პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების“

გაცემა ,,ვეფხისტყაოსნის“ სამყაროს უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, ღირსებაა,რასაც ნაწარმოების ყოველი პერსონაჟი თავის უპირველეს მოვალეობად თვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი როსტევანის სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის. ამ ღირებულებებით ზრდის იგი თავის ქალიშვილს, არაბეთის მომავალ მეფეს: „უხვი ახსნილსა დააბამს..“_ მოძღვრავს როსტევანი გვირგვინოსან თინათინს და მეფედ კურთხევის დღესვე ეს სწავლება რეალობად იქცევა, უხვ წყალობად მოევლინება არაბეთს.

მოწყალების გაცემის შედეგი იმედითა და სიხარულით სავსე მოსახლეობაა, მეფის სიმდიდრესა და ძლიერებაში დარწმუნებული . მოსახლეობა, რომელიც მომავალს რწმენით შეხედავს, აღიარებს მონარქის ავტორიტეტს, სიკეთეს. მაგრამ გაცემას უფრო ღირებული სახე შეიძლება ჰქონდეს და აქვს კიდეც. ესაა სიყვარულის გაცემა, თანადგომა, მოზარეობა: „ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა“… რაც ვლინდება ნაწარმოებში პირველივე თავებიდან.

დაიჯერა თუ არა როსტევანმა უცხო მოყმის უჩინარობა, უხორცობა სინამდვილეში? _ეს კითხვა დავსვით მოსწავლეებთან ერთად, როცა შევისწავლეთ  ,,ვეფხისტყაოსნის“ თავი: „უცხო მოყმის ნახვა“. გადავწყვიტეთ, დავკვირვებოდით მოვლენების განვითარებას, პასუხი მაშინვე არ გაგვეცა ამ კითხვაზე. თუმცა,  იგი თითქოს მალევე გაჩნდა_ თინათინმა ურჩია მამას, დაევალებინა ყმებისთვის  უცხო რაინდის მოძებნა. ერთი წლის ძებნის შემდეგ როსტევანის მონები დაბრუნდნენ და მეფეს მოახსენეს, ჩვენ მისი ამბის მსმენელიც ვერ ვნახეთო. როსტევანმაც დაიჯერა უცხო რაინდის ეშმაკეულობა და „თამაშობა ადიადა“_ამას გვეუბნება ტექსტი. თუმცა ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ თინათინს არ სჯერა ეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეა იყო უცხოს მოძებნა. თინათინმა მამას არ უთხრა, მაგრამ ავთანდილს გაუმხილა თავისი ეჭვი და სთხოვა, მოეძებნა  იდუმალი მოყმე. ტექსტიდან ჩანს, რომ არც ავთანდილს დაუჯერებია  უცხო რაინდის უხორცობა, (მან საკუთარი თვალით იხილა ტარიელის მეომრობა)  იგი თანხმდება თინათინს, რომ მოძებნის მას.

და ისევ ისმის კითხვა: ნამდვილად დაიჯერა როსტევანმა უცხო რაინდის უჩინარობა?- ავთანდილის უცხო მოყმის საძებრად წასვლის შესახებ საუბრისას  ისევ ვსვამთ ამ კითხვას კლასში. ჯერ განსხვავებული პასუხი არა გვაქვს, რადგან ვხედავთ, როსტევანმა იცის, რომ სულ სხვა მისიით მიდის ავთანდილი სახელმწიფოდან.,,მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო“.    სპასპეტის არაბეთში დაბრუნების შემდეგ  კი , როდესაც ავთანდილისაგან გამოგზავნილი შერმადინი მოახსენებს  მეფეს თავისი პატრონის სიტყვებს: ,,მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით“, ტექსტში ჩნდება როსტევანის სიტყვები :  „ბრძანა: ,,ვცან ჩემი ღმრთისაგან  სააჯო და სათხოველი“ . მოსწავლეებს ვთხოვ, იფიქრონ, როგორ შეიძლება, ახსნან ეს სიტყვები. რა ,,სააჯო და სათხოველი“ ჰქონდა როსტევანს ღმერთთან ამ სამი წლის მანძილზე, რაც არ ასვენებდა, რასაც გამუდმებით სთხოვდა უფალს…

შეიძლება დავიჯეროთ, რომ როსტევანისნაირი ბრძენი,  მეომარი უებრო, რაციონალური ადამიანი ეჭვის გარეშე დაიჯერებდა, რომ არაბეთის საუკეთესო  რაინდები მოჩვენებამ დახოცა, გაანადგურა? მოსწავლეების დიდი ნაწილის მსჯელობა მიდის იქით, რომ „უცხოსთან“ სამარცხვინოდ დამარცხებულ როსტევანს მეტი გამოსავალი არ ჰქონდა, უნდა ეღიარებინა, რომ მხოლოდ უხორცო ძალას, რასაც ადამიანი ვერ მოერეოდა, შეეძლო გაენადგურებინა არაბეთის უძლეველი ლაშქრის რჩეული მეომრები.

მასას, საზოგადოებას, ზოგჯერ სჭირდება ასეთი ტყუილი, თუნდაც იმიტომ, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. მხოლოდ შინაგანად ძლიერ ადამიანს თუ შეუძლია დამარცხება შემდგომი გამარჯვებისთვის საკუთარ მოტივაციად აქციოს, ძალები მოიკრიბოს, სიმართლეს თვალებში შეხედოს. ჟამი აქვს ყველაფერს, იქნებ სწორედ ამ ჟამს ელოდებოდა როსტევანი?!

 

თუმცა მოსწავლეების ნაწილს მეორე პასუხიც აქვს კითხვაზე-  რა ჰქონდა სამი წლის განმავლობაში,, სააჯო და სათხოველი“ როსტევანს?- ავთანდილის მშვიდობიანად დაბრუნება სახელმწიფოში. ესეც დამაჯერებელი არგუმენტია, რადგან მეფეს შვილივით უყვარდა თავისი გაზრდილი და, რა თქმა უნდა, იდარდება მასთან განშორებას.

მივყვეთ მოვლენებს, ავთანდილი ისევ უნდა წავიდეს, იცის, როსტევანი  აღარ გაუშვებს, ამიტომ იპარება. მეფე ბრაზდება ვაზირ სოგრატზე, მაგრამ ავთანდილის   ანდერძის წაკითხვის შემდეგ ცრემლიანი თვალებით სთხოვს დარბაზს, აქედან დაეხმარონ ავთანდილს (ამლოცველონ ობოლნი, ქვრივნი, დავრდომილნი).

საინტერესოა… როსტევანი არ გაბრაზებულა, როცა ავთანდილი პირველი წასვლის შემდეგ დაბრუნდა და უცხო მოყმის ამბავი მოიტანა, თუმცა გამოჩნდა, რომ სპასპეტმა მეფე მოატყუა (წასვლის ნამდვილი მიზეზი დაუმალა).  არც გაპარვის შემდეგ გაბრაზებულა სპასპეტზე_ საქმე, სახელმწიფო როგორ მიატოვაო.

მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ანდერძის ყოველ სტრიქონს… „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!“_ მიმართავს გაზრდილი გამზრდელს. ანდერძის კითხვისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილთან ერთად როსტევანიც საუბრობს, რადგან თავად ანდერძის ავტორი თანამოაზრედ, გამგებად,  ამ სიბრძნის მასწავლებლად როსტევანს ასახელებს. თითქოს ყოველ სტრიქონში ეუბნება, რომ მან ასწავლა: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“…   „სიყვარული აღგვამაღლებს“ … „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა“… „კაცი ბრძენი ვერ გასწირავს“…

მან იცის, რომ აღმზრდელი არ დაუგმობს განზრახვას, რადგან ავთანდილი ასრულებს ღვთის ნებას,ხვდება, რომ ტარიელი მისი საძებარია:  ,,ჰე,მეფეო,გავიპარვი, ძებნად ჩემგან საძებრისად“.  ავთანდილი დარწმუნებულია, რომ როსტევანი თავად აუხსნის საზოგადოებას  მისი წასვლის მთავარ მიზანს, ამიტომაც იმასაც სთხოვს, მისი არდაბრუნების შემთხვევაში  იზრუნოს მის სულზე.

ვფიქრობთ, პასუხს ვპოულობთ ჩვენს კითხვაზე. ავთანდილის ანდერძმა, სპასპეტის წასვლამ როსტევანი მიახვედრა, რომ მისი გაზრდილი ცდილობს არაბეთს მოყვარედ, ძმად დაუბრუნოს ადამიანი, რომელიც მტრად მოიკიდეს, გადაემტერნენ, რომელმაც ამის გამო საყვედურიც კი უთხრა ავთანდილს პირისპირ შეხვედრისას: „რა გინდოდათ?  რას მერჩოდით? ერთმანეთსა რითა ვგვანდით?“

 

ავთანდილი ცდილობს სიყვარული, მეგობრობა, თავგანწირვა გასცეს, მტრობის, შუღლის, უსამართლო დამოკიდებულების სანაცვლოდ.  ცდილობს სიცოცხლის(ნესტანის)  დაბრუნებაში დაეხმაროს ტარიელს. სიყვარული გადოს ურთიერთობის   „გზად და ხიდად“  და მტრად  მოკიდებული უცხო რაინდი, მეგობრად დააბრუნოს არაბეთში. ეს არის გაცემის ყველაზე ღრმა, დიდებული არსი. ეს არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე დიდი სიბრძნე, სათქმელი, რომ სიყვარული აერთებს, აღადგენს გაუგებარ, შემცდარ ურთიერთობებს. ადამიანებს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდნენ საკუთარ თავს, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, არ იცხოვრონ სიცრუეში, არ მოიტყუონ თავი.

ავთანდილი ასწორებს როსტევანის შეცდომას. მისი გზა და მოძრაობა ნაწარმოების მთავარი ხაზია. ამ გზით იწყება ნაწარმოები  და ამ პერსონაჟის სიკეთისათვის მოძრაობითაც მთავრდება ის. ეს გზა და მოძრაობა არსად არ წყდება ნაწარმოებში, მას უერთდება  სხვა მოძრაობები, სხვა გზები( პერსონაჟები) და საინტერესოა, რომ თითქმის ყველასთან იგი სიყვარულს გასცემს, აკავშირებს მათ ერთამანეთთან, აღმოაჩენს სიყვარულის დაკარგულ გზებს(მიდის ფრიდონთან და ტარიელისთვის თავიდან აამოძრავებს, მიდის ფატმანთან და ნესტანის გადასარჩენად თავიდან აღძრავს მას.) ავთანდილი პოულობს და ერთმანეთთან აკავშირებს სიყვარულის გაცემისათვის მზა სულებს, რადგან იცის, „უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების“ და თავადაც იღებს სიყვარულს, მეგობრობას. ესაა  მისი მისია_ შეკრება

სიკეთისათვის თავგანწირულებისა  სიყვარულის გადასარჩენად, რადგანაც ,,რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია“.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი