შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ფრანგული  ენის  ეფექტურად  სწავლების  სხვადასხვა  სტრატეგია   FLE-ს  ფარგლებში

უცხო  ენის  სწავლება,  ჩვენს კონკრეტულ  შემთხვევაში,  ფრანგული  ენის,  ბუნებრივი  გარემოსაგან  მოწყვეტით,  საკმაოდ  დიდ  ძალისხმევას  მოითხოვს როგორც  პედაგოგისგან,  ასევე  მოსწავლის  მხრიდან.  ჩვენი  მიზანი  ხომ  ეს  არის,  რომ  ვასწალოთ  ენა  საშუალო  სირთულის  საკომუნიკაციო  დონეზე.    საამისოდ,  თავდაპირველად  უნდა  განისაზღვროს  მიზნები  და  სტრატეგიები  სამეტყველო  მოთხოვნების  შესაბამისად.

ჩემი  მიზანია,  კოლეგებს  გავუზიარო  საკუთარი  გამოცდილება,  გაკვეთილზე და  გაკვეთილის  გარეთ,   ფრანგული  ენის  სწავლების  ეფექტური  ხერხების  შესახებ,    რომელმაც   მრავალი  წლის  გამოცდას  გაუძლო   არცთუ  ცუდი  შედეგებით.

თავდაპირველად  დავიწყებ   ,,სცენაზე  ამეტყველებული  ფრანგული  ენის“  საუკეთესო  სტრატეგიით,  რამაც  დიდწილად    ხელი შეუწყო მოსწავლეებში  შინაგანი  მოტივაციის  ამაღლებასა  და   ფრანგული  ენით  მათ   დაინტერესებას,  ვცდილობ  შევარჩიო  მარტივი,  ლაკონიური იუმორისტული წარმოდგენა, რომლის   განხორციელება  კლასგარეშე,  თეატრალური  აქტივობის  ეფექტურობაში  აისახება.   მოსწავლეები  ამ  ხერხით  იღრმავებენ  ცოდნას  ფრანგულ  ენაში,  ასევე  ეცნობიან  ფრანგული  კულტურის  ელემენტებს მაყურებლის  წინაშე სხვადასხვა  სასცენო  რეპერტუარის  შესრულებით.  წარმოდგენის  გათამაშებით,   ენობრივ – კულტურული  არეალი  არ  წყდება  ემოციებს,  შთაბეჭდილებებს,  რათა  მათ  ისწავლონ  აღმოჩენითა  და  სცენაზე  როლის  შესრულებით.  ძირითადად  ვამუშავებთ  კომიკურ  წარმოდგენებს,  რადგან  სცენაზე  ბავშვის  სიცილი  უნდა  ისმოდეს,  მას  როლმა  ხალისი  და  სიხარული  უნდა  განაცდევინოს,  ასევე  ყველაფერი  ეს  დაკავშირებულია  მოძრაობასთან,  დინამიკასთან.  მოსწავლე  ეუფლება  სცენას,  გადაადგილდება  სხარტად,  დახვეწილად  შედის  დიალოგში  პარტნიორებთან.   ვითვალისწინებ,  რომ  ჩვენი  ბევრი  აღსაზრდელისათვის  ცხოვრება  საამური   და  იოლი  როდია.   თეატრში  ბავშვები  იცინიან,  ტირიან  კიდეც.  სიცილსა  და  ცრემლებს  ოცნებებსაც   ვუმატებთ ,  რამეთუ  ამ  გზით  მოზარდს  შეუძლია  წარმოდგენაში  იმ  ქვეყნებს  ეწვიოს,  სადაც  უკეთ  ცხოვრობენ  ადამიანები.  სწავლების  აღნიშნული  სტრატეგია  მიგვანიშნებს,  მივცეთ  ჩვენს  აღსაზრდელთ  თეატრსა  და  ცხოვრებაზე   სწორად  დაბალანსებული  წარმოდგენა.

საკმაოდ  ეფექტური  და  აუცილებელია  გაკვეთილზე  აუდირება,  როგორც  მიმართულება-მოსმენა.

მინდა   მოკრძალებით  შევეხო  იმ  საკითხს,  თუ  რა  ნაბიჯებს  ვდგამ  საამისოდ,  რომ  ჩაწერილი  მასალა  წარმატებით  გაშიფრონ  მოსწავლეებმა.

  1. მოსმენამდე კლასს  ვაჩვენებ   ნახატს,  რომელზედაც  ილუსტრირებულია  მოსასმენ  დოკუმენტზე  აღბეჭდილი  სიტუაცია,
  2. ვასმენინებ მოსწავლეებს  ჩანაწერზე  გაჟღერებულ  ხმებს,  რათა  გამოიცნონ,  თუ  სად  ხდება  მოქმედება  და  საერთოდ  რა  ხდება,
  3. ვასმენინებ დიალოგში  მონაწილე  პირთა  ხმებს,  გამოვაცნობინებ  მათ  სქესს,  ასევე  ფიზიკურ  და  ფსიქოლოგიურ  მახასიათებლებს,
  4. ამის შემდეგ  ვთავაზობ  კითხვებს:  ვინ?   რა  ხდება?   როდის?   სად?   რატომ?
  5. ვთხოვ,მოიპოვონ მასალიდან ინფორმაცია,
  6. მოსწავლეებს ვთავაზობ  ნაცნობი  სიტყვების  იდენტიფიკაციას,
  7. ,,გამჭვირვალე“ ლექსიკური  ერთეულების  დახმარებით  მოსწავლეები  ცდილობენ  გაიაზრონ  მოსმენილი  მასალა.

ეს  სტრატეგია   ხელს  უწყობს  მთლიანი  დოკუმენტის   უკეთ  გაგებას.  მოსწავლეები  ხალისით  ასრულებენ  ამ  სამუშაოს.

ასევე   კარგ  შედეგს  იძლევა  ,,ატელიე  შანსონ“-ის   გამოყენება  გაკვეთილზე,   რაც  ნაყოფიერად  ასოცირდება  ფრანკოფონული  სამყაროს  გაცნობასა  და  ფრანგული  ენის  სწავლებასთან.  სიმღერა  ხომ  იმისთვისაა  შექმნილი,  რომ  ვიმღეროთ,  მოვუსმინოთ  მას,  გავუზიაროთ  ერთმანეთს  და  ბოლოს,  ამ  სიმღერებით  გავიხალისოთ  გუნება-განწყობა.

ისწავლო  სხვა  ქვეყნის  ენა,  ეს  ნიშნავს  აღმოაჩინო  შენი მშობლიური  ენისა  და  კულტურისაგან  განსხვავებული  უცხო  ქვეყნის  კულტურა,  ტრადიციები,   ადათ  -წესები.  სწავლების  მრავალფეროვანი  სტრატეგია  მხოლოდ  ხელშემწყობი  იქნება  პოზიტიური  ეფექტისა  მოსწავლესა  და  სამიზნე  ენას  შორის.  უცხო  ენის  შესწავლა  ფართო  გაგებით  მოიცავს  ადამიანის  გრძნობის  ყველა  ორგანოს:     სმენას,  შეხებას,  გემოვნებას,  ყნოსვას,  მხედველობას.

ენა  აზროვნების  იარაღი  და  გაგებინების  საშუალებაა.  მისი  მეშვეობით  ადამიანები  ერთმანეთში  ცვლიან  ინფორმაციებს,  რეაგირებენ,  გამოხატავენ  სურვილებს,  გრძნობებს,  შეხედულებებს,  ამყარებენ  ურთიერთკავშირს.  სიმღერით  კი  კავშირს  ვამყარებთ  სხვა  ქვეყნის  მრავალფეროვან  კულტურასთან.   ფრანგული  ენა  მხოლოდ  სავარჯიშოების  გასაკეთებლად  კი  არ   უნდა  ვასწავლოთ,  არამედ  ვამღეროთ,   გავართოთ  ამ  ენაზე  მოსწავლეები.  ვცდილობ  ჩემს  მოსწავლეებს  შევასწავლო  ფრანგული  სიმღერები,  რათა  ხანგრძლივად  შემოინახონ    მეხსიერებაში  ისინი  და   თაობებს  გადასცენ  ეს   მშვენიერი  მუსიკალური  მარგალიტები.   ჩვენ  ვშიფრავთ  ფრანგულ  სიმღერებს,  ვაანალიზებთ  მათ.   დაფაზე  ვწერ  სიტყვას  ფრანგულად-  ,,სიმღერა“

  1. კლასს ვთხოვ  ამ  სიტყვის  დეფინიციას,  ისინი  განმარტავენ  ფრანგულად-სიმღერა   ეს  მუსიკაა,  ინსტრუმენტები,  მელოდია  და  ა.შ.
  2. რომელ მუსიკალურ  ინსტრუმენტებს  იცნობთ  თქვენ?-  ისინიც  ასახელებენ ნაცნობ  სიტყვებს:  სალამური,  გიტარა,  ვიოლინო  და  სხვა.
  3. შეთავაზებულ თემაზე  ხდება  ლექსიკური  ველის  ეტაბლირება.
  4. ვასახელებინებ პერსონაჟებს.
  5. ვასახელებინებ გამოთქმებს,  რომლებიც  გრძნობა-აღქმის  გამომხატველია (მიყვარს,  მომწონს,  ვაღმერთებ,  და  ა. შ.),
  6. ვცდილობ მიაგნონ დეტალებს,  რომელიც   პერსონაჟებთანაა  დაკავშირებული,
  7. ჩემი მითითებით   მოსწავლეები  ყურადღებას ამახვილებენ მოქმედების  აღმნიშვნელ  სიტყვებზე.  მიმყავს  ისინი  პასუხამდე,  თუ  რატომ  მოიქცა  პიროვნება  ასე  და  არა  სხვაგვარად.

ენაზე  მუშაობის  დახვეწაში  ნაყოფიერია  სტრატეგია   ,,ჟურნალ  პაღლე“- რადიოთი  ან  სხვა  მასობრივი  საშუალებებით  გადაცემული  ამბები.   ამ  ტექნიკას  მიაგნო  ემანუელ  ფრენემ. ფრანგმა  პედაგოგმა  საფუძველი  ჩაუყარა   პედაგოგიკას, რომელიც ეფუძნება  მოსწავლეთა   აზრის  გამოხატვას.   აქ  მოიაზრება  კრეაცია,   ტექსტის გაცნობით გამოწვეული  შთაბეჭდილება.  ეს  სტრატეგია  ხელს  უწყობს  კლასის  გახსნილობას  ახლებურად,  რაც  ნიშნავს  გამოხატვის  თავისუფლებას  კლასის  წინაშე.

   სტრატეგიის  მიზანია:   მოსწავლემ   შექმნას  საკომუნიკაციო  ველი  (რა  თქმა  უნდა  ფრანგულად)

– მოსწავლემ  ისაუბროს  ჯგუფის  წინაშე,

-მოსწავლე  დაეუფლოს  მოხსენების  სტრუქტურას,

–  მოსწავლემ  ივარჯიშოს  საერთაშორისო ამბების  მიწოდებაზე  კლასში.

 

მოქმედების  ფორმა –   მოსწავლე  ამ  დროს  საინფორმაციო  გამოშვების  პრეზენტატორის  როლს  მოირგებს  მეგობრების  წინაშე.(შეიძლება  სხვა  კლასის  მოსწავლე  მოვიწვიოთ  სხვა  ჯგუფში)

მოსწავლე  ინფორმაციას  გადასცემს  თხრობით.

ეს  პედაგოგიური  სტრატეგია  ასაკს  არ  ზღუდავს (FLE-ს  სწავლების  ფარგლებში).  ვცდილობ  დავნერგო  ეს  პრაქტიკა,  რადგან  მას  შედეგი  მხოლოდ  სისტემატურობის  შემთხვევაში   მოაქვს.

ფრანგული  ენის  სწავლა  ეს  არის  კიდევ  ერთი  ფანჯარა  ევროპაში,  რაც  ნიშნავს  გამოხატვის  სხვადასხვა   შესაძლებლობებს,    ეს  ამავდროულად  სწავლით  მიღებული  სიამოვნების  აღმოჩენაცაა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი