ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ მოქმედებს მეტსახელი ბავშვზე  

 

წლების წინ ერთი უცნაური შემთხვევის მოწმე გავხდი. მეექვსეკლასელი გელა, რომელსაც მეტსახელად „მელაკუდას“ ეძახდნენ, ყველანაირად გაურბოდა როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთან ურთიერთობას, საკუთარ თავში ჩაკეტილი, გულჩათხრობილი, მუდამ განმარტოებით იჯდა, ერიდებოდა აქტიურობას, სწავლისადმი არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა. მხოლოდ ერთ მასწავლებელთან, როცა ის დაფასთან იძახებდა და ირონიულად მიმართავდა: „აბა, მელაკუდა, გამოდი და მოგვიყევი ერთი, რა იცი!“ – ცდილობდა ლაღი ბიჭის როლის თამაშს, ამ მიმართვაზე თანაკლასელებთან ერთად იცინოდა და დაფისკენ მიემართებოდა, თუმცა დაფასთან ვეღარაფერს პასუხობდა და მერხს თავჩაღუნული უბრუნდებოდა. აღმოჩნდა, რომ გელას მელაკუდა სწორედ ამ მასწავლებელმა შეარქვა. როცა ავუხსენი, როგორ მოქმედებდა ბავშვზე მეტსახელი და ვთხოვე, სახელით მიემართა, გაოცებულმა მიპასუხა, რომ აზრადაც არ მოსვლია მისი დაცინვა, პირიქით, ამას სიყვარულით აკეთებდა, და დასძინა: „ხომ ხედავ, ჩვენთან ერთად იცინის, ესე იგი, არ სწყინს“. გელა ნამდვილად იცინოდა, მაგრამ ეს ის მწარე სიცილი იყო, რომლითაც ადამიანი ხშირად უხერხულობის დაფარვას ცდილობს.

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვი ატირებული ბრუნდება სკოლიდან და ჩივის, რომ თანატოლები მას სახელით კი არა, მეტსახელით მიმართავენ. ზემოთ განხილული შემთხვევისგან განსხვავებით, ბავშვები ხშირად თავად არქმევენ ერთმანეთს მეტსახელებს. გამოგონილი სახელით მიმართვა ბავშვისთვის საწყენია, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მეტსახელი მომგებიან პოზიციაში აყენებს მას, მოსწონს, სიამოვნებით რეაგირებს მასზე და უცხო თანატოლებს საკუთარ თავს ხშირად სწორედ ამ სახელით წარუდგენს. მაგალითად, თუ ბავშვი თანატოლებს შორის ავტორიტეტით სარგებლობს, „საქმეებს აგვარებს“, ურთიერთობებს აწესრიგებს, ამის გამო მეტსახელად შერქმეული „ყოჩი“ შესაძლოა სრულიადაც არ იყოს მისთვის შეურაცხმყოფელი. თუმცა ბავშვების უმრავლესობისთვის მეტსახელით მიმართვა გამაღიზიანებელი და საწყენია, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, პრობლემებს უქმნის და ურთიერთობის შემაფერხებელიც ხდება.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რა შემთხვევაში მოქმედებს ამგვარად მეტსახელი ბავშვზე.

მეტსახელი უმეტესად იწარმოება ადამიანის სახელისგან ან გვარისგან. გარდა ამისა, ის შესაძლოა უკავშირდებოდეს გარეგნობას, ფიზიკურ ნაკლს, გონებრივ ან ქცევით მახასიათებლებს.

საინტერესოა, რომ ბავშვები საკმაოდ ადრეული ასაკიდან იწყებენ ერთმანეთისთვის მეტსახელებით მიმართვას, თუმცა ყველაზე მტკივნეული ეს გარდატეხის ასაკში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტსახელი ფიზიკურ ნაკლს ან თავისებურებას უკავშირდება. ეს არ არის შემთხვევითი, რადგანაც განვითარების დისჰარმონიულობა ბავშვს ამ ასაკში ისედაც უამრავ თავსატეხს უჩენს. ადვილი შესამჩნევია, რომ ამ პერიოდში ბავშვის სახის ნაკვთები უცვლელი რჩება, ცხვირი და ყურები კი სწრაფად ეზრდება, უგრძელდება კიდურები, რაც სხეულის ზომასთან შედარებით საკმაოდ თვალში საცემია. ყოველივე ეს მოზარდს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და თუ ამაზე ვინმემ ყურადღება გაამახვილა, ასაკობრივი ცვლილებების ატანა მოზარდისთვის ბევრად უფრო მტკივნეული ხდება. ამ დროს ისეთი მეტსახელები, როგორიცაა „ყურშა“ ან „ცხვირა“, ძლიერ ემოციურ აფეთქებას იწვევს. მოზარდები მათ გარეგნობაში მომხდარ ცვლილებებზე ყურადღების გამახვილებას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ უფროსებისგან – პედაგოგებისა და მშობლებისაგან, თუმცა, როგორც წესი, უფრო ხშირად თანატოლებთან ურთულდებათ ურთიერთობა მეტსახელით მოხსენიების გამო.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა გრძნობს, რომ მისი შვილი მტკივნეულად რეაგირებს თანატოლების მხრივ მეტსახელით მიმართვაზე?

  • უპირველეს ყოვლისა, არ არის სასურველი ასეთ სიტუაციაში უფროსებისი პირდაპირ ჩარევა. ხშირად მშობლები ცდილობენ, შეუმსუბუქონ შვილს ტკივილი და უხერხულობა, დაელაპარაკონ მის თანაკლასელებს და აუხსნან, რომ ბავშვს მეტსახელით მიმართვა არ სიამოვნებს. ასეთი ჩარევა, როგორც წესი, ბავშვს უფრო მეტად უკარგავს თავდაჯერებას. ამასთან, ასეთი ქმედებით ის შესაძლოა ახალი დამამცირებელი მეტსახელის, მაგალითად, „დონდლოს“, შეძენის საფრთხის წინაშეც დავაყენოთ.
  • კარგი იქნება, თუ გავარკვევთ, რას უკავშირდება მეტსახელი, მერე კი დაველაპარაკებით თავად ბავშვს, რომლისთვისაც ის მტკივნეული და დამამცირებელია. თუ ბავშვს თანატოლები სათვალის გამო აღიზიანებენ, დასცინიან და დამამცირებელი მეტსახელით მიმართავენ, ის შესაძლოა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, გახდეს მორცხვი, წყენია. ამ შემთხვევაში ყველაზე უარესი ის იქნება, თუ ბავშვმა უარი თქვა სათვალის ტარებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაუუარესებს მხედველობას. უნდა ავუხსნათ მას, რომ სათვალის ტარება და მასთან დაკავშირებული ზედმეტსახელი სრულიადაც არ არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ხმარობდა სათვალეს ბავშვობაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათი წარმატებისთვის.
  • ვასწავლოთ ბავშვს მისთვის გამაღიზიანებელ სიტუაციაზე მშვიდად რეაგირება. ავუხსნათ, რომ მეტსახელით მიმართვაზე წყენის გამოხატვით ის დამატებით იარაღს აძლევს „თავდამსხმელს“, რომელიც, ასეთი რეაქციის შემყურე, მომავალშიც გააღიზიანებს მას, როცა მის გაბრაზებას მოისურვებს. სიმშვიდე და გულგრილობა კი იმას გამოიწვევს, რომ მოზარდი, რომელიც მის განაწყენებას ცდილობს, ინტერესს დაკარგავს „მსხვერპლის“ მიმართ.
  • ხშირად შედეგიანია მეტსახელით მიმართვის იგნორირება. თუ ბავშვი არ გამოეხმაურება მეტსახელს, თუ თავს ისე დაიჭერს, თითქოს მისკენ მიმართული სიტყვები არ ესმის, აგრესორი, დიდი ალბათობით, იძულებული გახდება, მისი ყურადღების მისაპყრობად, სახელით მიმართოს მას.
  • ცნობილია, რომ მეტსახელით მიმართვას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ მორცხვი ბავშვები და ბავშვები, რომლებსაც ურთიერთობის პრობლემები აქვთ. ისინი, ჩვეულებრივ, არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან, ამიტომ სასურველია, მათ, უპირველეს ყოვლისა, თვითშეფასება ავუმაღლოთ და საკუთარი ძალების რწმენა გამოვუმუშაოთ.

დაბოლოს, ვასწავლოთ ბავშვებს ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად შეინარჩუნონ კეთილგანწყობა, სიმშვიდე და სიყვარული. ავუხსნათ, რომ ბოღმა, ბოროტება, სიძულვილი მათ ისეთ ჩიხში შეიყვანს, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან ძნელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი