შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლე უთქვენოდ მიემგზავრება

თუკი ისე მოხდა, რომ თქვენი შვილი სხვა ქვეყანაში გაემგზავრა სასწავლებლად, ზედმეტად ნუ იღელვებთ. ის არ მოკვდება შიმშილით, არ შეშინდება, ახალი გარემო მას ბევრ რამეს ასწავლის და ახალ მეგობრებსაც შესძენს. როგორ უნდა მოვამზადოთ მოზარდი გასამგზავრებლად? ამის შესახებ პრაქტიკოსი ფსიქოლოგები გვირჩევენ:

ადრეული ასაკიდან ბავშვზე მზრუნველობა დედაზე ან დედის შემცვლელზეა დამოკიდებული. დედა ჩართულია ბავშვზე უწყვეტი ზრუნვის პროცესში: ის მას აჭმევს, აბანავებს, უცვლის სამოსს, ზრუნავს მის კომფორტზე, ცდილობს, ასწავლოს გარე სამყაროსთან ურთიერთობა. აღზრდის მთავარი პრინციპის მიხედვით, ბავშვზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას დედა ნელ-ნელა ბავშვსაც უნაწილებს. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვმა თავად უნდა მოუაროს თავს და გარკვეული ვალდებულებები აიღოს.

სამი წლის ასაკისთვის ბავშვს უნდა გაუჩნდეს ღამის ქოთანზე დაჯდომის მოთხოვნილება, ხუთი წლისას უნდა ესმოდეს, რომ შეუძლია მარტივი საკვები დაიმზადოს, სკოლის ასაკისთვის უნდა ეხერხებოდეს ჩანთის ჩალაგება, გაკვეთილების სწავლა, სუფთა და ჭუჭყიანი პერანგის გარჩევა.

თუმცა მშობელთა ჰიპერმზრუნველობა ხშირად უკარგავს ბავშვს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას და მოზარდი კარგა ხნით რჩება ბავშვობაში „ჩარჩენილი“. მას ზედაპირული წარმოდგენა აქვს ცხოვრებისეულ სირთულეებზე, რადგან ყველაფერს მშობლები უგვარებდნენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც 12-13 წლის მოზარდს მშობლები კუდში დასდევენ, რადგან შიშობენ, რომ ბავშვი „შარში არ გაეხვეს“. ასეთ მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ერთადერთი მოვალეობა სწავლაა და აუცილებელი როდია, იცოდეს, როგორ ირეცხება სარეცხი, რისგან მზადდება საჭმელი, რატომ უნდა მოუაროს თავის ჯანმრთელობას. ასეთი მიდგომით აღზრდილ მოზარდს გაუჭირდება უცხოეთში სასწავლებლად წასვლა, რადგან იქ ცხოვრება სწავლის გარდა, სხვა ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრასაც მოიაზრებს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, უფრო სიღრმისეულად დავფიქრდეთ შვილების მომავალზე და თუ მას უცხოეთში სწავლების შანსი გაუჩნდა, ვურჩიოთ, არ გაუშვას ის ხელიდან. თვითრეგულაციის, თვითმომსახურებისა და თვითმხარდაჭერის უნარები ბავშვს მცირე ასაკიდან უნდა გამოვუმუშავოთ. ამ უნარების მქონე მოზარდი გაცილებით იოლად გადაიტანს მშობლებისა და ნაცნობი გარემოს სიშორეს.

თვითრეგულაციის უნარი – თავდაპირველად საკუთარ თავს დაეკითხეთ, არჩევთ თუ არა ზუსტად ერთმანეთისგან კითხვებს: „როგორ ხარ“ და „რას გრძნობ“? პირველი კითხვა უკავშირდება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის მოკითხვას, მეორე კი – ფიზიკურის. როგორ ხართ დღეს? კარგად ან მოწყენილი. რას გრძნობ დღეს? ბედნიერებას ან უბედურებას. ყველა განცდას თავისი გრადაცია და ხარისხი აქვს, ანუ შესაძლოა უბედური იყო იმიტომ, რომ საშინაო დავალების გაკეთება ვერ მოასწარი და იმიტომ, რომ შენი თანაკლასელი ავარიამ იმსხვერპლა და ახლა საავადმყოფოში წევს. ამ ორ უბედურების განცდას შორის დიდი სხვაობაა.

მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის გარჩევა, ემოციის ფიზიოლოგიისგან გამიჯნვა. უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ უბედურების განცდას ღვინის სმით ვერ ჩაიხშობს, ანდა გასტრიტის შეტევას პანიკა ვერ უშველის. გოგონებმა უნდა იცოდნენ კრიტიკული დღეების შესახებ, ბიჭები კი ინფორმირებული უნდა იყვნენ, როგორ დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ამის შესახებ სათუოა, მასწავლებელმა უამბოს. მშობელი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ შვილი პანიკაში არ ჩავარდეს იმის გამო, რომ თავის დროზე მშობელს ინტიმური ნიუანსების ახსნა მოერიდა.

ვიდრე მოზარდი სახლიდან გაემგზავრება, მან კარგად უნდა იცოდეს, რა დაავადებები აქვს გადატანილი, რაზე აქვს ალერგია, მიღებული აქვს თუ არა ოდესმე სერიოზული ტრავმები, ავადობდა თუ არა მის გვარში ვინმე რაიმე სერიოზული დაავადებებით და სხვ. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომელი წამალი შველის მაღალ სიცხეს, რა უნდა მოიმოქმედოს გულის რევისას, როგორ უნდა იკვებოს სწორად. ასეთ ნიუანსებზე სახლში მშობლები ზრუნავენ. ხშირად ყველაზე უსუსურ მდგომარეობაში ბიჭები ვარდებიან, რომლებმაც თავის მოვლა კი არა, საკუთარი წინდის გარეცხვაც კი არ იციან.

მშობელმა უნდა განუმარტოს ბავშვს თუ რამდენსაათიანი ძილი სჭირდება იმისათვის, რომ გამოიძინოს და გაკვეთილზე/ლექციაზე არ ჩათვლიმოს. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში, ის ენერგიის აღდგენას ემსახურება.

თვითმომსახურების უნარი – უცხოეთში გატარებული ბავშვის პირველი დღეები ასეთი შეიძლება იყოს: გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ აგვიანდება და უჭმელი წავიდა სასწავლებლად.  გზაში დაივარცხნა თმა, გაახსენდა, რომ რვეულები სახლში დარჩა. როგორც წესი, ასეთ დროს იმასაც ნაკლებად მიაქცია ყურადღება, თუ რა ჩაიცვა. საღამოს კი წვიმა იყო გამოცხადებული. სასწავლებელში შესვენებაზე მან ორი ფუნთუშა მშრალად შეჭამა, სადილიც ეგ იყო და სამხარიც. საღამოს კი ბურგერსა და გაზიან სასმელს დასჯერდა.

უცხოეთში სასწავლებლად წასულ ბიჭს ნამდვილად გაუმართლებს, თუ მეგობარ გოგოს იპოვის. როგორც წესი, გოგონები მზრუნველობას იჩენენ ბიჭების მიმართ და ეხმარებიან მათ ყოფითი პრობლემების მოგვარებაში, ანდა ბიჭები გოგოების გამო თვითონ იწყებენ საკუთარ თავზე ზრუნვას, რათა უფრო პეწიანად გამოიყურებოდნენ.

აუცილებელია ბავშვი მცირე ასაკიდან მივაჩვიოთ თავის მოვლას. სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას ჩაის მოდუღებისა და ბუტერბროდის მომზადების გარდა, ბევრი რამის გაკეთება უნდა შეეძლოს. იმისათვის, რომ ორივე სქესის ბავშვმა დაინახოს, როგორ ზრუნავენ მათზე მშობლები, მაღაზიებშიც უნდა გაყვნენ მათ და მოგზაურობაშიც. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჭურჭელი ჟელეთი ირეცხება და ეს ჟელე აშკარად განსხვავდება საკვები ჟელესგან! ახალი თაობა გაცილებით კარგად გრძნობს თავს სოციალურ ქსელში, საიდანაც ნებისმიერ წამს შეუძლია პიცის მომტანი გამოიძახოს, მაგრამ როგორ მზადდება პიცა, ამის შესახებ წარმოდგენა ნაკლებად აქვს.

ბავშვი უნდა ხედავდეს რამდენ დროს ართმევს მშობლებს სამსახური, ყოველდღიური წვრილ-წვრილი საზრუნავი, პროდუქტების მოტანა და საჭმლის მომზადების პროცესი, სახლის მოვლა და სხვ. მომავალში, როდესაც მოზარდი მარტო იცხოვრებს, ამ ყველაფრის დაგეგმვა-განხორციელება დამოუკიდებლად მოუწევს და თუ რეალური ცხოვრების საქმის კურსში იქნება, მეტი დრო დარჩება სწავლისათვის და გართობისთვის.

თვითმხარდაჭერის უნარი – როგორ იქცევით მაშინ, როდესაც პრობლემები გაქვთ? ეძებთ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში? მეგობართან გარბიხართ? ლუდს ეძალებით? თქვენმა შვილმა თუ იცის, როგორ უნდა მოიქცეს პრობლემების შემთხვევაში? ვის დაურეკოს და ვის – არა? როგორ გადადგას მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ნაბიჯი? მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორია მათი შვილის თვითმხარდაჭერის რეპერტუარი.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ის, რაც მშობელს ამშვიდებს, მისი შვილისთვის შეიძლება ფუჭი იყოს. ვიღაცას განმარტოება შველის, ვიღაც კი კარადის უჯრების დალაგებაში ჰპოვებს სიმშვიდეს. ზოგი ქალაქგარეთ გარბის და ქაოსისგან მოწყვეტით ურჩევნია ყოფნა, ზოგი კი ხმაურიანი მეგობრების გარემოში ეძებს საყრდენს… სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით შვილების შესახებ, რადგან მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ვადევნებთ თვალს თუ როგორ სწავლობენ და რა ნიშნებს იღებენ. ჩვენ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, რა ავსებს მას ენერგიით და რა ართმევს მას. რა კურნავს, როდესაც მორალურად დაჭრილები არიან ან ცუდი განცდა ეუფლებათ…

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ, ასე თუ ისე, გოგონები ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვას და თვითმხარდაჭერას, ბიჭები კი ამ უნარების სხვებისგან „გამოტაცებას“ არიან ჩვეული – დედისგან, ბებიისგან, მოსიყვარულე დეიდა-ბიცოლებისგან. ბიჭებს ბავშვობიდან შთავუნერგავთ, რომ არამამაკაცურია წუწუნი, ტირილი, ხაზგასმა იმაზე, რომ თავს ცუდად გრძნობენ. ისინი მედგარნი და უნაკლონი გვინდა იყვნენ. ერთის მხრივ, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში მშობლის მიერ დაპროგრამებულ თავშეკავებას ცუდი შედეგი მოჰყვება. უთქმელობა, რეალობაში კი უსუსურობის განცდა, რომელსაც ბიჭი ყველას უმალავს, არანაირ კავშირი არ არის დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებასთან.

რასაკვირველია, ჩვენი ბავშვები მაინც გაიზრდებიან და მათი ცხოვრებაც აეწყობა. დროდადრო ისინი სირთულეებსაც გადააწყდებიან. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვიყოთ მათ გვერდით, მაშინაც კი, როცა ძალიან დიდები იქნებიან, მაგრამ გამოცდილება მაინც უნდა მივცეთ. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი გამოცდილება შეცდომების, წარმატებების, მარტოობის და ერთობის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი