პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

უკეთესი დღეები წინ არის…

გულჰანეს ბაღის უზარმაზარ შესასვლელიდანვე იგრძნობა, შიგნით სხვანაირი ნიავი და ჰაერია. რაღაცნაირი სუფთა და არომატით სავსე. ეს ვარდების არომატია და ბაღსაც ვარდების ჰქვია. თუმცა, ვარდის სურნელი შემწვარი წაბლის სუნსაც ერევა და თუ შეუჩვეველი ხარ, შეიძლება თავიდან თავბრუც კი დაგეხვეს.

სიგრილეა, მაგრამ ყველაფერი შედარებითი გახლავთ და სტამბულის უძველესი წყალგაყვანილობის მიწისქვეშა სისტემასთან შედარებით, აქ ნამდვილად ცხელა. ე.წ. „Yerebatan Sarnıcı“ ანუ ბაზილიკის წყალსაცავზე ვსაუბრობ, სადაც ცნობილი მედუზას ორი თავი გახლავთ დაცული. უფრო სწორედ, თავი ორი უზარმაზარი სვეტის საყრდენს წარმოადგენს. სვეტი სულ სამი ყოფილა, თუმცა, მესამე იქვე ახლოს მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში გადაუტანიათ.

საერთოდ, ეს კონსტანტინეპოლის დროინდელი,  ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგად შენახული მიწისქვეშა წყალსაცავია. აქ სასმელი წყლის მარაგი იმ შემთხვევისთვის ინახებოდა, თუ ქალაქს გვალვა ან მტერი დაატყდებოდა თავს. წყალი მილებში აქვადუქების მეშვეობით მიემართებოდა და ერთ-ერთი უდიდესი აქვადუქი  კონსტანტინეპოლის ვალენტას აქვადუქი გახლავთ. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის მოსანახულებლადაც საზაფხულო სკოლის მთელი შემადგენლობა  წავედით, მაგრამ გზის დაკეტვის გამო ტყე-ტყე მოგვიწია სიარული და გზად გადაყრილმა მოპიკნიკეების ერთმა ჯგუფმა, ჩვენს დანახვაზე ჰაერში  სროლა ატეხა. მოგვიანებით თქვეს, ვიხუმრეთო, მაგრამ ჩვენ სახუმაროდ ნამდვილად არ გვქონია საქმე.

წყალსაცავის მშენებლობა ბერძნებმა იმპერატორ კონსტანტინეს დროს დაიწყეს და 532 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობისას დაასრულეს. 80 000მ3 წყალს იტევს და 336 სვეტია განლაგებული. სვეტების უმეტესი ნაწილი ანტიკური ტაძრებიდან არის აღებული, ამიტომაც ერთმანეთისგან მარმარილოს ხარისხით და დამუშავებით განსხვავდებიან. ზემოთაც დავწერე, რომ ორი სვეტის საფუძველს მედუზა გორგონას თავი წარმოადგენს. ერთი თავით ქვევით იყურება, მეორე გვერდზეა მიბრუნებული. არავინ იცის, საიდან მოიტანეს და ადრე რომელ ძველ ნაგებობას ამშვენებდა.

თავად მედუზა გორგონა დებ გორგონებში ერთ-ერთი გახლდათ. სახე – ქალის, თმის ნაცვლად კი გველები ჰქონდა. პერსევსმა გამოასალმა სიცოცხლეს. პერსევსსაც შეგახსენებთ, ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირია, ზევსის და დანაის ვაჟი. მედუზა გორგონაზე გამარჯვებული და დედოფალ ანდრომედას მხსნელი. ერთი სიტყვით, კარგი და მართალი კაცი. ლეგენდის თანახმად, პერსევსი მედუზას გამანადგურებელ მზერას უჩინმაჩინის ქუდით გადაურჩა. გახსოვთ ხომ, მედუზა ვისაც შეხედავდა, ქვად გადააქცევდა. ჩვენ წყალსაცავში მედუზას თვალებში შევხედეთ, მაგრამ გადავრჩით. დაღლილია უკვე, თან იქ ყოველდღე მილეთის ხალხი დადის და მათი ყურების თავიც აღარ აქვს. მის გვერდით „სურვილების აუზია“. სურვილების, რომ იყო, ეგ მერეღა გავიგე, ამიტომ ხუმრობით ვიტყვი, უეჭველი მისაბრუნებელი ვარ, სურვილი, რომ ჩავიფიქრო. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე წყალსაცავი აქტიური იყო, შემდეგ მიატოვეს და ძლიერ დაბინძურდა. მხოლოდ 1987 წლიდან გაწმინდეს და მუზეუმად გადააკეთეს.

ჰოდა, თხრობას ზუსტად იმ ადგილიდან ვიწყებ, წყალსაცავიდან გამოსული კვლავ გულჰანეს ბაღში, რომ შევდივარ, სადაც თითქოს გრილა, მაგრამ წყალსაცავთან შედარებით ცხელა.

ბაღში სეირნობის დრო არ არის, საზაფხულო სკოლის მორიგი ლექცია იწყება. საუბარი სწორედ მედუზას თავზეა, უფრო სწორედ, იმ შადრევნებზე, რომლებსაც მედუზას თავი ამშვენებს. პრეზენტაციის სლაიდებში ალ-ჯაზარის მიერ გაკეთებული მედუზას თავის ჩანახატებიც გვაჩვენეს და იქვე აღნიშნეს, რომ ცნობილი ინჟინერი იყო (ისლამური ძველი პერიოდის ცნობილი ინჟინერი იყო და ოთხმოცამდე შადრევანი დააპროექტა). ხატვისას თურმე, ძირითადად გალისგან (ალეპოს მუხის კაკალსაც ეძახიან) დამზადებულ მელანს იყენებდა.  ისლამური ალქიმიის პერიოდში მელნის დამზადების უამრავი რეცეპტი არსებობდა, თუმცა ხელნაწერებში ერთ-ერთი პოპულარული რეცეპტი ხის კორძის, იგივე გალისგან დამზადებული მელანია. უფრო მეტიც მეხუთე საუკუნიდან დაწყებული, მთელი მეცხრამეტე საუკუნე გამოიყენებოდა.

მელნის შესახებ ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში ვკითხულობთ: უძველესი საწერი საშუალება. ერთგვარი სითხე, რომელიც მზადდებოდა სხვადასხვა ტიპის ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისგან. ადამიანები ფლობდნენ მელნის დამზადების სხვადასხვა ხერხს. მელანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელნაწერთა დაცვა-შენარჩუნებისთვის, ამიტომ ისეთი მელნის დამზადებას ცდილობდნენ, რომელიც დროსაც და ბუნებრივ პირობებსაც კარგად გაუძლებდა. საგულისხმოა, რომ მცხეთაში აღმოჩენილ იქნა ელინისტური ხანის სამელნე და საწერკალმები, რაც იბერიის სამწერლობო საქმიანობის უეჭველ დადასტურებას წარმოადგენს.

აქაც და იქაც მელნის დამზადების ერთი გავრცელებული ხერხი ყოფილა.

იმდროინდელი მელანი ძირითადად ტანინის მჟავას და რკინის (II) სულფატის ურთიერთქმედებით მზადდება, თუმცა რკინის სხვა მარილებიც გამოიყენება. ტანინის მჟავა პოლიფენოლი გახლავთ, გლუკოზის პოლიგალოლების ნაშთს შეიცავს და   ფორმულაა C76H52O46. ის ყვითლიდან ყავისფერში გადასულ ამორფულ ფხვნილს წარმოადგენს, 2850 გრამი იხსნება ერთ ლიტრ წყალში (1,7 მოლი). თავად მჟავას ხის კორძისგან, გალისგან (კაკლისგან) გამოყოფენ და ზოგჯერ ჰალის მჟავათიც მოიხსენიებენ. მედიცინაში კი პერუს ბალზამის სახელით შეხვდებით და ძირითადად სხვადასხვა მალამოებს ამზადებენ. ტანინის მჟავის და რკინის (II) სულფატის ურთიერთქმედებით რკინის ტანატის კომპლექს-ნაერთი წარმოიქმნება.  გაფილტვრის შედეგად  რუხიდან შავ ფერში გადასულ (კონცენტრაციის მიხედვით) სითხეს ვღებულობთ, რომელიც მელანს წარმოადგენს და სხვა მელნისგან განსხვავებით (მაგ. ინდური მელანი) მდგრადია. წყალში ხსნადობის გამო შეუძლია ქაღალდის ზედაპირში შეაღწიოს და მისი წაშლა რთული ხდება. რკინა-ტანინის პიგმენტი ცელულოზას ბოჭკოებთან არ წარმოქმნის ქიმიურ ბმებს. ის მჭიდროდ ეკვრის ქაღალდს, ოღონდ უფრო მექანიკურად. ეს უფრო გაშრობის შემდეგ ხდება, როცა პიგმენტი ფაქტობრივად ცელულოზას ბოჭკოებში „იხლართება“.

ჟანგბადის თანაობისას რკინის ტანატის პიგმენტი წარმოიქმნება, ეს უკვე წყალში უხსნადი გახლავთ და ასეთი მელნით დაწერილი ტექსტი ან შესრულებული ჩანახატი წყლითაც ვერ ჩამოირეცხება.

დაწერილი ტექსტი ნელ-ნელა მუქდება, რადგან ჰაერის ჟანგბადის მეშვეობით Fe+2 Fe+3-მდე იჟანგება. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჭურჭელი, სადაც  მელანი ინახება, კარგად უნდა იყოს თავდაცობილი. რადგან, თუ ჭურჭელში ჰაერი შეიპარა, წარმოქმნილი Fe+3 იონი დროთა განმავლობაში მელანში არსებულ ტანინის მჟავას ან მის წარმოებულებს პოლიმერულ ორგანო-მეტალურ ნაერთებად გარდაქმნის.

ჰალის მჟავა, იგივე ტანინის მჟავა ახლა იყიდება გამზადებული, თორემ ისლამური ალქიმიის დროს სად იყო. ამიტომ, მელნის დამზადებამდე სწორედ ჰალის მჟავა უნდა მიეღოთ. ამას, ჰალის გალებისგან/კაკლებისგან აკეთებდნენ. კარგად დანაყავდნენ და შემდეგ 4-5 კვირის განმავლობაში 26 გრადუსზე აშრობდნენ. შედეგად, წარმოიქმნებოდა ობნარევი მასა, რომელსაც პრესავდნენ და მდუღარე წყალში ათავსებდნენ. გარკვეული ხნის დუღილის და აორთქლების შემდეგ, ღებულობდნენ შესაბამის მჟავას. ზოგიერთ წყაროში რკინის მარილების ნაცვლად სპილენძის მარილების დამატებაზეა საუბარი.

მაიკლ დე ჩამპნორმა და მ. მალეპეიერმა 1862  „ქიმიის ლექსიკონში“ შემდეგი რეცეპტი გამოაქვეყნეს:

ალეპოს მუხის გალები/ კაკლები (დაჩეჩქვილი) – 8 უნცია (226.796 გრამი);

შავი სანდალოზის ხის ქერქი – 4 უნცია;

რკინის სულფატი – 4 უნცია;

აკაციის ფისი – გუმი არაბიკუსი – 3 უნცია;

სპილენძის სულფატი – 1 უნცია;

კრისტალური შაქარი – 1 უნცია.

ჰალის კაკლები ადუღეთ 5 ლიტრ წყალში ერთი საათის განმავლობაში. ან, სანამ წყლის ნახევარი არ აორთქლდება. მიღებული ხსნარი გავფილტროთ და ფილტრატს დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, სანამ ბლანტ სითხეს არ მივიღებთ. დავტოვოთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ მუქ ჭურჭელში ჩავასხათ, კარგად მოვარგოთ სახურავი და შევინახოთ.

ვინმე ჯოზეფ ჰორსლი შემდეგ რეცეპტს გვთავაზობს (Chemicalo News; 1862):

ფაიფურის როდინში გასრისეთ 36 ცალი კაკალი, ჩადეთ ჭურჭელში, სადაც იმავე ხის ქერქის ნაყენია სამი ლიტრი და დაამატეთ ერთი უნცია (1უნცია=28.3495გრ.) კონცენტრირებული ამიაკი. შემდეგ, ერთი უნცია რკინის სულფატი გახსენით ერთ ნახევარ უნცია გამოხდილ წყალში (შეიძლება გათბობა დაგჭირდეთ), კარგად მოურიეთ და უკვე დამზადებულ ნარევს შეურიეთ. მცირე ხნით დააყოვნეთ და თქვენი მელანი მზად იქნება. ამგვარად დამზადებული მელანი გამჭირვალეა, ნალექის და შესქელების გარეშე. ოღონდ, ცხიმიან ქაღალდზე საწერად არ გამოდგება.

კიდევ ერთი რეცეპტი შემდეგნაირია: ფაიფურის როდინში გასრისეთ 4 უნცია (1უნცია=28.3495გრ.) ალეპოს მუხის კაკალი (გალები), დაამატეთ ერთი უნცია იმავე ხის დამტვრეული ქერქი და დაასხით 3 პინტა ( pints; 1 პინტა-1.41953ლ.) რბილი წყალი. ნელა ადუღეთ, სანამ არ განახევრდება. შემდეგ,  დაამატეთ რკინის სულფატის 2 უნცია, შაბიამანი ან სპილენძის კარბონატის (ეს უკანასკნელი უკეთესია) 1/2 უნცია,  აკაციის ფისი/გუმი არაბიკუსი 2 უნცია და ყავისფერი შაქარი, ასევე, 2 უნცია. კარგად შეანჯღრიეთ და დატოვეთ ერთი კვირით. შემდეგ გაფილტრეთ და ოდნავ სპირტი დაუმატეთ, მელანი მზად არის.

ალ-ჯაზარის მედუზას თავიან შადრევნებზე საუბრის შემდეგ ერთ-ერთი შადრევნის იმიტაცია უნდა გვაჩვენონ. მეცნიერების ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებს დაუმზადებიათ და აგერ ახლა ბორბლებზე ამხედრებული მაკეტი, საგანგებოდ ჩვენთვის შემოაგორეს. პირველი კურსის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები რომ ყოფილიყვნენ, ვიტყოდი, ასეთი მაკეტი არ გეკადრებათ-მეთქი. თუმცა, მეცნიერების ისტორიის სტუდენტებისთვის, ურიგო სულაც არ არის, მედუზაც ადგილზეა და წყალიც ჩუხჩუხებს.

ჰო, მაკეტზე ალ ჯაზარის ამოჩემებული ფრაზაც წერია:

უკეთესი დღეები წინ არის!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი