პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქართული ღვინო უწინ და დღეს

ღვინის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. საქართველოში მეღვინეობის განვითარებამ პიკს ოქროს ხანაში მიაღწია.

ღვინის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანმა ვაზის ნაყოფი არამხოლოდ გასინჯა, არამედ მის მოშინაურებას, შერჩევას მიჰყო ხელი. ეს დაახლოებით 10 000 წლის წინ მოხდა, როდესაც ბოლო გამყინვარება დამთავრდა და ის კლიმატი ჩამოყალიბდა, რაც დღეს დედამიწაზეა. როცა ადამიანმა ვაზის ნაყოფის დადუღების პროცესი აღმოაჩინა, ტყეში მისი მოპოვების ნაცვლად თავის საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა. შეარჩია კარგი ჯიში და მოხდა ვაზის გაკულტურება. გვაქვს ველური და გაკულტურებული ვაზი, რაც მევენახეობაში გამოიყენება. ვაზი მცოცავი მცენარეა, აქედან გამომდინარე, საყრდენი სჭირდება. მისი საყრდენი ხე იყო. როდესაც ადამიანმა საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა, ხეზე აუშვა. როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე I-II ათასწლეულიდან რკინის იარაღები უკვე გამოჩნდა და დაიწყო გასხვლა. იმ პერიოდისთვის არქეოლოგებს სასხლავი იარაღები აღმოჩენილი აქვთ. ადამიანი იწყებს ფორმის მიცემას, ზედმეტი ტოტების მოჭრას და უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, დაბალ საყრდენზე აშვებას.

როგორც ყველა მეცნიერი თანხმდება, ვაზის მოშინაურების პროცესი და ღვინის წარმოება მოხდა სამხრეთ კავკასიის, დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთისა და დასავლეთ ირანის ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამადასტურებელი გახლავთ საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის კურკები, ანუ წიპწები, რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე 5-6 ათასი წლით დათარიღებულ საცხოვრებლებში ენეოლითის ხანაში იპოვეს. წიპწის ფორმა აჩვენებს, რომ ეს გაკულტურებული ვაზის წიპწაა. ანუ იმ პერიოდისთვის ვაზი უკვე გაკულტურებული გახლდათ.

მეღვინეობის განვითარების პიკი იყო ოქროს ხანაში, XII-XIII საუკუნეში. ამ პერიოდისთვის ვარძიაში უამრავი საწნახელი, ქვევრი არსებობდა, ტერასებზე იყო ვენახები გაშენებული. თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე ყველა, ვინც კი საქართველოში ჩამოსულა, აღწერს, რომ ვაზი მთელ ტყეებშია და ამის პარალელურად ხალხს აქვს უკვე დაბლარად გაშენებული გაკულტურებული ვაზი.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ჟან შარდენი იყო ჩამოსული. მან კარგად აღწერა საქართველო. მისი სტუმრობა ომების პერიოდს დაემთხვა.

აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთის შემადგენლობაში შედიოდა, დასავლეთ საქართველო „დამოუკიდებელი” იყო. იმერეთში იმ დროისათვის ყველაზე ცუდი პერიოდი გახლდათ. დასავლეთის ღვინის გასინჯვისას აღნიშნა: დაყენება რომ იცოდნენ, კარგი ღვინო ექნებოდათო. აქ ჩანს, რომ მოუვლელი ღვინო დაალევინეს. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ის სამეგრელოში ჩავიდა, ომი იყო გურიასა და სამეგრელოს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლ-კახეთში რომ გადმოვიდა, მაშინ კი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა:

„დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც აქ (საქართველოში). ისევე, როგორც კოლხეთში, აქაც ვაზები ხეებზეა გაშენებული. მეფეთა სასმელად თბილისიდან ღვინო დიდი რაოდენობით გააქვთ სომხეთში, მიდიასა და ისფაჰანში”.

ამ პერიოდისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უკვე სიწყნარე სუფევდა. სპარსეთს დათმობილი ვყავდით, ომი არ იყო, ხალხს მუშაობა შეეძლო. ქვევრი ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს ვენახები ყვაოდა და ღვინოც კარგი გახლდათ. როდესაც ქვეყანა ძლიერდებოდა, მევენახეობაც ვითარდებოდა და პირიქით. დაღმასვლა მევენახეობაზეც აისახებოდა.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გავხდით. რუსეთის იმპერიაში 20-იანი წლებიდან სიმშვიდე იყო და რუსეთი ხელს უწყობდა მევენახეობის განვითარებას, რითაც ცდილობდა, ევროპას დაახლოებოდა და საკუთარი წარმოება განევითარებინა.

XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ყველა თავადმა თავისი ღვინის წარმოება დაიწყო. ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა გააშენა ვენახი, გონივრულად მიუდგა და დაგეგმა. როგორც აღწერენ, იმდროინდელი მასშტაბით დიდი მარანი ააშენა წინანდალში. ალექსანდრე ჭავჭავაძის წამოწყებული საქმე მისმა შვილმა გააგრძელა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძის მთელი მამული იმპერატორის საკუთრებაში გადავიდა. 80-იან წლებში მარანი უფრო გააფართოვეს, უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოიყვანეს და ძალიან განავითარეს. ღვინო წინანდალი, მუკუზანისა და ნაფარეულის წარმოება ალექსანდრე ჭავჭავაძემ 30-ინი წლებიდან დაიწყო. ალექსანდრე ჭავჭავაძის საქმე გაგრძელდა და ეს ღვინოები დღესაც არსებობს.

20-იან წლებში, როდესაც გურია „დამოუკიდებელი” იყო, ნიკო მარის მამამ – იაკობ მარმა, რომელიც შოტლანდიელი გახლდათ, დაიწყო გურული ჯიშების წარმოება და რუსეთის ბაზარზეც გაჰქონდა ექსპორტზე, თუმცა ეს საქმე არ გაგრძელებულა გურიაში არეულობის გამო.

70-იანი წლების ბოლოს მუხრანში ბაგრატიონ მუხრანელმა დაიწყო ღვინის წარმოება, ჰქონდა ვენახები. მას ყველა იმ ადგილის სახელს არქმევდა, სადაც ღვინოს აწარმოებდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე აწარმოებდა წინანდალს, მუკუზანს, ნაფარეულს. მისი გარდაცვალების შემდგომ უკვე – თელიანსაც.

ბაგრატიონ მუხრანელმა მუხრანში დიდი სასახლე და კარგად დაგეგმილი მარანი ააშენა, როგორც აღწერენ, ბევრ სხვადასხვა ღვინოსთან ერთად რუსეთის იმპერიაში პირველმა დაიწყო ცქრიალა ღვინის წარმოება. დღეს ბაგრატიონ მუხრანელის ამ საქმეს ორი ცნობილი კომპანია აგრძელებს: „ბაგრატიონი 1882” და „შატო მუხრანი”. მუხრანში ქსნისა და არაგვის ხეობებს შორის გახლავთ მუხრანის ველი, სადაც სასახლეც არის და მარანიც.

ბაგრატიონ მუხრანელი რუსეთის იმპერიაში გენერალი და საკმაოდ დაფასებული თავადი გახლდათ.

XIX საუკუნეში გაჩნდა ვაზის დაავადებები. ამერიკის კონტინეტიდან გადმოვიდა ჭრაქი, ნაცარი და ფილოქსერა, რის შემდეგაც ვენახის შეწამვლა გახდა საჭირო, მანამდე ვენახი არ იწამლებოდა. ახლა აუცილებელია ნერგის დამყნობა. თუ არ შეწამლე ვენახი, გახმება. ამის გამო გადაშენდა ველური ვაზი, რაც ტყეში იყო. მხოლოდ მცირე მათგანი შემორჩა.

XIX საუკუნეში მევენახეობა ინერციით გრძელდებოდა, შემდეგ არეულობა დაიწყო- პირველი მსოფლიო ომი, რევოლუცია და ისევ დაეცა. მეორედ 20-იანი წლების ბოლოს აღორძინდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიქმნა ორგანიზაცია სამტრესტი, შექმნეს მევენახეობა მეღვინეობის აღორძინების მიზნით. მის მფლობელობაში შევიდა და სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა ყველა მარანი. სამტრესტი იყო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ყველა ქარხანას მართავდა და მის მენეჯმენტს განახორციელებდა. უცხოეთში განათლებული ხალხი, მეცნიერები მუშაობდნენ, ჭკვიანურად დაგეგმეს და ყველა იმ ღვინის წარმოება განაგრძეს იმავე დასახელების ქვეშ, რაც XIX საუკუნეში იწარმოებოდა: წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, მუხრანული, სვირი და ა.შ. უბრალოდ სახელმწიფო ფლობდა ამ ყველაფერს. ასევე, დაუმატეს ახალი დასახელებები. მაგალითად, რუისპირში კარგი მწვანე მოდიოდა, გამოუშვეს „რუისპირის მწვანე”. „მანავის მწვანე” დღესაც არსებობს, „ენისელი” – თეთრი და წითელი ღვინოები. ეს ის პერიოდია, როდესაც საფრანგეთში ადგილწარმოშობის დასახელებები იქმნება 30-იან წლებში. საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთში პარალელურად აწყობდნენ ამ სისტემას: ღვინოს რომ უნდა ერქვას თავისი ადგილის სახელი, ჯიში რომ ადგილთან არის დაკავშირებული და ა.შ.

საბჭოთა კავშირის დროს ერთი მფლობელი ჰყავდა, მოსკოვიდან იმართებოდა და ორიენტაცია ხარისხიდან რაოდენობაზე გადავიდა. დაახლოებით 60-იანი წლებიდან ხარისხმა დაიწია. იმ პერიოდისთვის საუკეთესო იყო ის ღვინო საბჭოთა კავშირში, მაგრამ არასწორი მიმართულება მიიღეს. 70-იანების ბოლოს უკვე ძალიან შეელახა რეპუტაცია ზოგადად ღვინოს. თუმცა ქართული ღვინო ყოველთვის ელიტარული გახლდათ საბჭოთა კავშირის ღვინოებს შორის. 80-90-იან წლებში არეულობა და ომი დაწყო და საბჭოური სისტემა დაიშალა. 90-იანებიდან ისევ მნიშვნელოვანი გახდა ხარისხი, რადგან ღვინის ბიზნესი კერძო მფლობელების კუთვნილებაშია. გაყიდვის თვალსაზრისით ხარისხზე ორიენტირი ლოგიკურია.

2000 წლებიდან ბევრი კომპანია შეიქმნა, ფული ჩაიდო, საკუთარი ვენახები გაჩნდა, რამაც ღვინის ხარისხი ასწია, ახალ მარნებთან ერთად ძველიც ააღორძინეს. დღეს რაც კომპანიები გვაქვს, მათი ძირითადი ნაწილი 2000 წელს შეიქმნა. ამჟამად,  ნელ-ნელა ფართოვდებოდა ჩვენი საექსპორტო ქვეყნების არეალი და დიდი დარტყმების მიუხედავად, ქართული ღვინის გზა გრძელდება!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი