ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

         რას ამბობენ საფლავის ქვები?!

     აჰა, ბეჭედნი საფლავისანი ჰგიან აღუტეხელად…

                                                                                                                      მიქაელ მოდრეკილი

 

პირველი სამაროვნები, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საფლავები, საქართველოში ძვ.წ. XVII-XVI საუკუნეებით თარიღდება და აქედანვე ირკვევა, რომ მიცვალებულის პატივისცემა ჩვენში ოდითგანვე საყოფაცხოვრებო კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ეს კულტურა კი ბუნებრივად უკავშირდება ზოგადად, სიკვდილის არსის გააზრებას, ვთქვათ ასე _ სიკვდილის ესთეტიკას, და საბოლოოდ, საუკუნეების მანძილზე ამ კავშირს შედევრებიც კი შეუქმნია ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინც ასე თქმაც შეძლო: „შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა!“..

ჰოდა, სიცოცხლის დამამშვენებელს პატივიც სჭირდება და ღრისეულად შეტოქებაც!

ამ ოპოზიციური ტანდემის _ სიკვდილის და სიცოცხლის მარადიული ორთაბრძოლის თუ სიყვარულის ანასხლეტებია საფლავის ქვები, ჩვენს მიწაზე გაბნეული _ ეს სრულიად უნიკალური ძეგლები, ლამის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ყველაზე ზუსტად ყვებიან ადამიანის ბედზე წუთისოფელში…

ისინი ჩვენს ისტორიაზეც ყვებიან, ყოფაზე, ნაღველზე და სიხარულზე, რაც მათ დახავსებულ ზურგებს ამოეფარა, რამაც ისინი _ უბრალო ქვები _ მარადისობის ქრონიკებად აქცია…

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელს რისხვასავით გადაუარა ინფორმაციამ იმაზე, რომ მთიულეთში, ერთ-ერთ სოფელში, ელექტროგადამცემი ანძების დასადგმელად სხვა ადგილი რომ ვერ მონახეს, საფლავების თხრა დააპირეს და მათ ნაცვლად რკინის ჩონჩხების ჩაშენება… ამაზე დიდი მითქმა-მოთქმაც იყო, მტყუან-მართალიც კარგა ხანს ირჩეოდა, ზოგი ინფორმაციის გადაუმოწმებლობაზე და ცრუ განგაშზე ჩიოდა, ზოგიც (უმეტესობა) ფაქტმა შეაძრწუნა _ ერთ-ერთი იმ ცოტა სიძვირფასეთაგანი, რაც შემოგვრჩა, წინაპრების და იმათი საფლავების პატივისცემაა და, ესე ხელაღებით თუ ამის განადგურებაც უკვე შეგვიძლია!.. მოკლედ, გათხრები შეჩერდა და იქ არავითარი სამუშაოები ჯერჯერობით აღარ წარმოებს, სამაგიეროდ, ამ ფეისბუქ-საგიჟეთში ერთი გადასარევი გოგოს, ხატია მაღლაფერიძის ფოტოებს გადავაწყდი, _ ყველაზე ნათელ შეკითხვებსაც და ცხად პასუხებსაც ეს ფოტოები ინახავენ და, ძალიან მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა _ ხატია იმ დღესვე მთიულეთში წავიდა თავისი ფოტოაპარატით და მცხუნვარე და მოცახცახე გულით, ყოველთვის ასე იქცევა ხოლმე, როცა და სადაც რამე სახიფათოს დაინახავს ან იგრძნობს, როცა და სადაც ადამიანს ადამიანი სჭირდება, ან ბუნებას სჭირდება ადამიანი…

ეს ფოტოები ხატიამ გადაიღო სოფელ მუგუდაში, ეს სწორედ ის საფლავის ქვებია, რომლებიც მრავალი ათეული წელიწადია, იქაურობის სასაფლაო ადგილებს ამშვენებს. სწორედ ასე – ამშვენებს და, ჩვენ, ჯერ კიდევ ცოცხლებს, სიკვდილის საიდუმლოზე გვიამბობს…

„ჭირისუფალს წყურვილი ახრჩობს, როგორმე მკვდრის ხსოვნა მაინც დაიჭიროს, დაიბას, ჩაიბეჭდოს. მშიერი დარჩება, მაგრამ საფლავის ქვას იყიდის. აღარ ჩაიცვამს, ოღონდ საფლავს ყვავილები ჩააცვას. უკანასკნელს გაჰყიდის, ოღონდ ძეგლი უყიდოს. იქაურობა ცრემლით მორწყოს და თავის თავთან ერთად სხვებიც აატიროს…“ _ ეს მიხეილ ჯავახიშვილია. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ შექმნა ეს უცნაური, მისტიკური მუზეუმი ცისქვეშეთში, ცალკე ხელობა იყო საფლავის ქვის მთლელობა, ცალკე ოსტატობა და ხელოვნება. ჩვენ ამ ოსტატთა სახელები აღარ ვიცით, თუმცა მათი ნამუშევრებით ბევრი რამის წაკითხვა კი შეგვიძლია _ მაგალითად, ერთმანეთისგან გაარჩევ სხვადასხვა კუთხის საფლავის ქვებს, ქართლში ქვათა ზედაპირებზე სხვა ორნამენტს დააქარგავდნენ, იმერეთში _ სხვას, მთიულეთში კი სულ სხვას; შეამჩნევ იმ საყოფაცხოვრებო რიტუალებსაც, რომლებიც ამა თუ იმ მხარეშია გავრცელებული; უბრალო, ცხოვრებისეულ ეპიზოდებსაც, რაიმე დეტალს, რაც კი განსვენებულს უკეთ, მხატვრულად გამოსახავდა…

მამაკაცი _ ან სანადირო, ან საომარი თოფით, ხელში ცხენის აღვირით და, შესაძლოა, იქვე, ცხენიც სადმე… უფრო ბევრი კი _ ცხვრები, ცხვრები და ბატკნები საფლავის ქვებზე, როგორც მაცხოვრის სიმბოლო, წუთსოფლის სიმშვიდის და იმქვეყნიური საუფლო სიწმინდის გამომხატველი! გოდერძი ჩოხელის საფლავის ქვა გაიხსენეთ, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში _ ცისფერ-ვერცხლისფერი ქვა, ზედ თეთრი ბატკნით _ გოდერძის სამყარო, მთელი მისი სულიერი ვნება-შფოთის და სისპეტაკის დაბოლოება!..

ტბეთში, გადაღებების დროს, მთელ „სერიას“ წავაწყდი ქოლგიანი და ჩიხტიკოპიანი ქალებით დატვიფრული საფლავის ქვებისას, ალბათ რამე საერთო „მოდა“ იყო, მათი უწყინარი ტენდენცია, ქალები ასე გამოესახათ, ყველაზე ლამაზები ალბათ ამ ქოლგებით გამოდიოდნენ _ კოპწიები, დახვეწილები… ამ ქოლგების და თოფების და აღვირების ქვეშ ან გასწვრივ კი, ეპიტაფიებს კაწრავდნენ _ ყველაზე ბუნებრივ, ნაღდ პოეზიას…

ხანდახან ღიმილიც მოგერევა, ზოგიერთ ქვაზე რომ დიდი ამბით ნაწერ ეპიტაფიას ამოიკითხავ, იფიქრებ _ ეს რა ადვილი ყოფილა სიკვდილის ზღურბლზე გადაბიჯება, თუ ცოტა იუმორსაც ჩაიყოლებ, თუ, მაგალითად, შენს ტრაგედიას აი ასე შეხედავ:

„ბედშავი მწყემსი ვიყავი დაღლილმა არაგვის წყალი დავლიე რა ჩავაყოლე არ ვიცი იმ ღამეს სული დავლიე“ (ვინმე ნიკოლოზ ილიას ძე მამულაშვილის საფლავის ქვის ეპიტაფია)…

და როგორც ქვის მთლელები, შესაძლოა, ცალკე იყვნენ ამ ეპიტაფიების ოსტატებიც, ისინიც თავიანთ სტილს ამკვიდრებდნენ, თავიანთი „მოდა“ ჰქონდათ, ხანდახან მარტო ერთი სოფლის გაწვდენაზე, მაგრამ ეს ერთი სოფელიც ჰყოფნიდათ თავიანთი შემოქმედების ასპარეზად, ერთი სოფელი ხომ ბოლოს და ბოლოს, მთელი წუთისოფელია…

ხოლო, როცა ეპიტაფიებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არგახსენება იმ დიდებული არმაზული ბილინგვასი, გურამ ასათიანი როგორც იტყოდა _ „სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან“ დღემდე რომ გიზგიზებს ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:

„მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.“

საფლავის ქვებზე და მათ უნიკალურ შინაარსზე ჩვენი საყოფაცხოვრებო კულტურის ისტორიაში, შესანიშნავი წიგნი გამოსცეს ამირან არაბულმა და ეთერ თათარაიძემ. „შენდობით მომიხსენიეთ“ _ ასე ჰქვია წიგნს და, მასში უამრავ საინტერესო რამეს პოულობს მკითხველი _ ამბით დაწყებული, ფოტოებით გათავებული, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აღბეჭდილი, საგულდაგულოდ შესწავლილი საფლავების შესახებ.

ხატია მაღლაფერიძის ფოტოებიც, ამ წერილს რომ ერთვის, იმ საფლავის ქვებს აცოცხლებს, რომლებიც ერთხელ უკვე აღბეჭდეს ბატონმა ამირანმა და ქალბატონმა ეთერმა სოფელ მუგუდაში.

თუმცა, დღეს ისინი კვლავ გვახსენებენ თავს, ჩვენს თვალწინ ხელახლა იფურცლებიან, რათა ის მთავარი აზრი ამოვიკითხოთ, რისთვისაც მათი ცხოვრება ღირდა და ჩვენი ცხოვრება ღირს, რის გამოც უხილავი კავშირი _ სულთა საუფლოს და აქაურთა შორის, დღემდე ცოცხალია და თუ მტკიცედ ვიდგებით, არც არასდროს გაქრება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი