პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა წერითი მეტყველების სირთულეები

წერით მეტყველებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა გონებრივ-ინტელექტუალური სრულყოფის საქმეში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ჩამორჩება ზეპირი მეტყველების განვითარებას, რადგან მისი ყოველმხრივ დახვეწა ხანგრძლივი პროცესია და მნიშვნელოვან ფაქტორებზეა დამოკიდებული.

წერა სოციალური პროცესია. ოჯახური გარემო, ნათესავები, მეგობრები, თანატოლები   დიდ გავლენას ახდენენ მოზარდის ლექსიკაზე, მისი ცნობიერებისა და თვალსაწიერის განვითარებაზე. სწორედ ამიტომაა, რომ წიგნიერ გარემოში აღზრდილი მოზარდი უკეთესად კითხულობს. მასწავლებლებსაც უფრო გვიადვილდება ისეთი მოსწავლეების სწავლება, რომელთაც ოჯახისა და ახლობლების ხელშეწყობით წიგნზე მუშაობის უნარ-ჩვევები აქვთ გამომუშავებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სოციალურად და ინდივიდუალურად განვითარებული მოზარდისაგან შეუძლებელია სიამოვნება არ მოგვენიჭოს, მაგრამ ასეთი მოსწავლეებით სკოლაში ნაკლებად ვართ განებივრებულნი და წამოჭრილი პრობლემები ხშირად შეგვახსენებენ ჩვენს მოვალეობას – ვასწავლოთ მათ, ვისაც უნდა ვასწავლოთ, სწავლა – სწავლების დროს არავითარი შეღავათები! ჩვენ მთლიანად უნდა დავიხარჯოთ!

აღსანიშნავია ისიც, რომ წერა არა მარტო სოციალური, არამედ ინდივიდუალური პროცესიცაა. იმისათვის, რომ მოსწავლემ სათქმელი მაღალ დონეზე ჩამოაყალიბოს, მისი შედეგები უნდა შეესაბამებოდეს ესგ-ს საგნობრივ სტანდარტებსა და ინდიკატორებს.

„…მსჯელობის უნარის განვითარება, აზრის გააზრების უნარის ჩამოყალიბება.

ტექსტთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება.

ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება…

მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი წერა და მეტყველება…

ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება.“

– აი, იმ მოთხოვნათა არასრული ჩამონათვალი, რაც ესგ-ს პორტალითაა გათვალისწინებული.

ცნობილი ფილოსოფოსი დ. კლუსტერი წერის დროს წინ წამოწევდა კრიტიკულ აზროვნებას და წერითი მეტყველების განვითარებაში გამოყოფდა 5 ძირითად პროცესს: ინდივიდუალობას, მოტივირებულობას, სირთულის გააზრების აუცილებლობას, საკითხის გადაჭრის უნარს, არგუმენტირებულობას.  „კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს“. კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასიათებელია ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. ზოგი მათ თვითრეგულაციას უკავშირებს, რაც აზრის ლამაზად გამოხატვის საშუალებაა.

მასწავლებელთათვის მოსწავლეთა წერითი მეტყველება გამუდმებული ფიქრისა და განსჯის საგანია. ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკობრივი პრობლემები, ინდივიდუალური თავისებურებები, არასასურველი სოციალური გარემო, რომლებიც აქილევსის ქუსლად გადაიქცევიან და წერითი მეტყველების ტემპს ანელებენ.

წერითი მეტყველების დროს სირთულეები თითქმის ყველა საფეხურზე გვხვდება.

დაწყებით კლასებში ის ასოთა მოხაზულობაში, სიტყვათა ერთმანეთთან დაკავშირებასა თუ მარტივი წინადადებების გადმოცემაში ვლინდება.

საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შეცდომები უფრო ხშირად ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური ხასიათისაა. გონია, მოატანია, ანვითარებს, მაყვალის, დედამიწაო… – ვკითხულობთ V – VI კლასელთა ნაწერებში. დასახელებული ასაკის მოსწავლეები წერენ ტექსტის შინაარსს ყოველგვარი კომენტირების გარეშე, უჭირთ ნაწარმოების პრობლემატიკაზე მუშაობა. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს აზრის ქვეტექსტს მიღმა წაკითხვა, თემაში ავტორისა თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, არსებული პრობლემატიკის დანახვა, ისტორიული კონტექსტის სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების თანამედროვე პოზიციებიდან ხედვა.

სტილისტური შეცდომები ყველა ასაკის მოსწავლეთათვის არის დამახასიათებელი, რაც მწირი ლექსიკისა და წიგნიერების დეფიციტის  შედეგია. პუნქტუალურ შეცდომათაგან ყველაზე მეტად წერტილ-მძიმის უადგილოდ გამოყენების მაგალითები გვხვდება. „ეკალში ვარდი შევნიშნე ობლად, რომ ამოსულიყო“, – წერს მოსწავლე და იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას უჭირს გაარჩიოს დამოკიდებული წინადადების საზღვრები.

ყოველივე ზემოთქმულს საინფორმაციო ტექნოლოგიებით წერა ემატება. ადვილად მისახვედრია, რომ ამ მხრივ ურთულესი მდგომარეობა გვაქვს.

ამ დროს ქართულის მასწავლებელს მკურნალის ფუნქცია ეკისრება და ერთ-ერთ უებრო წამლად ის საპროგრამო თუ კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას მოიშველიებს. კითხვა მართლაც, რომ უპირველესი, ყველაზე აუცილებელი საშუალებაა პრობლემებთან შესაჭიდებლად. იგი ამდიდრებს მოსწავლის ლექსიკას, აფართოებს მხატვრულ წარმოსახვას, აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, ხელს უწყობს მკითხველებს იყონ უფრო ლოგიკურნი, არგუმენტირებულნი, მიზანმიმართულნი, სწორსიტყვაობას დაუფლებულნი.

წერითი მეტყველება მოითხოვს აზრის მოქნილობას, სათქმელის ლამაზ სამოსელში სწორად განთავსებას, რაც დაკავშირებულია ლიტერატურულ ტექსტზე მუშაობის პროცესში გრამატიკული მასალის ღრმად წვდომასთან. აქედან გამომდინარე, გაკვეთილის მიმდინარეობისას სისტემატურად უნდა განიხილებოდეს გრამატიკის თეორიული საკითხები მხატვრულ ნაწარმოებებთან მიმართებაში და ხდებოდეს პრაქტიკული გავარჯიშება, მართლწერის საკითხების წინა პლანზე წამოწევა.

შეცდომების გასწორებაზე მუშაობის პროცესის ახლებურად წარმართვა ერთგვარ გამოცდილებას შემოიტანს მოსწავლეებში. ამ დროს მასწავლებელი სათითაოდ უნდა მივიდეს ყველა მოსწავლესთან და რვეულის გამოყენების გზით გაარკვიოს ისინი დაშვებული შეცდომის არსში. ჟურნალ „მასწავლებელში“ ვკითხულობთ: „ძალიან შედეგიანია შეცდომების მონიშვნა და მომდევნო გაკვეთილზე მათი ანონიმურად განხილვა ან ამ შეცდომების გათვალისწინებით სავარჯიშოების შექმნა და მათზე ამ სახით მუშაობა. შეცდომების გასწორება მოსწავლეთა მხრივ პოზიტიურად აღიქმება, თუ მას მასწავლებელი თავისი ქცევით აჩვენებს, რომ შეცდომა პრობლემას არ წარმოადგენს და აუხსნის მოსწავლეს, რომ მისგან … ამ კონტექსტში მხოლოდ დახმარებას უნდა ელოდნენ“.

 

 

მოსწავლეთა წერითი მეტყველების განვითარება მოითხოვს როგორც განათლების დარგის მესვეურთა, ისე სახელმწიფოს მოხელეთა (ვისაც ეს ხელეწიფება) დიდ ყურადღებას, სკოლებში გონივრულად შედგენილი ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოების შემოღებას, ერთიანი წერითი რეჟიმის არსებობას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების გადამზადებას სიახლეთა გასაცნობად და სკოლის საჭირო რესურსებით აღჭურვას.

 

         დამხმარე ლიტერატურა:

  1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
  2. ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი
  3. სოციალურ მეცნიერებათა სერია „აკადემიური წერა დამწყებთათვის“, ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, წერის პროცესის ანალიზი, გვ 5.
  4. ჟურნალი მასწავლებელი, №4, 2016 წ. ხათუნა მჭედლიშვილი, გვ. 43. შეცდომების გასწორება

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი