, ამ აქტივობების დახმარებით, ისეთ რაღაცებს ვსწავლობ, რასაც არაფორმალურ განათლებას ეძახიან. თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელი უნდა გახდეს ეს ფორმალური განათლებაც. ამ აქტივობებით მე ვსწავლობ აქტიურ მოქალაქეობას,  ვსწავლობ ჩემს, როგორც მოქალაქის უფლებებს, მოვალეობებს, ვალდებულებებს.  ამ აქტივობების დახმარებით ვივითარებ აზროვნებას,  ვიცნობ ბევრ საინტერესო ადამიანს,  ვსწავლობ ტოლერანტობას და მნიშვნელოვან საკითხებს.

 

 –  რას აკეთებ, რას კითხულობ და როგორ იღრმავებ ცოდნას თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს ფილმებს ვუყურებ,  მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, მეგობრებთან ერთად ვარ,  ვმოგზაურობ, ძალიან მიყვარს ლაშქრობა. ცოდნას უფრო მეტად ონლაინკურსებით ვიღრმავებ. დღეს უკვე თითქმის ყველა ინტერესის მქონე ადამიანმა შეიძლება მოძებნოს  თავისი შესაბამისი ონლაინკურსი და გაიგოს მეტი იმის შესახებ, რაც აინტერესებს. მე მენეჯმენტის, აქტიური მოქალაქეობისა და ტოლერანტობის სწავლების ონლაინკურსებს გავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აქედან ვსწავლობ.

  • როგორია სამომავლო გეგმები?

მომავალი 1 წელი ამერიკაში ვისწავლი, სკოლის დამთავრება იქ მომიწევს. FLEX პროგრამის ფინალისტი გავხდი. ეს ერთი წელი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან სხვანაირად დამანახებს ყველაფერს. ახლა ზუსტად ის ეტაპი მაქვს, როცა ჩემში პიროვნება ყალიბდება და ვფიქრობ, ეს ერთი წელი სწორ ფორმირებაში დამეხმარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, უმაღლეს განათლებასაც მივიღებ. ვაპირებ, მთელი ცხოვრება ვიყო აქტიური მოქალაქე და ყოველთვის დავიცვა გარემო და ადამიანის უფლებები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი