ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბოლო ზარი – ხმაური და უაზრობა

 

24 მაისის საღამოს ახალციხეში აღმოვჩნდი. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მე და ჩემი თანამგზავრები ახალი შთაბეჭდილებებისთვის, ნანახ-გაგონილის გაანალიზებისთვის მზად არ ვიყავით. ჩვენი ფიქრები ისევ აჭარის მთების თოვლშერჩენილ ფერდობებს დასტრიალებდა. რაბათის კომპლექსის დათვალიერება მომდევნო დღისთვის გადავდეთ.

– რა სევდიანი ქალაქია! – თქვა ანემ, როცა რესტორანს ვეძებდით.

ცხრა საათი იქნებოდა. წვიმდა.  ცუდად განათებულ ქუჩებში არავინ ჩანდა.

როცა სასტუმროში ვბრუნდებოდით – ასე, თორმეტის ნახევრისთვის – ერთიანად სველი, ენაარეული, უკვე ყვირილზე გადასული, 17-18 წლის მთვრალი ბიჭები დავინახეთ. სადაცაა, გაწევ-გამოწევა დაიწყება-მეთქი, – გავიფიქრე. იქვე რამდენიმე გოგოც ჩანდა, სხვების დაწყნარებას კივილით რომ ცდილობდნენ. ხმამაღალი შეძახილებიდან და დიალოგების ნაწყვეტებიდან შევიტყვე, რომ წინასაბანკეტო  საორგანიზაციო შეკრების დასასრულს შევესწარით. რაღაც აირია. უხილავი ჯაჭვი ხმაურით გაწყდა.

– რა ხდება? – მკითხეს თანამგზავრებმა.

– არაფერი, – ვუპასუხე. – ზედმეტი დალიეს და უაზროდ კამათობენ.

დილით რაბათის კომპლექსის ის ნაწილი, სადაც ჩვენი სასტუმრო იყო, საზეიმოდ მორთული დამხვდა. ეზოში თეთრპერანგიან გოგო-ბიჭებს, მასწავლებლებსა და საერთო სიხარულის გამზიარებელ კეთილისმსურველებს მოეყარათ თავი. ხმამაღალი მუსიკა. ფერადი ბუშტები. კაცი ვიდეოკამერით. მიკროფონთან ერთმანეთს ცვლიდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კლასის დამრიგებლები, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. მათი სიტყვების გამოცნობა სულ მცირე სირთულესაც კი არ წარმოადგენდა – ტრადიციული ქართული სადღეგრძელოებისა და წლების მანძილზე გაზეპირებული პროფესიული შეგონებების ნაზავი გახლდათ. სკოლადამთავრებულები რიგრიგობით მღეროდნენ ბავშვობის ტკბილ წლებზე, ონავრობასა და პატარ-პატარა უსაქციელობებზე, მასწავლებლების დიდ გულსა და მათგან ნასწავლ სამშობლოს სიყვარულზე, ბრწყინვალე მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმედების გამართლებაზე.

ვცდილობდი, ყური არ დამეგდო. ვცდილობდი, მთელი ყურადღება ახმედიეს მეჩეთის ოქროსფრად მოელვარე გუმბათისთვის მიმეპყრო, მაგრამ არ გამომდიოდა.

– ახლა მისმინეთ: სანამ არ გეტყვით, ფეხს არ მოიცვლით! სანამ პატრული არ მოვა, ასე იდგებით, როგორც დგახართ!

ვიფიქრე, მომესმა-მეთქი. თუმცა მალევე შევნიშნე ფორმიანი წესრიგის დამცველები. წინადახედულ მასწავლებლებს ყველაფერი გაეთვალისწინებინათ. მათი გამართლება ვცადე: ისევ სიფრთხილე სჯობს, ხომ შეიძლება თავისუფლებით თავბრუდახვეულმა ამ საყვარელმა გოგოებმა და ბიჭებმა აურიონ, რაღაც გამოუსწორებელი ჩაიდინონ, ყველას დიდი თავსატეხი გაუჩინონ-მეთქი (საბჭოთა სკოლის შვილი ვარ – ეს ფრაზები თავისით ჩნდებოდა გონებაში; ზაფხულის მწერებივით რიალებდნენ და თავს არ მანებებდნენ). მაგრამ, მეორე მხრივ, მთელი ეს აურზაური, მღელვარება, აზრგამოცლილი ზეიმი, აბსურდამდე დასული დღესასწაული სასაცილოდაც მეჩვენებოდა და შემზარავადაც.

თეთრპერანგიანები უკვე ჭრელპერანგიანებად ქცეულიყვნენ.

ყველა დაძაბული ჩანდა – ამ დღის სერიოზულობას ბოლომდე აცნობიერებდნენ და სურდათ, თითოეული  რიტუალი წესისამებრ შეესრულებინათ.

ბოლოს მანქანებში გადანაწილდნენ და თავაწყვეტილი რბოლაც დაიწყო. როგორც ჩანს, წესრიგის დამცველების მოვალეობა მხოლოდ დათქმულ დროს გამოჩენა და საზოგადოებისთვის მოქუფრული სახეების ჩვენება იყო. მანქანების ჩაწეული ფანჯრებიდან გაშლილი ხელები გამოჩნდა, იმწამს გახსნილი ცქრიალა ღვინის ბოთლებით. თეთრი ქაფი. მზის შუქზე აციმციმებული ნაკადული.

– თქვენთან როგორ აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას? – ვკითხე ავსტრიელ და გერმანელ თანამგზავრებს.

მხრები აიჩეჩეს – საერთოდ არ აღნიშნავენო.

განა სკოლაში, სკოლის ეზოში ყველაზე ბუნებრივი არ იქნებოდა დამშვიდობება? უბრალოდ, უპრეტენზიოდ. წარმოვიდგინე, როგორ სხედან ბალახზე და ძველ ამბებს იხსენებენ, ან მომავალზე საუბრობენ – რაც ენაზე მოადგებათ, იმას ამბობენ. თავს არავინ დასტრიალებთ ვიდეოკამერით – ჰოდა, არავინ ზრუნავს იმაზე, რომ უფრო მიმზიდველად გამოჩნდეს, უფრო გულის ამაჩუყებლად ილაპარაკოს. მეგობრობა გაგრძელდება. რაც ნამდვილია, დროს გაუძლებს.

დანარჩენი გაქრება. და ეს სწორია, სამართლიანია.

ბანკეტი – ამ სიტყვის გაგონებაც კი მკლავს. არადა, ბევრჯერ გავიგონე 25 მაისს, ახალციხელი ახალგაზრდების „ბოლო ზარზე“. დაძაბულობის წყარო ესეცაა – სწორად შერჩეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა გეცვას; თუ გოგო ხარ, იდეალური ბარბი უნდა იყო, თუ ბიჭი ხარ – მამის ასლად უნდა იქცე და ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც ის იქცეოდა 20-25 წლის წინ. გაზეპირებული სადღეგრძელოები. მასწავლებლების თვალწინ დაღვრილი ცრემლი. რესტორნის ხელოვნური განათების ფონზე ახსნილი სიყვარული.

საბედნიეროდ, სულ უფრო ხშირად მესმის, რომ გოგოები და ბიჭები უარს ამბობენ სკოლის დამთავრების პომპეზურად აღნიშვნაზე, გულის ხმას მიჰყვებიან და არა – ეგზალტირებული მრჩევლებისას. ისინი მალე გაიგებენ ნამდვილი თავისუფლების გემოს – ვინც გულის მოსმენა ისწავლა, უაზრო ხმაურს ყური არ შეაჩვია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი